თამთა მეგრელიშვილი: გახსოვდეთ! თქვენი ერთი ხმა, საბოლოო ჯამში ერთზე მეტია!

თამთა მეგრელიშვილი: გახსოვდეთ! თქვენი ერთი ხმა, საბოლოო ჯამში ერთზე მეტია!

გვესაუბრება პარტია „ხალხის 
ძალის“ წევრი, საჯარო 
მმართველობის დოქტორი 
თამთა მეგრელიშვილი:

_ თამთა, არჩევნებამდე ათი დღე რჩება, რა მოცემულობით ხვდება ქვეყანა თვითმმართველობის არჩევნებს, რა გამოწვევების წინაშე დგას ხელისუფლება?
_ არჩევნები და დემოკრატია ურთიერთგანმაპირობებელი ცნებებია. დემოკრატია სწორედ თავისუფალი არჩევანისა და სამართლიანი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად მიიღწევა. მსოფლიო საარჩევნო პრაქტიკამ აჩვენა, რომ დემოკრატიული არჩევნები თავის თავში აერთიანებს და საჭიროებს საარჩევნო ნორმების დაცვას, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს, სამართლიან ქცევას და განვითარებული პოლიტიკური პარტიების არსებობას. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, არჩევნების გზით მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო ხელისუფლების ლეგიტიმაციის პროცესში. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მიხედვით, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება, მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში ან უშუალოდ, ანდა თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში.“ საქართველოს საარჩევნო კოდექსით კი გათვალისწინებულია პრინციპები, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულ წესებს ასახავს და ამ მნიშვნელოვანი პროცესის მართვის წესს ადგენს. არჩევნები ყველაფერს ვერ შეცვლის, მაგრამ მის გარეშე არაფერი მიიღწევა!
_ გასულ წელს საპარლამენტო არჩვნები ელექტრონული წესით ჩატარდა. ოპოზიცია თავდაპირველად აღნიშნავდა, რომ ამ სისტემით ხმის მიცემა გაყალბებებს გამორიცხავდა. თუმცა არჩევნებიდან მეორე დღესვე საპირისპიროს მტკიცება დაიწყო. გამოძიებაზე დაბარებულმა პირებმა გაყალბების მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. მათ შორის, ვერც ზურაბიშვილმა. 
_ თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2025 წლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდება, რისთვისაც ცესკო სრულ მზადყოფნაშია. ცესკო-ს მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება – ელექტრონული ხმის მიცემა და ხმის დათვლის სისტემა – უკვე გამოცდილი და წარმატებით განხორციელებული პრაქტიკაა, რაც არა მხოლოდ ეფექტიანობას ზრდის, არამედ გამორიცხავს ამომრჩევლის ნებაზე რაიმე სახის გავლენას.
_ გასულ კვირას ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა. რა იყო მიზანი და რამდენად წარმატებით ჩატარდა იმიტირებული კენჭისყრა, რომელშიც 1500-მდე ადმინისტრატორი და ტექნიკური პერსონალი მონაწილეობდა?
_ დიახ, საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის იმიტირებულ კენჭისყრებს ატარებს, რაც თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრირების პრაქტიკაში ერთ-ერთ არსებით კომპონენტს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს როგორც პროცესების ეფექტიანობას, ისე არჩევნების დღისთვის მაღალი მზაობის მიღწევას. მაგალითად, 13 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მაღალპროფესიონალური მიდგომა არჩევნების ადმინისტრირებაში. პროცესი მოიცავდა 207 საარჩევნო უბანს, 1500-მდე ადმინისტრატორსა და ტექნიკურ პერსონალს, რაც კომისიას საშუალებას აძლევდა, რეალურად შეემოწმებინა ტექნოლოგიების, ლოგისტიკისა და ადამიანური რესურსის მზადყოფნა. ასეთი პროცესები არა მხოლოდ ტექნიკურ მომზადებაზეა ორიენტირებული, არამედ ადამიანური რესურსის ეფექტიანობის გაძლიერების საშუალებაა, რაც არჩევნების ჩატარების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მაგალითი ხაზს უსვამს ცესკო-ს პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს: ელექტრონული არჩევნები, პრაქტიკულად, უშეცდომოდ და უხარვეზოდ ჩატარდა, რაც უდიდესი მიღწევაა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კონტექსტში. ელექტრონული არჩევნები ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილისთვის ოცნებად რჩება, საქართველოში კი ეს რეალობაა, რაც ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით, გამორჩეულსა და ინოვაციურ მაგალითად წარმოაჩენს.
_ ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება. მან მიზეზად დაგვიანებული მოწვევა დაასახელა. როგორ აისახება ეს არჩევნებზე?
_ 2025 წლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისია მოიწვიეს. ამ მოწვევაზე მათი უარის მიუხედავად, სახელისუფლებო გუნდმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ქვეყანას მკაფიო პოლიტიკური კურსი აქვს – უზრუნველყოს არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და საზოგადოებაში კიდევ უფრო გამყარდეს ნდობა როგორც საარჩევნო პროცესის, ისე საბოლოო შედეგების მიმართ. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევა და ცესკო-ს სრულყოფილი ტექნიკური და ადმინისტრაციული მზადყოფნა წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს ურყევ მტკიცებულებას – უზრუნველყოს დემოკრატიული პროცესების მაღალი ხარისხი, დაეფუძნოს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოს მოქალაქეთა ნების თავისუფალი გამოხატვა.
