ვატო შაქარიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი არ ჰყავს

ვატო შაქარიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი არ ჰყავს

გვესაუბრება „ერთიანი 
ნეიტრალური საქართველოს“ 
წევრი ვატო შაქარიშვილი:

_ ვატო, რადიკალების გარკვეული ჯგუფი კალაძის შტაბთან პროვოკაციებს აწყობს, ზოგი დამხობისთვის ემზადება, ზოგიც არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ დამარცხებას აპირებს. რეალურად, რა სურათი გვაქვს?
_ „ქართული ოცნება“ სერიოზული პოლიტიკური ძალაა, რომელიც ხალხს მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას სთავაზობს. თუმცა, საზოგადოებას სხვა არჩევანი არც აქვს. ბოლო წლებში მმართველმა ძალამ მოსახლეობის განსაკუთრებული მხარდაჭერა სწორედ იმ პრაგმატული პოლიტიკის წარმოების შედეგად მოიპოვა, რამაც ქვეყანას ხელშესახები ეკონომიკური სიკეთეები მოუტანა. ამ ყველაფერს მოსახლეობა დადებითად აფასებს. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი არ ჰყავს, რადგან მეორე მხარეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დგას, რომლის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს, ნაწილი კი, ბოიკოტის რეჟიმშია. ორივე ფრთა ერთი დიდი ქსელის აგენტურაა _ გარე პატრონებმა გადაწყვიტეს, ზოგი მათგანი არჩევნებში შეუშვან, ზოგსაც _ ბოიკოტი გამოაცხადებინონ. ეს გარე ძალების მიერ დაგეგმილი სცენარია, რაშიც ყველა პერსონაჟს თავისი როლი აქვს. 
სახეზეა პროცესების რადიკალიზაციის მცდელობა ისეთი მავნე პროვოკაციებით, რასაც მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ჰქონდა ადგილი. რადიკალებმა რამდენიმე ათეული მორალურად დეგრადირებული ადამიანი შეკრიბეს, რომელთაც დანაშაულისკენ უბიძგებენ, რათა პროცესების რადიკალიზაცია მოახერხონ. ოპოზიციას გააზრებული აქვს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებას ვერ შეცვლის, ვერც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დადებს ხელშესახებ შედეგს და მიზნის მიღწევას რადიკალური მეთოდებით ცდილობს. ნაცების განაყოფებმა _ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელომ“ ოლქების ნახევარზე მეტში კანდიდატებიც კი ვერ წარადგინეს. რომელი ქვეყნის მართვაზე, კოალიციურ მთავრობაზე ლაპარაკობენ, როცა, დაახლოებით, 30 ოლქში, ქალაქებში ვერც მერობის კანდიდატები წარმოადგინეს და ვერც საკრებულოს მაჟორიტარები. ამ დროს ამბიცია აქვთ, რომ ხელისუფლებას ყველა მთავარი ქალაქი ხელიდან უნდა გამოგლიჯონ. ვიმეორებ, ეს კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტიები კი არა, „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები არიან, რომელთაც გარე პატრონებმა არჩევნებში მონაწილეობის ფუნქცია განუსაზღვრეს. ახლა მთავარია, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ერთობლივად უზრუნველვყოთ, რომ არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიაროს და ქვეყანამ განვითარება განაგრძოს.
_ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიებისგან მუდმივად გვესმის, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია. მაშინ, მის მიერ დანიშნულ არჩევნებში რატომ მონაწილეობენ?
_ ეს არ არის ის ერთადერთი ნიშანი, რაც მათ არათანმიმდევრულობაზე, არაადეკვატურობაზე, რეალობასთან აცდენაზე მიუთითებს. არც „გახარია საქართველოსთვის“ და არც „ლელოს“ არავითარი საყრდენი არ გააჩნიათ. მათ საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ან მისთვის რეალური ალტერნატივის შეთავაზების უნარი არ შესწევთ. ამ აგენტურული ქსელიდან, ზოგი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მყოფი მტრობდა სამშობლოს, ზოგი ბანკირი იყო და თაღლითობით, დაპატიმრებული, ნაწამები ადამიანების ქონების დაუფლებით იყო დაკავებული, ზოგიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ასრულებდა აგენტის ფუნქციას და ქვეყანას, სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მყოფი, აზიანებდა. ავიღოთ გახარია, რომელიც ყველა უმაღლეს თანამდებობას იკავებდა _ იყო როგორც ეკონომიკისა და შს მინისტრი, ასევე პრემიერი. მან ქვეყნის დაცვას, აგენტობაზე ხელმოწერა არჩია _ ჯერ პარტიის შიგნიდან ეცადა ქვეყნის დაზიანებას, მერ გუნდს უღალატა, პრემიერობიდან გადადგა და ისე სცადა ხელისუფლების ჩამოშლა, დაზიანება და იმ კოლექტიური ძალისთვის ხელშეწყობა, რომლის წევრი უკვე ღიად გახდა. ხალხმა კარგად იცის, რა ძალაა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ასე რომ, ჯანმრთელი ოპოზიცია, რაც ქვეყნის განვითარებას სჭირდება, დღეს არ ჩანს. ამიტომ ნათელია, რას გადაწყვეტს საზოგადოება _ ის მხარს იმ ძალას დაუჭრს, რომელიც ქვეყანას მშვიდობას, სტაბილურობას შეანარჩუნებინებს და ეროვნულ ინტერესებს დაიცავს. 
