სასჯელი სამშობლოს თავისუფლებისთვის

(დასასრული.
დასაწყისი იხ. „სგ“ N31 )
კანონიერი ქურდების
გამოგზავნილი „გრევი“
ციხის ცხოვრება საინტერესო იყო. სამი თვე ორთაჭალის, მერე კი კაგებეს ციხეში გადაგვიყვანეს. ციხეში პატიმრები ერთმანეთთან ბილწი სიტყვებით ურთიერთობოდნენ, მათ შორის, ქალებიც. ქალთა კორპუსში კაცების ხმებიც შემოდიოდა და ისეთი გინებები ისმოდა, მსგავსი არასდროს გამიგია. ჩვენი შეყვანიდან რამდენიმე საათში გინება შეწყდა. მეორე დღეს ზედამხედველმა ციხის უფროსთან ჩამიყვანა, სადაც ინაურის მოადგილე შადურიც დამხვდა, ასევე შსს-ის მინისტრი, მითხრეს: თუ პრობლემა შეგექმნებათ, გაბუნიას პირით ხმა მოგვაწვდინეთო. ზედამხედველებს პატიმართან დაკონტაქტების უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ, როგორც კი ამ გოგონას გადამცეს, მან ჩუმად ჩამჩურჩულა, „გრევი“ გამოგიგზავნესო. „გრევს“ თურმე კანონიერი ქურდები აგზავნიდნენ, მე ეს საიდან უნდა მცოდნოდა, ამიტომ ვუთხარი: ალბათ, მამაჩემმა გამომიგზავნა-მეთქი. ზედამხედველს თვალები გაუფართოვდა და მეკითხება, მამათქვენი ქურდიაო. არა, გეოლოგი-მეთქი, _ გავხედე გაკვირვებულმა, რადგან ვერ მივხვდი, ეს რატომ მკითხა. თურმე „გრევი“ ქურდებისგან არის მოსული, რასაც რიგითი პირი ვერ შემოგზავნიდა. საკანში რომ შევედი, პატიმრებმა მითხრეს: კარგად დაღამდეს, მიწყნარდეს სიტუაცია და მერე გავხსნათო. გულში ვფიქრობ, რატომ მიმალავენ მამაჩემის გამოგზავნილ ამანათს-მეთქი. დაღამდა, „გრევი“ გავხსენი და შიგნით ტორტი და შოკოლადის ფილები აღმოჩნდა. ბოლოს გავარკვიე, რომ ეს ქურდული „გრევი“ იყო, რომელიც იმ დროს ციხეში მჯდომმა კანონიერმა ქურდებმა გამომიგზავნეს. ეს წარმოუდგენელი რამ იყო, რადგან, როგორც გითხარით, ციხეს მერვე პოლკი იცავდა და იქ ბუზიც ვერ შემოფრინდებოდა.
სიკვდილმისჯილის
წერილი
როცა ბადრაგებს პატიმრები პროცესზე გაჰყავდათ, ქალებსაც და მამაკაცებსაც ერთ მანქანაში სვამდნენ. ერთ-ერთი პატიმარი ქალი, როცა საკანში დაბრუნდა, პატარა ოცკაპიკიანი შოკოლადი მომაწოდა _ სიკვდილმისჯილმა გამოგიგზავნაო. წესიერად არც შემიხედავს, ისე დავდე თაროზე, სადაც ჭურჭელი გვედო. მერე საკანში ჩხრეკა ჩატარდა, შოკოლადი, როგორც აკრძალული ნივთი, ნაგავში ჩააგდეს. მას ქაღალდი მოსძვრა და იატაკზე დავარდა. ერთ-ერთმა პატიმარმა ქაღალდი გადასაგდებად აიღო და უცებ შენიშნა, რომ ზედ რაღაც ეწერა. მაშინვე მომაწოდა. მაშინ სიკვდილმისჯილების საქმეები რუსეთში საჩივრდებოდა. შოკოლადის ქაღალდზე ეწერა: ახლა პროცესზე მივდივარ, სადაც ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება, ან დახვრეტას მომისჯიან ან სიცოცლეს მაჩუქებენო. თუ დახვრეტას სიცოცხლით შემიცვლიან, იცოდეთ, რომ ამ სიცოცხლეს თქვენ შემოგწირავთო. ამ ამბავმა სრულიად შემიცვალა კრიმინალებზე წარმოდგენა. მე სასჯელს სამშობლოს თავსუფლებისთვის ბრძოლისთვის ვიხდიდი. სიკვდილმისჯილი რომ მოგწერს, თუ გადავრჩი, ჩემს გადარჩენილ სიცოცხლეს იმ იდეას შევწირავ, რისთვისაც თქვენ ციხეში ზიხართო, წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამის წაკითხვა, ცრემლები ვერ შევიკავე.
