ჩვენი პასუხი ისრაელის საელჩოს

ჩვენი პასუხი ისრაელის საელჩოს

ისრაელის საელჩომ ღია წერილივით რაღაც ტექსტი რომ გამოაქვეყნა. ამას განცხადებასაც ვერ დავარქმევთ, პრეტენზიული რეპლიკა უფროა! 
ვიღაცამ ახლახან თქვა: „მეგობარი გასაჭირში იცნობაო„. მეგობრობა მხოლოდ კეთილი სიტყვებით არ დასტურდება - ის რთულ დროში გამოიცდება. ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული ტერორი ახალი მოვლენა არ არის. ათწლეულების განმავლობაში თეირანის რეჟიმი ალი ხამენეის ხელმძღვანელობით, აფინანსებდა, აიარაღებდა და ხელს უწყობდა ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებენ უდანაშაულო ისრაელელი და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და ძირს უთხრიან სტაბილურობას მთელ რეგიონში. ჩვენი ომი და ჩვენი ბრძოლა არ არის ირანელი ხალხის წინააღმდეგ - ხალხის, რომელიც თავად იტანჯება ამ ტერორისტული რეჟიმის 47-წლიანი მმართველობის ქვეშ. ეს არის ბრძოლა სწორედ ამ მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ყველას გვსურს და ვიმედოვნებთ, რომ მალე ყველა - ირანელები, ისრაელელები და ირანის მეზობელი ქვეყნები - ვიცხოვრებთ უსაფრთხოდ და მშვიდობაში. 
ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეებისა და მათი უფლების დაცვას, რომ იცხოვრონ უსაფრთხოდ საკუთარ ქვეყანაში - ისევე, როგორც ამას ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო გააკეთებდა. 
რა უნდათ ჩვენს ისტორიულ მეგობრებს? რას ითხოვენ ჩვენგან? ისევ იმას, რასაც უკვე ოთხი წელიწადია, ითხოვენ უკრაინელები, ევროკავშირელები და სხვები? რუსეთს ომი არ გამოუცხადეთ, მაგრამ ახლა ირანს მაინც დაეტაკეთო? თქვენც თუ დაგბომბავენ, ამით ჩვენ ტვირთი შეგვიმსუბუქდებაო? რამდენიმე ასეული ბომბი თქვენც არ გაწყენდათო? აბა, სხვა რა მიზანი აქვს მეგობრობაზე ამდენ ლაი-ლაის? 
ისე, მიკვირს, ეს ყბადაღებული „მეგობრობა“ ყველას ახლა რატომ გაახსენდა? როცა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დავკარგეთ, მაშინ რატომ არავის ახსოვდა? 2008-ში ჩვენ რომ გვბომბავდნენ, მაშინ ხმას რატომ არავინ იღებდა? მეტიც, იმავე 2008-ში ისრაელი რუსეთს ჩვენი სტრატეგიული ობიექტების კოორდინატებს რომ აწვდიდა, მაშინ რატომ არ გაახსენდათ „ვიღაცის“ ნათქვამი, მეგობარი გასაჭირში იცნობაო? 
ხედავთ, რამდენი შეკითხვა გვაქვს? ხედავთ, რამდენი ამოუხსნელი ამოცანა დევს ჩვენს მაგიდაზე? იცით, აშკარად ჩანს, რომ ჩვენ, ქართველებს, მგონი, ამ 35 წლის განმავლობაში ერთი რამ გამოგვრჩა, ალბათ, გამოგვეპარა, ან ვერ ვისწავლეთ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური კომპონენტი - „იქით შეედავე, აქეთ რომ შეგრჩეს“. კი, გეთანხმებით, ძალიან ცუდი რამეა იქით შედავება, რათა აქეთ შეგრჩეს, მაგრამ ფაქტია, მსოფლიო დონის ურთიერთობებში ამ მოვლენას წამყვანი ადგილი უკავია. ალბათ, ეს ყოველთვის ასე იყო, ალბათ, ძლიერნი ამა ქვეყნისანი შედარებით მცირერიცხოვანი ერების საქმეებში ცხვირს მუდმივად ყოფდნენ, მაგრამ ჩვენს მიმართ უფრო 2022 წლის დასაწყისიდან გაძლიერდა. აქ მცირერიცხოვნობაზეც არ არის საქმე, ახლა, ვისაც არ ეზარება, ყველა ჩვენი „უმფროსი“ გახდა, ბალტიისპირეთის პუჭურა ქვეყნებით დაწყებული, ევროკავშირის წევრებითა და ისრაელით დამთავრებული. 
აგერ, ამას წინებზე, თბილისის სატელევიზიო ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა და ისრაელის ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ ქოშები უკუღმა ყარა, ისლამური რევოლუციის დღესთან დაკავშირებით რატომ გაანათეთო? 
