ნანა კაკაბაძე: საშიშროება ფარდის უკან იმალება

ნანა კაკაბაძე: საშიშროება ფარდის უკან იმალება

გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე:

_ ქალბატონო ნანა, რამდენიმე დღის წინ პრემიერი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა. როგორ შეაფასებთ მის გამოსვლას? 
_ პრემიერის ანგარიში იყო ყოვლისმომცველი, ის საქართველოში გარედან მომდინარე საფრთხეებსა და მშვიდობის მნიშვნელობასაც ეძღვნებოდა. თუმცა, რა პოლიტიკა უნდა გატარდეს ქვეყანაში, რომ ამ საფრთხისგან თავი დავიცვათ, ამაზე საუბარი, მოხსენებაში, ნაკლებად იყო. ზოგადად, მივეჩვიეთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან იმის მოსმენას, რომ ქვეყნის პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევა ხდება. ჩნდება კითხვა: როგორ უნდა მოხდეს არსებული პრობლემის დაძლევა და რეალური სუვერენიტეტის მიღწევა. როგორც ვხედავთ, ხელისუფლების მიერ, უცხო ძალების მხილება, გარე ჩარევების შესამცირებლად, საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, მისი შეცვლის მიზნით, გარედან დაკვეთები დაიწყო, რათა ძალაუფლება ხელში ჩავარდნოდა ისეთ ძალას, რომელიც არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესებს მოემსახურებოდა. ამ პერიოდისთვის ლიბერალურ დასავლეთს აქ უკვე ჰყავდა საკუთარი დაკვეთების შემსრულებელთა დიდი არმია, რომლის შემადგენლობაში დღემდე არიან, როგორც ოპოზიცია, ისე სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი და მართვადი მედია. 
შექმნილი ვითარება, ხელისუფლებას კარნახობს ისეთი მოკავშირეები მოიძიოს, რომელთა ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, თანხვედრაში იქნება. სწორედ ასეთი კავშირები შეიძლება იქცეს, საქართველოს დაცულობის ერთ-ერთ მექანიზმად. პრემიერის ხედვა ამ მიმართულებით, მოხსენებაში არ იყო ასახული. 
_ ვისთან განიხილავთ კონტაქტების გაღრმავებას პრობლემის აღმოსაფხვრელად?
_ უპირველესად, ეს ძლიერ სახელმწიფოებთან ურთიერთობებში უნდა ვეძიოთ, როგორებიცაა აშშ, რუსეთი, ჩინეთი. ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ერთპოლუსიან სამყაროში. საქართველომ ამ ქვეყნების მიმართ კონკრეტული პოლიტიკა უნდა აწარმოოს, რომელიც ნეოლიბერალურ ფაშიზმს ძლიერად დაუპირისპირდება. ლიბერალურ დასავლეთზე რეალურ ზემოქმედებას მხოლოდ ალტერნატიული ხედვების მქონე სახელმწიფოებთან, სწორი პოლიტიკის წარმოებით შევძლებთ. 
მხოლოდ იმაზე პედალირებამ, რომ რუსეთი ოკუპანტია, როგორც ვხედავთ, სასურველი შედეგი ვერ მოგვიტანა. კი ბატონო, რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ უნდა ხდებოდეს იმის გააზრებაც, რომ ჩვენ კიდევ უფრო დიდი ოკუპაციის საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ. დღეს ოკუპირებულ 20%-ზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, მაგრამ ახლა ფაშისტურ-ლიბერალური დასავლეთი დარჩენილი 80%-ის პოლიტიკურ ოკუპაციას ესწრაფვის. ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალიწინებელია. ლიბერალური დასავლეთი გვეუბნება,- თუ ჩვენთან გინდათ, ჩვენი რეკომენდაციები უნდა შეასრულოთო. სინამდვილეში ეს რეკომენდაციები კი არა, პირდაპირი დირექტივები, სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ჩარევებია. ამ ფონზე ვართ კი სუვერენული ქვეყანა, როცა ჩვენს პოლიტიკაში გარედან უხეშად ერევიან?! როდესაც გაიძულებენ დაპატიმრებული კრიმინალების გაშვებას მხოლოდ მათი პოლიტიკური კუთვნილების გამო, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს კანონებს ან გაუქმებინებენ, ან მის მიღებას გიკრძალავენ და იძულებულს გხდიან დიქტატს დაემორჩილო. ეს მდგომარეობა ქვეყნის სუვერენიტეტს აღარ ნიშნავს. საზოგადოებას ღიად უნდა ვუთხრათ: ფაშისტურ-ლიბერალური დასავლეთი ქვეყნის 80%-ის სრული ოკუპაციისთვის ემზადება, რაც ჩვენი სწორი პოლიტიკით უნდა შევაჩეროთ. აი ამ მიმართულების ხედვები, მინდოდა პრემიერისგან მომესმინა. თუმცა, რაზეც მან ისაუბრა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი. 
