ბეზენგის კედელი

ბეზენგის კედელი

დაიწყო თვითმმართველობის საარჩევნო მარათონი და დაიწყო სხვადასსხვა სახის მავნებლობებიც, დაწყებული კახა კალაძის საარჩევნო შტაბზე თავდასხმებიდან, დამთავრებული ბეზენგის კედლით. დარწმუნებული ვარ, ასი გამოკითხულიდან არცერთს არ ეცოდინება, რა არის ბეზენგის კედელი და უნახავს თუ არა, მაგრამ ფოტო ნანახი ექნება.
ფოტოს მნახველთაგან, იქ, ვიღაცამ ყური გამოკრა რუსეთს და ლოცულობს, რომ ეს კედელი დროზე დაემხოს რუსეთს; აქეთ, უფრო მომთხოვნები, მაგრამ ფეხისხმას ისე აყოლილები, ფოტო რომ არ უნახავთ, მხოლოდ „კედელი“ გაიგეს, კახა კალაძეს მისდგნენ, სკვერებს რომ დასდევს, სანამ უბედური შემთხვევა მომხდარა, დროზე გაამაგროს ავარიული კედელიო. საქმეში უფრო ჩახედულებმა შოვის ტრაგედია გაიხსენეს და აღშფოთებულები არიან, რა დროს მერის არჩევნებია, სასწრაფოდ ჩამოშალონ ის კედელი, ხომ ხედავენ, ნაპრალებია გაჩენილიო; ძალზე ეჭვიანებმა სასწრაფოდ კახა კალაძეს დაუკავშირეს ბეზენგის კედელი _ შემთხვევითი გგონიათ შოვის ტრაგედიასთან კალაძის და ახლა მერის არჩევნებისთვის ბეზენგის კედელზე ნაპრალების გაჩენაო? 
სერიოზულად ვამბობ, თავდაპირველად მთელი ეს ამბავი, რაც ბეზენგის კედელთან დაკავშირებით ატყდა, ერთი დიდი ატაცებული ხუმრობა მეგონა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დავინახე, რომ უამრავი დედამიწის შემსწავლელი მეცნიერი, სეისმომდგრადობის სპეციალისტი, გეოლოგი, კლიმატთმცოდნე, ნაპრალთმცოდნე, ზვავთმცოდნე, უხვნალექთა, ხმამაღალ ჭექა-ქუხილთა და მზისსხივთმცოდნე გვყოლია, მეც დავინტერესდი, მით უმეტეს, რომ ბეზენგის კედელთან, აღფრთოვანებული, არაერთხელ ვმდგარვარ.
დაინტერესდები, აბა, რა იქნება, როცა ასეთი განგაშია ამტყდარი:
„დაათოვს თუ არა, სიმძიმე დააწვება და მოწყდება“.
„თავისი სიმძიმითაც წამოვა. ძირი აქვს დაძრული. სიმძიმეს უჭირავს.“
„სითბურ-ტემპერატურულ ცვალებადობაზეა დამოკიდებული. ასევე მიწისძვრაზე. ასევე ვიბრაციაზე _ მაღალ ხმებზე შეიძლება, დაიძრას.“
„ზუსტად როდის მოწყდება, ვერავინ გეტყვით. ასეთი ჩამოკიდებული ყინულის კედლები (სერაკები) შეიძლება ჩამოიშალოს ნებისმიერ წუთს. შეიძლება, კვირა დასჭირდეს ან თვე, ხოლმე საათებიც. რაც ჩამოშლის პროცესს აჩქარებს, არის ძლიერი დათბობა, წვიმა, რომელიც ნაპრალებში ჩადის, ახალი, მძიმე თოვლი ან ქარისგან გამოწვეული ზვავური ფენა (დამატებითი წონა), ციცაბო ფერდი და გამოკვეთილი, გათხელებული კონსოლი, სულ ახლად გაჩენილი ნაპრალები, ხმამაღალი ჭექა-ქუხილი და ა. შ.“
„გეოლოგებთან ვიკითხოთ, უკეთესი იქნება, თორემ ზოგადი პასუხი – „პროგნოზი ძნელია, ყველას გვაქვს.“
„შეიძლება, 50-100 წელი არ მოწყდეს.“
