იურიდიული რჩევები

იურიდიული რჩევები

თქვენს შეკითხვებს პასუხობს საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი ლევან ჭიღლაძე
— რა წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს?
— რეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში:
საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც  განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ  ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით  გათვალისწინებული  გამოქვითვების თანხებს შორის. ხოლო საქართველოში არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით საქმიანობის განმახორციელებელი არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში.
საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებულ, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათ- ვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
— როგორია საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი:
— როგორც წესი, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით.
თუმცა განაკვეთი განსხვავებულია სხვა შემთხვევებში, მაგალითად:
საცხოვრებელი ფართობის გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება. ასევე, 5 პროცენტით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
— რა ტიპის შემოპსავალი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას?
— მაგალითად, მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია; საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება; საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა და სხვა.
— რა შემთხვევაში არ შეიძლება განქორწინება?
— ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს, ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.
 — ვალდებული ვარ თუ არა, განქორწინებისთვის მივმართო სასამართლოს?
— განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.
განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს, გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
— შეუძლიათ თუ არა განქორწინებულ მეუღლეებს ხელახლა დაქორწინება?
— სამოქალაქო კოდექსის 1136-ე მუხლის თანახმად, განქორ- წინებულ მეუღლეებს უფლება აქვთ, ხელახლა დაქორწინდნენ.