ამ წერილის დამწერს ვერც ქოცობას დასწამებთ და ვერც მოსყიდულობას. ის არც მეტი და არც ნაკლები _ ექვთიმე თაყაიშვილია!
„ჩემი აზრი პირველ სხდომაზე მოგახსენეთ, ახლა განვმარტავ. ისტორიულად საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია მუდამ ევროპისკენ იყო.
IX საუკუნიდან, რაც რომ ბაგრატიონები გამეფდენ ჩვენში, საქართველოს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ბიზანტიასთან. პირველი ბაგრატიონები ბიზანტიის კარის კაცის ხარისხებს ატარებდენ.
როცა მონგოლებმა დაიპყრეს საქართველო ევროპაში ყველაზე ძლიერნი რომის პაპები იყვნენ, საქართველო მათ მიმართ კავშირისა და დახმარებისკენ იღწვოდა. როცა ოსმალებმა კონსტანტინოპოლი დაიპყრეს და პირდაპირ გზა დასავლეთისკენ მიეპყრო საქართველოს, იგი შეეცადა ჩრდილოეთის მხრით გაება ძაფი დასავლეთ ევროპისაკენ; ამ დროს იქ ესპანეთის მეფე იყო ძლიერი და საქართველო ფერდინანდ კათოლიკს სთხოვდა დახმარებას;
როცა ლუდოვიკ XIV დროს საფრანგეთმა დაიჭირა პირველი ადგილი, საქართველომ მასთან დესპანი გაგზავნა და დახმარება სთხოვა მაჰმადიანების წინააღმდეგ. მაგრამ ევროპა შორს იყო. გზა შეკრული გვქონდა ოსმალების მიერ და კავშირის გაბმა შეუძლებელი შეიქმნა.
ამ დროს რუსეთის სახელმწიფომ დაიწყო ზრდა; პეტრე დიდიდან დაწყებული რუსეთმაც ევროპისკენ აქცია პირი. შევიწროებულ საქართველოს ან რუსეთის ან ოსმალეთის ან სპარსეთი უნდა აერჩია.
ერეკლე მეფემ ეს საკითხი რუსეთის პროტექტორატის მიღებით გადასჭრა; ესეც ევროპის ორიენტაცია იყო, მაგრამ არა პირდაპირ. სხვა გამოსავალი არ იყო და დროსა და ობიექტურ პირობების მიხედვით გადასჭრა ეს საკითხი საქართველომ.
რუსეთმა მართლა მოგვიტანა სარგებლობა, დაგვიფარა ოსმალეთისა, სპარსეთისა და ლეკებისაგან, გააერთიანა საქართველოს სამეფოები და სამთავროები, მოსპო ფეოდალიზმი და ბატონყმობა, შემოგვიერთა ნაწილი სამაჰმადიანო საქართველოში და ასე თუ ისე შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში ნაწილები ევროპის განათლების, მაგრამ ამასთანავე იგი დაადგა ერის დენაციონალიზაციის გზას, მოინდომა ჩვენი გარუსება, სკოლის, ჯარის, სასამართლოს მოსპობა და ბოლოს კოლონიზაცია.
ამის წინააღმდეგ მთელი შეგნებული ნაწილი ჩვენი ერის, ჯერ თავადაზნაურობა და სამღვდელოება, მერე ინტელიგენცია და მისი საშუალებით მთელი ერი, მოწინავე წრეებში დაიწყო სეპარატიული მიმართულება, რომელიც ამყარებდა იმედებს დასავლეთ ევროპაზე და მის დახმარებაზე, ნამეტნავად ინგლისზე, რადგან ინგლისის ინტერესებს შეადგენდა კავკასიის რუსეთს მოცილება.
რუსეთი პოლიტიკურ წესწყობილებაზე იყო აგებული. სხვადასხვა ერებს აქ ტლანქი ძალა და რასაკვირველია, როდესაც ეს ძალა მსოფლიო ომმა მოშალა, რუსეთი თავისუფლად დაინგრა, მასში ანარქია გამეფდა ბოლშევიკების სახით.
