საკონსტიტუციო სარჩელი და ევროპული აღშფოთება-შეშფოთება
საქართველოში იმდენად უინტერესოდ ვითარდება მოვლენები, რომ, როგორც „ჟამთააღმწერელს“, არაფრის „აღწერა“ არ მხიბლავს, მით უფრო, რომ დაბალი სიცხე მაქვს და მაჟრიალებს. თუ თითებს მაინც არ მოვასვენებდი, ისევ მადურო-პუტინი-ტრამპი-სი ძინპინის ამბების გარჩევა მიჯობდა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილმა ასაკრძალი პარტიების სარჩელმა მიმიზიდა და ევროპის აღშფოთება-შეშფოთება-ბრძანებამ, არ აკრძალოთ ჩვენი მონების პარტიებიო. მესმის, ძნელია აწყობილი სისტემის _ „ხელი ხელს ბანს, ორივე ერთად პირს“ _ ჩამოშლა, მაგრამ უკვე დიდი გოგო-ბიჭები არიან და რაღაცებთან შეგუება უნდა შეძლონ.
შუაგულ ევროპაში ევროკავშირის წევრმა გერმანიამ თუ აკრძალა პარტია, ასევე, საფრანგეთმა, რუმინეთმა და ახლა, სავარაუდოდ, სხვებიც მიჰყვებიან, ჩვენ რას ამოგვიჩემეს? კი ვიცი, რატომაც ამოგვიჩემეს _ მათ დაკრულზე ცალ ფეხზე რომ აღარ ცეკვავს საქართველო, მაგრამ საკითხი სხვანაირად დგას. იქ რომ აკრძალეს და კიდევ აკრძალავენ, იმ პარტიებს რა ასაკრძალი დანაშაული აქვთ, ნეტავ, ჩადენილი საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე ისეთი, რაც ჩვენთან საქართველოს იმ ხელისუფლებამ ჩაიდინა, რომელიც შემდეგ განშტოვდა? უკრაინა სახსენებლადაც არ მიღირს, იქ ზელენსკის ბანდის სახით ევროპის დიქტატურაა გამეფებული, ყველაფერი აკრძალული აქვთ, სადღა ჰყავთ ოპოზიციური პარტიები, მაგრამ მოლდოვამაც რომ აკრძალა?
რადგან საქართველოს მმართველი პარტია სამი მთავარი ოპოზიციური ძალის აკრძალვას ცდილობს, ეს უკვე დემოკრატიული უკუსვლაც აღარ ყოფილა, ეს ერთპარტიული დიქტატურის ღია შენებააო. „ქართული ოცნება“ ცდილობს პოლიტიკური კონკურენციის გაქრობას, მოქალაქეებისთვის უფლებების ჩამორთმევას და საქართველოს რუსეთის სატელიტად გადაქცევას, როგორც ბელარუსიაო. ასეთია იმ „დემოკრატიაში ჩაძირული ევროგენიოსების“ ძირითადი აზრი, რომელთაც თავიანთივე კოლეგებმა არაერთხელ შეუძახეს, ისე ნუ ვექცევით საქართველოს, რომ რუსულ ორბიტაზე დაბრუნებისკენ ვუბიძგოთო.
ვერ გამიგია, მართლა შტერები არიან „ევროგენიოსები“ თუ თავს იშტრებენ და სკლეროზს იმართებენ, აღარ ახსოვთ, რომ „ნაცმო“ და „ახალი“ მთლად ერთნი არიან, ხოლო „ლელო“, მიუხედავად იმისა, რომ მგონი, მხოლოდ ხუთი წელია, რაც პარტიად გამოჩნდა, იმავე „ნაცმოს“ იდეური მეგობრები არიან, ცალკეული პირები კი სულაც თანამზრახველები საქართველოს მოქალაქეების 24-საათიან რეჟიმში გაყვლეფაში.
ახლა რომ დაემდურნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევრონესტს, არ იცოდნენ, რომ, თუ საქართველო არ დაექვემდებარებოდა ევრობიუროკრატების მოთხოვნებსა და ბრძანებებს, ასეთი შედეგი დადგებოდა? საკუთარი ევროპის ქვეყნები ჰყავთ დაკაბალებული და საქართველოს რომ ერჩოდნენ, რა გასაკვირია.