გათხრილი გვირაბი და ღირსეული პასუხი
იზოლატორი, სადაც მე ვიჯექი, მკაცრი იყო. იქიდან არასდროს არავინ გაქცეულა. ვხედავ, შემოდის ზედამხედველი და მეუბნება, სამედიცინო ოთახში უნდა წამოგვყვეო. კანონიერი ქურდები ფულს იხდიდნენ და „რეზბალნიცაზე“ გადმოჰყავდათ. იქ გათბობის მილი გაუფართოვებიათ და მილიდან მესმის ხმა: შეიძლება, აქიდან ცოცხლები ვეღარ გახვიდეთ, ამიტომ თქვენთვის გვირაბი გავთხარეთ, რათა ციხიდან გაგიყვანოთ. დღეს ღამე მოგაკითხავენ და წამოყევითო. ამ შემოთავაზებაზე უარი განვაცხადე: აქ ისეთი საქმისთვის ვზივარ, ციხიდან გაპარვა არ შემეფერება-მეთქი. გვირაბის გამთხრელები და გაქცევის ორგანიზატორები გაიპარნენ, თუმცა ბევრი მათგანი ჩახოცეს, ორი-სამი დაიჭირეს. აქ ნიშანდობლივი ის დამოკიდებულებაა, რასაც ჩვენს მიმართ, როგორც თავისუფლების იდეისთვის მებრძოლთა მიმართ იჩენდნენ.
ლავრენტი ბერიას საკნები
სამი თვის შემდეგ კაგებეს ციხეში გადაგვიყვანეს. „პადვლებში“ ვიყავით, რასაც ბერიას საკნებს ეძახდნენ. იქ კვირაში ერთხელ ზედამხედველი პროკურორი მოდიოდა, რომელიც მეკითხებოდა, პრეტენზია ხომ არაფერი გაქვსო. ეს იმდენად სასაცილო, ცინიკური შეკითხვა იყო (მეტი რა პრეტენზია უნდა მქონოდა, ციხეში ვიყავი გამოკეტილი არაფრის გამო, არ ვიცოდი, როდის მომკლავდნენ), ამ კაცის დანახვაზე ისტერიკული სიცილი მიტყდებოდა. ახლანდელი ციხე სანატორიუმია იმასთან შედარებით, რა პირობებშიც მე ვიყავი. ზედამხედველებს პატიმრებთან კონტაქტი ეკრძალებოდათ. რომ გაჰყავდი, ერთმანეთსაც არ ელაპარაკებოდნენ. დერეფნებში სქელი ნოხები ეგო, ფეხის ხმაც რომ არავის გაეგო, პირდაპირ სამარეში იყავი. ერთადერთი შემზარავი ხმა, რაც გვესმოდა, ტელეფონის ზარი იყო. რკინის ყუთში იყო ტელეფონი, სადაც გამომძიებლისგან ირეკებოდა, თუ ვინ უნდა გაეყვანათ დაკითხვაზე. ეს დასახვრეტად გაყვანის ტოლფასი იყო. ზარის გაგონებაზე ციხეში სუნთქვა წყდებოდა _ ყველა ელოდებოდა, ზედამხედველი ვის გაიყვანდა. სხვა „კარმუშკა“ რომ გაიღებოდა, დანარჩენი პატიმრები შვებით ამოისუნთქებდნენ. აი, ასეთ პირობებში ვიყავი ორი წელი.
