ჯონდი ბაღათურია: აკაცუკები ამაოდ ირჯებიან - საქართველოს ღმერთი იცავს!

ჯონდი ბაღათურია: აკაცუკები ამაოდ ირჯებიან - საქართველოს ღმერთი იცავს!

გვესაუბრება „ქართული დასის“ დამფუძნებელი ჯონდი ბაღათურია:

_ ბატონო ჯონდი, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებას როგორ შეაფასებთ?
_ გული მტკივა, როცა ვხედავ, რა დღეშია ახალგაზრდა თაობის გარკვეული ნაწილი. ისინი შეიძლება, ნიჭიერი ადამიანებიც არიან, მაგრამ სახელმწიფოს დანაშაულია, რომ მათ ცოდნა, განათლება არ მისცა. ადრე სკოლა, ოჯახი, ეკლესია, საზოგადოება, მოქალაქის, ერის შვილის აღზრდაში ყველა ერთობლივად მუშაობდა. მარტო ვერც მშობელი შეძლებს რამეს და ვერც სკოლა. ეს ბავშვები, რომლებიც ახლა ქუჩაში დარბიან და ბილწსიტყვაობენ, თავის დროზე სახელწიფომ გარიყა. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ფსკერს დაბლა დაეშვნენ. მათ სათანადო ცოდნა არ აქვთ, უნარი წაართვეს, რათა მტყუან-მართალი, თეთრი და შავი გაარჩიონ. ამ ყველაფრში თავად ბავშვების დადანაშაულება მიჭირს. საზოგადოების გაღიზიანებაც მესმის, მაგრამ ეს ახალგაზრდები სააკაშვილის მოღალატე რეჟიმის მსხვერპლნი არიან, რომელმაც მათ განათლების უფლება წაართვა. ადამიანი რომ იბადება, კაცობას, ქალობას, ზრდილობას და, რაც მთავარია, სიყვარულს მერე სწავლობს. მართლმადიდებლობა სხვა არაფერია, სიყვარულის გარდა.
საქმე ის არის, რომ განსაკუთრებით სააკაშვილის მმართველობისას, მთელი მედია მიზანმიმართულად, ამ ახალგაზრდების გულებში ღვარძლის, ბოღმის, სიძულვილის დათესვაზე და პარალელურად, ცოდნის წართმევაზე მუშაობდა. შეიძლება ადამიანს სძულდეს, ნამუსი არ ჰქონდეს, მაგრამ ჰქონდეს ჭკუა, განათლება. ეს ახალგაზრდები საშინელებათა ფილმის იმ პერსონაჟებს დაამსგავსეს, რომლებიც ჯერ ლამაზები არიან და უცებ დემონების სახეს იღებენ, რაც შემაშფოთებელია. ქალს ზღვარგადასული აგრესია საშინლად არ უხდება. ჩვენც ვიყავით ოპოზიციაში, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის გაპროტესტებისას დემონებს არ ვემსგავსებოდით. მეტიც, მაშინ რეჟიმი გვესხმოდა თავს, ჩვენ საარჩევნო შტაბთან არასდროს მივვარდნილვართ და არც უწმაწური გინება აგვიტეხავს. დღეს, სიძულვილის გამოხატვის შემზარავი ფორმები, მისი დაუფარავი დემონსტრირება, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. პირველ რიგში, შემაშფოთებელია ამ ბავშვების „უფროსების“, ვინც მათ აქეზებს და ასეთი სიმახინჯისკენ უბიძგებს, დამოკიდებულება. პროცესში ჩართულნი არიან გარეუფროსებიც, ვინც ამ ყველაფერში ფულს იხდის. ბევრ ახალგაზრდას, სახლში რომ ბრუნდება, შეიძლება საჭმელიც არ ხვდება. სამაგიეროდ, „უფროსები“ ჰყავთ მაძღარი, კარგად ჩაცმული, ზაფხულში გრილად არიან, ზამთარში _ თბილად. „უფროსებში“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ _ ხაზარაძეებს, გახარიებს და ა. შ. ვგულისხმობ.
_ საპარლამენტო არჩევნებში ნაცებს 800 ათასამდე ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. სად არის ახლა ეს ხალხი, აქციებზე ას კაცზე მეტს რატომ ვერ აგროვებენ?
