მარინა ბერაძე: ოჯახის ექიმები გაყიდვების მენეჯერებად გადაიქცნენ

მარინა ბერაძე: ოჯახის ექიმები გაყიდვების მენეჯერებად გადაიქცნენ

გვესაუბრება ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი მარინა ბერაძე:

_ ქალბატონო მარინა, ფასების კომისია მედიკამენტების გაიაფების საკითხზე აქტიურად მუშაობს. ბაზარზე არსებული ვითარებით, შემოსული მედიკამენტების 75%-ზე მეტზე რეფერენტული ფასები მოქმედებს. გამოსავალს რაში ხედავთ?
_ დადებითი ფაქტია ის, რომ ამ თემაზე როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ორგანოში, ფასების შემსწავლელი კომისია შეიქმნა. სამთავრობო ორგანოში კომისიის შექმნა ნიშნავს, რომ აღსრულების ნაწილში რაღაც გამოსასწორებელია, ხოლო საპარლამენტო კომისიის შექმნა მიუთითებს, რომ პრობლემის გადასაწყვეტად საკანონმდებლო ცვლილებებია განსახორციელებელი, რაც პოზიტიური სიგნალია. ბიზნესთან შეხვედრებმა გამოკვეთა, რომ მედიკამენტებზე ფასის წარმოქმნას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, ის გზა, რასაც წამალი წარმოებიდან თაროზე განთავსების ჩათვლით გადის. ამ პროცესში ბევრი სუბიექტია ჩართული. მედიკამენტებზე ფასების შემცირების ერთ-ერთი გზა შუალედური რგოლების მინიმუმამდე დაყვანაა, რისთვისაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ წამლების შესყიდვები ხდება. ასე მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება, რათა მისთვის მედიკამენტები ხელმისაწვდომი იყოს. მაგრამ ამოცანა მხოლოდ ხელმისაწვდომობა _ დაბალი ფასი არ არის, წამალი, ამავდროულად, ხარისიხიანი უნდა იყოს.
საქართველოში მედიკამენტების ძირითადი ნაწილი იმპორტირებულია. ფასებზე საუბრისას ფარმაცევტული კომპანიები მუდმივად აპელირებენ, რომ ტრანსპორტირება და სხვა ხარჯები ძვირი უჯდებათ, ამიტომ სახელმწიფომ მედიკამენტების ადგილობრივ წარმოებას უნდა შეუწყოს ხელი. ანუ, თანხების აკუმულირება ადგილზე უნდა მოხდეს, რისი ტრადიციაც ქვეყანას გააჩნია, თუნდაც, ტრადიციული მედიცინის სახით. ფიტოპრეპარატები ყოველთვის ადგილზე იწარმოებოდა. ფარმაცია წამლების ყიდვა-გაყიდვა როდია, ეს, უპირველესად, მეცნიერებაა. მეორე საკითხია, საცალო-საბითუმო ფასების გამიჯვნა, რა პროცესიც სახელმწიფოს დაწყებული აქვს. 
ფასების შემცირების კიდევ ერთი გზა, როგორც თქვენ შეკითხვაში ახსენეთ, რეფერენტული ფასი, ანუ ზედა ზღვარის დაწესებაა. ეს კარგია, მაგრამ არა საკმარისი. ბევრი რამ გასათვალისწინებელია. მაგალითად, არ შეიძლება ყველაფერი _ საცალო-საბითუმო, ფარმაცევტული, სადაზღვევო კომპანიები, კლინიკები, ბანკები, სამშენებლო ბიზნესი ერთი სუბიექტის ხელში იყოს. კონკურენცია ჯანსაღი უნდა იყოს. ზემოხსენებულ პირობებში კი, ეს წარმოუდგენელია. ხელისუფლება კარტელური გარიგებების არსებობაზე საუბრობს. კი ბატონო, ამას აუცილებლად ექნება ადგილი, რადგან მართალია, წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა, მაგრამ არა სისტემური _ მექანიზმი და მუშაობის პრინციპი იგივე დარჩა. სახელმწიფო ამ და ჯანდაცვის სხვა მიმართულებებით საკმაოდ დიდ თანხას დებს, მაგრამ მხოლოდ თანხის ჩადება პრობლემის გადაწყვეტას არ ნიშნავს.
_ როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ხელისუფლება, ბიზნესთან შეთანხმებით პრობლემის აღმოფხვრას? 