საკანში შეგზავნილი
შუბები და კოლბინის გადაწყვეტილება
1985 წელს მთელს საბჭოთა კავშირში პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესი დაიწყო. მაშინ რეიგანი საბჭოთა კავშირთან „გადატვირთვის პოლიტიკას“ აწარმოებდა. 1985-დან 87 წლამდე გულაგები პოლიტპატიმრებისგან დაიცალა. სწორედ ამ პერიოდში გათავისუფლდა მერაბ კოსტავაც. მოკლედ, გაგვათავისუფლეს, რასაც არ ველოდი. მანამდე კი ასეთი რამ მოხდა: ჩემი ოჯახი ეკონომიკურად საკმაოდ ძლიერი იყო _ ოთხი-ხუთი „დუბლიონკა“ მქონდა სახლში თავისი ჩექმებით, ერთი დედაჩემმა რეზო ჩხეიძეს საფრანგეთიდან ჩამოატანინა. შუა ზაფხულია, იღება საკანი და ზედამხედველს ჩემთვის სამი „დუბლიონკა“ შემოაქვს თავისი ჩექმებით. ვიფიქრე, დედაჩემი ხომ არ გაგიჟდა, რად მინდოდა ამ გაგანია სიცხეში „დუბლიონკა“-მეთქი. თურმე, შევარდნაძეს რეზო ჩხეიძისთვის უთქვამს: რუსეთის გადაწყვეტილებით, ბავშვები ციმბირში მიჰყავთო. რეზო თამრიკოზე გიჟდებოდა. მაშინვე წამომდგარა. შევარდნაძეს მიუძახებია, რას აპირებო. იმას, რასაც თქვენ გააკეთებდით, თქვენს შვილს ციმბირში რომ აგზავნიდნენო. რეზომ ჩემს მშობლებს დაურეკა და თავისთან მისვლა სთხოვა. მამა იხსენებდა, რეზოს ისეთი ტონი ჰქონდა, გვეგონა, დაგხვრიტესო. დედამ ეს ამბავი რომ გაიგო, გული წასვლია. მამას, თურმე, აღარაფერი ესმოდა, ოთახში რა ხდებოდა, მხოლოდ გუგუნი ჩამესმოდაო. რეზო ჩხეიძემ შევარდნაძეს უთხრა: „დონ კიხოტის“ გადაღებაზე ესპანეთში მივდივარ და პრესკონფერენციას პირდაპირ ტრაპზე ჩავატარებ. ვიტყვი, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ჯანსაღი არსებობა წარმუდგენელია და ქვეყანას დავტოვებო. შევარდნაძემ ურჩია, ინაურს დაელაპარაკეო. თუმცა ინაურმა ყური არ შეიბერტყა. თენდებოდა, როცა თამრიკო ჩხეიძის დედას სადარბაზოდან ტირილის ხმა მოესმა. ზედა სართულზე მოსკოვიდან დანიშნული, ცეკა-ს მეორე მდივანი კოლბინი ცხოვრობდა. თავად რეზოც ცეკა-ს ბინებში ცხოვრობდა. თურმე, კოლბინს ქალიშვილი გარდაცვლია. რეზომ მაშინვე მასთან მისვლის გადაწყვეტილება მიიღო და უთხრა: თქვენ ხართ მამა, რომელიც ახლა ყველაზე მძიმე ტკივილს განიცდის. მე კი ვარ მამა, რომელსაც დღედღეზე სახლში შვილის მოსვენებას მიპირებენ. ჩემი შვილის სიცოცხლე მაჩუქე, თუ არადა, ისიც მალე შენს შვილთან ერთად აღმოჩნდებაო. რაშია საქმეო, უკითხავს კოლბინს, _ ბავშვები ციმბირში მიჰყავთ, იქ ვერ გაძლებენ, ფაქტობრივად, მათ სიკვდილის განაჩენი გამოუტანესო. კოლბინს მაშინვე ბრეჟნევისთვის დაურეკავს. წარმოიდგინეთ, შვილმკვდარი მამა კოლბინი, რომელიც საქართველოში რუსეთის თვალი და ყური იყო, ამ დროს სხვისი შვილების გასათავისუფლებლად ბრეჟნევს ურეკავს. მისი გადაწყვეტილებით საქართველოში დაგვტოვეს. აი, ასეთი თავგადასავლები გადამხდა ციხეში. ეს, ერთი მხრივ, ჩემი ისტორიებია და მერე მხრივ, საზოგადოების, რაც ნათლად აჩვენებს, თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ხალხებს შორის. დღეს შენს ტკივილს საზოგადოება ვერ აღიქვამს. მაშინ სამშობლოსადმი დამოკიდებულებას პატივს სცემდნენ. დღეს ვიღაც ნაძირლები ქვეყანას ორ შაურად ყიდიან და ქვეყნის სიყვარულს ამას უწოდებენ.
