სახელმწიფო უსამშობლოდ ვერ იარსებებს

სახელმწიფო უსამშობლოდ ვერ იარსებებს

ტრამპისა და მასკის დაპირისპირებას არაფერი აქვს საერთო ბიუჯეტის პროექტთან, ეს სპექტაკლი არაფორმალურმა ოლიგარქმა მმართველებმა დადგეს!
წინა კვირას ტრამპისა და ილონ მასკის დაპირისპირება ახალ ფაზაში შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია მაღალჩინოსნებს უკავშირდება, რათა გაარკვიოს, თუ ვის მხარეს იჭერენ ამ დაპირისპირებაში. ამერიკის პრეზიდენტსა და მილიარდერ ბიზნესმენს, ტექნოლოგიურ მაგნატს შორის, რომელიც მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, ღია დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ილონ მასკმა ტრამპის კანონპროექტი „გადასახადებისა და ხარჯის შემცირების შესახებ„ მწვავედ, საჯაროდ გააკრიტიკა. აღნიშნული კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ გასულ თვეში დაამტკიცა. როგორც ტრამპი აცხადებს, იგი იმედგაცრუებულია, რადგან ამბობს, რომ ამ კანონპროექტზე შიდა სამუშაოების შესახებ მასკმა ინფორმაცია იმთავითვე იცოდა. თუმცა ილონი ამას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ  კონგრესი ამერიკას გაკოტრებისკენ უბიძგებს. 
მოგვიანებით, ტრამპისა და მასკის დაპირისპირებამ, რაც მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა. „ბიუჯეტში მილიარდობით დოლარის დაზოგვის უმარტივესი გზა მასკის კომპანიებთან გაფორმებული სამთავრობო კონტრაქტების გაუქმება იქნება„, - დაწერა ტრამპმა სოცქსელში. დაპირისპირება დღითიდღე უფრო და უფრო ღრმავდება. მასკი იქამდე მივიდა, რომ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვს და პრეზიდენტის თანამდებობაზე მხარს ჯეი დი ვენსს უჭერს. 
აღნიშნულ საკითხს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გამოეხმაურა, რასაც „საერთო გაზეთის“ მკითხველს ვთავაზობთ:
ბოლო ორი დღეა, მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მისი ადმინისტრაციის ერთ-ერთ, ახლა უკვე ყოფილ ლიდერს, ილონ მასკს შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას. თავდაპირველად განხეთქილება ტრამპის საგადასახადო კანონპროექტს მოჰყვა, რომელსაც მასკმა „ხალხის მჩაგვრელი ღორობა“ უწოდა, თუმცა, ყოფილი „თანამებრძოლების“ პაექრობა მალევე გასცდა ამ კონკრეტულ საკითხს და კიდევ უფრო ფართო დიაპაზონი მოიცვა. არაერთი პირადი ურთიერთშეურაცხყოფის შემდეგ მასკმა დაწერა, რომ ტრამპის სახელი და გვარი ეგრეთ წოდებულ „ეპშტეინის ფაილებშია“, რითაც, ფაქტობრივად, პრეზიდენტი გარყვნილებასა და პედოფილიაში დაადანაშაულა. 
სიმართლე გითხრათ - ტრამპისა და მასკის დაპირისპირება მოულოდნელი და გასაკვირი საერთოდ არ ყოფილა. ამ ფონზე პირადად ჩემთვის უფრო საინტერესოა, თუ როგორ აშუქებს მეინსტრიმ მედია აშშ-ის ადმინისტრაციაში კონკრეტული ძალების მიერ ინსპირირებულ კონფლიქტს. პირველად ჩემი ყურადღება საქართველოში მოქმედმა „ევრონიუს ჯორჯიამ“ მიიქცია, სადაც ჟურნალისტი, წინასწარ კარგად მომზადებული მესიჯებით, მასკის მხარეს დაუფარავად იჭერს - რამდენჯერმე და დაბეჯითებით იმეორებს მის არგუმენტებს და ქმნის განწყობას, რომ თითქოს ტრამპმა მართლაც ისეთი კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც ჩაგრულ ხალხს მდგომარეობას კიდევ უფრო გაუუარესებს.