_ ზოგადად, შეხვედრა და საუბარი კარგია, მაგრამ ამას ვერ დავეყრდნობით, რადგან ბიზნესი და ხელისუფლება ვერასდროს მოილაპარაკებენ ისე, რომ პაციენტისთვის სასარგებლო შედეგი მიიღწეს. ბიზნესში ჩარევა ისედაც რთულია, ამიტომ სისტემური ცვლილებები უნდა მოხდეს. ამაზე კი პროფესიონალმა მკვლევრებმა, მეცნიერებმა, ჯანდაცვის ორგანიზატორებმა უნდა იმსჯელონ და არა დაინტერესებულმა მხარეებმა. ფაქტები ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივად უნდა დავაკავშიროთ. როცა 2012 წელს ხელისუფლება შეიცვლა, ჯობდა, სისტემური ცვლილება მაშინვე მომხდარიყო. ასე, როცა ბაზარზე სულ სამი დიდი კომპანიაა, რომელიც ერთმანეთს აუცილებლად მოელაპარაკება, შედეგი არ მიიღწევა.
იმპორტირებული მედიკამენტების ფასზე სახელმწიფო პასუხისმგებელი ვერ იქნება. აქ დოლარის კურსი და სხვა ფაქტორები მოქმედებს. ამიტომაა საჭირო ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და არა მხოლოდ სამი ფარმაცევტული კომპანიის არსებობა, არამედ მცირე, საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება. სახელმწიფოს კურსი საყოველთაო ჯანდაცვაზე აქვს აღებული, რაც ნიშნავს, რომ მედიკამენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. 1977 წლიდან არსებობს სიცოცხლისთვის აუცილებელი საბაზისო მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებიც ყოველგვარი ფასნამატის გარეშე ვრცელდება, ან სახელმწიფო შესყიდვები ხორციელდება. სხვა ქვეყნების მსგავსად, აქაც, სახელმწიფო შესყიდვების შედეგად, აღნიშნული მედიკამენტები მოწყვლად ჯგუფებზე _ პენსიონერებზე და სხვებზე გაიცემა. ეს წამლები შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს: აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანი, ეფექტიანი და ხარჯეფექტური. სწორედ ამიტომ არის ჯენერიული მედიკამენტები მიღებული. ეს ჩამონათვალი არ გულისხმობს ფარმაცევტული კომპანიების ერთმანეთში მოლაპარაკებას და მერე სახელმწიფოსთან მორიგებას, რათა თავად ჩამოწერონ ის სასურველი მედიკამენტები, რომლებიც შეიძლება უფასოდ გასცენ. ასე არ ხდება, მედიკამენტების ჩამონათვალი განსაზღვრულია. 
პრობლემაა ისიც, რომ, როგორც ზემოთაც ვახსენე, ფარმაცევტული კომპანიები და კლინიკები არ შეიძლება ერთი სუბიექტის ხელში იყოს. ეს ნიშნავს, რომ კლინიკაში რეალურად ოჯახის ექიმი კი არა, გაყიდვების მენეჯერი გვხვდება, რომელიც პაციენტს წამალს ფარმაცევტულ კომპანიასთან შეთანხმებით უწერს. ადგილი აქვს პოლიფარმაციასაც, ანუ ჭარბი მედიკამენტების დანიშვნას, რა დროსაც ხარჯი მეტია და ხშირად, უშედეგოც. 
ნებისმიერი ბიზნესი მოგებაზეა ორიენტირებული. იმ ბიზნესის წარმომადგენელი, რომელსაც საკუთარი ბანკიც აქვს, სხვა ფარმაცევტულ კომპანიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაშია. ფარმაცია ის სფეროა, რასაც რეგულირება აუცილებლად სჭირდება, რადგან ფარმაცევტული სექტორი მიმართულია იმისკენ, რომ მეტი მედიკამენტი გაყიდოს. ეს ფინანსური ინტერესია. მაგრამ ექიმისთვის ფინანსური ინტერესი დასჯადია. თუ როგორი კავშირი უნდა არსებობდეს მათ შორის, ეს შესაბამისმა რეგულაციებმა უნდა დაარეგულიროს. იმედია, საპარლამენტო კომისია ამ კუთხით კანონმდებლობას დახვეწავს.
_ ექიმის მიერ ჭარბი მედიკამენტების გამოწერა მართლაც სერიოზული პრობლემაა, თანაც პაციენტს კონკრეტული კომპანიისკენ მიუთითებენ.