ილია მეორეს შეგონება
სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი, მორწმუნეობის გამომჟღავნებას ყველა ერიდებოდა, ეს აკრძალული იყო. პროტესტის ნიშნად სიონის ტაძარში სიარული დავიწყე. სწორედ ამ პერიოდში აკურთხეს ილია მეორე პატრიარქად. მან ადამიანების დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ აბსოლუტურად შეცვალა. იქამდე სიონს 5-6 მრევლი ჰყავდა. ხალხმა ეკლესიაში სიარული მასიურად დაიწყო. ილია მეორეს პატრიარქობის პირველივე დღეს მოვესწარი. მას მერე, ცხოვრებას მასთან ერთად მივყვებოდი, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო.
ვინც პატრიარქის გვერდით ტაძარში გავიზარდეთ, კარგად ვიცით, რას ნიშნავს ქვეყნისთვის თავისუფლება და როგორ არის ეს რწმენასთან გადაჯაჭვული. იმ პერიოდში ტაძარში განსაკუთრებული ელიტა, თანამდებობის პირების ცოლები, განათლებული საზოგადოება დადიოდა. 70-იანი წლებიდან 90-იანების ბოლომდე, ყველას ვცნობდი, ვინც კი მორწმუნე იყო. ჩვენ ერთი სხეული ვიყავით. მახსოვს, ერთ-ერთი ქადაგების დროს, მრევლმა პატრიარქს ჰკითხა: თქვენ უფალთან დამაკავშირებელი ხიდი ხართ, მაგრამ ჩემი მეუღლისთვის, რომელიც თანამდებობის პირია და შვილებისთვის, რომლებიც კომკავშირლები არიან, ხიდი ხელმისაწვდომი არ არის, რადგან ტაძარში ვერ დადიანო. პატრიარქმა მიუგო: ღმერთი სიყვარულია. თავისუფლება ნიშნავს, რომ არავის დაემონო, გარდა შემოქმედისა, ვის წინაშეც მუხლის მოყრა შინაგანად გამაღლებს, სხვა დანარჩენის მიმართ კი, მუხლის მოყრა დაკნინებააო. აი, ამ წიაღში გავიზარდე.
