ქართული ბეჭდური მედია და რამერუმე

ქართული ბეჭდური მედია და რამერუმე

დიდი ხანია, ვაპირებდი ბეჭდური პრესის დღევანდელ მდგომარეობაზე წერილის დაწერას, მაგრამ თავი ვერ მოვაბი. არადა, საშური საქმეა, რამდენიმე წლის წინათ თუ ჯიხურები და სტელაჟები სავსე იყო ჟურნალ-გაზეთებით, დღეს საგაზეთო ჯიხურებიც კანტიკუნტად გვხვდება დიდ ქალაქებში (აღარაფერს ვამბობ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებზე) და სტელაჟებიც. მე მახსოვს და, ალბათ, თქვენც გემახსოვრებათ, ტელევიზიები დილას პრესის არა მხოლოდ მიმოხილვით იწყებდნენ, არამედ მასალებსაც იღებდნენ და დღეს იმის მიხედვით გეგმავდნენ, ანუ პრესა ადგენდა დღის პოლიტიკურ წესრიგს. მე ისიც მახსოვს, შევარდნაძის მმართველობისას მთავრობიდან გვთხოვდნენ, მიგვეწოდებინა კრიტიკული მასალები შესაბამისი სამსახურისთვის, სადაც ფაქტებს შეისწავლიდნენ, რომლებზეც რეაგირება იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის პერიოდი ნამდვილად არ იყო საუკეთესო, ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ასე თუ ისე, მაინც ექცეოდა ყურადღება და ბევრი ჩინოვნიკი ნერვიულობდა. სხვათა შორის, პრესას ძალა ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი ზვიად გამსახურდიას პერიოდში, თუ რამე კრიტიკული დაიბეჭდებოდა, ეს ნამდვილად იყო მავანთა თავის ტკივილი. კომუნისტების დროს რა ხდებოდა და რა განსაკუთრებული ძალა ჰქონდა პრესას, ეს ცალკე თემაა. გასაგებია, რომ მაშინ სხვანაირი სისტემა იყო, ზემოდან სხვანაირი დირექტივები მოდიოდა, ხშირად უცნაურიც და სასაცილოც, მაგრამ მიდგომები იყო რკინისებური. მე ის პერიოდიც გავიარე ქართულ პრესაში, ზვიად გამსახურდიას პერიოდიც, შევარდნაძის პერიოდიც, სააკაშვილის პერიოდიც და აგერ, დღესაც ვშრომობ ამ სფეროში. მე მაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ერთმანეთს შევადარო ყველა პერიოდი და გავაკეთო დასკვნა - რა იყო და რა შეგვრჩა დღეს, რას უნდა ველოდოთ მომავალში. მოდი, ვაღიაროთ, ამჟამად ქართული ბეჭდური მედია დაუძლურებულია და ეს არ არის მხოლოდ უამრავი ტელევიზიის, სოციალური ქსელებისა და ე. წ. პოდკასტების ბრალი. დღეს რომ პრესის გავრცელების სისტემა საერთოდ მოშლილია, რეგიონებში რომ შეფერხებით ან საერთოდ არ მიდის გაზეთები და გაზეთებს მიჩვეული ხალხი ნერვიულობს, ამაში ხომ ვერც ტელევიზიებს დავადანაშაულებთ და ვერც სოციალურ ქსელებს? ჩვენ ადრეც დავწერეთ, მაგალითად, უკვე კარგახანია, სიღნაღის რაიონში ჟურნალ-გაზეთები საერთოდ არ მიდის, თუ კახეთის სხვა რაიონებში თითო წერტილი მაინც არსებობს, სადაც ორიოდე გაზეთის ყიდვა შეიძლება, აქ ასეთი რამ წარსულს ჩაბარდა. 
დასაწყისში მოგახსენეთ, ამ სტატიის დაწერას ადრეც ვაპირებდი, მაგრამ თავი ვერ მოვაბი-მეთქი, მაგრამ როცა ამ დღეებში ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთ წერილს ხელახლა გადავავლე თვალი, ვიფიქრე, გადადება აღარ შეიძლებოდა. ნამდვილად არ მაქვს ილუზია, რომ ამ სტატიის გამოქვეყნებისთანავე სიტუაცია უცებ შეიცვლება და ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა ილაპარაკოს? ვიღაცამ ამ სატკივარზე ხმა ხომ უნდა ამოიღოს? ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ჩვენს გაზეთში არაერთმა ჟურნალისტმა უკვე ილაპარაკა ამ თემაზე და ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი, ან, უბრალოდ, გულის მოფხანის პროცესი. მოდი, კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ ვაჟა-ფშაველას წერილის ერთი ნაწილი, ასე უფრო კარგად დავინახავთ, რა პრობლემები აქვს დღეს ბეჭდურ ფურცლებს. როგორ, კაცო, დავიჯეროთ, ვაჟა-ფშაველას შემდეგ საქართველოში არაფერი შეცვლილა? აგერ, ვნახოთ:   
“ჩვენში მსუბუქად უცქერიან მწერლობას, თითქოს აბუჩად აგდებული ჰყავსთ, მწერლები კი უსაქმო, „საქმეგამოლეული“ ხალხი ჰგონიათ; მაგრამ თუ ამ საქმეგამოლეულმა ბეჩავმა „გაუხახუნა“ ვისმე ამის მოუბარს გაზეთში, გაგიხარიან, ის ყალყზე შედგება და ასტეხს ჰაი-ჰუის: როგორ თუ გაზეთში ჩამწერეთ, ჩემი ცუდი საქციელი გამოაქვეყნეთო! აკი არაფერია გაზეთიო? თითქოს ბრძანებდით, უსაქმურობაა მწერლობაო?..
