რამაზ საყვარელიძე: ჩვენზე ზრუნვის მოტივით ევროპა გვსჯის ყოველდღიურად
გვესაუბრება პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:
_ ბატონო რამაზ, ევროპა კვლავ სანქციებითა და ულტიმატუმებით გვესაუბრება. მიზანი რა არის _ ქართული სახელმწიფოს იზოლაცია?
_ რა გითხრათ, დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ სადამსჯელო აქციებს დღეს მხარს ნაკლებად უჭერენ, რაც მომეწონა. ბოლო დროს მაქვს განცდა, რომ საქართველოსთან მიმართებით რაღაც იცვლება. კი ბატონო, არის ხმაური, აგერ მოსკოვის მექანიზმიც წამოგვეწია, მაგრამ იგივე ევროპარლამენტში, პირობითად, ოთხმა დეპუტატმა რომ გაგვაკრიტიკა, სამმა _ დაგვიცვა. ამ ცვლილებებს თავისი მიზეზები აქვს. მეჩვენება, რომ პროცესში შევედით, სადაც, როგორც მავანს სურს, გვირაბის ბოლოს უფსკრული კი არა, სინათლე გამოჩნდება.
_ ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? ბოლო დროს ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობები თბება. ევროპიდანაც იგივეს მოლოდინი გაქვთ?
_ წარმოიდგინეთ ოჯახში ჭირვეული ბავშვი, რომელიც უფროსებს არ უჯერებს; ბოლოს მათაც ბეზრდებათ და სურვილს უსრულებენ. ჩვენ ჭირვეული პარტნიორის როლი გვერგო. საქმე ის არის, რომ ამ ჭირვეულ ქვეყანაზე ჩინეთიდან მომავალი სატრანზიტო ხაზი გადის. და აქვე ამოტივტივდა არაბთა გაერთიანებული საემიროები. ისიც, ალბათ, ტრანზიტით დაინტერესდება. აქვეა თურქეთის ინტერესებიც, რომელსაც, მართალია, ჩვენი სატრანზიტო რესურსი არ სჭირდება, მაგრამ ფაქტია, კავკასიის რეგიონში თავს იყრის სატრანზიტო გზები, რაც ევროპასაც სჭირდება. ადრე მას მხოლოდ ნედლეული აინტერესებდა, ახლა უკვე პროდუქციაც სჭირდება. მოგეხსენებათ, ჩინეთი ღილიდან დაწყებული, უმაღლესი დონის ელექტრონიკით დამთავრებული, ყველაფერს აწარმოებს. ასე რომ, პარტნიორობის თვალსაზრისით, აღმოსავლეთი კიდევ უფრო საინტერესო ხდება, ვიდრე აქამდე. აღმოსავლეთი კავკასიურ კარიბჭესთან დგება, სადაც მნიშვნელოვანი კარი საქართველოა. თან არ დაგვავიწყდეს, გასარკვევია, რას გვერჩის ევროპა, რატომ გვირტყამს? მართლა ის აღელვებთ, რომ დემოკრატიას „ძირს ვუთხრით“?! მოლდოვასა და უკრაინის დემოკრატია მოსწონთ და ჩვენი არა?! ან სააკაშვილის დემოკრატია მოსწონდათ და „ქართული ოცნებისას“ იწუნებენ?! უკრაინას რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ხომ ვიცით, როგორი „დემოკრატიის შუქურა“ იყო მიშა და ახლა როგორაა. როცა ევროპა აქ დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე საუბრობს, ქართველს ამაზე მწარედ ეცინება. ევროპას, რეალურად, საქართველოში დემოკრატიის არსებობა-არარსებობა სრულებით არ ანაღვლებს.
_ აბა, რა ანაღვლებთ, რას გვერჩიან?
_ თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთმა დეპუტატმაც იკითხა იგივე და რეალური პასუხი ვერ მიიღო, ჩანს, პასუხი ადვილი არ არის. ვვარაუდობ, რომ პასუხის რამოდენიმე ვარიანტია გასათვალისწინებელი. ეს ვარიანტები სამ ჯგუფში თავსდება: ერთი ის, რასაც ამბობენ — „გადაუხვია საქართველომ ევროპულ გზას და უნდა დავაბრუნოთო“. აქ გულისხმობენ ორ გადახვევას: დიქტატურისკენ გადახვევა ქვეყნის შიგნით და რუსეთისკენ გადახვევა საგარეო კურსში. ამ ვერსიის დეტალებს ნუ განვიხილავთ (უკვე ბევრი ითქვა), მაგრამ საკვირველი ის არის, რომ ჩვენზე ზრუნვის მოტივით ევროპა გვსჯის ყოველდღიურად. ეს ინკვიზიციის ლოგიკაა, ადამიანს კოცონზე რომ წვავდნენ მისი სულის განწმენდისთვის. ევროინკვიზიცია კი თავისი ამ სტილით ხელს გვკრავს და „რუსეთუმეს“ ძახილით რუსეთისკენ გვიბიძგებს. ბედად, ხელისუფლება ამ იძულებას არ აჰყვა და რუსეთისკენ ნაბიჯები არ გადადგა. ეს მდგომარეობა შეთქმულების თეორიებს აჩენს, რომ სანქციებით საქართველოს პერმანენტული დასჯა წინდაუხედაობა კი არ არის, მიზანმიმართული პოლიტიკაა. შეთქმულების თეორიის ერთი ვარიანტია, რომ ევროპა ერთი ხელით ებრძვის რუსეთს, მაგრამ მეორე ხელით ხელს უწყობს, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა გაიზარდოს, სანამ ჩინეთი კავკასიამდე მოაღწევს. ჩინეთმა შეიძლება სამხრეთიდან შეავიწროვოს რუსეთი ისევე, როგორც შეავიწროვა ციმბირში, რაზეც რუსეთი ხმას ვერ იღებს. ჩინეთისგან შეშინებულ რუსეთს ურჩევნია, საქართველოს არევის ინიციატორად ევროპა ჩანდეს, ვიდრე თავად (რუსეთი ყაზახეთში სამშვიდობოებით რომ შევიდა, ჩინეთმა ორ დღეში გააყვანინა; მისთვის საინტერესო ზონებში არეულობის შეტანის საშუალებას ჩინეთი რუსეთს არ მისცემს). შეიძლება განვიხილოთ შეთქმულების თეორიის მეორე ვარიანტი: ულტრალიბერალურ ძალებს არ უნდათ, რომ სატრანზიტო კვანძი კონსერვატორებს ერგოთ, რომელთა რიგებს საქართველო მიეკუთვნება. შეთქმულების თეორიის მესამე ვარიანტია, რომ ევროპელი პოლიტიკოსები დაინტერესებული არიან იმ თანხებით, რასაც რუსეთით შეშინებულ ამომრჩეველს დაადებინებენ და საიდანაც ფეხის ქირა მათაც შეხვდებათ. ბოლო ვარიანტად შეგვიძლია, შეთქმულების თეორიები მოვხსნათ და დავასახელოთ უნივერსალური ვერსია — სისულელეების კეთების აკვიატება, რისი მაგალითებიც ცოტა არ არის. ამ ვერსიებიდან რეალური რომელია, არ ვიცი. მე მხოლოდ შესაძლო ვერსიები განვიხილე, რაიმეს დაბეჯითებით თქმა მიჭირს. შეიძლება რაღაც გამომრჩა, ან ეს ვერსიები ერთმანეთს არ გამორიცხავს და ყველა სწორია. ვნახოთ.
_ მარტა კოსმა თქვა: „საქართველოში რუსეთი იმარჯვებს, რუსული გავლენები ძალიან გაზრდილიაო“. მისი ეს განცხადება რით აიხსნება?
_ ხომ გაგიგონიათ, ენას ძვალი არ აქვსო. აგერ, ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპარლამენტარების ჯგუფმა უნდობლობა გამოუცხადა, რის შემდეგაც ურსულას რეპლიკა იყო — „თქვენ პუტინის ხალხი ხართო“. ასე რომ, რუსეთუმეობა, პუტინისტობა, ზოგადად, რუსული იარლიყის მიკერება პოლიტიკური ბრძოლის იარაღია. რადგან ჩვენ პოლიტიკური ბრძოლა გამოგვიცხადეს, ამ იარაღს იყენებენ, რაც ბულინგის კარგი საშუალებაა. სადაც ერთმანეთს პუტინისტებს ეძახიან, ჩვენთან რა, ენა მოუგვალავთ?! რაც მთავარია, ეს თავად რუსეთსაც უხარია, რადგან მას არასდროს ნდომია, რომ ვინმეს ჰყვარებოდა. პირიქით, რუსეთს ყოველთვის სურდა, ყველას მისი შიში ჰქონოდა. გავიხსენოთ, რა გამოთქმაა რუსეთში გავრცელებული — ის კი არა, გიყვარვარ თუ არაო, არამედ „პატივს მცემ, თუ არაო“. ეს პატივისცემა შიშს გულისხმობს და არა სიყვარულს.
