ედიშერ გვენეტაძე: „დიფ სთეითმა“ გერმანია თუ დაკარგა, ეს მთელი ევროპის დაკარგვის ტოლფასია

ედიშერ გვენეტაძე: „დიფ სთეითმა“ გერმანია თუ დაკარგა, ეს მთელი ევროპის დაკარგვის ტოლფასია

გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე:

_ ბატონო ედიშერ, ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე მარტა კოსმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა თავის ხალხს არ უსმენს და ევროპულ გზაზე სიარული არ სურს.
_ დღევანდელი ევროკავშირი _ გახრწნილი ევრობიუროკრატია, ალტერნატივის გარეშე დარჩა და ისტორიის კანალიზაციისკენ მიექანება. მას არსებობა აღარ ძალუძს. საქართველო მათთვის ერთ-ერთ დაუმორჩილებელ ქვეყნად იქცა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს იმ უზნეობების დაკანონებას, რასაც ავადსახსენებელი „დიფ სთეითის“ დავალებით ევრობიუროკრატია ცდილობს. ყველას გვახსოვს, რა დამართა მსოფლიოს ამ ძალამ, როცა კოვიდპანდემია ხელოვნურად გააჩინა და მთელ მსოფლიოში ეკლესიები დააკეტინა. ერთადერთი, საქართველო იყო, სადაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ეკლესიებში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივ აღევლინებოდა. აი, რამ გააცოფა ის ძალები, რომლებიც ჩვენს ტრადიციებს, ზნეობას, ქრისტიანულ მორალს გავეშებული ეწინააღმდეგებიან. ევრობიუროკრატები ცდილობენ, ყველგან ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონონ. მართლმადიდებელ საბერძნეთში, სადაც ათონის მთაა, იმდენს მიაღწიეს, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონეს.
საქართველოსთან ვერაფერს გახდნენ და მიზნად სახელმწიფო გადატრიალების მოხდენა დაისახეს. „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან მოთმინებით იტანს დასავლური ძალების მხრიდან მრავალგზის დამცირებას. ეს სწორედ ის ძალები არიან, რომლებიც ბრიუსელში არიან მოკალათებულნი და ამჯერად ლუქსემბურგში შეიკრიბნენ. მათ სურთ, საქართველო საკუთარი იდეების განსახორციელებელ პლაცდარმად აქციონ. ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად კოლონიალური მმართველობის წინააღმდეგ იბრძვის. ლუქსემბურგში იციან, რომ საქართველო თუ არ დასაჯეს, ქართველების მაგალითი სხვებისთვისაც გადამდები იქნება. ამიტომ რიგი მაღალჩინოსნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა მოითათბირეს. არ გამოვრიცხავ, მღელვარების გამოსაწვევად ვიზალიბერალიზაცია მოსახლეობისთვისაც გააუქმონ. ბრიუსელში მოკალათებულმა ევრობიუროკრატებმა ჰიტლერსაც კი „გადაუჯოკრეს“. ჰიტლერი მამათმავლობას არ აკანონებდა, პირიქით მათ ებრძოდა, ასევე ნარკომანებს. აქ კი, ვინც მანქანების სახურავებზე დახტის, ქუჩაში უმიზნოდ დარბის, ეკლესიების ეზოებში შარდავს, სწორედ იმ ნარკოტიკებით არის გაბრუებული, რასაც მათ „დიფ სთეითი“ უფინანსებს. ვიმეორებ, მათ საქართველოში გადატრიალების მოხდენა სურთ. ასე რომ, ჯერ არაფერი დასრულებულა და ფხიზლად ყოფნა გვმართებს.
_ გერმანიის გაწვეულ ელჩს პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ „ვენის კონვენციის“ დარღვევასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა. ასევე, შეკითხვები გაჩნდა ნჯო-ებთან მიმართებით... 
