მარტო დანიის სამეფოში კი არა, ფინეთშიც რაღაც ყარს!

მარტო დანიის სამეფოში კი არა, ფინეთშიც რაღაც ყარს!

ესღა გვაკლდა, აი! ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვინმე ელინა ვალტონენი ჩამოგვივიდა სტუმრად და ეგრევე რუსთაველზე დაერჭო. კიდევ კარგი, მტკვარში არ ისკუპა. მივიდა, 50 გამოთაყვანებულს „უთანაგრძნო“, ქართველ ხალხად შერაცხა და დაასკვნა, საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია, ხალხნოოო-ვო!
შემდეგ კი, შემდეგ რა მოხდა? პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მასთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა მოტივით: „შენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს“. 
„კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
რა თქვა ფინელმა ე. წ. პოლიტიკოსმა, რომელიც თურმე ეუთო-ს მორიგე თავმჯდომარეც კი ყოფილა: ისაო, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რათა თავიანთი შეშფოთება გააჟღერონ თავიანთ ქვეყნის რეპრესიულ მიმართულებაზეო. ის არ უთქვამს, ერთი წელიწადი რომ დაბოდიალობენ და ვეღარაფერს აჟღერებენ. ან ადრე რას აჟღერებდნენ? ავი ენები ამბობენ, ფინელი ქალი ევროკავშირიდან გამოაგზავნეს, რათა აკაცუკებს მუხტი აუწიოსო. როდის იყო, დამჯდარ აკუმულატორს მუხტი ეწეოდა? ელინამ ეგრევე გამოაცხო ცრუ განცხადება, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მე გავაუქმე, დროში ვეღარ ჩავეტიე, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მეჩქარებოდაო. ჩავიდა ილჰამ ალიევთან, რომელიც 22 წელიწადია, პრეზიდენტია (მანამდე მამამისი იყო) და ქებით ძირი გააგდებინა - აი, ნამდვილი დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაო. გაიგონეთ? თურმე აზერბაიჯანში ძაან დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ყოფილა. არა, ქალო, არა, უკუღმაა მაი ამბავი, უკუღმა!
ბოლოს მაინც არ გაიტეხა იხტიბარი ფინელმა ე. წ. დიპლომატმა, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, რომ ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და თავისუფლებათა პრინციპები იქნას დაცულიო. ახლა ამან ძალიან იცის, ქართველი ხალხი რას იმსახურებს. რაღა დაგიმალოთ და, კობახიძისა არ იყოს, ვერც მე ვიტან არამკითხე მოამბეებს. 

გელა ზედელაშვილი