პეტრე მამრაძე: ნაცები ქილაში გამომწყვდეულ ვირთხებს დაემსგავსნენ
გვესაუბრება პოლიტიკოსი პეტრე მამრაძე:
_ ბატონო პეტრე, ახლახან ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგი გაიმართა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხს ეხებოდა. როგორ ვითარდება პროცესები?
_ რთული სათქმელია, რადგან ევროკავშირში მიმდინარე პროცესები, საბოლოოდ, რა სახეს მიიღებს, თავადაც არ იციან. თუმცა გეტყვით მთავარს: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 28 ნოემბერს პრემიერმა მნიშვნელოვანი ისტორიული განცხადება გააკეთა: საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე არ აპირებს, საკუთარი ინიციატივით, ბრიუსელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება სთხოვოს. კობახიძემ ამ პერიოდში ევროკავშირისგან გრანტების მიღებაზეც უარი განაცხადა და იქვე დასძინა, თუ ბრიუსელი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას საკუთარი ინიციატივით შემოგვთავაზებს, ამისთვის დღესვე მზად ვართო. მან განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, რათა ევრობიუროკრატებს საქართველოს დაშანტაჟების ბერკეტები აღარ ჰქონოდათ, რასაც რეგულარულად იყენებდნენ კანდიდატის სტატუსის მიღების თუ სხვა შემთხვევებში. კობახიძის განცხადებამ ბიუროკრატია არათუ გააბრაზა, არამედ გააცოფა, რის შესახებაც უცხოელი კოლეგებისგან შევიტყვე.
ფაქტი ერთია _ მათ დაშანტაჟების ბერკეტები გამოეცალათ და ხელთ მხოლოდ ცილისმწამებლური, დეზინფორმაციით სავსე განცხადებების კეთება და ერთადერთი ბერკეტი შერჩათ _ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის გაუქმებით ჩვენი დაშანტაჟება. უვიზო მიმოსვლის შეჩერებით შანტაჟი ევრობიუროკრატიამ ისეთ დონეზე აიყვანა, თითქოს ამით ჩვენი ქვეყანა დაიქცევა. ეს სასაცილოა. ასეთი რამ არ უნდა იკადრო. ისევე, როგორც გერმანიის ხელისუფლებას არ ეკადრება, როცა გვეუბნებიან, პროგრამული ხარვეზი გვაქვსო და იქ საქართველოს პრეზიდენტად ისევ ზურაბიშვილი მიაჩნიათ. ეს იმას მაგონებს, ბავშვები რაღაცას რომ დააშავებენ და მერე თავის გასამართლებლად სასაცილო ტყუილებს იგონებენ, უფროსები კი ამაზე სიცილით კვდებიან.
წლობით არ ვსარგებლობდით ვიზალიბერალიზაციით, მაგრამ არაფერი დაგვკლებია. ხალხს უნდა ესმოდეს: როცა სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესების დაცვაზეა საუბარი, უვიზო მიმოსვლა პრიორიტეტი ვერ იქნება.
_ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციით შანტაჟს სააკაშვილის ხელისუფლებაში დასაბრუნებლადაც იყენებს. ამ უკანასკნელმა იმიჯიც შეიცვალა და „ბრწყინვალე ნანუკათი“ გუნდის გადახალისებასაც გეგმავს.
_ რადიკალები თავიანთი ტელევიზიებიდან, ასევე, სოცქსელებში აქტიურობენ. ამიტომ მათი მცირე ნაწილი ახერხებს, ამბავი ისე წარმოაჩინოს, თითქოს, უვიზო მიმოსვლის გაუქმებით ქვეყანა თავზე გვენგრევა. დავსვათ შეკითხვა: ნაცების პერფორმანსები მათი მხარდამჭერების რიცხვს ზრდის? _ რა თქმა უნდა, არა, პირიქით, შეიძლება კიდეც ამცირებს. სააკაშვილის სასამართლოში გამოსვლებმა მათი რეიტინგი საგრძნობლად შეამცირა, რაზეც თავადაც საუბრობენ. ასე რომ, მიშას და მისი გუნდის განცხადებებს მშვიდად ვუყურებ. „ბრწყინვალე ნანუკას“ პოლიტიკაში მოსვლაზე რა გითხრათ, ხალხი ხარხარებს, თურმე რამხელა პოტენციალის პოლიტიკოსი ჰყოლიათ, აქამდე სად იყვნენ?! ნანუკაზე ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ინტერვიუში თქმა არ ივარგებს. დააკვირდით, უკვე ერთმანეთის დაჭმა დაიწყეს. მელია და სააკაშვილი ერთმანეთზე რას აღარ წერენ. სექტანტების გარდა, ვინც ამ პროცესს უყურებს, ხედავს, რომ კოლექტიური ნაცები ისე არიან, როგორც მორიელები ან ვირთხები ქილაში, რომლებიც ერთმანეთს დაერევიან და ჭამენ.