_ ფიშერი გადაწყვეტილებებს თავისი ქვეყნის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ვერ მიიღებს. აშკარაა, გერმანიაში ხელისუფლება მალე შეიცვლება, ამას ის რეცესიული პროცესები მოწმობს, რაც მათ თავს სწორედ „დიფ სთეითმა“ დაატეხა. დიახ, გერმანია აშშ-ში არსებული „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არის, რასაც ტრამპი ჯერ ვერ მოერია. რაც შეეხება პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ის მთელ ქვეყანაში დიდი გავლენით სარგებლობს. სავარაუდოდ, მას დაუნდობელ წინააღმდეგობას გაუწევენ, რადგან „დიფ სთეითი“ გერმანიას თუ დაკარგავს, ეს მთელი ევროპის დაკარგვის ტოლფასი იქნება. რაც შეეხება ჩვენთან გერმანიის ელჩის შეცვლას, ჯერჯერობით ამას არ ველი. ასეც რომ მოხდეს, საქართველოს მიმართ პოლიტიკა არ შეცვლება, რადგან გერმანიის დღევანდელი ხელისუფლება გარე პატრონებისგან ნაკარნახევ პოლიტიკას აწარმოებს.
_ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა უახლოეს მომავალში აღარ იგეგმება, მიზეზი _ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე მოსკოვის უარია.
_ ჩემი აზრით, ომი წლის ბოლოსთვის დამთავრდება, რაზეც, ვეჭვობ, ტრამპს და პუტინს უკვე მოლაპარაკებული აქვთ. პროცესი იწელება, რადგან ევროპის ქვეყნები ომის დასრულებას მძაფრ წინააღმდეგობას უწევენ. ევრობიუროკრატებმა იციან, რომ პასუხისგება მოუწევთ იმის გამო, რაც უკრაინელ და მერე საკუთარ ხალხს თავს დაატეხეს. ამ პროცესს ორი გამარჯვებული მხარე ეყოლება _ აშშ და რუსეთი, რომელიც იმ ტერიტორიებს დაიკავებს, სადაც ახლა მისი ჯარი დგას. 
აქ საინტერესო სხვა რამ არის _ რა ელის საქართველოს ომის დასრულების შემდგომ. ღმერთმა ნუ ქნას, რუსეთი ამ ომიდან ძლევამოსილი გამოვიდეს. გამარჯვებლი რომ გამოვა, ფაქტია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ, დღეს თუ არა ხვალ, რუსეთთან დიალოგი მოგვიწევს, რასაც წინ ვერავინ აღუდგება. ის მეზობელია, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და დეოკუპაციის შესახებ მოლაპარაკება მოგვიწევს. დეოკუპაცია ძალის ან დიპლომატიის გამოყენებით მიიღწევა. ძალა ჩვენ არ გვაქვს. ნურავინ იფიქრებს, რომ რომელიმე სახელმწიფო გვერდით დაგვიდგება, რუსეთს დაამარცხებს და ტერიტორიებს დავიბრუნებთ. ასე არ მოხდება. ამიტომ რჩება მოლაპარაკების გზა. ჰოდა, მტრისას ძლევამოსილ, გამარჯვებულ რუსეთთან ლაპარაკი. ჩვენ ნელთბილად გამარჯვებული რუსეთი გვაწყობს (და ასეც იქნება), რომელიც საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მხარეს დაელაპარაკება. 
გავიხსენოთ, რა თქვა პუტინმა სოჭში გამართულ კონფერენციაზე: ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ მე მიწები კიდევ მინდა, ოკუპაციას არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მაიძულებსო. აფხაზეთი ოკუპირებულია იმის გამო, რომ მას შავ ზღვაში აშშ ეცილება. სწორედ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთი შავ ზღვას არ დათმობს. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთის მიერ ყირიმის მიერთება შავი ზღვის ფაქტორით იყო გამოწვეული. მავანმა უკრაინა გაწირა. არავის ეგონოს, აფხაზეთის კონფლიქტში მთავარი მოთამაშე მხოლოდ ერთია და ეს რუსეთია. არა, ბატონებო, ასე არ არის. ახლა მაინც გავიგოთ, რომ მთავარი მოთამაშე დასავლეთი იყო. ვისაც ყური აქვს, ისმინოს. მარკო რუბიომ პირდაპირ განაცხადა: ჩვენ უკრაინის ომი ამერიკისთვის მომგებიანი გავხადეთო. ამის შემდეგ ქართველი საზოგადოება მიხვდა, როცა უზარმაზარი ვეშაპები იბრძვიან, ლიფსიტები თავის გადარჩენას და მოგების მიღებას უნდა ეცადონ. 
