„დიდმა ბიჭებმა“ ფეხი აიდგეს, ანუ რუსული გამბიტი

ამბავი იმდენად სერიოზულია, მაგრამ მოცემულობაა ისეთი, ვცდილობ, ფრიად სერიოზულად ჩამოვაგვირისტო, თუმცა საოხუნჯოდ გამირბის ფიქრიც და თითებიც,
„საერთო გაზეთი“ საზაფხულო არდადეგებზე მცირე ხნით ისვენებდა, მაგრამ ტრამპი, პუტინი, ფრაუ ვანდერლენდის კანტორა და ძია სი ვინმეს მოასვენებენ?
კარგი, „დიდი ბიჭები“ – გასაგებია, საუბრობენ და ერთმანეთს უსმენენ, ფრაუ ურსულა ვანდერლენდი სადღა ეკვეხება მას შემდეგ, რაც ძია სიმ თვითმფრინავის ტრაპთან წითელი ხალიჩა და ლიმუზინი კი არა, მიკროავტობუსი დაახვედრა? თეთრი სახლის მოსაცდელში ყურყუტის შემდეგ, ტრამპმა სულ ვანდერლენდი უძახა, რაც მარტივად ასე იკითხება შენ ვინღა ჩემი ფეხები ხარ, რატომ უნდა ვიცოდე, ფაიზერგეითოო?
მე ისიც ვერ გავიგე, რაღაც ორგანიზაციების დიასახლის-მამასახლისები რატომ უნდა გადიოდნენ უმაღლეს რანგში, მაგრამ ჯანდაბას, მათი თავი, რას თამაშობენ თვითონ იციან და ეთამაშონ ერთმანეთს...
მოკლედ, ალიასკაზე პუტინისა და ტრამპის შეხვედრა შედგა, მაგრამ მონატრებული შეყვარებულებივით განმარტოებულებმა რის შესახებ ილაპარაკეს და რას აწყობენ, მგონი მხოლოდ პუტინის ამალამ იცის, შესაბამისად, ისეთი საინფორმაციო დუმილია, რომ თვით ფაქტმა, ვერაფრით ჩაიარა _ უბრალოდ, „დიდმა ანალიტიკოსებმაც“ კი არ იციან რა თქვან და პუტინის ჩინეთში ჩაფრენასღა ელოდებიან, ეგებ გამოვძვრეთ ამ უხერხული მდგომარეობიდანო.
მე არ მენაღვლება! _ ისეთი დაუფასებელი „ანალიტიკოსი“ ვარ, ტყვიას ტყვიაში ვაჯენ, ერთადერთი დაფიქსირებული ფაქტი რომ არის, ნუ, ამჯერად „მეგობარ“ თურქეთში _ არ დამიჯერებთ და ნუ დამიჯერებთ, ეს არ ქმნის პრობლემას...
ნამდვილად „რაღაცნაირი“ ამბავი დააგდეს, ერთ მხარეს პირდაპირ მთქმელი პუტინია, მეორე მხარეს _ მედღეხვალიე ტრამპი და ორივე დუმს, მხოლოდ „ავტომობილმა“ იცის, განმარტოებულებმა რა ილაპარაკეს ერთმანეთში...
ტრამპმა პროტოკოლი დაარღვია. ასეთი მაღალი რანგის შეხვედრის დროს წინასწარ ათანხმებენ რა და როგორ წარიმართება. პროტოკოლის დარღვევით, პირველი, რაც მოხდა, ეს იყო ჩადილლაც ნე-ში პუტინის მიპატიჟება _ 10 წუთი ილაპარაკეს თარჯიმანისა და საერთოდ, ყველას გარეშე. აქედან გამომდინარე, მინიშნებითაც კი ვერავის გამოაქვს საუბრის შინაარსი, ვარაუდებიც ვერ „დაცვივდა“, წონიანი ანალიტიკოსები ანალიზებში შერცხვენას გაურბიან.
საქმე იმან კიდევ უფრო გაართულა, რომ შეხვედრა სამი საათი მიმდინარეობდა და ჯგუფურ შეხვედრაზეც უარი თქვეს. მოდი და იმკითხავე ახლა, რის შესახებ ისაუბრებდნენ და რა დაგეგმეს მედღეხვალიე ვაჭარმა და „კაგებეშნიკმა“.