_ ევროკავშირი ითხოვს, საქართველომ რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესოს. თუმცა არ ადარდებთ, რუსეთის მხრიდან ამ პოლიტიკურ აქტს რა მოჰყვება?
_ ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსულ ტანკს აქ შემოსასვლელად ორმოც წუთზე მეტი არ სჭირდება, რომელიც დღეს არსებულ ადგილამდე სააკაშვილის და ბიძამისის მოყვანილია. ხომ ვიცით ჩვენზე ზემოქმედების მთელი პაკეტი აქვს, რაც კრემლის ხელშია და რაც მიშამ რუსეთს ლანგრით მიართვა. პუტინს შეუძლია ხელი მოაწეროს, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩრდილოეთ ოსეთს, ანუ რუსეთს შეუერთდეს. პუტინმა ამას გავრილოვის ღამის შემდეგ ხელი კინაღამ მოაწერა. ასევე, არ დაგვავიწყდეს აფხაზი სეპარატისტების თხოვნა, აფხაზეთის, რუსეთის და საქართველოს ერთიან სამოკავშირეო სახელმწიფოში ცხოვრების შესახებ. პუტინი ამაზეც დაუფიქრებლად მოაწერს ხელს. რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ დროს, ღამით თავისი ბაზები გადააადგილოს გიუმრიდან, აფხაზეთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან და საზღვრების დაცვის მოტივით თუნდაც სენაკში, ვაზიანში, ან ახალქალაქში გადმოიტანოს. დასავლეთის რეაქცია რა იქნება? _ შეშფოთებული კაია კალასი და ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებებს ორ ხმაში გააკეთებენ, სხვა არაფერი. ეს კარგად უნდა გვესმოდეს.
ევროკავშირის მხრიდან ორმაგი სტანდარტი არახალია. ავიღოთ სომხეთი, რომელიც რუსეთს სანქციებს არ უწესებს. სომხეთი საბაჟოზე მონიტორინგის ჯგუფს არ უშვებს _ ტვირთები რუსეთში საქართველოს გავლით მიდის და უცხოელებს მონიტორინგის უფლება არ აქვთ, თუნდაც ლარსის საბაჟოზე შეამოწმონ, რას უგზავნის სომხეთი რუსეთს. რამეთუ, სომხეთი ღიად მოქმედებს, ე. წ. პარალელურ იმპორტში ყირგიზეთთან და ყაზახეთან ერთად. ამისთვის მას ვინმე აკრიტიკებს?! პირიქით, გაჰყვირიან, სომხეთი პირდაპირ ევროპაში მიდისო. რაც შეგვეხება ჩვენ, რუსეთში პროდუქციას თუ ვერ გავიტანთ, ეს საქართველოსთვის ძლიერი დარტყმა იქნება. სამაგიეროდ, ქართული ეკონომიკური სანქციები რუსეთისთვის იგივე იქნება, გზაზე მიმავალ რუსულ ტანკს ქართული პეპელა რომ დააჯდეს. როგორც ტანკი ვერ იგრძნობს პეპელას იქ ყოფნას, ისე რუსეთს არაფერი დააკლდება ჩვენი დაწესებული სანქციებით, სამაგიეროდ, საქართველო გვარიანად დაზარალდება. წარმოიდგინეთ, როგორი პროვოკატორი, უსამართლო, ნამუსგარეცხილი უნდა იყო, რომ იმ ყველა საფრთხის ფონზე, რაც ჩამოვთვალე, საქართველოს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება მოსთხოვო!!! უცხოელი თუ რუსი ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიებით ხომ გაირკვა, რამდენი უცხოური დიდი კომპანია მუშაობს ფარულად რუსეთში. ავიღოთ თუნდაც ბალტიისპირეთი, საიდანაც რუსეთში მეტი ალკოჰოლური სასმელი შედის, ვიდრე საქართველოდან. გაიხსენეთ, ბალტიის ზღვაში ფლოტმა რამდენი ნავთობპროდუქტი გაზიდა, მილიარდებზეა ლაპარაკი. დასავლეთში ამის შესახებ ხომ იციან. ამ დროს ჩვენთან რაღაცას ისეთს ჩხრეკენ, რასაც ჩვენი ქვეყანა არ გააკეთებს, რათა მერე იყვირონ: აი, როგორ იქცევა საქართველოო.
