წერეთელმა დაგვიბარა...

წერეთელმა დაგვიბარა...

ერთი კვირაა, დავდივარ და დავღიღინობ: „წერეთელმა დაგვიბარააა... დაგვისხა, დაგვალევინა, გუნებაზე მოგვიყვანააა“. ერვანდა უკან დამდევს, ბანს მაძლევს: „აააა“ და „ახტამარს“ მისხამს. ფანჯრიდან ნანულა გვიყვირის: აააა და ზმუკი თქვენ, თუ მღერიხართ, იმღერეთო. მეტი სიტყვები ამ სიმღერაში არ არის და რა ვიმღეროთ?
ორი დღე გვიყვირა ნანულიმ და მესამე დღეს სიმღერის დაწყებამდე შემოგვივარდა გარგარის არყითა და შიგნეულის კუპატით, ახლა თავიდან ბოლომდე იმღერეთ, თორემ დაგხოცავთო. ერვანდამ მოწყალე თვალით შეხედა და თავის მხრივ, შესჩივლა, მეც მაგას ვეობნები, მარამ არ მღერავს, მე კიდე სულაც არც გამიგიან ეგ სიმღერა და „ააა-ს“ იმიტომაც ვანბობო.
„წეეე-რეეე-თეეე-ლმა და-გვი-ბარააა“, – წამოვიწყე ისევ და ამედევნა ერვანდას „ააა“.
– ზურა, „ოსტატი და მარგარტა“ დაგემართა? – შეფიქრიანდა ნანული, რომელსაც ისე სჯერა ჯადოების, როგორც იმ ჭეშმარიტებისა, რომ მაწონი თეთრია, ნახშირი კი შავი.
– ვინ ოსტატი, არმენა თუ აიგარამა? რა ვი, მაგათ ცოლებსა ჰქვიანთ მარგო... – შეიშმუშნა ერვანდა.
– „მასსოლიტი“, შე ლოთო, შენ! მთელი „მასსოლიტი“ მოჯადოებული რომ მღეროდა და ვერ ჩერდებოდნენ – ფილმი მაინც არ გინახავს? – დაჰკივლა ნანულიმ.
– არა, საიდან... – თვალები ააფახულა ერვანდამ.
– დაგ-ვი-სხა, და-გვა-ლე-ვინა, გუუ-ნე-ბაზე მოოო-გვი-ყვანააა... – გავაგრძელე იმავე ინტონაციით და საჩვენებელი თითიც შევმართე.
– ააა, – ბანი მომცა ერვანდამ და ისევ იკივლა ნანულიმ.
– რათა ყვირი, აგვყევი შენცა, „ააა“ უთხარი და ეგ არის, – წყნარად უთხრა ერვანდამ, ნანულისაც დაუდგა სირჩა და დაუსხა.
– ზურა, ჩქარა მითხარი, რომ მოჯადოებულები არა ხართ, თორემ თავს მოვიკლავ! – გამოსცა ბრძანება ნანულიმ და ისე უცბად გადაჰკრა, თვალის შევლება ვერ მოვასწარი.
– არ ვართ მოჯადოებულები, ამ რაჭული ხალხური სიმღერით შენ და შენს სექტას გიმღერით რაჭველი და სომეხი, – ვუთხარი აბსოლუტურად სერიოზული სახით.
– წერეთელი ვინ არის, აკაკი? – მიხვდა ნანული.
– დიახ, ქალბატონო.
– ზურაჯან, მეტროს რათ დაარქვეს „წერეთელი“, მე კიდევა მაგეებ ვერ ვიგებ. კაცი სადღაც სოფლელი იყო, მეტროსთან რა ესაქმებოდა, მისი გვარი რათა ჰქვიან? აგე, მეტრო „გოცირიძე“ სულაც რომ სწორეა, ინჟინერი კაცი იყო, მარამ წერეთელი რათა? ანაც კიდე სარაჯიშვილი – რა იყო, სანზონაში იმ მეტროშიდ მღერავდა? რუსთაველი ხო ვაბშემც – „დომ კინოსთან“ სწერამდა ლექსებსა... „სამგორი“ და „დელისი“, ანაც სულაც „300 არაგველი“ – ესენი კიდე მოჟნა, იქაა და ისინები კიდე, სადაც რომ არაგვზედ ომობდენ, იქნებ იქაც უომნიათ, – დაიწყო ერვანდამ მეტროს სადგურების დასახელებების განხილვა.
