რატომ დაბომბა ტრამპმა ცარიელი ბუნკერები ირანში

რატომ დაბომბა ტრამპმა ცარიელი ბუნკერები ირანში

გვესაუბრება ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი:

_ ბატონო ელიზბარ, ახლო აღმოსავლეთში ვითარება იძაბება, დაპირისპირებული მხარეები _ აშშ და ირანი ვერ შეთანხმდნენ. ირანზე შეტევის შემთხვევაში, რეგიონი რა გამოწვევების წინაშე დგება?
_ ვითარება მართლაც დაძაბულია. ზოგადად, ახლო აღმოსავლეთი მსოფლიოში ომების გაჩაღების კუთხით ყველაზე მოწყვლადი რეგიონია. ამიტომ აქ რეგიონული ომის გაჩაღების ყველაზე დიდი საფრთხეა. ეს გავლენას კავკასიაზეც მოახდენს და მსოფლიოს ეკონომიკაზეც, რადგან ნავთობის ფასი შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს. ირანს გაცხადებული ჰქონდა, რომ აშშ-ის ნავთობმომპოვებელ საბადოებს დაბომბავდა. ეს ერთ-ერთი ბერკეტია, რის გამოც ტრამპი შეტევის განხორციელებაზე თავს იკავებდა. აქ ინტერესთა ბრძოლა მიდის, ეს გარკვეული გეოპოლიტიკური კვანძია, როდესაც ისრაელის ინტერესები აშშ-ისთვის გადამწყვეტია. მეტიც, აშშ-ისთვის ფართომასშტაბიანი ომი სასურველი არ არის, რადგან აქ მსოფლიოს სხვადასხვა მოთამაშეების ინტერესები იკვეთება. 
მოგეხსენებათ, ირანის ყურეში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ერთობლივი მონაწილეობით, სამხედრო წვრთნები მიმდინარეობდა. ესეც რუსეთისგან და ჩინეთისგან პოლიტიკური ხრიკია, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ ირანი მათი მოკავშირეა. ირანი, უპირველესად, პირდაპირ რუსეთის და ჩინეთის სასიცოცხლო ინტერესებში შედის. იგივე ეხება ინდოეთსაც, რადგან ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანმა, რომელზეც ნაკლებად საუბრობენ, სწორედ ირან-სომხეთ-საქართველოზე უნდა გაიაროს, რაც ინდოეთის, ასევე, რუსეთის ეკონომიკისა და სამხედრო კავშირისთვის დიდი პოტენციალის შემცველია. ამის გარეშე ინდოეთსა და რუსეთს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი ვერ ექნებათ. ამიტომ აქ ბრიქსის ქვეყნების ძალიან დიდი ეკონომიკური, პოლიტიკური და სატრანზიტო ინტერესებია ჩართული, მეორე მხრივ კი, ისრაელისა და აშშ-ისა, რათა ამ რეგიონში დომინაცია მოახდინონ. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ს კავკასიასა და შუა აზიაზე გავლენა ექნება იმ შემთხვევაში, თუ ირანში პროამერიკული ხელისუფლების მოყვანას შეძლებს. ეს კი გავლენას მოახდენს, მათ შორის, კავკასიასა და შუა აზიაზე.
_ როგორ ფიქრობთ, დღეს ტრამპი ისევ ატომური პროგრამის საფრთხეზე რატომ ალაპარაკდა?
_ წინა 12-დღიანი ომის დროს ამერიკამ ირანის ატომურ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა, ასევე, გაანადგურეს რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი. მაშინ ტრამპმა განაცხადა, ირანის ატომური პროგრამა დასრულებულიაო. საოცარია, მაგრამ დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ისევ ირანის ატომური პროგრამის საფრთხეზე საუბრობს და დასძენს: ნებით, თუ ძალით უნდა მივაღწიოთ, რომ ურანის გამდიდრების პროგრამა მხოლოდ სამშვიდობო მიზნებისთვის იყოს გამოყენებული და არა ატომური ბომბის შესაქმნელადო. ისმის შეკითხვა: თუ 12-დღიანი ომი ტრამპმა, ატომური პროგრამის განადგურების გამო ამერიკის გამარჯვებად და ირანის დასუსტებად გამოაცხადა, დღეს, ასე მოკლე დროში, როგორ დადგა იგივე საკითხი დღის წესრიგში?! ვფიქრობ, ეს სპექტაკლი იყო, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ გაითამაშა. კერძოდ, ირანის მხარე, სხვადასხვა არხებით, ტრამპის განზრახვის შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული. შედეგად, მათ აღნიშნული ლოკაციიდან ყველაფერი გაიტანეს და იქ, უბრალოდ, ცარიელი ბუნკერები დაიბომბა. 
