წახნაგოვანი ქაოსი
(დასასრული. დასაწყისი იხ. „სგ“ N36)
მოკლე ტექსტური შეტყობინება ტრამპს
რუსეთის ერთ-ერთმა ვეტერანმა დიპლომატმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, რომელსაც დიპლომატიურ საქმიანობაში ბევრი ვერ შეედრება, უცბად „აფრები აუშვა“ და რევერანსების გარეშე განაცხადა _ ალიასკაზე პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შედეგად, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების იმპულსი დიდწილად ამოწურულია ევროპელების მოქმედებების გამოო. მისი ეს განცხადება მყისიერად უარჰყო კრემლმა. ჯერ პუტინის თანაშემწემ საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში, იური უშაკოვმა უწოდა ამ ამბავს მტკნარი სიცრუე, მოგვიანებით კი პუტინის პრესმდივანმა პესკოვმაც იგივე გაიმეორა.
რა უნდა იფიქროს მაყურებელმა, რუსეთის ხელისუფლებაში მარჯვენა და მარცხენა სხვადასხვა მხარეს გარბიან? _ რიაბკოვმა ხომ ამ ნათქვამით, ფაქტობრივად, პუტინისა და ტრამპის უცნაურად კეთილისმყოფელ ურთიერთობას „დაარტყა“?!
ყველანაირი წესითა და ლოგიკით, ასეთი რეაქციის შემდეგ, რიაბკოვი თანამდებობზე აღარ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისევ თავის კაბინეტშია...
რიაბკოვი რადგან ისევ კაბინეტშია, ჟირინოვსკის სული ამოიწვერა. როდესაც საჭირო მომენტში კრემლის სათქმელს ჟირინოვსკი ახმიანებდა, მის ექსცენტრიკულობას ეწერებოდა ნათქვამი, არადა, კრემლი ლაპარაკობდა... რიაბკოვმა დაუკითხავად დაახეეთქა ის, რაც არ უნდა ეთქვა და, არც მასმედიაში დაიბლოკა, არც პუტინს ჰქონდა რეაქცია? პირიქით, რუსულმა მედიამ და პროპაგანდისტმა სოლოვიოვმა ისეთი ხოტბა შეასხეს რიაბკოვს, ლავროვი ლამის დაჩრდილეს...
რიაბკოვის ეს „გამოხდომა“ ღია გზავნილი ხომ არ იყო ტრამპისთვის _ ძვირფასო დონალდ, დრო იწურება და რას შვრები შენივე ნათქვამ სიტყვებზეო?
რას ვშვრები და, ლეგენდას ვთხზავ, მერე კი ბნედას დავცემ ევროპასო.
ლეგენდა „ტომაჰავკი“ ქაოსში
სანამ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი შედეგებოდა და ზელენსკის პიჯაკს შეუქებდა ტრამპი, მოქმედ პირებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, გასულ კვირას რისი წერა წამოვიწყე და ორშაბათს რედაქციაში რა ვთქვი კოლეგებთან. ლოგიკამ მათქმევინა, თორემ წინსწარმეტყველი ხომ არ ვარ...
ყური მოვკარი რუსი გენერლის სიტყვებს _ არასასიამოვნო ფაქტია აშშ-ის განცხადება, რომ „ტომაჰავკებს“ გადასცემს უკრაინას, მაგრამ არსებობს ბევრი „მაგრამ“. პირველი _ ეს არ მოხდება დღეს და ხვალ; მეორე _ თუ ჩამოაღწია უკრაინამდე იმ „ტომაჰავკებმა“, უკრაინელებს მათ არ ანდობენ, გამშვებ დანადგარებზე აუცილებლად ნატო-ს სპეციალისტები იმუშავებენ _ „თუ ჩამოაღწიაო“; მესამე _ ამას დრო უნდა, ხოლო ამ დროში რა მოხდება უკრაინის ფრონტზე და დანარჩენ მსოფლიოში, ვინ იცისო. უმთავრესი _ „ტომაჰავკების“ საწინააღმდეგო საშუალებებზე ჯერ კიდევ 1983 წლიდან მუშაობდნენ საბჭოთა მეცნიერები, საბჭოთა სამხედრო სამრეწველო კომპლექსი და იმდენი რამე შეიქმნა, რაც ჯერ არ გამოყენებულა იმის გამო, რომ საჭიროება არ ყოფილა და იმდენი სუპერინოვაციური ფაერსაწინააღმდეგო სისტემა დაემატა, რომ ძალიანაც ნუ ექნებათ იმ „ტომაჰავკების იმედიო“; ახლოში, პრაქტიკულად, ვერ ისვრიან და მოსკოვი იქნება თუ სხვა დიდი უბრბანული ქალაქების დაბომბვა, ამაზე რომ არც კი უნდა იოცნებონ, იციან, მაგრამ თუ ინტერესის გამო სცადეს, აბა, რა მოხდება მერეო, ერთი „ტომაჰავკიც“ რომ გავარდეს, გასაოცარ და Ужасающий შედეგს მიიღებენ ელვისებურადო.