_ უკვე აღვნიშნეთ, რომ ოპოზიცია მთავარ აქცენტს ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე აკეთებს. მშვიდობიანი დამხობით მოსული ხელისუფლება ლეგიტიმური იქნება?
_ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, ეს აბსურდია. დააკვირდით, ვინ გამოიყვანეს წინა პლანზე? _ ახალგაზრდები, რომლებიც დაღუპეს, მომავალი დაუნგრიეს, დანაშაული ჩაადენინეს _ მათ ხან ლამის პოლიციელები დაწვეს ცოცხლად, ხან მოლოტოვის კოქტეილებს პარლამენტის შენობას ესროდნენ. ახლა კი, როცა ისინი დანაშაულისთვის ციხეში სასჯელს იხდიან, ასპარეზზე მათი მშობლები გამოიყვანეს. დიახ, ახლა იმ დედების გამოყენებას ცდილობენ, რომელთა შვილებიც დანაშაულებრივ სინდიკატში ჰყავდათ ჩათრეული. დასავლეთი მშვენივრად ხვდება, რომ მისი დასაყრდენი ე. წ. ენჯეოები, პოლიტიკოსები ყველანი დისკრედიტირებულნი არიან. ხომ გვახსოვს, ამ პოლიტიკოსებს მათ მიერვე ორგანიზებული აქციებიდან ხალხი პანღურებით რომ აგდებდა?! 
ამიტომ, მათ დავალებული აქვთ, პროცესებს ჩამოშორდნენ. აგერ, ხოშტარია თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში. უპრეცედენტო ამბავია, როცა პოლიტიკოსი ციხეში ძალით მიდის. პრემიერმა ამას თვითდაპატიმრება უწოდა. ხოშტარიამ თავისუფლება თავად აღიკვეთა. ეს დავალება გარედან მიიღო. ისღა დარჩათ, საკუთრი შვილების მსგავსად, ახლა მშობლებმა ჩაიდინონ დანაშაული და მათ კიდეც ალაპარაკებენ, ქვეყნის დამხობაზე. თან ეს მშობლები საზოგადოებას მოუწოდებენ, 4 ოქტომბერს აქციაზე ბავშვები მოიყვანეთო. საერთოდ, რატომ ახსენებენ ბავშვებს ძალადობრივ აქციაზე. დიახ, ძალადობრივზე, რადგან თავად ამბობენ: თუ საჭირო გახდება, პარლამენტის შენობაში შევიჭრებითო. აი, სად ეპატიჟებიან ბავშვებს. ჩვენ თვალწინ, ქართული სახელ-გვარების მქონე ადამიანები მიზანმიმართულად მოქოქეს, რათა დანაშაული ჩაადენინონ. ვიმეორებ, შვილებს უკვე ჩაადენინეს და ისინი სასჯელსაც იხდიან, ახლა მშობლებზე გადავიდნენ. 
დასავლეთს არ გაუმართლა იმ ძალებმა, რომელშიც ასეულობით მილიონი დოლარი ჩაყარეს _ ხან ნჯო-ები გამოიყვანეს რევოლუციის წინა ხაზზე, ხან პოლიტიკოსები, ხან მედია, ე. წ. ტვსახეები. ხომ გახსოვთ, მედიარევოლუციის მოწყობას რომ აპირებდნენ, მაგრამ ყველა პროექტი ჩავარდა. რაღაც ხომ უნდა ეღონათ და დაჭერილი ახალგაზრდების მშობლებზე დადეს ფსონი, იქნებ, ამან გაჭრას და ხალხი ქუჩაში გამოვიდესო. ეს ფუჭი მოლოდინია. როგორ უნდა დაიმსახუროს საზოგადოების ემპათია იმ ქალმა, თუ კაცმა, ვინც ეკრანებიდან 24 საათი იწყევლება. მათი შვილები ციხეში სამართლიანად იმყოფებიან და სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის იხდიან. მათი მშობლები კი ხელისუფლების დამხობას აპირებენ, ხოლო ვინც მათ გვერდით არ დგას და მათი შვილებივით მოლოტოვის კოქტეილებს არ ისვრის, მათ წყევლიან. ასე მხარდაჭერის, ემპათიის მოპოვება ძალიან გაუჭირდებათ და ვერც ქუჩაში შეკრებენ ხალხს. ეს კიდევ ერთი მკვდრადშობილი რევოლუციური სცენარია.
