რა გვჭირს დედამიწელებს?!

(დასაწყისი იხ. „სგ“ N31 )
ჩვენ ვიცით, რომ იესო ცად ამაღლდა, ამიტომ მის მოსვლას ციდან ველით, მის სამყოფელს ზეცაში მოვიაზრებთ, თხოვნისას ზეცას შევცქერით, მაგრამ არ ვუკვირდებით, საიდან მოვიდა. იესო არ ამბობს რომ იგი საიდანმე ჩამო-ვიდა, ის ამბობს რომ საიდანღაც გამო-ვიდა...
რაღაც აქვს კოდირებულად შემონახული ქართულ ხალხურ ზღაპრებს ზეპირსიტყვიერად, რაც ქვესკნელს წარმოაჩენს უპირატეს სამყაროდ (სადაც სულაც არ მოიხსენიება მიცვალებულთა სულები), სადაც ცოდნაა, სულიერი საგანძურია, მაგრამ რა არის ის რაღაც, ამის ახსნა ჯერ კიდევ არ ძალუძს ადამიანს...
კოსმიური ელჩები დრო და დროს ეცხადებოდნენ ადამიანებს და მცირე ულუფებით აძლევენ რაღაც ცოდნას და ამ ელჩს ღმერთის სახელი აქვს მიკუთვნებული შემდგომ უკვე ზეპირსიტყვიერებაში და ჩვენამდე მითოლოგიის სახით მოვიდა... ბოლოს მოსული კოსმიური ელჩი იესო იყო... იესოს შემდგომ აღმოცენებული დედამიწური რელიგიების შემქმნელები არსად წასულან, მიწა იყვნენ და მიწად იქცნენ...
ჰო, გამო-ვიდა იესო, მაგრამ ადრე აღმოჩნდა, მჭირდოდ დახურული კოსმიური არხები დახვდა, ვერაფერი შეგვაგნებინა და გარკვეულ დრომდე წავიდა...
ჩვენი მსგავსი კოსმიური ელჩი იესო გამოვიდა სადღაციდან და მერე ავიდა სადღაც, ანუ ის ყველგან არის!
ბგერა, ანუ ამოთქმული „შენ“ პირდაპირ კოსმოსში აგზავნი შეტყობინებას და თუ ის კოსმიური ჯაჭვისთვის მისაღებია, იერთებს, თუ აზიანებს _ უკან გიბრუნებს _ მარტივია, წყევლა მაწყევარისაა...
უბედურება იმაშია, რომ ის, რაც ბოლო კოსმიურმა ელჩმა არხების გასახსნელად დაგვიტოვა, გადაასხვაფერეს და ცრუ-სწავლებეით უარესად ჩაახშვეს...
ქართველ ქურუმთა
7 ენერგეტიკული სვეტი
ვინც კარგად მიცნობს, კარგად იცის, რომ ტყე-ღრეში სიარული, ციხე-კოშკებზე აბღოტება და გამოქვაბულებში ძრომიალი მიყვარს, შესაბამისად, ბევრი იდუმალი ადგილი მაქვს ნანახი, ზოგი _ რამდენჯერმეც კი.
წარმოდგენა არ მქონდა, მხოლოდ ახლაღა გავიგე, ისიც შემთხვევით, რომ ჯერ კიდევ მოზარდს და შემდეგ უკვე ასაკოვანს, არაერთგზის მქონია მოვლილი ქართველ ქურუმთა 7 ენერგეტიკული ადგილი. ჩემი მხრიდან უვრცელესი მოსათხრობია რის საფუძველზე უნდა დავიჯეროთ, რომ ეს ადგილები ქმნიან ერთგვარ კოსმიურ ქსელს და თითოეუელი მათგანი ამ კოსმიური ქსელის ერთგვარი ენერგეტიკული სვეტია, სადაც მიწიერი და ზეციური არხები უერთდება ერთმანეთს, ამიტომ მხოლოდ ინფორმაციულად გადმოგცემთ თეო ხაბულიანის მოკლე ჩამონათვალსა და მცირე განმარტებებს.
ქურუმები ფლობდნენ რუკას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ შვიდ უმაღლეს ვიბრაციის ადგილს აერთიანებდა. ქართველი, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, უძველესი კოლხი ქურუმები ამ შვიდ წერტილს ერთმანეთთან მედიტაციის, ბგერისა და ხილვის გზით აკავშირებდნენ და ქმნიდნენ ცოცხალ შვიდკუთხედს, რომლის ცენტრში იყო ადამიანი, როგორც მიკროსამყარო.
ვისაც პირადად ჩემი დაწერილი და გამოქვეყნებული პატარ-პატარა წერილები აქვს წაკითხული უძველესი კოლხეთის შესახებ, იქნებ ახსოვდეს კიდეც რითი დავიწყე წერილების ციკლი _ ფარაონების დნმ-ით, კოლხეთის მეფით, აიეტით, როგორც დედამიწაზე ციდან დაშვებული პირველი სამეფო ხელისუფლებით, კოლხი მედეათი და სეკატას ბაღით. ამჯერად მხოლოდ მოკლედ ვიტყვი, რომ კოლხი ქურუმები გენეტიკური ალქიმიის აქტივაციას ახდენდნენ და უგზავნიდნენ დედამიწის ბირთვს ცნობიერ რხევებს, რითიც კაცობრიობას ეხმარებოდნენ.