„საშიშია. ადრე ნაღმტყორცნებით იწვევდნენ პრევენციულ წინასწარ ჩამოშლას, ახლა ყველას ჰკიდია. კი, ოფიციალური სამსახური არსებობს, მაგრამ ვის გინახიათ, ბოლო წლებში რამე გაეკეთებინოთ? შოვისა არ იყოს. ერთხელ გადაღებაზე კიტოხთან, საბადლოს მთაზე, გუდამაყარში დაიწია მასე 2 მეტრით თოვლმა, გამოვედით და ნახევარ საათში წავიდა ხრიგინით-გრიალით ზვავი.“
„საყურადღებო და საშიშია. შოვის ზემოთ რომ მყინვარი ჩამოწვა ხეობაში და შეაგუბა წყალი, მერე ერთბაშად გაარღვია, სწრაფი სიჩქარით დაეშვა შოვისკენ. წინა დღეებში, ღამით, იქ მყოფ ხალხს რაღაც ხმა კი გაუგია, მაგრამ ჩვეულებრივი ჭექა-ქუხილი ეგონათ.“
„კი მარა, თქვენ რა განერვიულებთ, თუ ბეზენგე რუსეთის ტერიტორიაა, კონკრეტულად, ყაბარდო-ბალყარეთია, თუ მოწყდება, იქით წავა, ასე რომ, მშვიდად იყავით.“
„ეს თუ მოწყდა _ მტრისას. მსგავსი ბზარი იყო წლების უკან, დევდორაკის მყინვარი რომ მოწყდა და დარიალის ხეობაში ჩამოვიდა ღვარცოფი და მეწყერი. უფრო გაზაფხულის ბოლოდან არის საშიში, ალბათ, დნობას რომ დაიწყებს. ცალსახად შესასწავლია კომპეტენტური ხალხის მიერ.“
„დაზუსტებით არაფერს ვამბობ, მაგრამ ეს არა ნაპრალს, არამედ ზვავის მოწყვეტის ადგილს ჰგავს.“
„ეს ბზარი აქ იყო თუ გაჩნდა? როდის გაჩნდა? ნებისმიერ დროს შეიძლება დაიძრას?“
„თქვენ ქხუმბუ უნდა ნახოთ.“
„ერთი ეს გამაგებინა, ზაფხულში რატომ არ დნება ეს ყინულის თუ თოვლის მასა. დავიჯერო, ზამთარ-ზაფხულ მანდ სულ ამხელა მინუსია, რომ წლები ინახება ყინული?“
„თოვლის ნაპრალია. დიდება უფალს. კლდის ნაპრალი არ არის.“
„აქ რა მოხდება დაახლოებით? თუ ნორმალური ამბავია...“
„ყოველწუთას შეიძლება მოწყდეს და ერთადერთი გამოსავალი ხშირი მონიტორინგია.“
„15 წელია, ამ ბზარს ვუყურებ _ არსად არ დაიძრება.“
„თუ წვიმების სეზონი გადააგორა, მომავალ ზაფხულამდე გაქაჩავს.“
„შეიძლება, სულ ასე იყოს, არც დაიძრას. მარადიულ ყინულებს სულ აქვთ ხოლმე ნაპრალები.“
„და რაში გაინტერესებთ?“
„რა მოცულობისაა ეგ მასა, თქვენი შეფასებით?“
„შეიძლება, ნებისმიერ დროს მოწყდეს, მეხის დროსაც კი.“
ასეთია ქართველ თვითნასწავლ მეცნიერთა მოკლე, მაგრამ მყარი მიმოხილვა, მე კი გეტყვით, რომ ბეზენგის კედელი, ცენტრალური კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ყველაზე მაღალი, 11-12 კმ სიგრძის მონაკვეთი, აღმართულია ვებერთელა კედლის მსგავსად ჩრდილოეთით _ რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთისა და სამხრეთით _ საქართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სვანეთს შორის. ბეზენგის უმაღლესი მწვერვალებია: შხარა (5201), ჯანღა (2078), კათინთაუ (4979), შოთა რუსთაველის მწვერვალი (4960), გისტოლა (4860), ლალვერი (4350), ესენინის პიკი (4310).
ბეზენგის კედლის ჩრდილოეთით ეშვება კვკასიონის უდიდესი ბეზენგის მყინვარი, ხოლო სამხრეთით _ ხალდესა და შხარას მყინვარები. ბეზენგის კედლის მწვერვალების ტრავერსი ერთ-ერთი უძნელესი ალპინისტური მარშრუტია კავკასიონზე.
