ეგრე, რაააააა!
„ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს და ძალაში ყაველაშვილის ხელმოწერის შემდეგ უკვე შევიდა. კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარმდგენის მოთხოვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირს აუკრძალოს პარტიის შექმნა, წევრობა, პარტიული თანამდებობის დაკავება, არჩევნებში მონაწილეობა და ასე შემდეგ. აბა, როგორია? „ნაციონალები“ დარბიან და ამტკიცებენ, იდეებს აქედან ვერ ამოშლითო. ცხოვრებაში ყველაფერი მინახავს, რის ნახვაც შესაძლებელი იყო, მაგრამ ეგეთი დუპლეტური პარტია და მისი გამოთაყვანებული წევრებისნაირები არასდროს მინახავს. ჯერ იყო, საპარლამენტო მანდატებზე თქვეს უარი, მერე საარჩევნო ნომერი დაკარგეს, ადგილობრივ არჩევნებზეც უარი თქვეს, ბოლოს კი იმდენი იწვალეს, საერთოდ უქმდებიან. კი იქნება ცოტა ხანს კრიახი შინ და გარეთ, მისტერ უილსონის კარზე და ფოტიგას სამსახურის მიმდებარედ, მაგრამ ყველაფერი ჩაცხრება, როცა ყველა თავისას დამსახურებულად მიიღებს.
კიდევ ერთი საკანონმდებლო სიახლე: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შემდეგი ქმედებისთვის: სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის შემთხვევაში, თუ განზრახ შექმნის დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის, მოაწყობს დროებით კონსტრუქციას, თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. ამ მუხლის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით; თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია პატიმრობას 20 დღემდე ვადით. 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა წესდება, თუ აქციის მონაწილეები იქონიებენ ცეცხლსასროლ იარაღს, ფეთქებად, ადვილაალებად, რადიოაქტიურ ნივთიერებას, ცივი იარაღს ან პიროტექნიკურ ნაწარმს; იქონიებენ ისეთ საგანს ან ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნას შეკრების, მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით.
ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსშიც: ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება:
სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა; იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის დაისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით; არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი – დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით; ორგანიზატორის მიერ ჩადენილი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია – დაისჯება ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. პოლიციის დაუმორჩილებლობა, შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.
ამ კანონმა უკვე იმუშავა, რუსთაველზე გამოსულმა აკაცუკებმა ნება იბოძეს, პოლიციელების მითითებებს დაემორჩილნენ და გზა ვეღარ გადაკეტეს, სამიოდე ათეულმა გზააბნეულმა ტროტუარზე გადაინაცვლა. მათ უკვე დაეტყოთ კანონის გამკაცრება და თქვენ წარმოიდგინეთ, ბალეტის მოცეკვავეებს დაემსგავსნენ.
გელა ზედელაშვილი