უკაცრავად, მაგრამ ჩვენ როდისმე გვაინტერესებდა, ისრაელის ანძა როდის რა ფერებში და ვისი დროშის ფერებში განათდებოდა? ან ახლა გვაინტერესებს, რომელი ქვეყნის ანძა რა ფერებში ნათდება? ეტყობა, უნდა გვაინტერესებდეს და არა მხოლოდ ეგ, სხვა ბევრი რამითაც უნდა დავინტერესდეთ და პრეტენზიებიც გამოვთქვათ. ხედავთ? ჩვენ ამათი შიშით ციხეში ვერავინ ჩაგვისვამს და თვითონ ისეთ რაღაცებს აკეთებენ - ყურო, ნუ გაიგონებ, თვალო, ნუ დაინახავ. მოდი, შევქმნათ პრეტენზიების სპეციალური განყოფილება, რომელიც ყველა ქვეყანაში დააფიქსირებს გადაცდომებს და ყველგან გააგზავნის ჭკუის დამრიგებლურ ნოტას. აი, ისე, როგორც ჩვენ გვიგზავნიან დღეში ცხრაჯერ. 
როდესაც ისრაელის საელჩოს მიმართ აკაცუკების მიერ დაწერილი ე. წ. წერილი წავიკითხე, უნებლიეთ გავიფიქრე, თქვენღა გვაკლდით-მეთქი, მაგრამ ამ საკითხს მთლად ასე მარტივადაც ვერ მივუდგებით, ჩვენ ამ ქვეყანასთან მართლა გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა და ამაზე ხაზის გადასმა მხოლოდ მტრებს თუ გაახარებთ. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ქართველ ებრაელს, რომლებმაც საქართველო უპირველეს სამშობლოდ გაიხადეს და ჩვენს ქვეყანაში ეპოქა შექმნეს თუნდაც ხელოვნებაში, თუნდაც სპორტში, თუნდაც სხვა სფეროებში. ბევრი ებრაელი იმაზე მეტი ქართველია, ვიდრე წარმომავლობით ქართველი. აბა, ჯემალ სეფიაშვილს რომელი ქართველი სჯობნის? ან ჯამლეტ ხუხაშვილს რომელი ქართველი სჯობნიდა? უამრავის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ ეს ძალიან შორს წაგვიყვანს.
ამ პრეტენზიულ რეპლიკა-წერილში არის ერთი „ბრძნული“ ფრაზა: „მართალია, მეზობლებს ვერ ვირჩევთ, მაგრამ მეგობრებს - ვირჩევთ“. აქ ცოტა აცდენილია ისრაელის ელჩი რეალობას, როგორც მე გავიგე, მეზობლებს ვერ ირჩევენ, უნდათ, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ, მეგობრებს კი ირჩევენ. ახლა დადგა საშიშროება, შეიძლება მეგობრების სიიდან ამოგვშალონ. მე მგონი, ამათ მეგობრების სიიდან მაშინ ამოგვშალეს, როცა ისრაელში ჩასულ ქართველებს არამეგობრულად მოექცნენ და ახლაც არამეგობრულად ექცევიან. ამაზე ლაპარაკობენ ის ქართველები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს მათი მებაჟეებისა და პოლიციელების მსახვრალი ხელი. იცით, ჩვენ რა შეგვეშალა? როცა ისრაელში ჩასულ ქართველებს უდიერად მოექცნენ, სახელმწიფო დონეზე არ გავაპროტესტეთ, აქედან დელეგაცია არ გავაგზავნეთ, რათა სიტუაცია შეესწავლათ და იქით ეთქვათ - ოე, „მეგობრებო“, თქვენ წარსულს ასე გვიფასებთ? არაფერი ვთქვით, ხმა არ ამოვიღეთ და აჰა, ახლა აქეთ გველაპარაკებიან მეგობრობაზე. 
ჩვენ არც იმაზე ვლაპარაკობთ, რა დამართა ებრაელებს ჰიტლერმა და ვინ იხსნა ეს ერი საბოლოო განადგურებისგან. მე არც სტალინისტი ვარ და არც რუზველტისტი, უბრალოდ, ვსვამ შეკითხვას: ვინ გადაარჩინა ებრაელები მეორე მსოფლიო ომის დროს? ჩვენ არც იმაზე ვლაპარაკობთ, რა ჩაიდინეს გერმანელებმა, რომლებიც დღეს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე გველაპარაკებიან. თუ ყველას და ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქვა, თუ ყველას საკუთარი წარსული არ გავახსენეთ, აქეთ მოგვდგებიან და გადაგვჯეგავენ. პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა უკვე მერამდენედ გვითხრა (გვიბრძანა), გორში სტალინის სახლ-მუზეუმი გააუქმეთო. ჰო, დახურეთო, დაშალეთო, დაწვით და გაანადგურეთო. ვინ ეკითხება პოლონეთის ელჩს, ჩვენ აქ სტალინის მუზეუმი გვექნება, ტუტანჰამონისა თუ მეცნიერ პრჟევალსკისა? ვინ იხსნა პოლონეთი და მთელი ევროპა ფაშიზმისგან? ამაზე რატომ არ ვლაპარაკობთ? იცით, რატომ? ემანდ, გერმანელებს არ ეწყინოთ, ემანდ, ვინმე სხვანაირად არ გაიგოს. 
ამ დროს არავის აინტერესებს, ჩვენ რა გვწყინს და რას განვიცდით, როცა უსამართლოდ გვექცევიან. დიახ, ისრაელის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული წერილი არის გაუგებარი, არასწორი, უსამართლო და არამეგობრული. მადლობა ღმერთს, ჩვენ ამ ხელისუფლების პირობებში უკვე ვისწავლეთ მტერ-მოყვარის გარჩევა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. 

გელა ზედელაშვილი