კარს მომდგარი ახლი მსოფლიო წესრიგი, ახალი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას გვკარნახობს! მხოლოდ იმაზე საუბარი, თუ როგორ ლახავენ ჩვენს სუვერენიტეტს, დასავლელი “დემოკრატები” აღარ კმარა. ხელისუფალმა, ხალხს უნდა აუხსნას, როგორ აპირებს ქვეყნის დაცვას და რა გზით მიიღწევა რეალური დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ჩემი აზრით, სანამ არ გავთავისუფლდებით დღემდე არსებული, თავსმოხვეული რიტორიკისგან,- რუსეთი ოკუპანტია და არ დაველაპარაკებით, ჩინეთი კომუნისტური გადმონაშთია და მასთან არაფერი გვესაქმებაო, მანამდე მიზანს ვერ მივაღწევთ. საქართველოს მთელი ისტორია, რწმენისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეწირეს თავი თანამედროვე ისტორიაშიც უამრავმა ქართველმა, შედეგად რა მივიღეთ?- მოტყუება!!! დამოუკიდებლებად გვაღიარეს მათ, ვინც მალევე ჩვენი ქვეყნის დამორჩილება, დამონება დაიწყო.
დღევანდელი გადასახედიდან ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებების ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში ვიღაცების ნება-სურვილით ხდებოდა და არა ქართველი ხალხის, რასაც შედეგად ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია და გადატრიალებები მოჰქონდა. ლიბერალური დასავლეთი გვაბულინგებს - მათ ხელთ არსებული მედია საშუალებებით ცდილობენ, საზოგადოებას ტვინები გამოურეცხონ, თითქოს, ჩვენი დამოუკიდებლობა, „დემოკრატიის უკუსვლა“ ადარდებთ და ამ დროს, ჩვენით მანიპულირებენ და ამ გზით ქვეყნის დამონებას ცდილობენ. სანამ თითოეული მოქალაქე არ გააცნობიერებს, რომ საქმე ისე არ არის, როგორც ფაშისტურ-ლიბერალური დასავლეთი გვეუბნება, არამედ, რეალურად ყველაფერი სულ სხვანაირადაა, იქამდე არაფერი გვეშველება. დიახ, ერთს გვეუბნებიან, მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ. ამას სანამ არ გავიაზრებთ, მანამდე ვიქნებით მოჩანჩალე ქვეყანა. 
ისინი ვინც დღეს საკუთარ თავს ოპოზიციას ეძახიან, სინამდვილეში ყალბი პირები არიან. ოპოზიცია განსხვავებული აზრის ქონას ნიშნავს და არა ქვეყნის ღალატს. ჯანსაღი ოპოზიცია ნიშნავს, ხელისუფლების ოპონირებას, იმ საქმის კეთებას, რომელიც საზოგადოების საუკეთესო ინტერესებშია. ეს ე.წ. ოპოზიცია, კი ემსახურება საკუთარ და მათი პატრონების ბინძურ გეგმებს. ისინი, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, საკუთარ კეთილდღეობას იწყობენ და არ აღელვებთ ხალხის და ჩვენი ქვეყნის არც აწმყო და არც მომავალი. 