თუ დაგწო და გიკბინა დაბეჭდილმა სიტყვამ, უსაქმურობა კი არა, საქმიანობა ყოფილა; მაშასადამე, ძალა ჰქონია, საყურადღებო რაღაც რამ ყოფილა ეს სხვადასხვა ამბებით, სხვადასხვა ფიქრით და მოსაზრებით აჭრელებული ფურცელი. დიაღ, ნუ გგონიათ, ვაჟბატონებო, რომ ჩვენ, ბეჩავს მჯღაბნავებს, საქმე გამოგვლევია და იმიტომ ვჯღაბნით, ვწერთ, ვაწყდებით ღობე-ყორეს. არა. ჩვენ იმას ვცდილობთ, ეგები სასარგებლო რამ გავაგონოთ ქვეყანას, შევმატოთ რამ მის გონებას და ზნეობასაო.
ნუთუ ეს საქმე არ არის? ნუთუ ეს საქმე თქვენს საქმეს, რომელსაც მარტო თქვენი თავი ახსოვს, ჩამოურჩება უკან? არა მგონია. ვიცი, კარგად ვიცი, ამისთანა მსჯელობა საიდამაც მომდინარეობს და სარჩულად რაც უძევს. აი რა: ერთი გლეხი მყავს მეზობლად, რომელიც ორ დღეში ერთხელ მაინც მინახულებს ხოლმე; და ვაი ჩემი ბრალი, თუ წერის დროს მომასწრო!
- შენ, სწორედ, საქმე გამოგწყვეტია, კაცო, რა სულ მაგ ქაღალდებს ჩაჰღირღიტ-ჩაჰკირკიტებ? სუ ხომ ბალღი არ იქნები. - გაათავე, მორჩი მაგ მასხარაობას. საქმე გაიგე! - მეტყვის იგი დარწმუნებით, ისე დაბეჯითებით, რომ მეც თითქოს ეჭვში შევდივარ და მართლა უსაქმურად მიმაჩნია ჩემი თავი.
- საქმე არა გგონია? შენ ესა?.. მაშ საქმეს რას ეძახი? - ვეკითხები მე.
- სადიური საქმეა, შენს გამარჯვებას, - მეუბნება ის კვლავ: ქაღალდი, მელანი და იმის საქმე! საქმეს იმას ვეძახი - მოხნას კაცმა, მომკოს, მოთიბოს, სახლს რამ შეჰმატოს, ცოლ-შვილს რამ არგოსო.
რა პასუხი უნდა მისცე ამისთანა მსჯელობის პატრონს? იმას რომ ესმოდეს მწერლობის მნიშვნელობა, ესწავლა რამ და მისმა გონებამ სწავლის გემო იცოდეს, ამას არ იტყოდა, მაგრამ რადგან არ იცის და არ ესმის, ამბობს გულწრფელად სისულელეს… ჩვენი ხალხი ჯერ კიდევ იმ მდგომარეობაშია, რომ ამისთანა მსჯელობას ნიადაგი აქვს და რას იზამ, კრიჭას ვის აუკრავ, ენას ვის დაუბამ, რად ამბობო!
მაგრამ, ნათქვამია ძველად: „ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო“.