„ტომაჰავკის“ უკრაინისთვის მიწოდება რომ მოსკოვის დაბომბვას ნიშნავს და ამას რუსეთის ბირთვული პასუხი მოჰყვება, სავარაუდო არ არის. არადა, უკრაინის ხელისუფლება ღიად არის გადასული ბირთვული თავშესაფრების მშენებლობაზე და რაც იყო, იმის გაუმჯობესებაზე.
კრემლის აზრების ერთ-ერთი გამოხმოვანებელი მედვედევიც არის და მე რომ პუტინის ადგილზე ვიყო, ევროპის ნებისმიერ პორტში „ტომაჰავკის“ გამოჩენისთანავე, იქვე დავადუღებდი, ხოლო დასავლეთ უკრაინაში რომელიმე სამიზნეს ტაქტიკურით „მოვიკითხავდიო“, ანუ მეორე დარტყმა ბირთვული იქნება.
ვაჭარი ტრამპი, შესაძლოა, სამხედრო საკითხებში ვერ ერკვეოდეს, მაგრამ სამხედრო მიმართულებით მრჩევლებიც არ სჭირდება იმას, რომ გააცნობიეროს ის საფრთხე, რაც უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ გადაცემას მოჰყვება. რა ქნას?
იმ რუსი გენერლისა არ არ იყოს, ამას დრო უნდა და მანამდე, შესაძლოა, ან ვირი მოკვდეს, ან ვირის პატრონი. გარდა ამისა, შესაძლოა, სხვა ვარიანტიც განმეხილა _ მაგალითად, მივყიდიდი იმ „ტომაჰავკებს“ და გადაადგილების კორდინატებს პუტინს ვაცნობებდი. რატომ? იმიტომ, რომ ომი არ მინდა, მირჩევნია, მსოფლიო რუსეთთან ომის გარეშე გავიყო, მითუმეტეს, ვიცი, რომ „ორეშნიკები“ სტარტზეა და მის გარდა კიდევ რამდენი რამ აქვს ახალი, არ ვიცი. არ მომეწონებოდა თუნდაც „სატანასა“ და „კინჯალის“ შემდეგ კიდევ რაღაც უცნობი და გამოსაცდელი სამხედრო ტექნიკის მოქმედებაში ნახვა...
ჰოდა, კი თქვა ტრამპმა, რაკეტების მეტი რა გვაქვს, მაგრამ ჩვენი საჭიროებისთვის გვაქვსო...
ამჯერადაც ისე ვერ მოიწონა ზელენსკის ჩაცმულობა, რომ სტუმრები საქონლის კერძებით დაეპურებინა, შემწვარი ქათამიც გეყოფათო და პენტაგონის შეფს რუსეთი დროშის ფერებში გაწყობილი ჰალსტუხი შეაბა _ ფერების მიმდევრობაც კი რუსეთის დროშაზე იყო გასწორებული. ძალიან მოუცლელია ტრმპი, ამიტომ პროტოკოლის უფროსმა მიაცილა „ზელე“ მანქანამდე. და სულაც, უკრაინელ მურიას თეთრი სახლის ეზოში ბრიფინგი არ ჩაატარებინეს, გადაღმა, ქუჩაში შეხვდა მედიას და აღიარა, „ტომაჰავკების“ მოწოდება ჩაიხსნა, რადგან ტრამპს არ სურს ესკალაცია.
„კეთილი“ ბომბი
ვისხედით მსოფლიო წახნაგოვანი ქაოსის მაყურებლად და უცბად, ღია სარკმელში „კეთილი“ ბომბი შემოგვიგდეს _ 2025 წლის 14 ოქტომბერს სტრასბუგს სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ე. წ. განგრძობადი ოკუპაცია“ კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა _ რუსეთის ფედერაციას საქართველოს 29 000-ზე მეტი დაზარალებული მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.
მანამდე იყო საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, ე. წ. დეპორტირებულთა საქმე და 10 მლნ-მდე ევროს გადახდის დაკისრება; იყო კიდევ ერთი _ 130 მლნ-მდე ევროს გადახდის ვალდებულების დაკისრება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საჭოს წევრი, მას რჩება გადაწყვეტილების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრებაო. რუსეთს განსაზღვრული თანხის დასაფარად ვადა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში აქვს.