_ გარდა ამისა, ევროკავშირი იმასაც გვთხოვს, იმ ქვეყნებს, რომელთანაც თავად უვიზო მიმოსვლა არ აქვთ, უვიზო რეჟიმი ჩვენც გავუუქმოთ. მათ შორის ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიცაა და სომხეთიც.
_ ესეც პროვოკაციაა. ეს ის ქვეყნებია, რომლებთანაც გაცილებით მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ადამიანური ურთიერთობები გვაქვს, ვიდრე ევროპასთან. მით უმეტეს, სომხეთთან, სადაც დასავლეთიდან 47 ქვეყნის ლიდერი იყო ჩასული, ევროპის პოლიტიკური სამიტი ჩაატარეს და დასჭექეს: ჩათვალეთ, რომ სომხეთი ევროკავშირის წევრიაო. არცერთ მათგანს არ ანაღვლებს, რომ რუსი მესაზღვრეები ისევ აკონტროლებენ სომხეთის და ირანის, სომხეთის და თურქეთის საზღვრებს. თან, იქ არსებული რუსეთის ბაზები ოკუპანტი ქვეყნის კი არ არის, არამედ მეგობრულად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დგას. და, ამ დროს, ჩვენ გვეუბნებიან, სომხეთთან უვიზო რეჟიმი არ უნდა გქონდეთო. ეს ღრმა მარაზმია და კაცმა არ იცის, კიდევ რას მოიგონებენ.
_ ევროკავშირი ბოლო დროს აქტიურად საუბრობს, რომ საქართველოს ჩანაცვლება სომხეთით ხდება. რა გვიჩვენა სომხეთის არჩევნებმა, რა გავლენას მოახდენს ფაშინიანის პარტიის გამარჯვება სამხრეთ კავკასიაზე?
_ ჩვენთვის მხოლოდ კარგს. ფაშინიანმა თქვა, რომ საქართველოსთან იმდენად ღრმა და მეგობრული ურთიერთობა აქვს, რომ მეტი გაღრმავება შეუძლებელია. ეს ურთიერთობა სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ჩვენთვისაც კარგია. ფაშინიანი ის ადამიანია, რომელიც 2020 წელს, ჯერ ამერიკაში ყოფნისას ამბობდა, შეტევაზე უნდა გადავიდეთ და სომხეთის ის მიწები დავიბრუნოთ, რაც ამჯერად თურქეთის შემადგენლობაშიაო. მერე ყარაბაღში ჩავიდა და განაცხადა: ეს არის სომხეთი და წერტილიო, რასაც 2020 წლის შემოდგომაზე კატასტროფა მოჰყვა, როცა ბრძოლის შედეგად ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეძლო. მან ყარაბაღიც წაიღო და ის შვიდი რაიონიც, რომელიც გარშემო იყო, როგორც ბუფერული ზონა. მერე უარესი მოხდა _ სომხურმა მოსახლეობამ ყარაბაღიდან გასვლა დაიწყო. ტერიტორია რუსმა სამშვიდობოებმაც დატოვეს და ასე დაიცალა ყარაბაღი მთლიანად. არადა, მთიან ყარაბაღში სომხები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ეს ფაქტია. ამ განცხადებებიდან მოგვიანებით, ფაშინიანმა ცოლთან ერთად სომხეთი მოიარა და სრულიად საპირისპირო განაცხადა: ხალხო, ხომ არ დადგა დრო, დავივიწყოთ მითები ჩვენს დიდებაზე და რეალობას დავუბრუნდეთ _ იმაზე ვიფიქროთ, როგორ გადავარჩინოთ ის, რაც ჯერჯერობით შეგვრჩაო. დააკვირდით, მისი მოქნილობის უნარს. ეს ზოგადად პოსტმოდერნისტული პოლიტიკაა, რაც ყველას არ შეუძლია _ დღეს ერთი თქვას და ხვალ _ მეორე. ფაშინიანმა იცოდა, რომ სომხეთის მოსახლეობაში ანტირუსული განწყობა ძალიან ძლიერი იყო. მოსახლეობას ტრადიციულად ეგონა, რომ ყარაბაღის ომის მსვლელობისას რუსეთი თავის გავლენას გამოიყენებდა და აზერბაიჯანს გააჩერებდა, მაგრამ რუსეთმა ეს არ და ვერ გააკეთა. ამიტომ წყენა დიდია. ეს მომენტი გამოიყენა ფაშინიანმა, დასავლეთის მხარდაჭერა მიიღო, ევროკავშირმა მას მილიარდებიც გამოუყო და არჩევნებშიც გაიმარჯვა. აი, ასეთი ვითარებაა.
თამარ შველიძე
