ლალი მოროშკინა: სხვის ნაცვლად ჩვენ რატომ უნდა გავხდეთ ვიღაცის სამიზნე?
დაიწყო ომი ირანში და ეგრევე დაიწყო „ქართული ოცნების„ მხარდამჭერთა ბულინგიც. რუსთაველზე მოხეტიალე აკაცუკები აცხადებენ, რომ თვითონ მხარს წამებულ ირანელ ხალხს უჭერენ, ხოლო მათი მოწინააღმდეგე „ქოცები„ ირანის დრევანდელ რეჟიმს ეთაყვანებიან. კამათს აზრი აღარ აქვს, ამათ რაც დაავალეს, ის უნდა ილაპარაკონ, მორჩა. ამ ამბავს თავისებურად გამოეხმაურა „ტუსაღი„ მიხეილ სააკაშვილი და ამავე დროს დასვა ფრიად „ბრძნული„ შეკითხვაც: „როგორ მოახერხეს ქოცებმა, რომ ბოლო წლებში ასობით ათასი საქართველოს მოქალაქის ლიდერი გახდა ჯალათი ხამენეი„?
სააკაშვილი ამით არ კმაყოფილდება, ის გასცემს დირექტივასაც: „ვინც ახლა ხამენეის პლაკატებით და ანტი-ამერიკული ლოზუნგებით გამოდის, საქართველოს ქუჩებში, მათ დიქტატურის მოშორების შემდეგ სათითაოდ უნდა მოეთხოვოს უმკაცრესი პასუხი, იმ თანამდებობის პირებთან ერთად ვინც ეს დაუშვა, მათ შორის ირანთან რელიგიური კავშირის მქონე ადამიანები ყველა დაუყოვნებლივ უნდა გადასახლდეს„.
თქვენ კი ამბობთ, გამოჯანმრთელდაო, მაგრამ მთლად ასეც არ არის, სააკაშვილი ბოლომდე ვერასდროს ვერ გამოჯანმრთელდება, მას აქვს სერიოზული დეფექტი ტვინში. ჯერ ერთი, ჩვენ რუსთაველზე ირანის დროშებით მორბენალი აკაცუკების გარდა, არავინ გვინახავს, მეორეც - სად ნახა ამ უპატრონომ ასი ათასობით ადამიანი საქართველოში, ვისი ლიდერიც ხამენეი იყო და მესამეც - რა შუაშია აქ ირანთან რელიგიურ კავშირში მყოფი ხალხი? ხომ არ გვავიწყდება, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი მუსლიმანია? სხვათა შორის, „ტუსაღმა„ სააკაშვილმა თავის „ფეისბუკგვერდზე„ ფეიკი ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ლალი მოროშკინაა გამოსახული აიათოლა ალი ხამენეის გვერდით როგორც მისი, ასე ვთქვათ, ხარჭა. ბუნებრივია, ჩვენს კოლეგა ლალი მოროშკინასთან საუბარი ამ თემით დავიწყეთ.
- ლალი, ნახე, რა მაგარი სისულელე დააბრეხვა სააკაშვილმა? რას იტყვი, ალი ხამანეის ქვეშემრდომებს ვგავართ?
- ვნახე, ამ ადამიანს მეტი საქმე არ აქვს, ბევრი დრო აქვს და ასკდება კედელს. მინდა, დასაწყისში ჩვენს მკითხველებს ავუხსნა, როგორია სასჯელაღსრულების სისტემა - არავის ეგონოს, თითქოს სააკაშვილს საკანში კომპიუტერი უდგას და თვითონ წერს. არა, ეძახის სოციალური სამსახურის წარმომადგენლებს, ატანს წერილებს, რომლებიც მიაქვს ადვოკატს ან ოჯახის წევრს და შემდეგ დებენ „ფეისბუკში„. სააკაშვილი ამ უფლებას იყენებს, რათა მისი ხმა სადღაც მაინც ისმოდეს.
- კი, მაგრამ დღეში რამდენჯერ შედის მასთან სოციალური მუშაკი?
- როგორც ვიცი, დატანჯა ციხის თანამშრომლები. ადვოკატს კიდევ ეგენი იმდენს უხდიან, უღირს მიშას წერილების ტარება.
- კანონით დაშვებულია, რომ სოციალურმა მუშაკებმა მისი წერილები უნდა ატარონ?