ტრამპი იყო მასპინძელი და პირველი ის უნდა გამოსულიყო მოლაპარაკების შემდეგ. პირველი გამოვიდა პუტინი და ილაპარაკა 8 წუთი. შემდეგ გამოვიდა ტრამპი და ილაპარაკა 3 წუთი. პროტოკოლით, ორივე პრეზიდენტი ათ წუთში უნდა ჩატეულიყო 5-5 წუთი. ტრამპმა შეგნებულად გააკეთა ეს, თავისი დროც პუტინს დაუთმო, ათქმევინა ის, რისი თქმაც უნდოდა. მოკლედ, ტრამპმა პროტოკოლი ამ შემთხვევაშიც დაარღვია.
ეს კი არა, ბაიდენისა არ იყოს, ტრამპსაც რაღაც დოკუმენტებიც დარჩენია შეხვედრის ადგილზე (როგორც ამერიკული მედია წერს) და, როცა გახმაურდა ამის შესახებ, მყისიერად ითქვა, რომ სერიოზული არაფერი იყო, პროტოკოლის ფურცლები იყო მხოლოდო. კარგი, ბაიდენი სხვა სამყაროსთან კონტაქტობდა და ასეთი „წვრილმანებისთვის“ არ ეცალა, მაგრამ ტრამპს რატომ დარჩა, ბაიდენის გზას ადგას თუ განგებ დატოვა? მთავარი ის არის, რომ პრეზიდენტს არაფერი არ უნდა რჩებოდეს, მითუმეტეს, დოკუმენტაცია...
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონის შეფასებით, „ტრამპი არ დამარცხებულა, მაგრამ პუტინმა აშკარად მოიგო“. (სხვათაშორის, ეს ის ბოლტონია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამტროდ რომ „ეცალა“ და ახლახანს, „ეფ-ბი-აიმ“ საიდუმლო დოკუმენტების ამოღების მიზნით მისი სახლში გაჩხრიკა.)
აშშ და რუსეთი სუპერსახელმწიფოები არიან. ეს ორი ქვეყანა მსოფლიოში არსებული ბირთვული არსენალის 87%-ს ფლობს, რუსეთი 45%, აშშ _ 42%. ეს იმას ნიშნავს, რომ ესენი არიან გლობალურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები. ბირთვული არსენალის გარდა, ეს ორი ქვეყანა მრავალ სხვა მიმართულებაშია მსოფლიოს ლიდერი ან ერთ-ერთი ლიდერი, ასე რომ, ძალიან ბევრ შიგევროპელ „პოლიტიკოს“-ფანტაზიორს ჩაუფლავდა ფანტაზიები, რომ ალიასკაში პუტინს ბორკილებს დაადებდნენ და ჰააგის ტრიბუნალს გადასცემდნენ _ მცირე ხანს ისღა დარჩათ საკვნესად, წითელი ხალიჩა რატომ გაუფინეს პუტინსო და ესეც მალევე გაუხუნდათ. ორგანიზაცია „ევროკავშირის“ დიასახლისს ურსულა ფონ დერ ლაიენს როგორც დახვდნენ ჩინეთში, იმაზე უარესად წარმოედგინათ ალბათ ალიასკაზე პუტინის დახვედრაც. კაცი საერთაშორისო დონეზე იყო გარიყული, ეს რა ქნა ტრამპმაო, _ „ბი-ბი-სიც“ კი ბორგავდა. ეტყობა, ამიტომაც დაათხლიშა, ჟურნალისტები კი არ უნდა ჯილდოვდებოდნენ, უნდა გაყაროოო, _ ნუ, „დემოკრატიულად“ ასე ითქმის...
სიმართლე რომ ვთქვა, ვინაიდან უკრაინამ თავადვე გადაიწყვიტა ბედი, ნაკლებად მაინტერესებს აშშ-რუსეთ-ევროპის ვაჭრობის ამბები, ჩვენკენ თუ იტყვიან რამეს, ის უფრო მაინტერესებს. როგორც დავინახე, სამი საათის პერიოდში, პუტინმა „შახი და მატი“ ერთად ჩაუსვა მთელ დასავლეთს. მისმა ერთმა გაღიმებამ დაასამარა თურქეთის ოცნებები!
ზანგეზურის კორიდორი არასდროს იქნება! _ ასეთია პუტინის გადაწყვეტილება!..
ტრამპი ნერვიულად ათამაშებდა კალამს, რა მოხდება, თუ ვინმე ამ იდეას ჩაშლისო და მხოლოდ გაიღიმა პუტინმა. მისმა ამ ერთმა ღიმილმა თქვა, რომ ეს საკითხი „მოკვდა“. როგორც ჩანს, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის ორბიტას დაუბრუნდებიან, მაგრამ კედელ-კედელ...