იმის ნათელი მაგალითი, რომ მიმდინარე დაპირისპირებიდან მოგებას ვიღებთ, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმია. როგორ ფიქრობთ, 70 ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ლამაზი თვალების სანახავად ჩამოვიდნენ?! _ არა! მათ საკუთარი ინტერესები გააჩნიათ იქედან გამომდინარე, რომ საქართველო ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთი უდიდესი გზაგამტარი გახდა. სწორედ ამიტომ არის ჩვენ გარშემო ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ევროკავშირს ჩვენთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება გაუჭირდება, რადგან ამას ევროპის ეკონომიკური წრეები არ დაუშვებენ. ასეთ შემთხვევაში, უსაქმურ კაია კალასებს, ფონ დერ ლაიენებს პოლიტიკური მოუსავლეთის გზას გაუყენებენ. ისტორიის წისქვილის ქვაზე ჩვენთვის ის წყალი ესხმება, რასაც ასპარეზიდან ლიბერალური ფაშიზმის გაქრობა მოჰყვება.
_ კანონის ძალაში შესვლის მიუხედავად, რადიკალები ისევ ცდილობენ, რუსთაველზე გზა გადაკეტონ. საით მიდის პროცესი? 
_ პროცესი ზუსტად იქითკენ მიდის, საითაც ეს დაჭაობებული ევრობიუროკრატია, რომელიც ამ უმსგავსობას ახალისებს. ეს მათი ბოლო გაბრძოლებაა. დიახ, ისტორიის კანალიზაციისკენ მათ სვლას მოწმობს ისიც, თუ ვინ დგას „აჯანყების“ სათავეში: ნანულა ჟორჟოლიანი, ნინო ლომჯარია, კარიკატურული ფიგურა პაატა ბურჭულაძე. ამაზე ნოდარ დუმბაძის რომანიდან „მე ვხედავ მზეს“ შემდეგი ეპიზოდი მახსენდება: გახურებული ომია და ერთი გურული მეორეს ეუბნება: ომი დამთავრდაო. როგორო? _ კითხულობს გაკვირვებული მოსაუბრე. _ გურიაში გერმანელი ტყვე შემომხვდა და მითხრა: ჭადი და ყველი მაჭამეო. ჰიტლერის გამოგზავნილი კაცი საჭმელს მე მეხვერწება, დამთავრდა ომი, აბა, რაო. ახლაც ანალოგიური სიტუაციაა _ როცა აჯანყების სათავეში ნანულა, მევენახე ია, მურთაზა, პატიკო მანჯგალაძე და პაატა ბურჭულაძე არიან, ეს ნიშნავს, რომ „დიფ სთეითი“ საქართველოში საბოლოოდ დამარცხდა. ამ კარიკატურებს დაემატა მამა დოროთე, რომელიც, ვეჭვობ, როთის ახლობელი იქნება.
_ ბოლოს მინდა ღარიბაშვილისთვის ბრალის წაყენებისა და გირაოთი გათავისუფლების შესახებ გკითხოთ. 
_ ამ ამბის გაგება ჩემთვის მეხის გავარდნასავით იყო. თუმცა, ამავდროულად, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეს დიდი მოვლენაა. აქვე უნდა ითქვას, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ვერავინ დამისახელებს ფაქტს, როცა ქვეყნის რომელიმე პრემიერ-მინისტრს დანაშაული ეღიარებინოს და სასჯელის მისაღებად მზადყოფნა გამოეთქვას. როგორც დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებშია, კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს. ეს პროცესი სახეზეა. აქვე არ შემიძლია არ გამოვყო ღარიბაშვილის ის უდიდესი დამსახურება, რაც მას ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მიუძღვის. მან საკუთარი თავი, ოჯახი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დააყენა, როცა „დიფ სთეითს“ წინააღმდეგობა გაუწია და, ფაქტობრივად, ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს ომი თავიდან ააცილა, რისკენაც ეს ძალები იყვნენ მოწოდებულნი. უფალი ამბობს: არა არს კაცი, რომელმაც არა სცოდოსო. ნურავინ დაიტრაბახებს, რომ არასდროს შეცდება. უფალი შემდეგ რამესაც ამბობს: სამოცდაათგზის შვიდჯერ ვაპატიებ მათ, ვინც გულით მოინანიებსო. დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილი იმ აღიარების მერე, რაც სუს-ში გააკეთა, გულით მოინანიებს და კვლავინდებურად საქართველოს სამსახურში იქნება, როგორც რიგით ჯარისკაცს შეეფერება.

თამარ შველიძე