ელიზბარ ჯაველიძე: ბეწვის ხიდი თუ ჩაგვიტყდა, საქართველო აღარ იარსებებს
გვესაუბრება მწერალი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე:
_ ბატონო ელიზბარ, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ათი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. რა მოლოდინი გაქვთ?
_ ზოგადად, პარტიებისადმი ჩემი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია, თავის დროზე კომუნისტურ პარტიაში შესვლას მთხოვდნენ, მაგრამ უარი ვთქვი. ჩემთვის მთავარი შემდეგია: ორად გაყოფილი ქართველებიდან, ერთნი სამშობლოს მოყვარულეები არიან, მეორენი კი _ მოძულეები და მტრები. ზოგისთვისაც სამშობლოს სიყვარული პირობითი ცნებაა _ ვითომ ქვეყნისთვის თავს დებს და ამ დროს პირადი „მე“-ს წინ წამოწევით არის დაკავებული. ეს ათი პარტია, რომელთა აკრძალვის მოთხოვნით პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, სინამდვილეში ერთია და ნაცებთან ერთად მის განშტოებებს წარმოადგენს. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, თავის დროზე პარლამენტმა საქართველოში ადამიანების წამების ფაქტებზე იმსჯელა და შესაბამისი დოკუმენტები სასამართლოს გადაეცა, რომელმაც ამ ფაქტების უტყუარობა დაადასტურა. შედეგად, დაიდო დასკვნა: ვინც ადამიანების წამებაში, მკვლელობებში ეჭვმიტანილი იყო, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობა უნდა აკრძალვოდა. დიახ, ამ თემაზე პარლამენტში სპეციალური კომისია მუშაობდა _ ვინც ადამიანების წამებაში მონაწილეობდა და ვისაც საქართველო სძულდა, მათ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკურ სივრცეში გამოჩენა უნდა აკრძალვოდათ. თუმცა მაშინ დასავლეთმა შეგვაჩერა.
დრობითმა საგამოძიებო კომისიამ თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით, საპარლამენტო დასკვნა დადო. უამრავი დაზარალებული გამოიკითხა, მთელმა ერმა მოისმინა ის შეულამაზებელი სიმართლე, შემზარავი ისტორიები, რასაც ეს ჯალათები სჩადიოდნენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ნაცებს და მის განშტოებებს არამხოლოდ პოლიტიკური მოღვაწეობა ან პარლამენტში შესვლა უნდა აეკრძალოთ, არამედ ამ ქვეყანაში ცხოვრებაც.
ახალგაზრდებს შეხედეთ, რა დღეში არიან, რა სიტყვები ამოსდით პირიდან ან რა ქცევები აქვთ. ვფიქრობ, მათი გაკეთილშობილება, გამოსწორება შეუძლებელია. როგორ უნდა გამოასწორო ადამიანები, რომლებიც „ილიაუნში“ და ალასანიას უნივერსიტეტში სწავლობენ, სადაც ახალგაზრდობა ფსიქოლოგიურად გადააგვარეს. მათ იქ განათლებას კი არ აძლევენ, არამედ სულს, გონებას უწამლავენ. მათი აზროვნება სულ სხვა გზით მიდის. ქუჩაში გამოფენილან და გაჰყვირიან: წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენო, ხელისუფლებას კი რუსეთისკენ სვლას აბრალებენ. საინტერესოა, თავად რომელ ევროპაში შედიან?! რა იციან ევროპის შესახებ? წაკითხული მაინც თუ აქვთ, ნამდვილი, შუა საუკუნეების ევროპის ლიტერატურა: ჰეგელი, დანტე... წარმოდგენა თუ აქვთ, რას ნიშნავს ქრისტიანული აზროვნება. რას ჰგავს დღევანდელი ევროპა?! ბოდიშს გიხდით, მაგრამ ევროპა ახლა პედოფილების, პედარასტების, ტრანსგენდერების თავშესაფარია. ევროპელი ადამიანი გადაგვარდა.
დავუბრუნდეთ ნაცების გასამართლებას. მათი დასჯა დროულია. ხომ ხედავთ, 17 ოქტომბერს გზის გადაკეტვის შესახებ კანონი შევიდა ძალაში, მაგრამ ესენი არაფერს ეპუებიან და ჯიქურ ისევ გზას კეტავენ. ვიმეორებ, მათი გამოსწორება შეუძლებელია.. ვემხრობი ხელისუფლებას, რომ პარტია „ნაცმოძრაობა“ აიკრძალოს, აღარ არსებობდეს. ლომაიამ განათლების სისტემა მოსპო. ამ კაცმა განათლება, მეცნიერება შეგნებულად დაანგრია. სააკაშვილზე აღარაფერს ვამბობ _ თემურ ლენგი, მონღოლები არ ყოფილან საქართველოს ისეთი მტრები, როგორიც სააკაშვილია. ბოლოს თემურ ლენგიც კი შეგვეშვა, აი, სააკაშვილი კი არა და არ გვეშვება. დედამისმა გიული ალასანიამ ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ ლარად იყიდა! საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რაც სავსებით მართებულად მიმაჩნია.