სხვათა შორის, მეც მქონია ეგეთი შემთხვევა, ვაჟასი არ იყოს, მეზობელი მყავს სწორედ მაგნაირი, სულ იმას მეუბნება, ამდენს რომ ჯღაბნი, მეტი საქმე არ გაქვსო? ვეუბნები: ბიჯოოოოო! ეს არი ჩემი საქმე, ეს ვისწავლე, ბოლო-ბოლო, ფულს ამაში მიხდიან-მეთქი. იიიჰ, საქმე არა, ისაო. ამას წინებზე მეორე მეზობელი მოვიდა, გაზეთები მომეციო. მივეცი. იმან დაინახა, ჯღაბნა საქმე რომ არა ჰგონია, ახლა იმას მივარდა - მეტი საქმე არ გაქვსო? პასუხი მიიღო - არა, მეტი საქმე არ მაქვს, შენ პრობლემა გაქვსო? მეგობრებო, ერთია მკითხველის პრობლემა, მეორეა აწყობილი სისტემის დანგრევა და საერთოდ მოსპობა. განა გასახარია, როცა ახალგაზრდობამ, ახალმა თაობამ არც კი იცის, რა სახის პერიოდული პრესა გამოდის დღეს საქართველოში? განა საწყენი არ არის, როცა ე. წ. ტელეჟურნალისტებს წარმოდგენა საერთოდ არ აქვთ ჟურნალ-გაზეთებზე? რა თქმა უნდა, არც გასახარია და დიდად საწყენიც გახლავთ, მაგრამ ამჯერად მე სხვა პრობლემაზე ვლაპარაკობ: ეს არის გავრცელების სისტემის მოსპობა, ხალხამდე გაზეთების არმიტანა, საგაზეთო ჯიხურების გაქრობა და ასე შემდეგ. არადა, იყო ეს ყველაფერი, ასე თუ ისე, გვქონდა და როცა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა, მან ამ მხრივ ძალიან სერიოზული გეგმა დადო. სხვათა შორის, 2012-ში, არჩევნებამდე 300 ათასი დოლარი გამოუყო ბეჭდური მედიის ერთი ნაწილის მესვეურებს, რათა პრესა უკეთესად გავრცელებულიყო. “მავნებმა” წარუდგინეს რაღაც პროექტი, იქ ბევრი საინტერესო რამე ჩაწერეს, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ესეც ბლეფი აღმოჩნდა, ამ ფულის ამთვისებლებმა გამოიგონეს რაღაც სისულელეები, საბავშვო “კალიასკებით” სოლოლაკში ჟურნალ-გაზეთები აატარ-ჩამოატარეს და მორჩა, ეგ იყო წარმატებული პროექტი. ბიძინა ივანიშვილს, ასევე, ჰქონდა სხვა კარგი ჩანაფიქრიც - მაგალითად, ჟურნალისტების გადამზადება. ეს ჩვენ პირველ ეტეპზევე უარვყავით და მას იქით შევუტიეთ, თქვენი გადასამზადებელი რა გვჭირს, იქით გადაგამზადებთო. ეს ფაქტიც მოწმობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთი, ორი, სამი და შეიძლება ათი წლითაც კი წინ იყურება, მას აქვს ანალიზის გასაოცარი უნარი. ხედავთ? კაცმა 2012 წელს თქვა, ქართველ ჟურნალისტებს სჭირდებათ გადამზადებაო, საჭიროა ახალი თაობის ჟურნალისტების აღზრდაო, გარკვეულ წრეებში ეს ამბავი სიცილადაც არ ეყოთ, მაგრამ ახლა ხომ ვხედავთ, რომ ყოველივე საჭირო ყოფილა? თუ დღეს ბეჭდური მედია დასუსტებულია, საგაზეთო ბაზარი შემცირებულია, ელექტრონული მედია კატასტროფულ მდგომარეობაშია, ე. წ. ჟჟჟჟუუუუურრრრნალისტებმა, ჯერ ეროსი კიწმარიშვილის სკოლაგამოვლილებმა, ხოლო შემდეგ ამ სკოლაგამოვლილთა მოწაფეებმა არც წინადადების გამართვა იციან, არც გრამატიკის ელემენტარულ წესებს ფლობენ, არც მეტყველება უვარგათ, არც ვიზუალი და, საერთოდ, ეს არის უვიცთა ერთი დიდი ბანაკი. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ე. წ. ოპოტელევიზიებს, სადაც აღვირახსნილობა ჩვეულებრივი მოვლენაა. 
არის თუ არა ელექტრონული მედია ბეჭდური მედიის მტერი? როდესაც კინო გაჩნდა, დაიწყეს ლაპარაკი, რომ ეს იყო თეატრის გაქრობის დასაწყისი, როდესაც ტელევიზია გაჩნდა, ერთი ამბავი ატეხეს, რომ ეს იყო კინოს გაქრობის დასაწყისი. ახლაც ლაპარაკობენ, რომ ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები აუცილებლად შთანთქავენ ჟურნალ-გაზეთებს. არც ერთი არ აღმოჩნდა სიმართლე და რასაკვირველია, ვერც გაზეთებს შთანთქავს ელექტრონული მედია - თეატრს, კინოს, ტელევიზიას, გაზეთს, ყველას თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, ევროპასა და აშშ-ში, საითაც ასერიგად მივისწრაფვით, პრესას წამყვანი ადგილი უკავია როგორც სამთავრობო წრეებში, ასევე საზოგადოებაში. ასე უნდა იყოს აქაც და მე დარწმუნებული ვარ, ასე იქნება უახლოეს ხანში. როგორც ვაჟა-ფშაველა იტყოდა: “ნუ გგონიათ, ვაჟბატონებო, რომ ჩვენ, ბეჩავს მჯღაბნავებს, საქმე გამოგვლევია და იმიტომ ვჯღაბნით, ვწერთ, ვაწყდებით ღობე-ყორეს. არა. ჩვენ იმას ვცდილობთ, ეგები სასარგებლო რამ გავაგონოთ ქვეყანას, შევმატოთ რამ მის გონებას და ზნეობას”.

გელა ზედელაშვილი

(გაგრძელება იქნება)