ორი „დიდი ბიჭი“ ისე დაშორდა ერთმანეთს, ჟურნალისტებმა პრეზიდენტების თვითმფრინავების კუდებსღა მოჰკრეს თვალი, ტყუილად წუხდნენ ჟურნალისტებისთვის მოწყობილ გეტოებში ქვასავით მაგარი შეზლონგებია და ეშმაკმა იცის, შუქი თუ ქრებაო...
რა დასკვნა გამოიტანა მსოფლიომ, ამ შეხვედრების ცქერით არ ვიცი, მაგრამ მე კი დავასკვენი, რომ ტერმინმა „ბებერი ევროპა“, თავიანთივე შექმნილი ერთობის ორგანიზაცია „ევროკავშირით“ ისე გააფარჩაკა, რომ მსაზღვრელი მიიერთა და ახლა „პოლიტიკური მეძავი _ ბებერი ევროპა“ ჰქვია, რომელიც ისეთი უზნეო პოლიტიკური არარაობა გახდა, რომ არაფრის გადაწყვეტის შნო და ძალა არ აქვს. გაფრცქვნილ მანდარინში მანდარინის ერთი ლებანი რომ ამოაკლო და მის ნაცვლად ნივრის კბილი ჩადო, ეგ ვარიანტია _ ვეტევი, ჩემი ადგილი აქ არის, მეც მანდარინი ვარო...
სხვათაშორის, გონიერმა ევროპელებმა წამოიწყეს მათშივე აღმოცენებული ამ ორგანიზაციის დროშის დაწვა და, როგორ მაინტერესებს, მათ ვინც საქართველოში ორგანიზაცია ევროკავშირის დროშის დაწვის გამო პასუხი რამენაირი ფორმით მოთხოვეს რომელიმე ქართველს, ახლა მაინც რცხვენია იმდენად, რომ საკუთარი გადაწყვეტილების მიღების გამო სინანული ღიად გამოხატოს? _ ეს უკვე ლირიკაა…
ილაპარაკა ორმა „დიდმა ბიჭმა“ და მიუხურეს კარი მათზე ჩამოკიდებულ ყველა პოლიტპაცანას და მერე, ძალიან რომ არ ეჟივჟივათ, ტრამპმა ჯერ „შედარებით კოსტუმიანი“ ზელენსკი „დააფასა“ და შემდეგ, მოსაცდელში მომლოდინე „ევროსასტავი“. იფიქრა დიდმა შოუმენმა, ახლა ამათ რა ბნედა დავცე იმის სანაცვლოდ, რომ ჩემი სურვილის წინააღმდეგ მესტუმრნენ, მომაცდინესო და დაახეთქა, ახლა მე პუტინს დავურეკავ და მოვახსენებ ჩვენი შეხვედრის შინაარსის შესახებო. მეტი რაღა ქნას ტრამპმა _ ეტიკეტს შეძლებისდაგვარად იცავს, თორემ თუ წამოუარა, ეგებ „რუსსკი კარაბლზე“ გამგზავრებაც გამოსტყუონ...
„ევროპელებთან“ შეხვედრის დროს ტრამპმა რომ ფინეთის პრეზიდენტი მოიკითხა, სად ხარ პატივცემულოო და იმან საიდანღაც გამოსძახა, აქ ვარო _ ნეტავ, რამდენმა გაიფიქრა, რატომ დაეძებს ასე გამორჩეულადო?
ფინეთის ბოლო ასწლეულის ისტორიას, რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსეთთან, მოკლედ ვიტყვი _ ფინეთი რუსეთთან მამაცური გაჯიუტების და საბოლოო შედეგის სამაგალითო ქვეყნაა. სწორედ ამიტომ, სიმბოლურად იყო მიწვეული, რათა უკრაინისა და „უკრაინის მეგობრებისთვის“ ხილულ „ნიმუშად“ და ერთგვარ ნართაულად მჯდარიყო.
ფინეთმა 1944 წელს რუსეთან ომი მძიმე დათმობებით დაასრულა _ მიწა დაკარგა, პრეზიდენტი დააპატიმრეს, რეპარაციები გადაიხადა, მაგრამ სანაცვლოდ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა და სსრკ-ის გვერდზე სიცოცხლისთვის უსაფრთხო გზა იპოვა _ არც ნატო-ში შევიდა და არც სსრკ-ში. დასავლეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას ინარჩუნებდა და საგარეო პოლიტიკაში სსრკ-ს არ ეწინააღმდეგებოდა. ფინეთმა, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ფაქტობრივად, ნეიტრალიტეტში გაატარა. მოკლედ, მულო შენ გეუბნები, რძალო, შენ გაიგონეო, _ ასეთი ამბავი გამოაწყო ტრამპმა ფინეთის ლიდერზე ხაზგასმით.