_ ახლა დროშების რევოლუციაა დაანონსებული.
_ ჯერ უკრაინის დროშებით დარბოდნენ. გახსოვთ, გუბაზ სანიკიძეს ყელზე კაშნესავით რომ ჰქონდა უკრაინის დროშა შემოხვეული. მერე უკრაინის დროშები ევროკავშირისამ ჩაანაცვლა. ახლა საქართველოს დროშით გვიპირებენ დამხობას. მათთვის ეს, უბრალოდ, ატრიბუტია, როგორც მიშასთვის ეკლებიანი ვარდი იყო. ამ ფარისევლებს ჰგონიათ, ზურგზე დროშის მოკიდებით ეროვნულ, პატრიოტულ სულისკვეთებას გააღვიძებენ. ბურჭულაძემ ვის უნდა გაუღვიძოს პატრიოტული სულისკვეთება, კაცი თაღლითია, საქველმოქმედო ფონდი გაძარცვა, მე და თქვენ შემოწირულობა რომ გავიღეთ ბავშვებისთვის, ის ბავშვები გაძარცვა და ფული საკუთარ კეთილდღეობას მოახმარა. ასეთ თაღლითს ვინ გაჰყვება?! 
_ აბა, მათ ჰკითხეთ, 4-ში 8 საათზე ხელისუფლების გადაბარებას აპირებენ.
_ რა გითხრათ, ტრაგიკომიკურ ვითარებაში არიან. ამ ყველაფერს ბოლომდე იუმორით შევხედავდით, რომ არ ვიცოდეთ, რა ხალხი დგას ამ ყველაფრის უკან და რაზე არიან წამსვლელები. გავიხსენოთ მაიდნის სისხლიანი რევოლუცია, ახლახან მსოფლიოს თვალწინ მოკლული ამერიკელი კონსერვატორი ჩარლზ კირკი, სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ტრამპი, ფიცო... ვიმეორებ, ესენი ყველაფერზე წავლენ, ომებს იწყებენ და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე მათთვის არაფერია. წინა კვირას, უკრაინის უშიშროების სამსახურის ორგანიზატორობით, ტრაილერით ასაფეთქებელი საშუალება _ ჰექსოგენი შემოიტანეს. 2021 წელს მათ ტრაილერით სააკაშვილი გამოგვიგზავნეს, რომელსაც აქ დეტონატორის ფუნქცია უნდა შეესრულებინა და რევოლუცია მოეხდინა. ჰექსოგენის შემოტანა პირდაპირ სისხლისღვრაზე იყო გათვლილი. აი, რისი მიღწევა უნდათ. გარე პატრონებიც აქეზებენ: თავდაჯერებულად ილაპარაკეთ, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლებას ამხობთო.
რადიკალებმა მშვენივრად იციან, რომ ოპოზიციურად განწყობილ ხალხშიც არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც სისხლისღვრა, რევოლუცია ენდომება. არც ხელისუფლება და არც ხალხი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას დაუშვებს. 
ახლა 2003 წელი არ არის, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილი იყო. დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები გამართულად მუშაობს. აგერ, სუს-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, რომელმაც ძალიან მოკლე დროში კონკრეტული შედეგები დადო, იგივე ჰექსოგენის დროულად ამოღება, თუ სხვა ქმედება, რაც სახელმწიფოში კანონის უზენაესობას, კორუფციის აღკვეთას ემსახურება. პოლიტიკური გუნდი, ძალოვანი სტრუქტურები გამართულად მუშაობენ. ისინი ქვეყანას ემსახურებიან და არა პარტიას. ჯარისკაციც, გამომძიებელიც, პროკურორიც ყველა აანალიზებს, რომ დღეს მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ ძალას შეუძლია ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება, მშვიდობიან გზაზე სიარული. დღეს საზოგადოების განწყობა რევოლუციის მოხდენა არ არის და არც ხელისუფლებაა იმ მოცემულობაში, რომ ორმოცდაათმა ჭკუაგადატრიალებულმა რევოლუცია მოაწყოს. ყველა დანაშაული კანონით აღიკვეთება. ქვეყანაში დემოკრატიაა და არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგს, ყველამ პატივი უნდა სცეს. ვინც ამის წინააღმდეგ წავა, ის ქართველი ხალხის წინააღმდეგაც წავა და მას ადეკვატური პასუხი გაეცემა.

თამარ შველიძე