სწორედ მსგავს უნივერსიტეტებს აფინანსებდა „ფონდი ღია საზოგადოება _ საქართველო“, იგივე სოროსის ფონდი. „ილიაუნი“ პირწავარდნილი სოროსის ჭაობია. მათ რომ ჰკითხო, ბავშვებს აზროვნებას ასწავლიან. ეს ნჯო-ები საქართველოს მტრები არიან და სასწრაფოდ უნდა აილაგმონ. „სოროსი“ თავად ამერიკის პრეზიდენტმა გამოაცხადა მტრად და აკრძალა. ეროვნული მოძრაობის პერიოდში „სოროსი“ კიდეც დავმარხეთ, მაგრამ მაინც არსებობს. ახლა, ვითომ დემოკრატიაა ის, რასაც ეს ნჯო-ები, მედია აკეთებენ. დემოკრატობანას თამაში ძალიან საზიანოა. ეს დემოკრატია კი არა, მათი გათამამებაა. ბედავენ და გაიძახიან: ჩვენი უფლებები, თავისუფლება იზღუდებაო. რამდენი დღეა, რუსთაველის გამზირზე დალაყუნობენ. მე რუსთაველზე გავიზარდე. ეს ისტორიული ქუჩაა, სადაც გალაკტიონი, გამსახურდია და სხვა დიდი მოღვაწენი დადიოდნენ და სადაც ქართული აზროვნება ჩამოყალიბდა. ესენი რა აზროვნებას აყალიბებენ?! დაუჩემებიათ, ევროპულ გზას გვიკეტავენო და ამ დროს ერთი კლასიკოსი არ აქვთ წაკითხული. წიგნის რა მოგახსენოთ, გაზეთსაც არ კითხულობენ.
_ ზემოხსენებულ ერთ ლარად შესყიდულ უნივერსიტეტებს შავი ფულის გასათეთრებლად იყენებდნენ...
_ დიახ, და რას ასწავლიან იქ სტუდენტებს? _ ტრენინგებს უტარებენ და აჯერებენ, რომ ტერორიზმს ყოველთვის ნეგატიური კონტექსტი არ აქვს. ახალგაზრდებს პირდაპირ ეუბნებიან: პატრიოტი თუ ხარ, ტერორისტი უნდა იყოო. მთელი უბედურება ის არის, რომ საქართველოში 45 კერძო უნივერსიტეტია, სადაც ბავშვებს არაფერს ასწავლიან, უბრალოდ, ფულის მახეა. იქ მხოლოდ სიძულვილს ასწავლიან და ფულის კეთებაზე არიან გადასულები. განათლების სისტემას მიხედვა სჭირდება. პრემიერმა მასშტაბური რეფორმა წარადგინა, რომელშიც შვიდი საკითხია შესული. რამდენიმე პუნქტს მეც ვეთანხმები.
განათლების სისტემა გამართული ვერ იქნება, თუ ის ეროვნულ საფუძვლებს არ დაეყრდნობა. თავის დროზე მეც ვიყავი განათლების მინისტრი და ვიცი, მომავალი თაობა როგორ უნდა აღიზარდოს _ უპირველესად, ბავშვები ქართველებად, კაცებად უნდა გაზარდო. ლომაიამ კი რა გააკეთა? _ ყოველივე ეროვნული, ქართული, ტრადიციული მოსპო, რადგან მას ასეთი დავალება ჰქონდა, რის შესრულებაშიც ფულს აკეთებდა. ამ გათახსირებულმა და მისმა მეთაურმა სააკაშვილმა უნივერსიტეტები მოსპეს, ლექტორებს, პროფესორებს ჩარეცხილები უწოდეს. სააკაშვილი ამბობდა: ბებრები უნდა მოვიშოროთო, მაგრამ ივანიშვილმა ამის განხორციელებაში ხელი შეუშალა.