– ერვანდ, მოკეტე, რაა... ზურა, ამიხსენი, თორემ გავგიჟდები ამ თქვენს გაუთავებელ ზმუილზე, – კატეგორიულად მომთხოვა ნანულიმ „მოჯადოების“ ახსნა.
– აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, ხომ გაგიგია? – ვკითხე ნანულის და თვალით გარგარის არაყზე მივანიშნე.
– დოკუმენტური ფილმიც ნანახი მაქვს, – მომიგო ნანულიმ და ჩამოასხა.
– ჰოდა, ნაცსექტას რომ გიხარიათ რაღაც, რუბიომ დაგვიბარაო, გიმღერით – რაც წერეთელმა რაჭველებს დაგვიბარა, ის დაგიბარათ რუბიომ, – განვუმარტე მარტივად, მაგრამ შევატყვე, რომ ვერ მიხვდა რა ვუთხარი – აკაკი წერეთლისა და მარკო რუბიოს ერთმანეთთან დაკავშირება ძნელი აღმოჩნდა.
– ზურაჯან, რა დაგიბარათ წერეთელმა? – დაინტერესდა ერვანდა.
– ჰო, რა დაგიბარათ? – აჰყვა ნანულიც.
– დაანებე თავი წერეთელს, რუბიომ რა დაგიბარათ, ის ხომ გაიგე? – მივმართე ნანულის.
– რუბიომ არაფერიც არ დაგვიბარა, იმ აფერისტმა ჯო უილსონმა ისევ ის „იმღერა“, რაც ერთხელ დაიზეპირა და ჩაიხვია. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ამერიკის ადმინისტრაციის ოფიციალურ პოზიციად არაფერი გაუჟღერებია და რუბიომ რა დაგვიბარა, მე რომ არ ვიცი? – აქეთ შემომიბრუნა შეკითხვა ნანულიმ.
– აბა, რა გიხარიათ ნაცსექტაში?
– მე არაფერიც არ მიხარია, პირიქით, გული მიღონდება. ეს მარკო რუბიოც ვერ არის! აფსუს, სათნო ბაიდენი... – ჯავრიან გულზე ისევ ჩამოგვისხა ნანულიმ „ახტამარი“ და „ხსოვნა იყოსო“, სიტყვა დაგვიგდო. 
– მომკვდარა? – შეიცხადა ერვანდამ.
– პოლიტიკურად! – მოკლედ უპასუხა ნანულიმ და გადანთქა.
– რატომ ჩემი „ოცნების“ „ახტამარს“ ასხამ ნაცპოლიტიკურ ამერიკელ მკვდარზედ, გარგარის არაყი არ მიუვა? – გააპროტესტა ერვანდამ.
– მაცადე, კაცო, ერთი! მარკო რუბიო სანქციების, ულტიმატუმებისა და იზოლაციის ენით კი არ საუბრობდა, პირიქით, მისი პასუხიდან ჩანდა, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის დაიბადა სამუშაო დიალოგი. მსგავსი ლაპარაკი ბაიდენის დროს და მანამდეც, მოკლედ, ამერიკისგან, წარმოუდგენელი იყო. მაშინ გაბმით ისმოდა მხოლოდ მუქარები ურთიერთობების გაყინვასა და მზარდ კონფრონტაციაზე. ახლა კიდევ, რა, ამერიკული დიპლომატიის ხელმძღვანელი საჯაროდ განიხილავს არა საქართველოს დასჯის მექანიზმებს, არამედ ურთიერთობების ნორმალიზებისა და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის შესაძლებლობას, – აქაქანდა აღშფოთებული ნანული.
– ზურაჯან, ამას ცოტაც კიდე დავალეინოთ და ვერა ზასულიჩად გაუშვათ თავის სექტაში, – თვალი ჩამიკრა ერვანდამ.
– ვერა ზასულიჩს და ჟანა დ’არკს მოგცემ მე შენ!.. ზურა, ის კი არ არის საქმე, აფერისტმა ჯო უილსონმა რა თქვა, არამედ ის არის მთავარი, რაც რუბიოს არ უთქვამს...
– ე, თუ არ უთქმია, მთავარი როგორად არი? – ალალად გაოცდა ერვანდა.