_ აქ სხვა მომენტია გასათვალისწინებელი. 800 ათასი ამომრჩევლიდან, ნაცების მხარდამჭერი, შეიძლება ჯამში 80 ათასი ადამიანი იყოს, დანარჩენი ის ხალხია, ვინც „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენდა. როცა პიროვნება მართლა მხარს გიჭერს და როცა უბრალოდ, იმიტომ გაძლევს ხმას, რომ „ქართული ოცნება“ მიზეზთა გამო აღარ მოსწონს, ამაში დიდი განსხვავებაა. ოპოზიციური პარტიები იმაში კი არ ეჯიბრებიან, ვინ მეტ წვლილს შეიტანს მოსახლეობის განათლების, დასაქმების, ქვეყნის განვითარების სფეროში, არამედ ვინ უფრო შორს გადააფურთხებს. ანუ, ვინ უფრო გათახსირებულია, ვინ მეტს იკადრებს და უფრო მაგრად შეაგინებს „ქართულ ოცნებას“. აი, ამაში ეჯიბრებიან პარტიები ერთმანეთს. მინდა კარგად ავხსნა, რას უწოდებენ საპროტესტო ელექტორატს _ ამომრჩევლის ნაწილი „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზდა, განაწყენდა და ხმა მას მისცა, ვინც ყველაზე მაგრად იფურთხებოდა. ასე შეგროვდა 800 ათასი ხმა. რეალურად ხომ ვხედავთ, კალაძის საარჩევნო შტაბთან 200 კაციც ვერ შეკრიბეს.თავად პროტესტანტ ახალგაზრდებს, ვინ იცის, რა პრობლემა აქვთ და რის სანაცვლოდ თანხმდებიან ამ სამარცხვინო მასკარადში მონაწილეობას. ზოგს შეიძლება სამართლიანი პროტესტი აქვს გულში იმის გამო, რომ მშიერი დატოვეს, ხოლო „უფროსები“ მასში ბევრ ფულს აკეთებენ. ეს ახალგაზრდები არასწორად რეალიზდნენ _ რატომღაც იმის მხარეს არიან, ვინც გაატყავა და ამ დღეში ჩააგდო. ეს სერიოზული პრობლემაა. 
_ ამ მაგინებლების სახე ევროპის ბიუროკრატიაა?
_ დიახ, თავად ბავშვები კი არა, მათი საქციელია ამ ბიუროკრატიის, ევროკავშირის _ აყროლებული ჭაობის სახე. ეს არის კოლექტიური მაკრონის სახე. თან, მხოლოდ მდარე ხარისხის კი არა, უგემოვნოც. ხომ შეიძლება, კაცი იყოს უზნეო, გათახსირებული, გახრწნილი, უტვინოც, მაგრამ კარგი კედები ეცვას. ამათ ჩაცმაც არ იციან, ყველაფერს უგემოვნოდ აკეთებენ.
_ როგორი უნდა იყოს ამ დროს ხელისუფლების რეაქცია?
_ შტაბთან მივარდნების მიზეზი ხომ ის არის, რომ თავი გაალახინონ, დაარბევინონ და ამით ტემპერატურა აწიონ. ხელისუფლებამ ამის საშუალება არ უნდა მისცეს, მაგრამ, მეორე მხრივ, არც სისუსტე, დეზორგანიზებულობა უნდა გამოავლინოს და არც ისეთი შთაბეჭდილება დატოვოს, თითქოს მორალის დეფიციტს განიცდის. არ მივესალმები „ქართული ოცნების“ მიერ იმ მომხრეების დაპატიმრებას, რომელთაც გამხეცებული ბრბო მიუვარდა და შეურაცხყოფა მიაყენა. კი ბატონო, ქალს კი არა, ხელი არავის უნდა გაარტყა, მაგრამ მათ მიუვარდნენ და დედა აგინეს. მათ ხომ აქვთ უფლება, თავიანთი ღირსება დაიცვან.  
ნუ გვავიწყდება, რომ ეს საქართველოა. თუ სამართლიანობა არ არის, მაშინ კანონიც არ კანონობს. კანონში კი წერია, რომ არც ქალზე და არც კაცზე მუშტის მოქნევა არ შეიძლება, მაგრამ ასე უაპელაციოდ ადამიანს ოფისში მიუვარდე, დედა აგინო და პასუხი შეურაცხყოფის მიმყენებლის მაგივრად, გვერდში მდგომს აგებინო, ასე არ ხდება. ამიტომ, გამიხარდა, რომ ეს პირები გაათავისუფლეს, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. 
_ გამოსავალს რაში ხედავთ?
_ როგორც აღვნიშნე, ამ ახალგაზრდებს შიგნიდან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მათ კი გარედან ქვეყნის მტრები, ძირითადად, ევროკავშირის კორუმპირებული ჩინოვნიკები აქეზებენ, რომელთაც საქართველოს მიმართ რევანში სწყურიათ, რადგან მათთვის არ ვიომეთ. 
