მარკო რუბიოს შერბენა ერევანში და ნიკა გვარამიას მისალმება რუსთაველის გამზირიდან
26 მაისს, როცა ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავდით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩვენს მეზობელ სომხეთში, ერევნის აეროპორტში 45 წუთით შეყოვნდა, სანამ ინდოეთიდან მომავალი თვითმფრინავი საწვავს შეივსებდა, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს რაღაც ქაღალდებზე ხელი მოაწერინა და უკან გაბრუნდა. რუბიო ხუთი საათის გაფრენილი იყო საკუთარ ქვეყანაში, როცა „ნაცთა“ აქციაზე ნიკა გვარამიამ სიტყვა, თავისი ჭკუით, ერევანში, სევანის ტბის სანაპიროზე დააწია - მოგესალმებითო, ჩვენ რომ ვყოფილიყავით ხელისუფლებაში, დარწმუნებული ვარ, სომხეთში კი არა, საქართველოში ჩამოხვიდოდიო. თუმცა მაინც მოგესალმებით, „ფაცებოოკი“ ჩამოსქროლე და ნახე, რამდენი ვართო.
ბოლო-ბოლო, რა უნდოდა მარკო რუბიოს „ზვარტნოცის“ აეროპორტში? როგორც სომხური მედია იტყობინება, ის შენობიდან საერთოდ არ გასულა, სახელდახელო ბრიფინგიც კი აეროპორტში ჩაატარა. ქაღალდები, რომელზეც ხელი არარატ მირზოიანს მოაწერინა, სამი განყოფილებისგან შედგება: პირველი გახლავთ აშშ-სა და სომხეთს შორის „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ ქარტია, რომელიც პოლიტიკური ხასიათისაა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს; მეორე - მემორანდუმი „კრიტიკული მინერალებისა“ და იშვიათი მეტალების შესახებ, რომელიც სომხეთის სტრატეგიული ნედლეულის (მათ შორის, სპილენძის, მოლიმბდენის) მოძიების, მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს; მესამე - ჩარჩო შეთანხმება პროექტ TRIPP-ის ფარგლებში, რომელიც ევრაზიის სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ და ინფრასტრუქტურულ ინიციატივებს უკავშირდება.
როგორც ქართველი ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიზიტის ფორმატი ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის მხარდამჭერისთვის გახდა დემონსტრირება იმისა, რომ ვაშინგტონი მზად არის, საჯაროდ დაუჭიროს მხარი ერევანს, თუკი რუსეთთან ურთიერთობას გააუარესებს. კი, ბატონო, ეს ასეა, მაგრამ სომხეთს უკვე გაუარესებული აქვს რუსეთთან ურთიერთობა და რასაკვირველია, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთმა დაიწყო კიდევაც სომხური თევზის, პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების აკრძალვა. თითქმის ყველა სომხურ პროდუქტში აღმოჩნდა მავნე ბაცილა. ნაცნობი სურათია, ხომ? პროდუქტებს თავი დავანებოთ, დღე არ გავა, რუსეთის მთავრობიდან ან დუმიდან ვინმემ განცხადება არ გააკეთოს იმის თაობაზე, რომ სომხეთი ცეცხლს ეთამაშება.
ბოლო წვეთი გახლდათ ევროპის ქვეყნების ლიდერების შეკრება ერევანში თითიდან გამოწოვილი მიზეზით. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს იყო წითელი ნაჭრის აფრიალება რუსეთის ცხვირწინ. ამასაც დავანებოთ თავი, რა ინტერესი აქვს აშშ-ს სომხეთში? პირველი არის ის, რაზეც დონალდ ტრამპმა ალიევიც და ფაშინიანიც თავის კაბინეტში შეიყვანა და ორივეს ეღადავა - ზანგეზურის დერეფანი, ანუ გზა ევროპისკენ კასპიის ზღვიდან აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის გავლით. ოღონდ, აქ ირანია ცუდად გაჩხერილი, ამ უზარმაზარ ქვეყანასაც აქვს ინტერესები და ყველანაირად ეცდება, აქ ამერიკელები არ შემოუშვას. თუ ტრამპი ირანს დაიმორჩილებდა, ბუნებრივია, ზანგეზურის დერეფანსაც გააკონტროლებდა, მაგრამ ამ ეტაპზე ირანის დამორჩილება არ გამოუვიდა. თან დაუკვირდით, სომხებმა ერთი ხელშეკრულება იშვიათი მეტალების გაზიდვაზეც დადეს, ამერიკელებმა უნდა გაზიდონ სომხეთიდან. ეს იგივეა, რაც უკრაინას გაუკეთეს, ომში დახარჯული 300 მილიარდი დოლარის ნაცვლად 500 მილიარდი მოსთხოვეს ძვირფასი მეტალებისა და მინარალების სახით.