აგერ ახლახან, სექტემბრის ბოლოს სლოვაკეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში შესწორებები შეიტანა, რომლითაც მხოლოდ ორ სქესს აღიარებს; ასევე, აკრძალა დაუქორწინებელი წყვილებისთვის ბავშვების შვილად აყვანა და სუროგაცია, რაც ტრადიციული ღირებულებების გაძლიერებასა და სლოვაკეთის კულურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ეგიდით მოხდა. ეს სასწრაფოდ გააკრიტიკა ვენეციის კომისიამ, ნიდერლანდები კი, გასაგები მიზეზების გამო, პირდაპირ გამოენთნენ და ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლის ამოქმედება მოითხოვეს. ეს ისეთი დისციპლინური მექანიზმია, რომელსაც სანქციების დადებაც შეუძლია და წევრი სახელმწიფოს ხმის უფლების შეჩერებაც.
ამის შემდეგ რაღა გასაკვირია, რომ ევრონესტის რეზოლუციის ტექსტში ისეთი ჩანაწერები დაამატეს, რომლის წაკითხვაც მხოლოდ ნერვებს მოუშლის საქართველოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს. რას გმობენ, აბა, ნახეთ: თურმე „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, აკადემიურ წრეებსა და სამართლოს დამოუკიდებლობაზე.
ეს ყველაფერი რომ ჩაედინა „ქართულ ოცნებას“, მგონი, უკეთესი იქნებოდა, მაინც რეჟიმს უწოდებენ და კლანჭების გამოჩენა მაინც გამოუვიდოდა.
კიდევ რას გმობს და 2024 წლის 28 ოქტომბრის გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს და, შესაბამისად, თურმე არ ცნობს „ქართული ოცნების“ პარტიის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას.
ამათ საკუთარ ევროპაში ჩატარებულ გაყალბებულ არჩევნებს რომ მიხედონ, ხან საპრეზიდენტოს, ხან მერებისას, არ ურჩევნიათ? აგერ ახლახან, პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“, მერის არჩევნების გაყალბები ბრალდებით, ბრანდენბურგის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
ასეთ უსინდისო ევროპაში, თვითონ რომ სცოდავს და თითს შენკენ იშვერს, რა გვიზიდავს, ნეტავ?
ასევე, გმობენ თურმე მშვიდობიანი პროტესტების სასტიკ ჩახშობას, რიგითი მოქალაქეების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების თვითნებურ დაკავებებს და ფუნდამენტური თავისუფლების სისტემურ დარღვევებს.
აბა, როგორ არ მოგეშლება ნერვები, როცა ამას წაიკითხავ! უპირველესად, „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზდები, რადგან ისეთ ე. წ. მშვიდობიან პროტესტებს „აუნთო მწვანე შუქი“, რომელიც არაფრით იყო მშვიდობიანი და, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით შეატოვა სამართალდამცავები ყველაფრით შეიარაღებულ ბრბოს და არა მშვიდობიანად საპროტესტოდ გამოსულ ხალხს. ქუჩაში დაუსრულებლად მოყიალე ორმოცდაათი კაცის გამო გზის გადაკეტვა და რიგითი მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა კიდევ ცალკე? _ რატომ ცდიდნენ ჩვენს მოთმინებას?
მოწოდება მთლად „დიდებული“ გამოუვიდათ, ყველა პოლიტიკური პატიმარი და უკანონოდ დაკავებული პირი გამოუშვით, სახაროვის პრემიის ლაურეატი კი უპირობოდ გამოუშვით და ყველა ბრალდება მოუხსენითო.
მხოლოდ ჩვენ, საქართველოში, კონკრეტულად თბილისში მყოფებმა კი არა, ამ რეზოლუციაში ამ პუნქტების ჩამმატებლებმაც კარგად იციან რეალობა, მაგრამ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დაუმორჩილებლობის გამო ისე არიან გამწარებულები, რას დაწერენ, არ აინტერესებთ.