დისიდენტური მოძრაობა _ რწმენის, სამშობლოსთვის ბრძოლა
დისიდენტური მოძრაობა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლა კი არა, არამედ ქვეყნის თავისუფლებისთვის, უფლისთვის, რწმენისთვის ბრძოლა იყო. დისიდენტური მოძრაობის წევრები, ყველანი მორწმუნენი იყვნენ. სხვა ქვეყნებში პირიქით, დისიდენტები ათეისტები იყვნენ. საქართველოში დისიდენტობა და მართლმადიდებლობა ერთი და იგივე იყო, რაშიც ეს მარცვალი პატრიარქმა ჩადო. ბედნიერებაა, რომ უფალმა ამ გზით მატარა. ერთხელ პატრიარქმა ქადაგებაში ასეთი რამ თქვა: თქვენ გგონიათ, თქვენი ნებით მოხვდით აქ, მაგრამ ასე არ არის, ასეთი ნება თქვენ არ გაგაჩნიათ. ტაძარში ერთადერთი გზით მოდიხარ _ უფალი გეძახის ისეთს, როგორიც ხარ, მისი დაბრკოლების უფლება არავის აქვსო. ისე დავბერდი, თავზე ზამთარშიც არ დამიფარებია, რაზეც პატრიარქს შენიშვნა არასდროს მოუცია. მასთან საკმაოდ ახლოს ვიყავი, ყველა დღესასწაულზე ერთად ვტრაპეზობდით. მოგვიანებით თავად მომინდა, ეკლესიაში თავსაბურავი დამეფარებინა. ადამიანი თავისუფალი ნების გამომხატველია. ეს ფორმალობა ფარისევლობაა და არა რწმენა. მთავარია გული, რწმენა. მთავარი შენ ხარ და არა თავსაბურავი. შეიძლება ტაძარში საერთოდ არ დადიოდე და უფალმა ისე მიგიღოს. წმინდა მამა შიო მღვიმელი რამდენიმე დღით გარდაიცვალა და იმ ქვეყნად მოხვდა, მერე კლინიკური სიკვდილიდან გამოიყვანეს და სააქაოს დაბრუნდა, დიდი ორმო _ მღვიმე გათხარა, შიგ ჩავიდა და იქ აღესრულა. კლინიკური სიკვდილიდან რომ გამოვიდა, ბერებს აღარ ელაპარაკებოდა. მამებმა სთხოვეს, გვითხარი, რატომ არ გველაპარაკები, დუმილის მიზეზი რა არისო. მან მიუგო: მე იმქვეყნად ვნახე ის, ვისაც არ ველოდი და ვერ ვნახე ის, ვისაც ველოდიო. ამით ყველაფერი ითქვა. ანუ, უფლის საიდუმლო გაცილებით სხვაა, ვიდრე ამას ჩვენი გონება სწვდება. მთავარი უფლის სიყვარულია.
სამიზნედ გამოყენებული ღვთისმშობლის ხატი
1978 წლის 14 აპრილს მთელი საქართველო ქართული ენის დასაცავად ქუჩაში გამოვიდა. წინა დღეს ტაძარში ვიყავი, როცა პატრიარქმა ქადაგებაზე თქვა: ამა ენასა შინა დამარხულ არს საიდუმლო ქვეყნისაი. ენას მოფრთხილება, თავგანწირვა სჭირდება. ის არამარტო საურთიერთობო, არამედ უდიდესი საიდუმლოს მატარებელი ენაა, ვინც მას დაიცავს, ის ქრისტესაც დაიცავსო. ეს მინიშნება იყო, რომ 14 აპრილს ყველანი ენის დასაცავად გავერთიანებულიყავით. სწორედ 14 აპრილიდან დაიწყო ჩემი არამარტო რელიგიური, არამედ პოლიტიკური გზაც. დისიდენტური მოძრაობის წევრებმა დავიწყეთ მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. თამრიკო ჩხეიძე ისტორიკოსი იყო და დავით გარეჯში გადაასახლეს, ვითომ მეცნიერმუშაკად. მარიკა ბაღდავაძეც იქ მუშაობდა, მეც ეტაპობრივად ჩავდიოდი. გარეჯის კომპლექსი ჩემთვის განუმეორებელ რამედ იქცა. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ვნახეთ, რომ ტაძარში სამხედროებს ღვთისმშობლის თვალები სამიზნეებად ჰქონდათ გამოყენებული.