ჩვენ რას ვაკეთებთ? _ გარეგნულად, მადლობას ვუხდით სტრასბურგის სასამართლოს, რეალურად კი, გულში ვაგინებთ...
უკეთეს დროს ვერ ნახავდნენ საქართველოსთან რუსეთის გასამტყუნებლად!
რუსეთი რას ამბობს? _ პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი არ გადაიხდის ამ ფულს. რატომ არ გადაიხდის, განმარტა და თქვენით მოიძიეთ ინფორმაცია. ხალხი ხუმრობს, რაც რუსეთი ელენე ხოშტარიას მილიონებს ურიცხავს, ფაქტობრივად, ძველი სახდელი გადახდილი აქვთ და ახალს გზადაგზა გადაუხდიანო.
ისადა, უკრაინა თავზე რომ გვსაქმებს, მაშინ ვამბობთ, რომ საპასუხოდ არაფერს ვიტყვით, არც ცუდად მოვიქცევით, რადგან ომში მყოფი ქვეყნაა; ახლაც ხომ იგივეს თქმა მოგვიწევს _ რუსეთიც ომში მყოფი ქვეყანაა. თანაც, უკრაინას მთელი ცივილიზებული დასავლეთი ეხმარება რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთი კი მარტო ებრძვის მთელ ნატო-ს...
რას ვიზამთ, საუკუნეებია, რაც ხან მგელი გვიპირებს შეჭმას და ხან მგლისფერი ძაღლი, გვაძიძგნიან გვერდებს, მაგრამ კი ვართ ჯერ კიდევ შეუჭმელი...
მჯერა, რომ ვერც შეგვჭამენ, რადგან ჩვენი ხალხური სიბრძნეებია „ტკბილი ენით მთას ირემი მოიწველაო“ და „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო“...
ესეც ჩვენია _ „ასჯერ გაზომე, ერთხელ გასჭერი“...
ჯერ თავო და თავო, ანუ მე ვუსმენ ილიას
ეს ყველაფერი _ კარგი, მაგრამ ის უფრო მაინტერესებს, უცხოელი ელჩების ნალანძღი, ჩვენი „პატარა კახის“ ძეგლი ახლა რატომ დადგეს თბილისში და საზემოდ გახსნეს თბილისის მერმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რატომაც მე მგონია, იმიტომ?
ილია ჭავჭავაძე 34 წლის იყო 1871 წელს, როდესაც ლელთ ღუნიას ათქმევინა: „ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ“, ხოლო 1899 წელს, 62 წლის იყო, როდესაც „ასის წლის წინათ“ (პირველად შემოსვლა რუსის ჯარისა ტფილისში) დაწერა _ როცა ახალგაზრდა კაცის სიტყვები ვინმეს მოჰყავს, იქვე იმავე კაცის, უკვე დაბრძენებულის პუბლიცისტური წერილიც დაამატოს ხოლმე, სხვაგვარად სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს _ გაზეთი არ მაძლევს საშუალებას, თორემ აქვე მოკლედ მოგითხრობდით...
მავანთ გადაეცით, ჯერ ეს ორი წაიკითხონ, შემდეგ კი, ილიასავე „ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი“, თან თარიღებს ჩაუკვირდნენ, რომელი წელია ახლა და როდის დაწერა ილიამ:
„მთელი ევროპა მუდამ იმასა ცდილობს, რომ საომრად მოემზადოს; ამ განზრახვით ევროპის სახელმწიფონი არავითარს ხარჯსა და საშუალებას არა ჰზოგავენ მხოლოდ იმიტომ, რომ აუარებელი ჯარი იყოლიონ. ასორმოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც საფრანგეთის გამოჩენილი ფილოსოფოსი მონტესკიე სჩიოდა, რომ ევროპა თანდათან უმატებს ჯარებსა და თოფ-იარაღს, ამისათვის არა ჰზოგავს არავითარ ხარჯს და ამითი თავს იღარიბებს და იღატაკებსო.
მონტესკიეს სიტყვას არავინ გაუფრთხილებია და დღეს ევროპის სახელმწიფონი თოფ-იარაღში სხედან და მზად არიან ერთმანეთი სისხლის მორევში დაარჩონ. ევროპის ამგვარს ყოფა-მდგომარეობას ერის გაღარიბება, გაღატაკება მოსდევს. ამჟამად ევროპას თექვსმეტ მილიონამდე ჯარისკაცი ჰყავს. ამ მოკლე ხანში ოც მილიონამდე შეისრულებს. ერთის სიტყვით, მთელს ევროპას თოფ-იარაღის ქვეშ ჰყავს ერთი მერვედი მთელის მუშა, მწარმოებელი ხალხისა. ეს ერთი მერვედი წლიდგან წლამდე არაფერს აკეთებს, მხოლოდ სამხედრო ხელობაში ვარჯიშობს და თავის თანაოძმეთა ნაშრომიითა და ნაღვაწით იკვებება. საფრანგეთი, რომელსაც ოთხ მილიონამდე ჯარისკაცი ჰყავს, ჯარსა და ფლოტს ანდომებს წელიწადში 900 მილიონ ფრანკზე მეტს.