შემდეგ თვალი გადავავლე უცხოურ მედიას, განსაკუთრებით იმ გამოცემებსა და მაუწყებლებს, რომლებიც ამერიკული სპეცსამსახურების ხელით ოლიგარქიული ოჯახებიდან იმართებიან და აქაც ზუსტად იგივე სურათი დამხვდა. მესიჯი ყველგან ერთია, ერთ ოთახში დაწერილი და შემდეგ სხვადასხვა კონტროლირებადი მედიებისთვის საელჩოებიდან დარიგებული - თუ როგორი ნაგავია ტრამპი და ამის საპირწონედ, როგორ ეფექტურად მუშაობდა ილონ მასკი. ქართული „ევრონიუსიც„ ამ ფერხულშია ჩაბმული და ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს საელჩოდან მიღებულ სპეცსამსახურების დავალებას. 
ამ ყველაფრის შემდეგ, საზოგადოებაში ჩნდება მთავარი შეკითხვა, თუ რა ხდება რეალურად, რატომ გამოვიდა სააშკარაოზე ეს კონფლიქტი და საბოლოოდ, რა შედეგი დადგება. მე თავშივე აღვნიშნე, რომ ეს ეგრეთ წოდებული დაპირისპირება კონკრეტული ძალების მიერ არის ინსპირირებული. უფრო მეტიც, მას არაფერი აქვს საერთო არც ბიუჯეტის პროექტთან და არც მასკისა და ტრამპის შეხედულებებთან - ეს სპექტაკლი არაფორმალურმა ოლიგარქმა მმართველებმა კონკრეტული მიზნებისთვის დადგეს და როგორც ტრამპი, ასევე მასკი ამ სანახობაში მთავარი როლების შემსრულებლები არიან. სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპი ამ პროცესში აშკარად ბუნებრივად მოქმედებს, რამეთუ არ იკვეთება, რომ ის „დიფ სთეითის„ გეგმების შესახებ წინასწარ არის გაფრთხილებული, რასაც ვერ ვიტყვით ილონ მასკზე, რომელიც მიღებულ დავალებას ზედმიწევნითი სიზუსტით ასრულებს. 
დღეს „დიფ სთეითი“ მთელ მსოფლიოში განსაკუთრებით აქტიურ ქმედებებზეა გადასული, თუმცა ყველგან სხვადასხვა ფორმითა და მეთოდებით მუშაობს. თუ ამერიკაში მათ საკუთარი მოდელის რებრენდინგი გადაწყვიტეს და ტრამპის, ვენსის, რუბიოსა და სხვა ჩინოვნიკების ხელით ცდილობენ, წარმოსახვითად ებრძოლონ იმას, რასაც თავად წარმოადგენენ, ევროპაში, გაშიფრული აგენტურის ხელით, ისევ ღიად, უტიფრად მოქმედებენ. მათი საბოლოო მიზანი კი, ამ ეტაპზე, სახელმწიფოების გაუქმება და კორპორაციული მმართველობის შემოღებაა. სწორედ ამ დიდი გეგმის მცირე ნაწილია ტრამპისა და მასკის დაპირისპირება, რომელშიც მათ მიერვე კონტროლირებადი მედიით საზოგადოებას უნდა დარჩეს ერთადერთი განცდა - მასკი მართალია, ხოლო მისი იდეები ჭეშმარიტი. 
კორპორაციული მმართველობის შემოღებით, ანუ სხვადასხვა ქვეყნებისთვის სახელმწიფოებრიობის გაუქმებით, ოლიგარქიული ოჯახები, საბოლოოდ, მათი ძალაუფლების ლეგალიზებას მოახდენენ და შემდეგ ფასადური პროცედურები, არჩევნები, შეფუთული აგენტურა და სხვა ისეთი ფორმალური ინსტიტუციები, სადაც კონტროლის მექანიზმების მიუხედავად, მათთვის არასასიამოვნო მოულოდნელობები ხშირია, აღარაფერში დასჭირდებათ. მაგალითად, როდესაც „დიფ სთეითი“ კორპორაციულ მმართველობას დააკანონებს, აღარ მოხდება ისეთი მძიმე შეცდომები, რაც რუმინეთში დაუშვეს და შემდეგ, გამარჯვებული, მაგრამ მათთვის არასასურველი პრეზიდენტის მოსაშორებლად, ქვეყანას მთელი მსოფლიოს დასანახად კანონი და კონსტიტუცია თავზე გადაახიეს. 