- კი, შეუძლია, დაწეროს და სოციალურ მუშაკს მიაქვს ადვოკატამდე ან ოჯახის წევრამდე, რომლებიც ელოდებიან საზოგადოებრივ მისაღებში. ამას როგორც „ვივამედში„ ჰყავდა პერსონალი ჭკუიდან გადაყვანილი, ასე ჰყავს აქაც. ამას დავანებოთ თავი, სააკაშვილი უკვეთავს ფეიკებსაც, როგორც ჩემზე შეუკვეთა, რატომღაც გამაიგივა ალი ხამენეის ქალებთან. ვინც ციხეში ხვდება, ყველამ იცის, რომ აუცილებელია პატივისცემა ადმინისტრაციის მიმართ, სოციალური სამსახურის მიმართ, ამას არ აქვს ასეთი შეგნება და შეგრძნებები, არაფრად მიაჩნია მათი შრომა. მან ვერც ის გაიგო, რატომ შეიკრა ირანელი ხალხი და თავისებურად ბოდავს რაღაცას. სააკაშვილი ვერასდროს მიხვდება, რას სიწმინდეს შეეხნენ ირანში - ეს არის სკოლა, ესენი არიან ბავშვები და მათი სულიერი ლიდერი. ამათ ირანელი ხალხი აქციეს ერთ დიდ შურისმაძიებელ მუშტად. სხვათა შორის, 2008 წელს ჩვენთანაც თითქმის იგივე მოხდა, როცა ომი დაიწყეს. გვინდოდა თუ არა, ყველა ერთ მუშტად შევიკარით რამდენიმე დღის განმავლობაში. მაშინ ომში მართლა გულანთებული ბიჭები წავიდნენ, ხოლო ვინც სააკაშვილის მოდგმისა იყო, ყველა წითელ ხიდზე გარბოდა. ეს კაცი იმდენად სულელია, რომ ვეღარ გაიგო, ეს ვისი ომია, ჩვენ რა გვინდა იქ? ჩვენთვის ისრაელიც, ირანიც და ერაყიც სხვა ქვეყნებია, პატივს ვცემთ, მაგრამ ვერანაირად ვერ ჩავარევით. სხვის ნაცვლად ჩვენ რატომ უნდა გავხდეთ ვიღაცის სამიზნე?
- სააკაშვილმა ვერ გაიგო, რამ შეაკავშირა ირანელი ხალხი თუ თავისას ცდილობს, რათა აქეთაც გამოისროლონ? მე მგონი, კარგად იცის, რასაც აკეთებს.
- საქართველოს მთავრობა სწორად იქცევა, ერთნაირად უსამძიმრებს ყველა ქვეყანას დაღუპულების გამო. ესენი მაინც გავეშებულები ცდილობენ, როგორმე დაგვბომბონ, ამაზე ოცნებობენ. როგორ, ღაზას სექტორში და ირანში დაღუპულ ბავშვებს სხვანაირი სისხლი აქვთ? სანამ არ მივხვდებით, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე მოსაფრთხილებელია, მანამდე მსოფლიო არ დამშვიდდება. სააკაშვილს ბავშვობიდან ჰქონდა ჩადებული თავში ადამიანების კლასიფიკაცია - შენ კარგი ხარ, შენ ცუდი ხარ, შენ ფული გაქვს, შენ არ გაქვს, მამაშენს რაღაცა შეუძლია, შენ არ შეგიძლია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გრძელდება, გაიხსენეთ, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, 40 წელს გადაცილებულები ჩარეცხა, ბავშვებს მოუწოდა, ბუჩქებში გამრავლდითო. ეს, ასე ვთქვათ, არის ამ ავადმყოფის სამარკო ნიშანი.
- ლალი, მაგ დღეში მხოლოდ სააკაშვილი არ არის, გამოჩნდა არმია, რომელმაც „ქართული ოცნების„ მომხრეებზე მიიტანა იერიში - არ გრცხვენიათ, რომ მხარს ირანს უჭერთ? გაიხსენეთ შაჰ-აბასი, აღა-მაჰმად ხანი, როგორ გვექცეოდნენ ისინი. ახლა თუ ასეთი რაღაცები გავიხსენეთ, მაშინ ნახევარ მსოფლიოს ომი უნდა გამოვუცხადოთ, იქით მონღოლებს, არაბებს, აქეთ თურქ-სელჩუკებს. არ გამოვა ეგ ამბავი.