ვიღაც „შიგევროპელმა“ ქალმა სოციალურ ქსელში დაწერა, სანამ ტრამპი ასე სამარცხვინოდ იქცევა, რუსთაველზე აშშ-ის დროშები დროებით აღარ ვაფრიალოთო _ მოდი და, ნუ გაგეცინება...
ახლა სხვა მხრიდან შევხედოთ მოცემულობას _ ევროპა, როგორც პოლიტიკური და გეოგრაფიული სუბიექტი, ვერსად გაქრება. აშშ-ს და არა მხოლოდ აშშ-ს, შეუძლია სწრაფი და რადიკალური გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ევროპა უპიროვნო და დეცენტრალიზებული სისტემაა. თვით დიდ ბრიტანეთშიც კი, სადაც პრემიერი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რეალურად, პოლიტიკაში ისე ღრმად აქვს ფესვები გადგმული ადგილობრივ ელიტებსა და ინსტიტუტებს, რომ ისინი განსაზღვრავენ პოლიტიკას.
კონტინენტურ ევროპაში უფრო რთულად არის საქმე, რადგან „ძლიერი ეროვნული“ ლიდერების პარალელურად არსებობს ყოვლისმომცველი ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც საკუთარი ლოგიკით ხშირად ალოგიკურად მოქმედებს. ასეთ მოცემულობაში გამორიცხულია ტრამპის მსგავსად, ორი უმაღლესი პირი შეხვდეს ერთმანეთს და დახურულ კარს მიღმა ერთი ხელის მოსმით გადაწყვიტონ რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი. როდესაც ერთ ევროპაში ამდენი მონაწილეა, ყველა მათგანთან შეთანხმება ერთად ან ცალცალკე წარმოუდგენელი ბიუროკრატიული პროცედურები და ხანგრძლივი სავაჭრო ლაყბობაა.
როდესაც ხელისგულზე იდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დიპლომატია ნულზე აქვს, საურთიერთობო ენა გამოსავლს ვეღარ ხედავს და საქმეში ხელები, ანუ იარაღის ენა ერთვება. ამას კარგად იაზრებენ იმ ევროპაში და ამიტომ ცდილობენ უკრაინის ომის გახანგრძლივებს და კავკასიის ჩათრევასაც, ასე ფიქრობენ რუსეთთან ომის არიდებას, რაც კვლავ იმას აჩვენებს, რომ გაერთიანებული ევროპის ლოგიკა ნულს ქვემოთაა...
მოკლედ, სანამ შეშინებული ევროპა იმას არ მიხვდება, რომ ომს მშვიდობა სჯობს, ხოლო თუ ძალიან გააჩმახებენ, მიიღებენ ერთ-ორ „დამამშვიდებელ ალიყურს“ მანამდე, რაგინდ ტრამპი და კეცალკოატლი ჩაერიონ, ამ პროქსი ომის დასრულება შეუძლებელია.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე იმთავითვე ეჭვით ვუყურებ ტრამპის პუტინისადმი დამოკიდებულებას _ აშკარაა, რომ ტრამპს პუტინი მოსწონს, მაგრამ ვერ ამიხსნია, მართლა მოსწონს თუ იძულებულია მოსწონდეს. ეპშტეინი რომელ წლებში „მოღვაწეობდა“ ვენაში, ის კი დავადგინე, მაგრამ პუტინის სად იყო დრეზდენის რეზიდენტურამდე, ანუ 1985 წლამდე, ან მისი წინამორბედი ვინ იყო დრეზდენში, რას გავიგებ...
მოკლედ, აშკარაა, რომ ტრამპს რუსეთთან მეგობრობა ურჩევნია, რასაც ზოგადი სახელი „მშვიდობა“ ჰქვია. მისი ცალყბა გამონათქვამებივე რუსეთის მიმართ, სანქციები, ულტიმატუმები და ცალკეული ფრაზები, მისივე გასაქარწყლებელი ხდება, რასაც, სულაც არ ნაღვლობს _ ხან იმას ვიშვიშებს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ბაიდენის ომია, მე მხოლოდ იმიტომ ვერთვები, მაინტერესებს, შემიძლია თუ არა მისი შეჩერებაო; ხან ამბობს, რუსეთი ძალიან დიდი ძალაა, მასზე სანქციები არ მოქმედებს, უაზრობააო. მთლიანობაში, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მხოლოდ ვალს იხდის, აი, ყველაფერი ვცადეო...