რას იზამს რუსეთი, რომელსაც სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს? ისეთს არაფერს, მარწუხებში მოიქცევს, თავისი უკიდეგანო ბაზრიდან გააძევებს, თავისი ტერიტორიიდან სომხებსაც „დააპაშოლებს“, იქით თურქებს აუმხედრებს, აქეთ აზერებთან მოუწყობს პროვოკაციას და ისე გაუხდის საქმეს, სულ „სირუმ-სირუმე“-ს ძახილით მიჩოჩდებიან რუსებთან. ისე, აფხაზეთში რომ აქვთ მიზომილი ჩვენი მიწები, ეგეც არ დაავიწყდეთ. როგორც კი ფაშინიანმა იგრძნო, რუსები უკმაყოფილონი არიანო, ეგრევე დაიწყო მაგათი ქება - რუსეთი დიდი ქვეყანაა, მისი ინტერესები უნდა გავითვალისწინოთო. მე თქვენ გეტყვით, ამერიკელები დაიცავენ სომხებს თუ ევროპელები?
დავით ქართველიშვილის თქმით, აშშ-ს სომხეთისთვის არ მიუცია არც პირდაპირი უსაფრთხოების გარანტიები, არც მასშტაბური საინვესტიციო პაკეტები და არც ისეთი კონკრეტული ვალდებულებები, რასაც ვაშინგტონი თავის მთავარ მოკავშირეებს სთავაზობს. უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქმე ეხება სომხეთის მცდელობას, დააჩქაროს საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაცია ყარაბაღის კრიზისისა და უსაფრთხოების ძველი არქიტექტურის მიმართ ნდობის მკვეთრი დაცემის შემდეგ. თუმცა ასეთი შემობრუნება გარდაუვლად ზრდის ზეწოლას რუსეთის მხრიდან, რომელიც სომხეთისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო, ენერგეტიკულ და სამხედრო ფაქტორად რჩება. ამიტომ მთავარი შეკითხვა არა იმდენად რუბიოს მოკლე ვიზიტის სიმბოლიზმშია, არამედ იმაში, შეძლებს თუ არა ერევანი ხელმოწერილი მემორანდუმების გარდაქმნას რეალურ ინვესტიციებად, ინფრასტრუქტურულ პროექტებად და გრძელვადიან გარანტიებად - და არა მხოლოდ წინასაარჩევნო პოლიტიკურ სიგნალად. თუ ეს იყო წინასაარჩევნო „ტრიუკი“, ანუ ფაშინიანის ერთგვარი დახმარება, ნუ გამოვრიცხავთ, ამან უკურეაქცია უფრო გამოიწვიოს და ფაშინიანმა პირწმინდად წააგოს. გაიხსენეთ, რა მოხდა უნგრეთში - ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ჩავიდა. მანამდე ამ ყველაფერს წინ უძღვოდა დონალდ ტრამპის მხარდამჭერი განცხადებები, რომელიც, საბოლოო ჯამში, ანტირეკლამა აღმოჩნდა. ამ სტატიის წერა დასრულებული არ მქონდა, როცა იგივე ტრამპმა იგივენაირი განცხადება „გამოაცხო“ ნიკოლ ფაშინიანის მხარდასაჭერად: „სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას აძლიერებს, მდიდარს და ძალიან უსაფრთხოს ხდის!“.
ტრამპის თქმით, ნიკოლ ფაშინიანი სრულად იზიარებს მის ხედვას სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ _ ნიკოლის დახმარებით, ჩვენ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას ოდესმე არსებულზე უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავიყვანთ“.
სომხეთს დიდ სიმაღლეებზე ავიყვანთო, როგორც უკრაინა აიყვანეს, ისე აიყვანენ, მეტი რა საქმე აქვთ? სომხეთი და აზია-ამერიკის დამაკავშირებელი ხაზი? არ არსებობს, ეს არის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, რომელიც ჩაკეტილია არც თუ სასიამოვნო გარემოცვით და არ გააჩნია მთავარი - ზღვა. სიმართლე რომ გითხრა, სომხეთი აღმოჩნდა ის პატარა სახელმწიფო, რომელიც რუსეთის „საჩქმეტად“ უნდა გამოიყენონ და რასაკვირველია, თუ ამა წლის ივნისში ფაშინიანს არ მოიშორებენ, მიიღებს იმას, რაც უკრაინამ მიიღო. ერთი ეგ არის, სომხეთს ისეთი წინააღმდეგობის გაწევა ნამდვილად არ შეუძლია, როგორიც უკრაინამ გაუწია რუსეთს.