ტრამპს ხშირად სჭირდება ომის სიმულაციური მოგება, რათა დანარჩენი მსოფლიოს საზოგადოება, საკუთარ ძალებში დაარწმუნოს. ვფიქრობ, ტრამპზე ზეწოლა განხორციელდა, რათა ირანზე იერიში მიეტანა. მანაც გამოსავალი ასე იპოვა _ სპექტაკლი გაითამაშა და გამოაცხადა: ატომური პროგრამა აღარ არსებობს, ჩვენ გავიმარჯვეთო. ეს ნიშნავს, რომ ტრამპს არ აწყობს ფართომასშტაბიან, ხანგრძლივ ომში ჩართვა, რასაც ირანში სახმელეთო შეჭრა უნდა მოჰყვეს. ამ რეგიონში ძალები უკვე მობილიზებულია. ირანს რუსეთი და ჩინეთი სამხედრო კუთხით ეხმარებიან. ეს იქნება პროქსი ომი აშშ-ს, მის მოკავშირეებსა და, მეორე მხრივ, ბრიქსის ძირითად მოთამაშეებს შორის, მსოფლიოზე გეოპოლიტიკური და ფინანსური დომინაციის მოპოვებისთვის. 
ეს ომი ამ ორი დაპირისპირებული ძალის შეურიგებლობას კიდევ უფრო გამოკვეთს. თუმცა ტრამპი აცნობიერებს, რომ ამან აშშ-სთვის, უპირველესად კი, ისრაელისთვის, შეიძლება დამანგრეველი შედეგები მოიტანოს. თუ მართლაც ხანგრძლივი, ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რაც ქვეყანაში სახმელეთო შეჭრით იქნება განპირობებული, აშშ-ის ავიამზიდები, თავად ისრაელი და ნავთობბაზები პირდაპირ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, ირანი ძალიან დაზიანდება, მაგრამ საპასუხო დარტყმები მისი მხრიდანაც იქნება. აშშ სწორედ ამიტომ იკავებს თავს. თუმცა ნეთანიაჰუ ყველანაირად ცდილობს, ომი გააჩაღოს და მასში ტრამპიც ჩართოს. 
გამორიცხული არ არის, ახლა ეპშტეინის ფაილების გასაჯაროებით დემოკრატების ისტებლიშმენტი ამას ტრამპის დასაშანტაჟებლად, ზეწოლისთვის იყენებდეს. მით უმეტეს, რომ ტრამპს ქვეყნის შიგნით არ აქვს ვითარება ისე დალაგებული, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამიტომ მასზე ზეწოლა ხდება. როგორც აღვნიშნე, ერთხელ უკვე გაითამაშა ომი და გამარჯვებად გამოაცხადა. ახლა იგივეს ასე მარტივად ვეღარ შეძლებს. 
_ მაშინ რა გამოსავალი რჩება ტრამპს?
_ ექსპერტების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ მას ომში ჩართვა მოუწევს. ტრამპი იძულებული იქნება, ვენესუელას სცენარი გაიმეოროს, ოღონდ უფრო ფართო მასშტაბით: სპეცოპერაციით მოხდეს წერტილოვანი დარტყმები, გაანეიტრალოს ირანის მმართველი გუნდი, სამხედრო ძალები, სულიერი ლიდერი ფიზიკურად გაანადგუროს ან მოიტაცოს. გათვლა შემდეგზეა: ირანის ხელისუფლება შიგნიდან მოირყევა, ხალხი კი ქუჩაში გამოვა და რევოლუციას მოაწყობს. თუ მსგავსი სპეცოპერაცია დაიგეგმება ისე, რომ სახმელეთო შეჭრა არ დასჭირდება, ეს ტრამპისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება. იგი „ციხის შიგნიდან გატეხვით“ ირანს ხელში აიღებს. რამდენიმე დარტყმით გაანეიტრალებს ირანის მმართველ ტვინს, ლიდერშიპს, იქაურ მეხუთე კოლონას დაანახვებს, რომ ახლა მათი დრო დგება, ისინიც ქუჩაში გამოვლენ და სისტემა შიგნიდან ჩამოინგრევა. ეს ვარიანტი ტრამპისთვის იდეალური იქნება _ ნაკლები დანახარჯებით, არც ომი გაჭიანურდება, შაჰის მემკვიდრესაც პირდაპირ ჩამოიყვანენ და ტახტზე დასვამენ. 
_ თქვენ მიერ აღწერილი სცენარის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, ეს კავკასიაზე როგორ აისახება?