_ მმართველმა გუნდმა კახა კალაძე მერობის კანდიდატად უკვე მესამედ წარადგინა. როგორ ფიქრობთ, რას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება?
_ დიახ, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად მესამე ვადით კახა კალაძე წარადგინა. კალაძე დედაქალაქის მერად პირველად 2017, ხოლო მეორედ – 2021 წელს აირჩიეს. მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება, ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული ნაბიჯია. ქალაქს სჭირდება მერი, რომელიც კარგად ერკვევა დედაქალაქის პრობლემებში. კახა კალაძეს აქვს ქალაქის საჭიროებებისა და მასში არსებული პრობლემების გადაჭრის მკაფიო ხედვა. მისი ინიციატივით, თბილისში ბევრი სოციალური და ეკონომიკური პროექტი განხორციელდა. მისი გამარჯვების შემდეგ, ქალაქის განვითარების ეს ტემპი აუცილებლად გაგრძელდება.
_ ევროკავშირი სუვერენული ქვეყნების შიდა პოლიტიკაში უკვე ღიად ერევა. როგორ ფიქრობთ, არჩევნების შედეგების შემდეგ მათი დამოკიდებულება შეიცვლება?
_ აგრესიული აქციები, ხშირად, ქვეყნისთვის კრიტიკულ პერიოდებს ემთხვევა, განსაკუთრებით — არჩევნებს ან ნაბიჯებს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დასაცავად გადაიდგმება. ეს საფუძვლიან ეჭვს იწვევს, რომ მსგავსი პროცესები არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების შედეგი, არამედ გარე ძალების ინტერესებით არის ნაკარნახევი. ევროკავშირის მიერ სუვერენული ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევის ტენდენცია შეუმჩნეველი არავის რჩება. ოფიციალური ბერლინი ტრადიციულად უჭერს მხარს ევროკავშირის მიერ გამკაცრებულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც მოიცავს პარტნიორი ქვეყნების შიდა საქმეებში აქტიურ ჩარევას, თუმცა, სწორედ ეს მიდგომა იწვევს უკმაყოფილებას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიაში, სადაც ამ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, საქართველოს მაგალითზე ღიად აცხადებს, რომ ქართული პოლიტიკა უნდა განისაზღვროს ქართველ პოლიტიკოსთა მიერ და არა ბრიუსელში მყოფი ბიუროკრატების მიერ. იგი და მისი ამომრჩევლები, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას გმობენ, აღიქვამენ რა მას, როგორც პირდაპირ საფრთხეს ეროვნული სუვერენიტეტისა და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესთან მიმართებით. ევროკავშირის ეს „მანკიერი პრაქტიკა“ მხოლოდ საქართველოსთვის ან მსგავსი პარტნიორი ქვეყნებისათვის არ არის გამოწვევა. ის სისტემური პრობლემაა, რომელიც ერთნაირად აზიანებს როგორც ბრიუსელის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებს, ისე თავად ევროკავშირის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ბალანსს. 
_ არჩევნების დღეს ოპოზიციამ ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა დააანონსა. შარშანდელი შემოდგომის მსგავსად, რადიკალური პროცესების განვითარებას ელით?
_ ამ პოლიტიკური დამოკიდებულებით, არაჯანსაღი განწყობებით და დიდი ფულით შეიარაღებული პოლიტიკურად არაფრისმომცემი ქართული ოპოზიცია, არჩევნებამდე უკვე წაგებულ არჩევნებში არაკონსტიტუციურად ბრძოლის უკიდურეს ფორმას ირჩევს. მათი რიტორიკა აღარ შემოიფარგლება კრიტიკით ან არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით – ახლა ისინი ღიად საუბრობენ ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობაზე“, რასაც სამართლებრივად კანონდარღვევის გარდა, არანაირი სხვა მნიშვნელობა და სახელი არ აქვს. საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე, ამავე მიზნით შეიარაღებისკენ მოწოდება, დასჯადია.
ოპოზიციამ იცის, რომ ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად არჩევნების გაყალბების ბრალდებაზე პოლიტიკურ ნარატივს ვეღარ ააგებს, რადგან ზუსტად იციან, რომ არჩევნების გაყალბება გამორიცხულია.
ისინი აღიარებენ, რომ არჩევნების გაყალბება გამორიცხულია. შესაბამისად, მათ წაერთვათ უკანონოდ მოქმედების ე. წ. ლეგიტიმური საბაბი და პირდაპირ ღია აგრესიისთვის ემზადებიან. ყველა ის პირი, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ გაიზიარებს და მხარდაჭერას გამოუცხადებს ოპოზიციას, ამ გზითა და ამ ფორმით ესაუბროს ამომრჩეველსა და ქართველ ხალხს, 4 ოქტომბერს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე პასუხისმგებელი თავადაც იქნება.
არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლის სურვილი, მათი ამ საბოლოო მიზნის მიღწევის შეუძლებლობის მიუხედავად, ოპოზიციას პოლიტიკურად დამარხავს, რადგან მას პოლიტიკურ იზოლაციაში მოაქცევს. 
საქართველოში ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არჩევნებია. ყველა სხვა სცენარი – იქნება ეს „მშვიდობიანი დამხობის“ ფორმულირებით შეფუთული შინაარსი, თუ ღია რევოლუციური მოწოდებები – მხოლოდ სიტყვების თამაშია და მათ საბოლოო შედეგი არ აქვს. გახსოვდეთ, თქვენი ერთი ხმა, საბოლოო ჯამში, ერთზე მეტია! ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და წინსვლაზე პასუხისმგებლობა ერთად უნდა ავიღოთ, ამიტომ არჩევნებზე მივიდეთ და ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადოთ.

თამარ შველიძე