საქართველომ ადვილად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაგრამ ყველასათვის აშკარა იყო, რომ რომელიმე ევროპის ძლიერ და გამაგრებულ სახელმწიფოს უნდა დავყრდნობოდით და ასეც მოხდა: სანამ გერმანია იყო გამარჯვებული, მას ვენდობოდით, როცა ანტანტამ გაიმარჯვა და ჩვენში თავის ჯარი შემოიყვანა, ანტანტის სახელმწიფოთა შორის ვეძებდით მფარველს.
მოსალოდნელი იყო, რომ ინგლისი დაინტერესდებოდა ჩვენით და ერთხელ შემოსული ამიერკავკასიაში, აღარ გავიდოდა., ჩვენ მფარველობას გაგივიწევდა, პროტექტორი გაგვიხდებოდა.
იქნებ ჩვენ ჩვენის გამოუცდელობით, ჩვენის უუნარობით ვერ შევძელით მათთან დაახლოვება, ასეთ ბრალს, სხვათა შორის ბევრი აწერს ჩვენს მთავრობას, მაგრამ მე არა ერთხელ მსმენია ჩვენი პოლიტიკის მეთაურიდან რომ მათ არა ერთხელ შეეცადენ ინგლისთან დაახლოებას, მათ მფარველობის მოპოებას, მაგრამ ვერას გახდენ, პასუხი ვერ მიიღეს.
ბოლოს თქვენ იცით, დე ჯურე ცნობის შემდეგ ინგლისმა ხელი გაუხსნა ბოლშევიკებს და ჩვენ შემოგვასია. ინგლისის მეტოქეობით ცოტა ოდენი დახმარება საფრანგეთმა აღმოგვიჩინა, განძეულობა მაინც გადმოგვიზიდა საფრანგეთში და მათი დახმარებით ვიმყოფებით დღეს აქ. მაგრამ როცა საქმე ჯეროვან დახმარებაზე მიდგა, არამც თუ ჯარი, ფულით და იარაღით დახმარებაზე უარი გვითხრა, ინგლისმა ლაპარაკი არ მოისურვა ჩვენთან, მან მის მიერ ხელმოწერილი ცნობაც უარჰყო, ჩვენს ელჩს - მინისტრს და მთავრობის თავმჯდომარეს პოლიტიკურ ვიზიტზედაც უარი უთხრა.
გერმანიის ამბავი თქვენც მოგეხსენებათ, პირველად დიდის ამბით მათ გვიცნეს, ახლა კი ბოლშევიკური საქართველო იცნო და ჩვენი საელჩო დახურა ბერლინში. ეს ჩაიდინა სოციალისტურმა მთავრობამ ბერლინში, რომელზედაც ზოგიერთები იმედებს ამყარებდენ.
თვით ჩვენმა თავმჯდომარემ მოგახსენათ თქვენ, - გაგვყიდა არა გერმანიის ბურჟუაზიამ, არამედ სოციალისტებმაო. იტალიაც ხომ ბოლშევიკებს დაუახლოვდა და პირდაპირ აღიარა - ჩვენ დახმარება არ შეგვიძლიაო.
ამას დაერთო თათრების გამარჯვება. ისინი ჯერ კიდევ საბოლოოდ არ გამაგრებულან სტამბულში, ჯერ კიდევ ანტანტა არის იქ და კერძო მოლაპარაკების დროს გვაცნობს, რომ ჩვენი ოფიციალური დაწესებულებანი იქ უნდა მოშალოთ, რომ ჩვენთვის ჯერ ისინი რუსებს ვერ მოიმდურებენ. ზოგიერთები თათრებზე ამყარებენ იმედებს. ბატონი ჯუღელი მათკენ იხრება, მაგრამ ჩვენ მისგან მოვისმინეთ გულახდილი სიტყვები თუ რა ევოლიუცია განიცადა მან, რომ ის ბოლშევიკი იყო და ნოე ჟორდანიამ იხსნა იგი ამ განსაცდელისაგან შეცდომისაგან. მე არ გამიკვირდება, შემცდარი ორიენტაცია ჰქონდეს.