დისიდენტური მოძრაობის წლებში უამრავ არაჩვეულებრივ ადამიანს დავუმეგობრდი. მოგეხსენებათ, დღეს ქვეყანაში როგორი ანტირუსული პროპაგანდა წარმოებს. იმ წლებში თუკი ვინმეს ვიხსენებ, ჩემს თავდადებულ მეგობრებად, მესაიდუმლოებად, საქართველოს მოკავშირეებად, ეს რუსი დისიდენტები იყვნენ. მათთან ერთად ჩემი ცხოვრების ურთულესი პერიოდი გავიარე, მათ შორის, ციხე, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ. წარმოიდგინეთ, მესამე კურსის სტუდენტი ციხეში რომ მოხვდები, ოჯახი რა დღეში იქნებოდა. დედა გინეკოლოგი მყავდა, მამა, გითხარით _ გეოლოგი იყო, ქალაქში სულ შვიდი საავადმყოფო იყო და აქედან ხუთის მთავარი ექიმები ჩემი ნათესავები იყვნენ. საკმაოდ ელიტური სანათესაო მყავდა, ყველა მაღალი თანამდებობის პირი იყო და ამ დროს, მე ციხეში მოვხვდი. პირველი ინფორმაციები დასავლეთში, იმის შესახებ, რომ დისიდენტები დაგვიჭირეს და დახმარება გვესაჭიროებოდა, რუსმა კოლეგებმა გაავრცელეს. მათ მთელ მსოფლიოს გააგებინეს, რომ საბჭოთა პერიოდში ყველაზე ახალგაზრდა ჯგუფი ვიყავით, რომელიც ციხეში აღმოვჩნდით. „რუსკაია მისლი“-ს ყველა დისიდენტური გამოცემა, რაც კი გამოდიოდა, ჩვენს დაპატიმრებაზე წერდა.
გენერლის მორთმეული მოხარშული დედლები
მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაპატიმრების არცერთ ეტაპზე, ციხეში თავი დამცირებულად, შეურაცხყოფილად არ მიგრძვნია. დისიდენტები პიროვნებებს კი არ ვუპირისპირდებოდით, არამედ სისტემას და მის მანკიერებებს ვავლენდით.
მილიციას და დისიდენტებს ერთმანეთთან ღირსეული დამოკიდებულება გვქონდა. სანამ თელავში გადაგვასახლებდნენ, მილიციის შენობაში ვიყავი დაკავებული. გენერალმა კვანტალიანმა ოთახში მოხარშული დედლები შემომიტანა, მაგრამ პირი არ დამიკარებია, რადგან არ ვიცოდი, სად იყვნენ ჩემი მეგობარი თანამებრძოლები და საჭმელს რა მაჭმევდა. მერე, როცა თელავში გადასახლებულები ერთად აღმოვჩნდით, ჭამის ხასიათზე მოვედი. ლუქსში დიდი სუფრა გაგვიშალეს, რომელსაც ჩიტის რძეც არ აკლდა. თამრიკომ სუფრა ვერც კი შენიშნა. მარიკა ბაღდავაძემ მას უთხრა: ნანას ერთი სული აქვს, კომუნისტების ნადავლს მიუჯდესო. თამრიკო უცებ აყვირდა, ახლავე გაიტანეთ ყველაფერიო. ისე მშიოდა, ვუჩქმიტე, გაჩუმდი-მეთქი. შენ, რა, კომუნისტების ნაყიდ პურ-მარილს შეჭამო, _ მომიგო. მე ვუთხარი: ისე მშია, კომუნისტების მოტანილს კი არა, შენ შეგჭამ-მეთქი. თამრიკომ მაინც გაატანინა ყველაფერი ოთახიდან, მახსოვს, ცრემლებით ვიტირე. ვახტანგ გვარამიამ დამამშვიდა: მაცივარი საჭმელებითაა სავსეო, მაგრამ თამრიკომ მაცივარიც გაატანინა, ლამის გავგიჟდი.