_ ევროპარლამენტში ცალკე უყარეს კენჭი საკითხს საქართველოში რუსეთის, ირანისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენების ზრდის შესახებ, რითაც ევროპა მუდმივად აპელირებს.
_ სახეზეა აშშ-ირანის დაპირისპირება, ამიტომ აქ ყველაფერი გასაგებია. ჩინეთის თემა პირველმა უილსონმა ამოატივტივა — არ შეიძლება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა უყურადღებოდ დავტოვოთ, რადგან რუსეთს, ირანსა და ჩინეთსაც დიქტატორები მართავენო. ფაქტობრივად, ასეთი პოზა უჭირავთ — „დიქტატორებს დემოკრატიული ქვეყნები ვებრძვითო“. ანუ დავითისა და გოლიათის მოდელით, ან თუ გნებავთ, რუსთაველის აფორიზმით მოქმედებენ: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელიაო“. ესეც პიარსვლაა. ეს რიტორიკაც, თითქოს ამ ქვეყნებს საქართველოში გავლენები აქვთ, საუბარი იმაზე, რომ რუსეთის, ირანისა და ჩინეთის გავლენებს საქართველოს თავზე როგორც საფრთხეს, ისე კიდებენ, მათი პოლიტიკის სარეკლამო რგოლია. და ეს ხდება მაშინ, როცა ევროპელები ახლახან დამწკრივდნენ და სი ძინპინთან ხელის ჩამოსართმევად რიგში ჩადგნენ. ჩვენთან მიმართებით კი ჩინეთის მავნე გავლენაზე ლაპარაკობენ. მეორე მხრივ, ტრამპს აკრიტიკებენ, „ირანში საშინელებებს აკეთებსო“ და თან იძახიან, „ირანი დიქტატორიაო“. ჩვენ კი მასთან ურთიერთობას გვიწუნებენ.
_ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, რად უჯდება საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობის შენარჩუნება?
_ ხელისუფლება სტრატეგიულად სწორად მოქმედებს, რაც სათავეს 2024 წლიდან იღებს. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებამ ფარდა ჩამოხსნა და პოლიტიკურ სცენაზე ოპოზიცია დაუბრკოლებლად შემოუშვა. ის ყოველდღიურად ხელს უწყობს იმ პოლიტიკის დემონსტრირებას, რითაც ოპოზიცია ცხოვრობს. ოღონდ, თავად ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ ამის შედეგად ის წაგებულ მდგომარეობაშია და არა მოგებულში. ანალოგიური მოხდა, როცა ხელისუფლებამ „ფარას“ კანონი შეიმუშავა. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „ჩვენ სპეციალურად დავაბრუნეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რათა პროვოცირება მოგვეხდინა და გაგვეგო, ვის რა რეაქცია ექნებოდა ქვეყნის შიგნითაც და უცხოეთშიცო“. ივანიშვილს უცხოელების წამოკიდებაც ჰქონდა გამიზნული და ასეც მოიქცა. იმიტომ, რომ აქამდე არასდროს მომხდარა იმის დემონსტრირება, თუ როგორ ერევიან სხვა ქვეყნის საქმეებში ევროპელები (მანამდე ამერიკელი „დემოკრატები“), არასდროს გვინახავს. დასავლეთთან დაკავშირებით ყოველთვის მითების უფრო გვჯეროდა, ვიდრე რეალობის. ხელისუფლებამ სწორედ ეს რეალობა დაგვანახა. ხელისუფლების ამ მანევრმა — ევროპის პროვოცირებამ, რომ ჩვენთვის შემოეტიათ და საკუთარი სახე ეჩვენებინათ, გაამართლა. ამ მანევრმა ისიც დაგვანახა, რომ ევროპა არ გვექცევა ისე, როგორც ამას მეგობარი უნდა აკეთებდეს. მე, როგორც თქვენი მეგობარი, მოძალადის ხელში რომ აღმოვჩნდე, დახმარებისთვის მოგმართოთ და თქვენ საყვედურით ამავსოთ: „მოძალადესთან რატომ ურთიერთობ, მე შენ არ გელაპარაკებიო“, ეს ხომ ნიშნავს, რომ მოძალადის ხელში მტოვებთ. ანუ, პრაქტიკულად, ევროპამ რუსეთის ლანძღვით მასვე შეგვატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთისკენ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა, დათმობაზე არ წავიდა, თორემ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რუსეთის ხელში აღმოვჩენილიყავით.
თამარ შველიძე