– მარკო რუბიოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობა და არც შეზღუდვები დაუანონსებია. არც ჩვენი მოთხოვნებისთვის დაუჭერია მხარი. მოკლედ, ევროკავშირისგან განსხვავებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ვაშინგტონისთვის პოლიტიკური იზოლაციის ობიექტად კი არა, არამედ იმ პარტნიორად გამოისახა, რომელთანაც ამერიკის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს კარგ ურთიერთობას. ვისაც ჭკუა აქვს, რა უნდა გაუხარდეს? შენ კიდე მეუბნები, რუბიომ რომ რაღაც დაგიბარათ ნაცსექტას, იმიტომ გიმღერითო. დამცინი? არამხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი საქციელის შეცვლას შევძლებთო, – ეს რომ თქვა რუბიომ, ეს თუ ვინმეს იმის იმედს აძლევს, რომ „ბაიდენის ხანა“ დაბრუნდება, მე ვერაფერს ვუშველი, – ჩამომიყალიბა ნანულიმ.
– ნანულაჯან, მე მეგონა, ერთი „მასტერკა“ ტვინი არა გქონდა და შენ რამოტოლა ბაგაჟი გქონიან? – ახითხითდა ერვანდა და მოხვდა კიდეც შალაბანი.
– ჰო, ნანული, დაგცინით. ისეთი ზარ-ზეიმი ატეხა შენმა სექტამ, რუბიომ „ოცნების“ ხელისუფლება დატუქსაო, რომ კონკრეტულად ამ სიმღერის ხასიათზე დავდექი. თქვენ ხომ ყველა გადამთიელი პატრონი ანდერძივით გიბარებთ, რა უნდა გააკეთოთ და იმას აკეთებთ. ჰოდა, ახლა რუბიოს დაბარებული „ანდერძი“ რომ უნდა აკეთოთ, მე მემღერება, – თანაგრძნობით გავუღიმე ნანულის.
– გასაგებია... წერეთელმა რაღა დაგიბარათ რაჭველებს, რაჭველ კობახიძეს და რაჭველ ბოჭორიშვილს ებარებოდეთო? – მიკბინა მე.
– რატომ მხოლოდ მაგ ორს, დარახველიძეც გვყავს... გოჩა ენუქიძეც, დიმიტრი ხუნდაძეც...
– რა იყო, რაჭულ დიქტატურას ამყარებთ? ისე, კი ეტყობა „ოცნებას“... ცოტა იმერეთი გაჩქარებთ, თორემ თქვენ სანამ აზრზე მოხვალთ, ვირი ხეზე ავა, – გაკაპასდა ნანული.
– ჰოდა, ის ვირი იმ ხიდან ჩამოვარდება და „იამაში“ ჩავარდება. აგე, კობახიძემ ხო გვითხრა, ჩვენა განა ოროსანები ვართ, რუბიომ და იმ ჯომ საშემოდგომო გამოგვაყოლონო, – ახითხითდა ერვანდა.
– ჰოდა, რა დაგიბარათ წერეთელმა-მეთქი?! – ხმას აუწია ნანულიმ.
– მიწა.
– დაგაყარეთ ორივეს და მთელ „ოცნებას“ მიწა! დაასხით, გულზე ვარ გახეთქილი ამ მარკო რუბიოს სიდინჯით. მშვენივრად ჩუმად იყო და რა საქართველო აუტყდა? ვის რა უხარია ფასონად, არ ვიცი, მაგრამ მე ვინ დამაგოიმებს, – ხანჯალივით ხტოდა გაგულისებული ნანული. 
– შენი სექტა გაგოიმებს, ნანულაჯან! თუ რომ დაგოიმებულები არა ხართ, რათ დადიხართ ჯამ-ჭურჭლის რახუნით ქუჩაშიდა, ჰამა, ინჩ ლავ ტიპა პროტესტის დღეებს ითვლით?
– ზურა, ამას მოვკლავ! – გამაფრთხილა ნანულიმ.
– მარკო რუბიოს გამო ჩვენს ერვანდას ნუ მოკლავ, კარგი ბიჭია, – გავუწიე ერვანდას შუამდგომლობა. 
– აბა, რუბიოს ხომ ვერ მოვკლავ? – გაეცინა ნანულის.
– იმღერე, „დღეეეს რუბიომ და-გვი-ბარააა“, – შესთავაზა ერვანდამ და მეორე „შალაბანიც“ მოხვდა.

ზურა ოშხერელი