ისტორიამ მაგალითი არ იცის, რომ ოსმალეთის რაიმე სიკეთე მოეყენებინოს სხვა ერისადმი, რაიმე ვალდებული უნარი გამოეჩინოს ან თავისთვის ან სხვისთვის. ოსმალებმა მიიყვანეს საქართველო სიკვდილამდის, ნახევარი ქვეყანა, უმჯობესი და უკულტურესი წაგვართვეს, მაგალითად გაამაჰმადიანეს და გააველურეს, ყოველი ეროვნული შემეცნება აღმოუფხრეს, ჩვენს დროს ხომ ვერაგულად არტაანი და ბათომის ოლქი მოგვტაცეს, თუ ახლა კიდევ ფეხი შემოდგეს, უსათუოდ ბათომს, ახალციხის და ახალქალაქის მაზრას წაიღებენ, აზერბაიჯანი, მთა და ბორჩალოს მაზრა მას შეუერთეს, ნახევრად მაჰმადიანი აფხაზეთი სულ გაამაჰმადიანეს.
როგორ გინდათ ამ პირობებში საქართველომ თავი შეინახოს?
მე არც რუსი მინდა და არც ოსმალეთი. ერთიც და მეორეც ჩვენი დამღუპველია.
მე ვარ და ვიქნები ყოველთვის ევროპის ორიენტაციის.
ჯერ სულ იმედი არ არის დაკარგული. შეიძლება ლოზანის კონფერენციამ ისეთი სიტუაცია შეჰქმნას, რომ ინგლისმა ან საფრანგეთმა გვიშველოს, მაგრამ თუ ევროპამ ზურგი შეგვაქცია და დაგვიდგა საკითხი არჩევისა რუსეთსა და ოსმალეთს შორის, ამ დროისთვის ჩვენ გამზადებული უნდა ვიყოთ, ნიადაგი ყველგან მოსინჯული უნდა გვქონდეს. ოსმალეთთან გვაქვს მოლაპარაკება, არ უნდა უარვყოთ ბოლშევიკებთანაც ლაპარაკი.
ჩვენ გვეუბნებიან - ეს დაშნაკების პოლიტიკა იქნებაო, მაგრამ თქვენც ხომ ისეთივე რევოლიუციონერები იყავით რუსეთში, როგორც დაშნაკელები ოსმალეთში?
აქ გვეუბნებიან - არაფერი გამოვაო. მეც მგონია, რომ არაფერი გამოვა, მაგრამ ცდა ხომ ბედის მონახევრეა, ესეც მორალი იქნება ჩვენთვის, რომ არაფერი გამოვიდა, მერე ვერავინ გვისაყვედურებს, რომ ჩვენ ნიადაგი არ მოვსინჯეთ;
სულ სხვა საკითხია, როდის და რა საშვალებით ველაპარაკოთ, ეს ტაქტიკის საქმეა და არა პრინციპის. რასაკვირველია, აქ მთავრობის სახელით პირველათ ლაპარაკი არ იქმნება. შუა კაცები თავისთავად გამართავენ ლაპარაკს და თუ ნიადაგი მომზადდება და ისინი ჯარის გაყვანაზე დათანხმდებიან, - ეს ხომ აუცილებელი პირობა უნდა იყოს, - მხოლოდ შემდეგ გამოჩნდება მთავრობა.
ამიტომ მე პრინციპიალურად მხარს ვუჭერ მთავრობის თავმჯდომარის წინადადებას და თანახმა ვარ ნიადაგის მოსინჯვისა ბოლშევიკებთან შესაფერი ტაქტიკის დაცვით.
ექვთიმე თაყაიშვილი
1922 წელი