ჯერ კიდევ როდის, მილიტარისტული რეიხის კანცლერი ვილჰელმი ამბობდა: მძულს სლავები! ვიცი, რომ სიძულვილი არ შეიძლება, მაგრამ რა მოვუხერხო საკუთარ თავს _ ასეთი დამოკიდებულება მაქვსო. თავისთავად გამექცა ფიქრი წარსულისკენ და აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ კანცლერი ვილჰელმი კი არა, ყველა ეპოქაში ასეთი იყო სრულიად ევროპის განწყობაა ყველას მიმართ, ქედმაღლური, ამპარტავნული, რასაც კოლონიალური პოლიტიკაც ერთვოდა...
სენატორ რობერტ ტეფტის სიტყვაც გამახსენდა, რომელიც მან 1949 წლის 26 ივლისს თქვა ნატო-ს გაფართობასთან დაკავშირებით: „თუ ჩვენ შევეცდებით, რომ რუსეთის გარშემო ყველა ქვეყანა შევაიარაღოთ (ნორვეგიიდან დაწყებული თურქეთის ჩათვლით) და რუსეთი დაინახავს, რომ შეიარაღებული ქვეყნებით არის გარშემორტყმული, მას, შესაძლოა, რომ განსახვავბული შეხედულება გაუჩნდეს და იფიქროს, რომ დასავლეთ ევროპის შეიარაღება, მიუხედავად ამჟამინდელი მიზნისა, რყსეთზე თავდასხმას ემსახურება. შედეგად, შეიძლება, გადაწყვიტოს, რომ თუ ომი გარდაუვალია, სჯობს ახლა დაიწყოს ვიდრე მას შემდეგ, რაც ევროპა სრულად შეიარაღდება. როგორ ვიგრძნობდით თავს, თუ რუსეთი შეეცდებოდა, რომ შეიარაღება მიეწოდებინა ჩვენს საზღვართან მდებარე ქვეყნისთვის, მაგალითად, მექსიკისთვის?“
კიდევ ბევრი რამ გამახსენდა, მათ შორის ისიც, რომ ჯერ კიდევ მაისში ითქვა, ამა წლის სექტემბერში, ჩინეთში, მილიტარისტული იაპონიის დამარცხების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას პუტინიც დაესწრებაო;
2025 წლის დეკემბერში, ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდის მიწვევით, პუტინი ინდოეთსაც ესტუმრებაო, ასე თქვა სერგეი შოიგუსთან შეხვედრის დროს პრემიერის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აჯით დოვალმაო...
მოკლედ, „დიდმა ბიჭებმა“ ფეხი აიდგეს და ისღა დარჩათ, ხელგადახვეულებმა მსოფლიო შემოიარონ, ჩვენ კი, ვიჯდეთ პირდაღებულები და ბუზები ვითვალოთ იმის შიშით, რომ თუ რუსეთს დაველაპარაკებით, ტვინგარღვეული უსამშობლოები „რუსეთუმეებს“ დაგვიძახებენ და ძალიან შეგვრცხება...
პ.ს. ამ გახსენებაზე _ ალიასკაზე ჩასულ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, მაისურზე რატომ ეწერა აღარარსებული „სსრკ“, მე რატომღა ავხსნა, როცა მსოფლიომ ახსნა _ ვისაც გაგება არ უნდა, მაინც არ გაიგებს!
კარგი, ბატონო, მშვიდობისმოყვარე „ქართული ოცნება“ რომ ხარ და დაგიჩემებია, არ მივცემ რუსეთს ომის დაწყების მეზეზსო, არც რუსეთი დაგეხვესხმევა თავს, მაგრამ მაშინ, ველოდოთ, როდის წაგვიკითხავს ლექსს თურქულ ენაზე ერდოღანი ადიგენისა და ასპინძის რაიონებში, რაც ძალიან გვეწყინება „ისტორიული მეგობრისგან“...
ასპინძის ომის გამეორების თავი რომ არ გვაქვს „შიგევროპულად“?
დიდი ეჭვი მაქვს, „პატარას“ დაჩაგვრა „ეწყინება“ დიდ რუსეთს და სულაც არ შერცხვება თურქეთს რომ გამოენთოს... მერე?
მაია ჭელიძე