ყველა უნივერსიტეტი დასახურია _ არც „ილიაუნი“ უნდა არსებობდეს და არც ერთ ლარად ნაყიდი ალასანიას უნივერსიტეტი. დედაუნივერსიტეტიდან მთელი პროფესურა გააძევეს, კაბინეტები მოშალეს, მოსპეს, 24 კათედრიდან 12 დატოვეს. იმ უმძიმეს დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი როინ მეტრეველმა გადაარჩინა. ახლა მეტად საჭიროებს გადარჩენას, ვიდრე მაშინ. მადლობა ღმერთს, ტექნიკურ უნივერსიტეტში დავით გურგენიძემ ეროვნული სული გააღვიძა. ახლა ითქვა: პროფესორებს 10 ათასი ლარი ხელფასი უნდა დავუნიშნოთო. და ვინ არიან დღეს გამოჩეკილი პროფესორები? _ ვითომ დისერტაციებს იცავენ, ამ დროს კი ჩემი სტუდენტების მიერ დაცული სადიპლომოები გაცილებით მაღალი დონის იყო, ვიდრე მათი სადოქტოროებია. სამწუხაროდ, აი, ასეთი ადამიანები ხდებიან პროფესორები.
ჩემი აზრით, სახელმწიფო, ტექნიკურ და სამედიცინო უნივერსიტეტებს საკუთარი ფინანსები უნდა ჰქონდეთ, რითაც სასწავლო პროცესს წარმართავენ. მაგალითად, როცა მე ვსწავლობდი, სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიაც გვქონდა. ახლანდელი სტუდენტები არ სწავლობენ და არც ლექტორები საყვედურობენ ამის გამო, რადგან, თუ მათ გარიცხავენ, უფულოდ დარჩებიან და სასწავლებელიც დაიხურება. ეს პრობლემა მისახედია.
ტენდენცია, რასაც ეს უსამშობლოები განათლების თუ სხვა სფეროში ნერგავდნენ, ამერიკიდან მოდის. ავიღოთ თუნდაც „ფერადი რევოლუციები“, რაც ნიშნავდა, რომ საქართველო ჩვენთან არსებულმა საელჩოებმა უნდა მართონ. დიახ, სამყარო დასავლეთის ქვეყნების საელჩოებმა უნდა განაგონ. ჩემს წიგნში „ვაჰ მე, ჩემო მამულო!“ აღვწერე, რა ჯოჯოხეთი ტრიალებს ამერიკაში, რისი გადმოტანაც ჩვენთან სურთ. ეს ადრე შეფარვით კეთდებოდა, ახლა ღიად გვიტევენ. აი, ამაშია საქმე.
_ რამ გაამწარა ასე დასავლეთი?
_ პასუხი მარტივია _ იმან, რომ ამ პატარა ერმა ღირსების, ტრადიციების, ფასეულობების დათმობაზე უარი განაცხადა. ეს ელჩები რასაც აკეთებენ, გაუგონარი რამ არის. ხელისუფლება დასავლეთის შემოტევებს მედგრად უძლებს. „დიფ სთეითი“ იგივე მასონები არიან. თავიდან ყველაფერს 27 ადამიანი განაგებდა, მერე გამრავლდნენ. ამერიკელებს დღესაც იგივე სურთ _ მსოფლიო მართონ.
_ ბატონო ელიზბარ, ზემოთ იმ სტუდენტებზე, ვინც უკვე 300-დღეზე მეტია, ქუჩაში დარბის, თქვით, მათი გამოსწორება შეუძლებელიაო. ასე ცუდად არის საქმე, გამოსავალი არ არსებობს?
_ კი ბატონო, მათი გამოსწორება არ შეიძლება. ისინი სნეულები არიან და სერიოზულ მკურნალობას საჭიროებენ, რათა „ექიმმა“ დაარწმუნოს, რომ დედა, ზოგადად, მშობლები უნდა უყვარდეთ, მათზე მეტად კი _ სამშობლო. ახალგაზრდებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩემი სტუდენტები ძალიან მიყვარდა, მათაც ვუყვარდი. როცა მე გარკვეულ მიზეზთა გამო უნივერისტეტიდან გამაძევეს, სტუდენტებმა ეს გააპროტესტეს. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ მათ სამშობლოს სიყვარულს ვუნერგავდი. მთელი ჩემი ცხოვრება ეს მიზანი მაქვს _ სამშობლოს არ გაუჭირდეს და ქართველი აქ თავს კარგად გრძნობდეს.
„ქართულ ოცნებას“ სწორედ იმიტომ ვუჭერ მხარს, რომ ის ილიას უმთავრეს ტრიადას _ „მამული, ენა, სარწმუნოება“ _ იცავს, რითაც საქართველოს გადარჩენა შეიძლება. ქართველები დღეს, ამ დრომდე სწორედ ამ ტრიადის დაცვამ მოგვიყვანა. ჩვენს წინაპრებს რწმენაც ჰქონდათ და სამშობლოს სიყვარულიც. ქართველი გლეხი როცა მუშაობდა, იქვე თოფი ეკიდა, რათა მომხდური მტერი მოეგერიებინა. ახლა რთულ პერიოდს გავდივართ _ ბეწვის ხიდზე ვდგავართ, რომლის ჩანგრევაც საქართველოს მოსპობას ნიშნავს.
თამარ შველიძე