_ ამის მერე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ირანზე სრული დომინაცია იქნება, რაც კავკასიაში ცვლილებებს გამოიწვევს _ სომხეთ-აზერბაიჯანის პოლიტიკა რუსეთთან დაპირისპირებაში მოვა. აქ უკვე კავკასიის საზღვრებზე რუსეთისა და აშშ-ის დიდი დაპირისპირება იქნება. თუ ტრამპმა ზემოხსენებული გეგმის განხორციელება შეძლო, ის გაიმარჯვებს და ატომური პროგრამაც დაიხურება. მაგრამ თუ მან ირანელი ხალხის აჯანყება ვერ მოახერხა, მაშინ ირანის დაშლა შეუძლებელი იქნება. არავინ იცის, ომის დროს რამდენად მოინდომებს მოსახლეობა საკუთარ ხელისუფლებაზე შეტევას. ისლამისტების ფსიქოლოგიას კარგად ვიცნობთ?! ჩვენ ირანში შიდა საზოგადოებრივ მოვლენებს ევროპული მიდგომებით არ უნდა შევხედოთ. ისლამური ფსიქოლოგია სხვაა. ხომ შეიძლება, ხალხი პირიქით, იმ ძალის წინააღმდეგ გაერთიანდეს, ვინც მას ბომბავს, ხოცავს. ირანელები მასობრივად ხელისუფლებას აუჯანყდებიან თუ ამერიკის მიმართ სიძულვილი გაღვივდება?! ასე რომ, მარტივი არაა შიდა გადატრიალების მოწყობა, რისი იმედიც ტრამპს აქვს. თუ ომი გაჭიანურდა, მერე დაზარალდება ნავთობბაზები, ამერიკის ბაზები, ისრაელიც და სახმელეთო ოპერაცია გარდაუვალი გახდება. შედეგად, პროცესი უმართავი გახდება, რაც აშშ-ისთვის სახარბიელო არ იქნება, რადგან პროცესში ბევრი ძალა ჩაერთვება, რომლებიც ირანს დაეხმარებიან. ასე რომ, ირანზე თავდასხმა მოსალოდნელია, თუმცა შეიძლება მოლაპარაკებებიც შედგეს.
_ ირანთან დაძაბულობის ფონზე გაჩნდა შანსი, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადაიტვირთოს. რა მიმართულებით იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი?
_ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ამერიკის მიმართ თავად საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაც სხვაგვარი გახდა, რადგან მსოფლიო გეოპოლიტიკური ლანდშაფტიც შეიცვალა. ხელისუფლება არ ტყუის, როცა ამბობს, რომ ღირებულებითი თვალსაზრისით, ამერიკასთან თანხვედრა გვაქვს. იმას, რომ საქართველოსთან ამერიკის ურთიერთობა სწრაფად არ გადაიტვირთა და ამ დროს პარტნიორული ურთიერთობები აზერბაიჯანსა და სომხეთთან დამყარდა, წმინდა პრაგმატული ინტერესები განაპირობებს. ამ შემთხვევაში, აშშ-ს სომხეთი და აზერბაიჯანი უფრო სჭირდება, რადგან აქ მთავარი ირანზე დარტყმის საკითხია. 
როცა ამერიკას რომელიმე ქვეყანა გარკვეული მიზნებისთვის სჭირდება, მისი მეგობარი, მოკავშირე ხდება, რაც საკმაოდ საფრთხილოა. როცა სუპერსახელმწიფოს უცებ მეგობრად, ახლობლად მიაჩნიხარ, შეიძლება მსოფლიო გეოპოლიტიკურ თამაშებში მის ინტერესებს შეეწირო, ბოლობოლო, გაიჭყლიტო. ამისთვის უკრაინის მაგალითიც კმარა.
_ ანუ პირიქით, უნდა გვიხაროდეს, რომ ამერიკა ჩვენთან დაახლოებას არ ჩქარობს?
_ ყოველთვის უნდა დაფიქრდე, პოლიტიკოსი რომ გიღიმის, თავისი ინტერესისთვის ხომ არ გიყენებს, ძირს ხომ არ გითხრის. ძალიან სახიფათოა, როცა სუპერსახელმწიფოს თამაშში აქტიური როლის შესრულებას იწყებ, რადგან მისი და პატარა ქვეყნების მასშტაბები, ხედვა განსხვავებულია. ამიტომ საქართველომ ნეიტრალიტეტი უნდა აირჩიოს. ეს ჩვენი ომი არ არის და უნდა ვეცადოთ, მასში არ გავიჭყლიტოთ. ქართველებს მატრაკვეცობა გვჩვევია, თავის გამოჩენა გვიყვარს და იქ ვერევით, სადაც საჭირო არ არის. როცა ვეშაპები იბრძვიან, ჩვენ განზე უნდა გავდგეთ. ვითარება როგორც არ უნდა დამძიმდეს, ჩვენ ყველასთან _ ირანთან, ისრაელთან, აშშ-სთან, რუსეთთან და ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ. ასე იქცეოდნენ ქართველი ბრძენი მეფეები, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ასეც უნდა განვაგრძოთ და არა რაღაც ილუზორულ ღირებულებებს ჩამოვეკიდოთ, რომლებიც სამყაროში მუდმივად იცვლება.
ესაუბრა
თამარ შველიძე