_ დიახ, კონკრეტულ აფთიაქში წამლის საყიდლად იმიტომ აგზავნიან პაციენტს, რომ ექიმი იმ კლინიკაზეა დამოკიდებული, სადაც მუშაობს. ასევე, კონკრეტულ ფარმაცევტულ კომპანიაზე, სადაზღვევოზე. როცა ინტერესთა კონფლიქტი აღარ იქნება, პრობლემაც თანდათანობით დაიძლევა. 
_ ამ პრობლემასთან ბრძოლის რა მექანიზმები არსებობს?
_ ექიმს ბონუსები ყველა ქვეყანაში აქვს, მაგრამ საქართველოში ეს პირდაპირ დაკანონებულია. სხვაგან ამ პრობლემას ასე ებრძვიან: არსებობს ექიმთა ღიაობის ბარათი, სადაც ყველა ექიმი ვალდებულია, მიუთითოს: როდის, რომელ, რა დროის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა ფარმაცევტულ კომპანიასთან. შემდეგ ადარებენ, ხომ არ ანიჭებს ექიმი უპრატესობას ამ ფარმაცევტული კომპანიის მედიკამენტებს. ასე ადგენენ კავშირებს, რაც დასჯადია. აქ, რა აზრი აქვს ექიმთა ღიაობის ბარათის არსებობას, როცა პირდაპირ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ნიშნავს წამალს! ჩვენთან არსებული სადაზღვევო კომპანიები ყველა კერძო და მოგებაზე ორიენტირებულია. მისთვის პაციენტი ზარალია. ამიტომ ცდილობს, ზარალი შეამციროს და მოგება გაზარდოს. წარმოუდგენელია ამას ექიმი აკეთებდეს. მიკვირს, ეს სისტემა კიდევ როგორ არის შენარჩუნებული. მივედით იმ საზღვრამდე, როცა ეს სისტემა უნდა მოიშალოს. სისტემური ცვლილებები პირველადი ჯანდაცვის განვითარებით უნდა დავიწყოთ. განვითარებულ ქვეყნებში აფთიაქი ბიზნესად არ განიხილება, ის პირველადი ჯანდაცვის ნაწილია და ფარმაცევტულ ზრუნვას ახორციელებს.
_ ქალბატონო მარინა, მნიშვნელოვანი საკითხია წამლის ხელოვნური დეფიციტების შექმნაც. რამდენად არსებობს რისკი, რომ მეტმა რეგულაციამ დეფიციტი შექმნას?
_ კარგი შეკითხვაა. ასეთი შემთხვევები ყოველთვის იქნება, თუ სახელმწიფო სისტემატურ მონიტორინგს არ განახორციელებს. ხელოვნური დეფიციტების შექმნა დასჯადია. ეს პირდაპირ საბოტაჟი, მავნებლობა, ბოროტება, ღალატია. სახელმწიფოს ამის გაკონტროლების ინსტრუმენტები, წესით, ხელთ უნდა ჰქონდეს. ჩვენ ადამიანებს კი არა, მიზეზებს უნდა ვებრძოლოთ. ბანკებს არაპროფილური საქმიანობა უნდა აეკრძალოთ. 
რაც შეეხება სახელმწიფოს ჩარევას წამლის რეგულაციის კუთხით, ყველას გვახსოვს, როცა თურქეთიდან წამლები შემოიტანეს და ფასმა სამჯერ დაიწია. ეს კარგი იყო, მაგრამ მერე მონიტორინგი შესუსტდა, დეფიციტი შეიქმნა და იგივე წამლები ჯერ გაქრა, მერე ორჯერ გაძვირდა. 
მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა გათვითცნობიერებული იყოს, რამდენად უსაფრთხოა რეკლამირებული მედიკამენტები. საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს, რა მდგომარეობა გვაქვს სოციალური ქსელით, ფეისბუქით მოწოდებულ ჭიის, სოკოს საწინააღმდეგო და ა.შ. მედიკამენტებზე. მოსახლეობა ამ საფრთხისგანაც უნდა დავიცვათ, რომელიც ამ აგიტაცია-პროპაგანდის გავლენის ქვეშ ექცევა. ზოგადად, სამკურნალო საშუალებების რეკლამირება სწორი ფორმა არ არის. რეკლამას ყველა შეიძლება წამოეგოს, რა დროსაც, უკეთეს შემთხვევაში ის ფულს ტყუილად ხარჯავს, უარეს შემთხვევაში კი ადამიანის ჯანმრთელობა ზიანდება. ასე რომ, ფარმაცევტულ სფეროში ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი. ხელისუფლება სერიოზულ საქმეს შეეჭიდა და იმედია, შედეგებსაც მალე ვიხილავთ.

ესაუბრა
თამარ შველიძე