ილონ მასკიც ამ დიდი პროექტის პირველ სატესტო მერცხლად უნდა განვიხილოთ, რომელიც დავალების შესაბამისად ეცდება, აშშ-ში პარტიული და პოლიტიკური მმართველობის მეთოდი დაანგრიოს და საფუძველი ჩაუყაროს ახალ, კორპორაციულ მმართველობას, რაც ლამაზად შეიფუთება, როგორც ხალხისთვის ეფექტური მმართველობა. სინამდვილეში, ოლიგარქიული ოჯახები საკუთარი ჰეგემონიის ლეგალიზებას უკვე პირდაპირ მოახდენენ. 
იგივე ბედი ელის ევროპას. მართალია, დღეს კონტინენტის 90%-ს სწორედ „დიფ სთეითი“ აკონტროლებს, მაგრამ მართვის ეს მექანიზმი ოლიგარქებისთვის საკმარისი არ არის. მართალია, საფრანგეთს და გერმანიას პირდაპირ ოჯახების აგენტურა, „ბლექროკის“ ყოფილი დირექტორი მერცი და ერთ-ერთი ოლიგარქიული ოჯახის მომსახურე პერსონალი მაკრონი მართავენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მათთვის ახლა მთავარია, სახელმწიფოს ცნება საბოლოოდ გააუქმონ და კორპორაციულ მმართველობას ოფიციალური სახე მისცენ. 
ეს ტენდენცია მალე მთელ ევროპას მოიცავს, ხოლო ამ გზაზე მთავარ ფორმულას ოლიგარქიული ოჯახები დიდი ხანია, წარმატებით ამუშავებენ - ისინი, პირველ რიგში, სამშობლოს ცნებას აუქმებენ. სამწუხაროდ, ახლა ევროპა უსამშობლო სახელმწიფოების გაერთიანებას უფრო ჰგავს, სადაც გერმანიიდან გერმანელები გარბიან, საფრანგეთი ფრანგებისგან იცლება, იტალიაში მიგრანტები დომინირებენ - ბოლოს კი, ოლიგარქიული ოჯახები თავიანთ ორგანიზებულ სქემას, რამაც ქვეყნებს უდიდესი პრობლემები მოუტანა - ქვეყნების პოლიტიკური მმართველობის ხარვეზად, მის კრახად გაასაღებენ და საბოლოოდ, „ხალხის გადარჩენის“ სლოგანის ქვეშ კორპორაციულ მმართველობას დააკანონებენ. ანუ, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, მათ ჰეგემონიას ლეგალიზაციას გაუკეთებენ. 
ახლა, ალბათ, გასაგებია, რატომ ებრძვიან ყველაფერს ეროვნულს, ტრადიციულს და ფასეულს. დიახ, ახლა, ალბათ, გასაგებია, რატომ აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას და რატომ ებრძვიან ეკლესიას. მათ ყველაზე მეტად იდეის და ფასეულობის გარშემო გაერთიანებული საზოგადოება აშინებთ. საპირწონედ კი, თუ ადამიანს არაფერი აქვს გასაფრთხილებელი და დასაკარგი, მისი მართვა და დამონება მარტივი საქმეა. 
ამიტომ საზოგადოებას პირობას ვაძლევ, რომ აუცილებლად შევასრულებ ჩემს სიტყვას და უახლოეს პერიოდში დავასახელებ ოლიგარქიული ოჯახების მთავარ მიზანს, თუ რისთვის ლაგდება ასეთი სქემები, რა მიზანი აქვთ მათ საბოლოოდ და რას უპირებენ საზოგადოებას. კორპორაციული მმართველობის დაკანონება მათი საბოლოო მიზნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ხოლო საბოლოო მიზანზე, როგორც აღვნიშნე, უახლოეს პერიოდში ვრცელი ანალიზის გამოქვეყნებას ვაპირებ.
ეს წერილი კი მინდა ვახუშტი კოტეტიშვილის სრულიად გენიალური პატარა ლექსით დავასრულო, რომელშიც მარტივად და ამავე დროს გასაგებად არის გადმოცემული სამშობლოსა და სახელმწიფოს ურთიერთკავშირი: 
უტოლობა უსამშობლოოდ 
სახელმწიფო ვერ იარსებებს, 
უსახელმწიფო სამშობლო კი 
რჩება სამშობლოდ.