გაზეთი „კომუნისტი“. 1952 წ 4 სექტემბერი #210/9370 ამონარიდი სტატიიდან „შესანიშნავი ფურცელი ალპინიზმის ისტორიაში“:
„წელს საქართველოს სახელოვანმა მთამსვლელებმა შესანიშნავი ფურცელი ჩაწერეს ალპინიზმის ისტორიაში. მთამსვლელთა ჯგუფმა ალექსანდრე ნემსიწვერიძემ, გრიგოლ გულბანმა, რამინ კვიციანმა და ლევან ახვლედიანმა მოახდინეს კავკასიონის ქედის უმაღლესი მწვერვალის ტრავერსი, წურუნგალიდან – თეთნულდამდე, ქედ-ქედ გაიარეს უმაღლესი და ურთულესი ჩვიდმეტი მწვერვალი და განახორციელეს ქართველ მთამსვლელთა დიდი ხნის ოცნება. საკმარისია აღინიშნოს, რომ წურუნგალიდან, რომლის სიმაღლე 4222 (ზღვის დონიდან) მეტრს აღწევს, თეთნულდამდე მათ განვლეს აილამას მწვერვალი (4525 მეტრი) ორი უსახელო მწვერვალი, აილამასა და ნამყვამს შორის. ნამყვამი (4525 მეტრი), კიდევ ოთხი უსახელო მწვერვალი, ნამყვამსა და შხარას შუა, ხოლო შემდეგ ე. წ. ბეზინგის კედელი...
ამ ტრავერსის დროს აილამას სავარცხელზე გრ. გულბანის მიერ დატოვებული წერილი 21 წლის შემდეგ 1973 წელს ჩამოხსნა სახელოვანმა მთამსვლელმა შ. მარგიანმა.
ამ ტრავერსით დაიპყრო ა. ნემსიწვერიძის ჯგუფმა კავკასიონის ქედის უმაღლესი და, ამავე დროს, ურთულესი მონაკვეთი. ეს მონაკვეთი ორ დისტანციად იყოფა: პირველი დისტანცია წარმოადგენს რთული პროფილის გზას წურუნგალადან ნამყვამამდე, ხოლო მეორე მთლიანად ბეზინგის კედელს. მარტო ეს უკანასკნელი დისტანცია, ე. ი. ბეზინგის კედელი 16 კმ სიგრძისაა. ამავე დროს, კედელი კავკასიონის წყალგამყოფი უმაღლესი და უდიდესი გამყინვარების რაიონია. მთამსვლელებს ამ დისტანციის გავლა მოუხდათ საშუალოდ 5000 მეტრის სიმაღლეზე, ურთულესი ყინულოვანი უბნებით. ეს ტრავერსი, ალპინიზმის ისტორიაში ქართველ მთამსვლელთა განსაკუთრებულ მიღწევად აღინიშნება, ალექსანდრე ნემსიწვერიძის ჯგუფმა დისტანცია ძალიან მოკლე დროში (15 დღეში) გაიარა. ეს იმ დროს, როცა მარტო ბეზინგის კედლის ნაწილობრივ გავლას, ხოდაკევიჩის და ბელეცკის იმ დროისთვის ძალზე ძლიერმა ჯგუფმა 9-12 დღე მოანდომა.
1991 წლის ოქტომბერი. გრიშა გულბანის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი, სოლიკო ხაბეიშვილი: ბეზინგის ნალის ტრავერსის დროს, რომლის მონაწილე მეც ვიყავი, მყინვარზე წინ გადაგვეღობა უზარმაზარი სიგრძის 6 მეტრის ნაპრალი, რომლის გადასვლაც ფიზიკურად შეუძლებელი ჩანდა. ამ დროს გრიშამ აიღო ძირითადი თოკი და დაიწყო ასვლა მყინვარის მოპირდაპირე ქედზე. ჩაარჭო ყინულის პალო, აიწია კიდევ რამდენიმე მეტრით ზევით და მოახდინა ხელოვნური მოწყვეტა და ისე გადაევლო ამ ნაპრალს, რომ თვალის შევლებაც ვერ მოვასწარით. ამით მან ჯგუფს ნაპრალის მეორე მხარეს თოკი გადაუჭიმა და მონაწილეები პრაქტიკულად განწირვისგან იხსნა. ის წინ არავის გაუშვებდა, მის მიერ კლდეში ჩარჭობილი პალო მუდამ საიმედო იყო, მასთან თავს მუდამ დაცულად ვგრძნობდით. ამდენი მწვერვალის დაპყრობის მიუხედავად, არ ყოფილა შემთხვევა, გრიშა გულბანის ჯგუფიდან ვინმეს ტრავმა მიეღოს, არამცთუ ვინმე დაღუპვოდეს. მისი ჯგუფი იყო ერთერთი უიშვიათესი გამონაკლისი, რომელსაც თავისი სპორტული მოღვაწეობის პერიოდში ტრაგიკული შემთხვევები არ ჰქონია. ასეთივე საიმედო იყო, ის ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში.“ 
მაინც კახა კალაძის გასამაგრებელია ბეზენგის კედელი?!

მაკა ჯაყელი