ვიცი, როგორც კი ივანიშვილს დადებით კონტექსტში ახსენებ, მაშინვე იწყება მითქმა-მოთქმა, ბიძინას ჯიბეზეა მიკერებულიო, მაგრამ სათქმელს მაინც ვიტყვი,- რომ არა ივანიშვილი, არავინ იცის, დღეს საქართველო რა ფორმით იარსებებდა. ჩვენ, ალბათ, ამ ინტერვიუსაც ვერ ჩავწერდით, რადგან სივრცე არ მოიძებნებოდა, სადაც დამოუკიდებელი აზრის გაჟღერება იქნებოდა შესაძლებელი. სააკაშვილმა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლობა, გაანადგურა. ლიბერალურ დასავლეთს და ჩვენს ქვეყანაში მყოფ მათ აგენტებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას მათ უნდა განუსაზღვრონ, რომელ ქვეყანასთან ჰქონდეს საქართველოს დიპლომატიური, სავაჭრო თუ სხვაგვარი ურთიერთობა, ვინაიდან ჩვენს მიერ არჩეულ ხელისუფლებას მათი აზრით ამის უფლება არა აქვს. ჩვენი ქვეყნისადმი ეს და მსგავსი დამამცირებელი მიდგომები უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ორიენტირები და არა სხვა ქვეყანამ. ეს ორიენტირები და ჩვენი ქვეყნის ინტერესები კი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მსოფლიოსთან, სუპერსახელმწიფოებთან მეტ ურთიერთობებშია. ჩვენ გვჭირდება მუდმივი დიალოგი და საჭირო კომუნიკაციის დამყარება ევროპასთანაც და სხვა ქვეყნებთანაც. ანუ, მათთან ვინც მსოფლიოში პოლიტიკურ ამინდს ქმნის, საჭიროა დიპლომატიური, პოლიტიკური ურთიერთობები. დიალოგი ყველასთან უნდა გვქონდეს. აუცილებელია კონტაქტი და დიალოგი რუსეთთანაც, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. 
_ ქალბატონო ნანა, ოკუპაციას, რაზეც ახლა თქვენ ისაუბრეთ, ჩვენი შიდა მტრებიც უწყობენ ხელს. ნაწილი დამწკრივდა და ციხისკენ მარშით გაემართა, ნაწილი კი ისევ რევოლუციის გზით ხელისუფლების დამხობას გვიანონსებს. როგორ აფასებთ, ამ პროცესს? 
_ ყველაზე საშიში ის კი არ არის, რაც ზედაპირზე დევს, არამედ ის, რაც ფარდის უკან იმალება. ლიბერალურმა დასავლეთმა ისევე, როგორც ქართულმა საზოგადოებამ მშვენივრად იცის, რომ ოპოზიცია გარდაიცვალა. მათზე ლიბერალურმა დასავლეთმაც კი ხელი აიღო. რადიკალებს უჭერენ მხარს და საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ჩამნაცვლებელი ძალა ჯერ არ შეუქმნიათ. დიახ, ეს გარდაცვლილი გვამები, ჯერ ცოცხალი სხეულებით არ ჩაუნაცვლებიათ. თორემ, ლიბერალურმა დასავლეთმა ზუსტად იცის, რომ ეს ოპოზიცია საყრდენად ვეღარ გამოდგება. 
_ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, კვლავ სააკაშვილის გათავისუფლება მოგვთხოვეს.
_ რაც შეეხება სააკაშვილს, დამიჯერეთ, მასზე მისმა დასავლელმა პატრონებმა ჯერ კიდევ 2008 წლის ომის მერე დაიბანეს ხელები, როცა მიშამ რუსეთთან სამდღიან ომში სამარცხვინო მარცხი განიცადა. სააკაშვილის როგორც პოლიტიკური ფიგურის გაფეტიშება, სწორედ მაშინ დასრულდა. საფრთხე შემდეგშია: ლიბერალურ-ფაშისტური დასავლეთი არ შესუსტებულა, ისევ ძლიერია. არ გამოვრიცხავ, საქართველოში უკვე დაწყებული იყოს ალტერნატიული ძალის შექმნა, რომლებიც ამ გვამებს ჩაანაცვლებენ, რასაც სერიოზული ყურადღების მიქცევა სჭირდება. სწორედ ამის გამოხატულებაა ის, რომ გვამების ჩანაცვლება ისეთი ფიგურებით სცადეს, როგორებიცაა: კვირიკაშვილი, გახარია, ზურაბიშვილი, მარგველაშვილი. ანუ, იმ პირებით, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ იყვნენ აფილირებულნი.დიახ, მცდელობა იყო, თუმცა მათ ეს როლი ვერ მოირგეს და ე.წ. ოპოზიციის მასაში აითქვიფნენ, მასთან გაიგივდნენ. წყალწაღებულმა გვამებმა ახალ ძალებს როლის მორგების საშუალება არ მისცეს. თუმცა გამორიცხული არაა, ლიბერალურმა დასავლეთმა ახალი ვარიანტი ისევ გაათამაშოს. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და პროცესებს მუდმივად ვაანალიზებდეთ, რაც ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია.

თამარ შველიძე