რედაქციაშიც არაერთი „უცნაური ადამიანი“ გვსტუმრობდა და ისედაც არაერთ „უცნაურ ადამიანთან“ მქონია კერძო საუბარი, მაგრამ, რადგან ვხედავ და დანამდვილებით ვიცი, რომ ადამიანის გონება არ არის მზად „რაღაცების“ გასაგებად, მხოლოდ ისე ვამბობ, რომ მარტივი გასაგები იყოს, თუმცა, ფაქტობრივად, ზღაპარი გამომდის. „ზღაპარი“ სიტყვა ვახსენე და თვით ეს სიტყვაც დაშიფრულია, თუმცა ზღაპარზე შემდგომ ვისაუბროთ.
ეს შვიდი ადგილია დღევანდელი: ყაზბეგი, მცხეთა, ვარძია, ხვამლი, ბეთანია, დავით გარეჯის უდაბნო და მთაწმინდა. ნუ აურევთ ერთმანეთში უძველესი კოლხეთის ქურუმებს, მათ კოსმიურ ცოდნასა და თანამედროვე სასულიერო პირებსა და ქრისტიანობას!..
ყაზბეგი _ აქ ხდებოდა სულიერი არხების გახსნა ცასა და მიწას შორის, ასევე ხედვა და წინასწრმეტყველება. მის თავზე მდებარე არხი გვირგვინის ჩაკრის აქტივაციას ახდენდა. ყაზბეგში ქურუმების მიზანი მათი პირადი მისიის გახსენება და კარმის ხილვა იყო. ქურუმები აქ გადიოდნენ პირველი სინათლის ინიციაციას, ხედავდნენ საკუთარი სულის დანიშნულებას, წარსულ სიცოცხლეებსა და იღვიძებდა კოსმიური ცოდნა. აქვე ტარდებოდა ზეციური გონის გამოღვიძების რიტუალი. ეს ენერგია ყაზბეგს დღესაც აქვს _ ადამიანებს შეუძლიათ გაიხსენონ საკუთარი თავი და აღდგეს კავშირი კოსმოსურ თვითგრძნობასთან. ყაზბეგი იდეალური ადგილია მედიტაციების, გონებრივი დამიწებისა და არნახული ხედვების გასახსნელად.
სხვათა შორის, ერთ-ერთმა „უცნაურმა ადამიანმა“ ბატონმა არჩილმა, ზეპირსიტყვიერებით გადმოცემული „უცნაური ამბები“ მომითხრო ამ ადგილის შესახებ, მაგრამ, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ მოგითხრობთ.
მცხეთა _ ეს არის გონების, ბგერისა და სიწმინდის ენერგიის ადგილი, კოსმიური ცენტრი, ტვინის ორივე ნახევარსფეროს ჰარმონია. მცხეთაში სიტყვით იქმნებოდა რეალობა. მცხეთაში ინახება წმინდა „ხმოვანი კოდები“, რომელთაც ქურუმები იყენებდნენ რეალობის ფორმირებისთვის. „სვეტი“, რომელიც ცხოველი იყო, ვერტიკალური არხია ცასა და მიწას შორის. ეს ადგილი კვლავ აერთიანებს ცნობიერ ტალღებს და სულიერების მქონენი ამ ტალღების მეშვეობით ყოველთვის გაძლიერდებიან.
„უცნაურმა ადამიანმა“, ბატონმა არჩილმა, მცხეთის შესახებაც მიამბო „უცნაური ამბები“...
ვარძია _ აქ ხდებოდა გულის ღრმა ტრანსფორმაცია და შიდა ბუნების გაღვიძება _ თვითშემეცნების შუქი სიბნელეში. ქურუმები აქ გადიოდნენ სიბნელის რიტუალებს, სადაც შიშს პირდაპირ უყურებდნენ. ქვის სიღრმეში ხდებოდა „სხეულის ჩრდილის“ გარდაქმნა. ამ ადგილზე იწრთობოდნენ ის ადამიანები, ვინც შემდგომ ქურუმები უნდა გამხდარიყვნენ.
ვარძია რჩება ადგილად, სადაც საკუთარ თავთან დაპირისპირებაა შესაძლებელი. ვარძია იდეალურია შიდა ტრანსფორმაციისთვის, შიშების გასანეიტრალებლად და წინაპართა კარმის გასაწმენდად.
ხვამლი _ უკვდავთა მთა, კარიბჭე და კოსმიური გასაღები. აქ ხდებოდა შავი და თეთრი ალქიმიის გადაკვეთა, კარმული გაწმენდა და ჩრდილისგან სიბრძნის ამოღება. მხოლოდ წინასწარ შერჩეული ქურუმები შედიოდნენ ხვამლის მთაში. მიიჩნეოდა, რომ აქედან იხსნებოდა მეხსიერება კაცობრიობის წინა ცივილიზაციებზე და ხმოვანი რეზონანსით ხდებოდა ალტერნატიულ ცნობიერებასთან გადასვლა.
ხვამლი კვლავაც უხილავი გზაა წარსულ ცივილიზაციებთან, ატლანტურ კოდებთან და გენეტიკურ გახსენებასთან. ხვამლზე სიზმრები განსაკუთრებით მძლავრია.
მაკა ჯაყელი
(გაგრძელება იქნება)