ესენიც ჩვენი „უმფროსები“ არიან?
ისრაელის საელჩოში შეშფოთებულან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ირანის საელჩოს სოლიდარობის ღონისძიებაში მონაწილეობა მიუღია, ეს მორალურად არასწორიაო:
„შევშფოთდით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თბილისში, ირანის საელჩოში სოლიდარობის ღონისძიებას დაესწრო“.
ადამიანი, რომელიც ირანის საელჩოში ღონისძიებაზე მივიდა, ალექსანდრე ხვთისიაშვილი ყოფილა. აი, ამას აღუშფოთებია ისრაელი - ესაო, იცით, რა არიო? მორალურად გაუმართლებელიაო, ანუ ამორალურიაო.
ესე იგი, ჩვენს ქვეყანაში სად წავიდეთ, ვისთან მივიდეთ და როგორ მოვიქცეთ, საკუთარი თავის გარდა, ყველას უნდა ვკითხოთ, ხომ? ამდენი უფროსი არ გვყოფნიდა, ახლა ესენიც „უმფროსებად“ დაგვადგნენ, ხომ?
კარგი, დავუშვათ, ისრაელი სოლიდარობას ითხოვს ჩვენგან და შეიძლება ეს ნორმალურია, მაგრამ როცა ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა, თვითონ რატომ არ გამოხატავენ? როდესაც ამდენ ადამიანს გვისანქცირებენ იქით აშშ-იდან, აქეთ ევროკავშირიდან, რამე სოლიდარობის მსგავსი დასცდენიათ? როდესაც ქართველებს ისრაელში უდიერად ექცევიან (ამის შესახებ ჩვენი თანამემამულეები საშინელებებს ჰყვებიან), ვინმეს დასცდენია, რომ ჩვენ მოძმე ერები ვართ და ქართველებს ებრაელების გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვით? საქართველოში მცხოვრებ ებრაელებზე არაფერს ვამბობ, ისინი ნამდვილი ქართველები არიან და შესანიშნავად ქართველობენ კიდევაც, მაგრამ მათი სახელმწიფო იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს? როგორ გაბედეთო? ირანის საელჩოში როგორ მიხვედითო? კი, მაგრამ, სადაც ადრე დავდიოდით, იქ ომში ჩვენი ჩათრევა-დაწიოკება მოინდომეს, როცა ვერ ჩაგვითრიეს, ლანძღვა დაგვიწყეს, არჩეულ ხელისუფლებას ცამოწმენდილზე მოუგონეს, არჩევნები გააყალბაო და დღემდე არ ისვენებენ, რუსთაველის გამზირი გადაგვიბუგეს, „მოლოტოვის კოქტეილები“ დაგვიშინეს, დღემდე ჯოგებს დაარბენინებენ აქეთ-იქით, ხალხს ყელში ამოუყვანეს და ახლა იმასაც გვკარნახობენ, საით ვიაროთ?
უკაცრავად, ჩვენც გავიზარდეთ, ჩვენც ვისწავლეთ რაღაცები, ჩვენც ვუწევთ ანგარიშს რაღაცებს, რათა საკუთარი ქვეყანა გადავარჩინოთ. მეტიც, უკვე გავიგეთ, როგორ ფარსში გვაცხოვრებდნენ ამერიკელები და ე.წ. ევროპელები 30 წლის განმავლობაში. ამერიკელების „ღვაწლის“ ხსენებაზე სულ საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას მონაყოლი მახსენდება (პირადად მე რომ მითხრა): ერთხანობას ამერიკელები ამბობდნენ, რუსებთან ურთიერთობა თქვენ თვითონ დაალაგეთ, ჩვენ არაფერ შუაში ვართო. ბიჭო, მაგათი განცხადებები სიმართლედ მივიჩნიეთ და დავიწყე გზების ძიება, როგორ შეიძლებოდა, ურთიერთობა დაგველაგებინა რუსებთანო. მივდექი, მოვდექი, მოსკოვშიც ჩავედი, მაგრამ, როცა დავბრუნდი, კაბინეტში ამერიკელი რეზიდენტი დამხვდა, ქოშები უკუღმა ყარა, ჩვენ გარეშე როგორ ბედავთ რუსებთან დალაპარაკებასო? გასმით, ხალხო, რა დონეზე გვეთამაშებოდნენ და გვაბრიყვებდნენ? როგორც ვალერი ხაბურძანია იხსენებს, მას მერე ყველა ძალოვან უწყებაში ამერიკელებმა თავიანთი რეზიდენტი ჩასვეს, გაკონტროლება დაიწყეს, ემანდ, რუსებს მართლა არ დაელაპარაკონო. ალბათ, იცით, როდესაც ისრაელის საელჩო ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელები გვსაყვედურობენ. კი, მაგრამ, იგივე ამერიკელებმა, როცა იქ ხელისუფლება შეიცვალა, საქართველოსთან დამოკიდებულება შეცვალეს? ის კომიკური სანქციები მოხსნეს? არა, არც დამოკიდებულება შეცვალეს, არც სანქციები გააუქმეს და არც რაიმე სასიკეთოს საიმედო კონტურები ჩანს.
სხვათა შორის, ჩვენ ირანი არ გვესაზღვრება, მაგრამ მაინც მეზობლად მიიჩნევა და ამ რეგიონში ანგარიშგასაწევი ძალაა, რომლის უკანაც რუსეთი და ჩინეთი დგანან. რა ვქნათ ახლა, იმის გამო, რომ აშშ-ს ვასიამოვნოთ, ისრაელის გამო ირანს ომი გამოვუცხადოთ? ვერა, ბატონებო, ვერა და არა, რადგან, როცა ჩვენ რუსეთმა ორჯერ გადაგვიარა, არც სოლიდარობა გამოუცხადებია ვინმეს და არც სანქციები დაუწესებიათ რუსეთისთვის. ჰოდა, რაკი ეგრეა, მაშინ ყველამ თავის მამიდას მიხედოს.
როგორც მოსალოდნელი იყო, მოღალატეებმა ეგრევე გამოყვეს ფეხი - ჩვენც აქ ვართ, პენალტი დაგვარტყმევინეთო. „გაუცინარმა ჭაბუკმა“, მამისგან ნაადრევად გაწირულმა ლევან გუბაზიჩმა განაცხადა, ისრაელმა გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს, საქართველოს ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანოსო. ეგეთი მავნებელი მეორე სადმე გინახავთ? მე არ მინახავს, მხოლოდ გამიგონია, რომ წინა საუკუნეებში არსებობდნენ. გაგონილი და საკუთარი თვალით ნანახი ერთია? არა, სულ მეგონა, ეგეთები მარტო წიგნებში და კინოებში არსებობდნენ, მაგრამ აჰა, თურმე ნამდვილები ყოფილან.