ჩემი აზრით, სტრატეგიული შეცდომაა, როცა ევროკავშირს არ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ალტერნატიული არჩევანი გაგვაჩნია. არადა, ეს არჩევანი რეალურად გვაქვს. ჩვენ შეგნებულად თუ მოვახდენთ იმის დემონსტრირებას, რომ ევროკავშირის ალტერნატიულ გზებს განვიხილავთ, ისინი ასე თავხედურად ვეღარ იმოქმედებენ. ამ კუთხით, მესმის ხელისუფლების სიფრთხილე და ვეთანხმები კიდეც, რადგან ეს საკითხი მარტო მას კი არა, არამედ სახელმწიფოსაც ეხება. მეორე მხრივ, ყველაფერი ზომიერი უნდა იყოს. მეტიც, გონივრული სიფრთხილის მაჩვენებელი ის იქნება, რომ მოწინააღმდეგეებს მკაფიოდ გავაგებინოთ _ ჩვენ გვინდა მათთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ სხვა გზაც გვაქვს. 
_ სუს-მა ლევან ხაბეიშვილი დააკავა.
_ ხაბეიშვილი უტვინო, უსწავლელი კაცია. მეცოდება, რადგან დაბალი ფენიდან _ ორმოდან არასწორად ამოძრომას ცდილობდა. იგი დაბალი კულტურის ადამიანია, რომელსაც საშუალო ფენაში მოხვედრა უნდოდა. მას ყველაფერზე მოაწერინეს ხელი და რადგან შეტოპა, უკან გამოსვლა გაუჭირდა. ბოკუჩავას და წითლიძის განცხადებებს რაც შეეხება, ჩვენც დაგვიჭირეთო, ეს წარუმატებელი ხრიკია. სუს-ი ამას არ აკენკავს. ასე რომ, ხაბე ლაპარაკისთვის არ დაუჭერიათ. სუს-მა ბოკუჩავას და წითლიძეს კიდევ გასცა პასუხი: ჩვენ ხალხს პერფორმანსებისთვის არ ვიჭერთო. ისინი ცდილობენ, ხაბეიშვილის საქციელი ისე წარმოაჩინონ, თითქოს ლაპარაკის გამო დააპატიმრეს. ვიცით, რომ უბრალოდ, გაფიქრების გამო, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას კანონი არ იცნობს. ანიტა უფრო სერიოზულ ამბავშია გახვეული, ის სერიოზული გადაცდომისთვის არის დაკავებული. სუს-ში ყველაფერს „გაუიასნებენ“, ხელს მოაწერინებენ და გამოუშვებენ და ვისზეც მუშაობდა, იმის ნაცვლად სხვაზე იმუშავებს. ასეთი ხვედრი აქვთ ხაბეებს.
_ ლევან სანიკიძემ განაცხადა, 4 ოქტომბერს უბნების ნაცვლად, რუსთაველის გამზირს დააკვირდებიან, მთავარი პროცესები აქ წარიმართებაო.
_ ვაი, ამათ პატრონს, მათი დამხობილი თავიდან დასამხობი იქნება. სახელმწიფოს ძირითადი საფრთხე გარედან მოდის. ეს გაუნათლებელი, უწიგნური ბრბო არაფრის გამკეთებელია. ოპოზიცია გაკოტრებულია. რით აპირებენ გადატრიალებას, სამხედრო ინტერვენციას ეგენი ვერ შეძლებენ. აქ ვერსაიდან ვერავინ შემოიჭრება. თურქები ვერ შემოიჭრებიან, რადგან ეს ერდოღანს სერიოზულ სტრატეგიულ პრობლემებს შეუქმნის. რუსები ისედაც შემოსულები არიან _ საქართველოში სამი სამხედრო ბაზა აქვთ. ან ევროკავშირს ვისთან ომის თავი აქვს _ არმია დააელგებეტეს, საკუთარ არმიაში ტრანსგენდერები შეიყვანეს. ერთმა ოფიცერმა მამაკაცმა სასქესო ორგანო მოიჭრა და შუბლზე მიიკერა. აი, ასეთი ოფიცრები ჰყავთ არმიაში და რა ომი უნდა აწარმოონ. მათ შეუძლიათ „ბალამუტჩიკობა“, ენის მიტან-მოტანა.
ჩვენ და „საერთო გაზეთის“ მკითხველსაც ყველაზე მთავარი რამ არ უნდა გამოგვრჩეს: თუ ქალაქს ღმერთი არ იცავს, მისი გუშაგები ამაოდ დაშვრებიან. ჩვენს ქვეყანას ღმერთი იცავს, ამიტომ ესენი ამაოდ ირჯებიან. მთელი დედამიწა გვებრძვის, მაგრამ ღმერთი გვეხმარება, ამას ისიც ემატება, რომ ხელისუფლება სწორ კურსს მიჰყვება.

თამარ შველიძე