ისევ „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზდები უპირველესად, რადგან ამდენმა ძახილმა, რომ საქართველოს მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება და ღირსებით შევალთ ევროპულ ოჯახშიო, ამათაც დაიჯერეს, მუჭში გვყავს საქართველოო. მერე კი, როცა გამოუცხადე, შენს ჭკუაზე არ ვივლი, მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლოს გავაკეთებო, ფანტაზიები ჩამოეშალათ. სწორედ ამიტომ, ახლა ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასაც გამოაცხადებენ თვითგამოცხადებულად, სახელმწიფო ობიექტებზე თავდამსხმელებსაც მოიხსენიებენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებად და პოლიციელებზე თავდამსხმელებსაც გამოაცხადებენ გმირებად, მით უფრო, თუ ქართველთმოძულე სახაროვის პრემიის ლაურეატობასაც მიაკრავენ შუბლზე.
მე არ ვიცი, რა ღირებულება აქვს ევროპარლამენტის ევრონესტის პლატფორმას ვინმესთვის, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ მთლად განულდა ორივე. გამიხარდა ბატონი პაპუაშვილის ღიად ნათქვამი, რომ კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ევრონესტი უგულებელჰყოფს საქართველოს მოსახლეობის ნებას და ამ გზით, დამფუძნებელი მანდატის მიღმა, საკუთარი შეხედულებისამებრ აუქმებს მისი წვრი ქვეყნის არჩევნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. შესაბამისად, ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწრო პოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებშიო.
აზრი არ აქვს ევროპარლამენტისთვის იმის მოწოდებას, რომ უარი თქვას ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგზე და პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. საქმე ის არის, რომ ღორი ერთხელ თუ მიეჩვია ნეხვის ჭამას, ვეღარ გადაეჩვევა...
ახლა იმაზე ჩამეცინა, „ლელო _ ძლიერი საქართველო“ რომ გაოცებულია, კარგი, „ნაცმო“ და „ახალი“ აკრძალონ, ჩვენ რა დავაშავეთ, რა შუაში ვართო? ველოდით, რომ აკრძალვები იმ ორ პარტიას შეეხებოდა, მაგრამ ჩვენც რომ მიგვაყოლეს, მეხი დაგვეცა მოწმენდილი ციდანო. ეს რა წესიაო, _ შალვა პაპუაშვილმა თქვა, ამის მიზეზი ის არის, რომ თქვენ უარი თქვით პარლამენტში შესვლაზეო. სად წერია ეს ამბავი, რანაირად ჯდება კონსტიტუციაშიო. მოკლედო, „ლელო _ ძლიერ საქართველოს“ ვერაფერი დანაშაული მოუძებნეს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაბესო. რომელ კანონში წერია, რომ სუსტი პარტიები უნდა იყვნენ პოლიტიკაში, ხოლო ძლიერები უნდა აიკრძალოსო?
ფაქტობრივად, „ლელო“ იმას წუხს, ჩვენთან ერთად რატომ სხვა პარტიებსაც არ კრძალავენო, მაგრამ ის ვერ გავიგე, რატომ მიაჩნიათ „ლელოელებს“, რომ ძლიერი პარტიის წევრები არიან?
ჯანდაბას, ყველას ძლიერი ეგონოს საკუთარი პარტია, იძახონ, ჩვენ ჩვენი ამომრჩეველი გყვავსო, მაგრამ იმ შენი ამომრჩეველის არჩევანს რომ პატივს არ სცემ, მერე რაღას ელი ვინმესგან?
სწორედაც რომ შენი ამომრჩევლის უპატივცემულობაა, როდესაც არჩევნების შედეგები არ მოგეწონება, ეუთო/ოდირის დასკვნასაც ფეხზე დაიკიდებ და იმ მანდატებს მოისვრი, რომლებიც ამომრჩეველმა მოგცა.
ძალიან მინდა მივხვდე, მაგრამ ვერ ვხვდები _ როცა სახელმწიფოებრივს არაფერს არ აღიარებ, მათ შორის, არც სახელმწიფო ინსტიტუციებს, არც საპარლამენტო და არც თვითმმართველობის არჩევნებსა და არჩევნების შედეგებს; თუ ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გზად მხოლოდ რევოლუცია მიგაჩნია, რაში განაღვლებს, გაგაუქმებენ თუ გუნდრუკს გიკმევენ ისინი, ვისაც არ ცნობ?
საქმე ის არის, რომ ჩაფლავებულები მათზე ბრაზობენ, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს.
სიცხიანი ვზივარ, ვფიქრობ და ვწერ, საკონსტიტუციო სასამართლო რას იზამს?
მაია ჭელიძე