ეს ფული ყველა მკვიდრე რომ გავანაწილოთ, გამოვა, რომ თითო მკვიდრი ჯარისა და ფლოტის შესანახად იხდის წელიწადში 24 ფრანკსა და ნახევარს. ინგლისის თითო მკვიდრი იხდის წელიწადში 21 ფრანკს, და გერმანიისა 12,5-ს.
ახლა ვნახოთ, რამდენი ჯარი ჰყავს ჩრდილო ამერიკის შტატებს და რამდენი ეხარჯება. ამ შტატებს ჰყავს მხოლოდ 27 000 ჯარისკაცი. ამ მცირე ჯარის შესანახად თითო მკვიდრი წელიწადში იხდის 4,5 ფრანკს.როგორც ჰხედავთ, ამერიკის მხედრობა ბევრად ჩამორჩება ევროპისას. სამაგიეროდ ერის სიმდიდრე და კეთილდღეობა ამერიკის შტატებისა იმდენად სჯობნის ევროპისას, რომ ვაჭრობასა და მრეწველობაში შტატები ყოველისფრით წარმატებულნი არიან ევროპაზე და თანდათან იმორჩილებენ ევროპას. თუ საქმე ამგვარად წავიდა, იმედია, რომ შტატები ეკონომიურად სულ ერთიანად დაიმორჩილებენ ევროპას, რომელიც აუცილებლად გაკოტრდება. მაშინ, როდესაც შტატები თანდათან იხდიამ სახელმწიფო ვალებს, ევროპის სახელმმწიფონი–კი თანდათან ვალებში სცვივიან.
რაც დრო მიდის, ევროპაში უფრო და უფრო ძლიერდება ერთა შორის დაუნდობლობა და მძულვარება.
ამ მხრით ამერიკა სრულიად სხვა სურათს წარმოგვიდგენს. ამერიკის სახელმწიფოთ აზრად აქვთ სახელმწიფოთა ძმური კავშირი დაადგინონ, რისათვისაც ქალაქ ნიუ–იორკში კონგრესი შეიკრიბება. ამ კონგრესზე ლაპარაკი ექნებათ იმის შესახებ, თუ რა პირობითა და რა საშუალებით უნდა შეერთდნენ ამერიკის სახელმწიფონი ისე, რომ არც ერთი სახელმწიფო ამერიკისა არ დაიჩაგროს. სხვათა შორის, კონგრესზე ისიც გადაწყდება, რომ სახელმწიფოებმა ყოველივე შფოთი, უსიამოვნება და ანგარიში მორიგებითა და მშვიდობიანად გაათავონ ხოლმე.
უეჭველია, რომ რაკი ამერიკის სახელმწიფონი ძმურად მორიგდებიან, მხედრობით გატაცებულს ევროპას კიდევ უფრო დასცემს ეკონომიურად და მსოფლიო მეთაურობასაც დაიმკვიდრებს ამერიკა.
1889 წლის 25 თებერვალი
ილიამ დადო ეს დასკვნა და რასაც ახლა ვუყურებ, ტრამპი აპირებს ეკონომიურ ასპექტში „თანამედროვე მიდგომებით“ ბოლომდე ასრულებას.
ეს კი არა, ისიც კი მიფიქრია, „რუსეთი და მისი რაზმი“ რომ გადაირიონ, მგონი, ოკეანის გაღმიდან ტრამპმა მისცეს ბანი, „დასცხეთ მაგ ლიბერასტებს, ფაშისტების ჭუპრები არიან ეგენიო“, _ რას გაიგებ ამ მედღეხვალიე ვაჭრისას.
ჰოდა, ლოგიკურია, რომ მრავალწახნაგა ქაოსშია მსოფლიო და ქაოსის დასრულების მომლოდინე, ზოგი თვლემს და ზოგი ფეთავს...
ჩვენ ერთი მაინც გვაქვს _ დიდი ჯიკავ-ჯიკავით გავძვერით ამ ქაოსში და უბილეთოდ ვსხედვართ პარტერში...
რა ვიცი, არ მგონია, წამოგვყარონ...
მაია ჭელიძე