დავუბრუნდეთ ჩვენს საცოდავ და გაფარჩაკებულ ე. წ. ოპოზიციას, რომელსაც ამჟამად მასწავლებლად ვინმე იგორ ბლაჟევიჩი, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების“ ერთ-ერთი ლიდერი მოევლინა და ათასნაირ სისულელეს აკეთებინებს. ამ უბედურებს ისღა დარჩენიათ, სომხეთიდან წასულ მარკო რუბიოს ჰაერში ტელეფონის ფანრებით მიესალმონ და იოცნებონ, რომ ოდესმე აშშ საქართველოსაც დაბომბავს და ბიძინა ივანიშვილს დააპატიმრებს. იოცნებონ, ჩვენი რა მიდის? ოცნებას ხომ კაცი არ მოუკლავს?
ამასობაში კი ყოველდღიურად იშიფრება და იშლება ე. წ. ოპოზიცია. ალბათ, გახსოვთ, ახალდაქორწინებული სიძე-პატარძალი რომ ჩამოატარეს 26 მაისის აქციაზე, ეს ფერადი რევოლუციის ერთ-ერთი კომპონენტია, სხვა ქვეყნებშიც გამოუყენებიათ, რათა მოსახლეობას გული აუჩქროლონ და პომპეზურობის შთაბეჭდილება შექმნან. მეთოდები რომ მოუძველდათ, ეს აშკარაა, მაგრამ ერთსა და იმავეს ჯიუტად იმეორებენ. აი, რას ამბობს ე. წ. პატარძალი მარიამ კირვალიძე:
„ჩვენ ვართ მოდელები და გვქონდა გადაღება. ამ ეროვნული სამოსით მოგვიწია გავლა თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე - გადაგვიღეს კადრები და გამოიყენეს თავისთვის“.
ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ - არ მინდა, მოზარდს გული დავწყვიტო. თუ უნებლიეთ გამოიყენეს, მაშინ მიმართოს, ვისაც ეხება და სამართალი იზეიმებს. მე მგონი, უნდა მიმხვდარიყო, სად მიჰყავდათ და რას აკეთებინებდნენ. თუ თვითონ ვერ მიხვდა, მშობლები უნდა დაინტერესებულიყვნენ.
არანაკლებ სკანდალურ რაღაცას ამბობს იმ მანქანის მძღოლი ირაკლი დუდაშვილი, რომელმაც ე. წ. ოპოზიციისთვის რუსთაველზე აპარატურა მიიტანა:
„თავს მოტყუებულად ვგრძნობ, მე ინფორმაცია მქონდა, რომ პატარა კონცერტივით უნდა ჩატარებულიყო და მუსიკები უნდა ყოფილიყო იქ - ვინც მესაუბრებოდა, სახელი შუშანა ერქვა. არ ვიცოდი, რომ თანხას აგროვებდნენ, გავიგე გვიან ღამით. მაგაზეც დავურეკე და ვუთხარი, არ მინდა-მეთქი“.
თანხას იმიტომ აგროვებდნენ, რომ დუდაშვილს მართვის მოწმობა ჩამოართვეს და თან დააჯარიმეს. თქვენი არ ვიცი და... მე არ მჯერა, რომ დუდაშვილმა არაფერი იცოდა და იქ წავიდა, სადაც თურმე „პატარა კონცერტივით“ უნდა ჩაეტარებინათ, უბრალოდ, ახლა კანონს დაეჯახა და ცდილობს, როგორმე მართვის მოწმობა მაინც დაიბრუნოს. როცა დაინახა, „პატარა კონცერტივით“ არ იყო, ვერ გაბრუნდა უკან? აპლოდისმენტების დროს თავს რომ აქიცინებდა, ვერაფერს მიხვდა? მიხვდა, როგორ არა, მანამდეც ყველაფერი იცოდა, მაგრამ ესენი ეგეთები არიან, როცა გაუჭირდებათ, ჩვრებად იქცევიან. არ ვიცი, შეიძლება ვცდები და ნეტავ, ვცდებოდე.
14 წელიწადი, ხალხო, მთელი 14 წელიწადი ერთ წრეზე დაბოდიალობენ და 26 მაისს იგივე წრეზე წავიდნენ. არჩევნებიდან არჩევნებამდე ერთსა და იმავეს იმეორებენ, ერთსა და იმავე წყალს ნაყავენ, ნუთუ აღარ მობეზრდათ? არა, აღარ მობეზრდათ, რადგან ეს მათი ბიზნესია, ამით საზრდოობენ და ამით ცხოვრობენ. ამ ბიზნესზე უახლოეს ხანში დეტალურად გიამბობთ.
გელა ზედელაშვილი