ვახტანგ გვარამია 25-მანეთიანების „პაჩკას“ მაძლევდა, რაც გინდა, იყიდეო, მაგრამ არ გამოვართვი. 20-იანი წლების კომუნისტები სულ სხვა მოვლენა იყო, მაგრამ 70-80-ის _ სხვა _ ერთმანეთის მიმართ კულტურული დამოკიდებულება გვქონდა. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი, რაც სწორად მიმაჩნდა, ისინი _ თავისას. კანონს შეგნებულად ვარღვევდი, იმის იმედით, რომ სისტემას ვარღვევდი, თან ამის შესახებ მსოფლიოს უნდა გაეგო. ციხეში დემენციაზე, კახექსიაზე კი არ ვლაპარაკობდი, კბილის ტკივილზეც კი არასდროს არაფერი მითქვამს. ბრძოლა ეს არის. სწორედ ადამიანის უფლებებისთვის, ღირებულებების დაცვისთვის ვიჯექი მე, 20 წლის სტუდენტი ციხეში.
ფესვებთან დაბრუნება
ერთი ქალიშვილი მყავს _ ანა. მეუღლე 2000 წელს გარდამეცვალა. შვილის გაზრდაში მშობლები მეხმარებოდნენ. ანა თავდაპირველად საქართველოში სწავლობდა. როცა სააკაშვილის რეპრესიები დაიწყო, გადავწყვიტე, მის წინააღმდეგ ბოლომდე მებრძოლა. ჩემი მეგობარი ამერიკაში ცხოვრობდა და მითხრა: ანას რას ერჩი, გაარიდე ამ სიტუაციასო. მართლაც არავინ იცოდა, რა მელოდა. ამიტომ დავთანხმდი და შვილი სასწავლებლად ამერიკაში გავუშვი. ანა იქ ღრმადმორწმუნე, ქართულ ოჯახს დაუკავშირდა. ოჯახის უფროსი სოსო გუბელაძე ცნობილი მათემატიკოსი, დღეს ბერია. ანას ამერიკაში სამი შვილი მართა, იოანე და ნიკოლოზი შეეძინა. ჩემი სიძეც და ქალიშვილიც აშშ-ში საკმაოდ წარმატებულნი იყვნენ. ანა მერიაში იურისტად მუშაობდა, სიძე კი ერთ-ერთ უძლიერეს საერთაშორისო, კერძო ფირმაში. სხვათა შორის, ამ ორგანიზაციიდან ცნობილი იურისტები და ეკონომისტები ივანიშვილმაც რამდენჯერმე დაიქირავა. დაახლოებით, ერთი წლის წინ, ანამ გამომიცხადა: ვგრძნობ, რომ ჩემი შვილები აქ ქართველებად ვერ გაიზრდებიანო და მიიღო გადაწყვეტილება სამშობლოში დაბრუნებულიყო, რათა ბავშვები ქართველებად გაზრდილიყვნენ. მკითხა, რა აზრის ვიყავი ამ ყველაფერზე. მეც ვუთხარი: დაბრუნდით-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ აქ არაფერი ელოდათ, არც სამსახური, უკვე ერთი წელიწადია, ჩამოსულები არიან. დღემდე ორივე უმუშევარია, მაგრამ ერთი წუთითაც არ ნანობენ, რომ დაბრუნდნენ. ახლახან, 28 აგვისტოს მარიამობას მეოთხე შვილი შეეძინათ, რომელსაც მარიამი დაარქვეს. მართა ოთხი წლის იყო, საქართველოში რომ ჩამოვიდნენ და ამერიკა დღემდე ახსოვს. ტელეფონზე როცა მირეკავს, მეკითხება: ბებო, შენთან ახლა დღეა თუ ღამეო. აინტერესებს, ამერიკაში ვარ თუ საქართველოში. ვიმეორებ, ჩემმა შვილმა და სიძემ ამერიკაში აწყობილი საქმე მიატოვეს და აქ დაბრუნდნენ, რათა შვილები ქართველებად გაზარდონ. მთავარია, როგორი ადამიანი ხარ და როგორი დამოკიდებულება გაქვს ქვეყნისადმი. მათ შეუძლიათ, არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნონ, გრანტი მიიღონ, მაგრამ, როცა იციან, რომ თანხა ღალატისთვის უნდა მისცენ, ამაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ.
თამარ შველიძე