- მაშინ გერმანელებსაც უნდა გავუხსენოთ.
- აი, გერმანია კინაღამ დამავიწყდა.
- ეს არის დაყოფის მცდელობა, ის კარგია, ეს არ ვარგა, იმის მოკვლა კარგია, ამის მოკვლა ცუდია. ქმნიან ფოკუს-ჯგუფებს და არტყამენ იმ ადამიანებს, რომლებიც ლაპარაკობენ სიმართლეს. არიან ადამიანები, რომლებიც ბულინგის გამო უკან იხევენ, განიცდიან, მაგრამ არიან, მაგალითად, ჩემნაირები, რომლებსაც საერთოდ არ აწუხებთ ეს ამბავი. მე კარგად მესმის სოციალური ქსელების ალგორითმი, შეიძლება ითქვას, მე მაწყობს კიდევაც ბულინგი, რადგან რამდენიმე ათასი ადამიანის შემოხტომა ჩემს გვერდზე უფრო ააქტიურებს ჩემს პოპულარობას.
- ანუ შენ ხელმძღვანელობ მეთოდით: ყველაფერი რეკლამაა ნეკროლოგის გარდა, ხომ?
- 28 დღის განმავლობაში მე მყავს მილიონობით მნახველი. გამოდის, კარგად ვმართავ აზრს. როგორ შეიძლება, ამბობდე, რომ ებრაელი ბავშვის დაღუპვა კარგია და ირანელისა ცუდი? საერთოდ, ასეთმა აზრმა თავში როგორ უნდა გაგიელვოს? ჩვენმა პატრიარქმა წმინდა ნინოს წყაროში განბანვის უფლება მისცა არაქრისტიანებსაც, ეს რას ნიშნავს? თუ სხვა კონფესიის ადამიანებს მიაჩნიათ, რომ შენს წმინდა წყალში უნდა განიბანონ, ეს უკვე კარგია. ეპშტეინიზმი და სატანიზმი მეტი კი არაფერია, როცა შენ ქმნი რაღაც ხელშეუხებელ ჯგუფებს და აძლევ ყველაფრის უფლებას, დანარჩენები იქნებიან, იცოცხლებენ, არ იცოცხლებენ, არ აინტერესებთ.
- ახლა გავრცელდა ირანის დროებითი მმართველი საბჭოს განცხადება, სხვა სახელმწიფოებს აღარ დაბომბავენ, თუ იქით არ დაბომბეს. მანამდე იყო დასაბომბი ქვეყნების რაღაც სია, სადაც საქართველო არ შეიყვანეს. კი, ბატონო, ეს კარგია, მაგრამ საერთო ჯამში რაც ხდება, ეს არის ცუდი. როგორ ფიქრობ, რა იქნება, მოვლენები როგორ განვითარდება? აშკარად ვხედავთ, უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამაც აიშვა, ხიდაშელებმა, კანდელაკებმა, კაპანაძეებმა და სხვებმა ნიაღვარი გამოუშვეს ცილისწამებისა.
- შენ კარგად დასვი შეკითხვა, ირგვლივ ხდება ძალიან ბევრი ცუდი, მაგრამ არის რაღაც კარგიც. დღეს მთელი მსოფლიო გახვეულია ქარ-ცეცხლში, ჩვენი შვილიშვილები უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს. შვილებზე აღარ არის საუბარი, შვილიშვილებზე ვლაპარაკობ. ამ მიმართულებით ჩვენი მთავრობა მუშაობს კარგად და ამ დროს, ამ კრიტიკულ სიტუაციაში დაუწყო ჩხიკინი, ეს უკვე ღალატია. იცი, მე რამდენი რამე არ მომწონს? იცი, რამდენი გასაკრიტიკებელია? დღეს ამის დრო ნამდვილად არ გვაქვს. დღეს მე ზურგში ლახვარს ვერ ჩავცემ იმ მთავრობას, რომელიც ცდილობს, სამშვიდობოს გაიყვანოს მთელი ერი. სხვათა შორის, ჩვენ 2008-ში ბედმა გაგვიღიმა, რომ სააკაშვილი აღმოჩნდა მხდალი და დროზე დაიხია უკან, თორემ ბოლომდე გაგვანადგურებდნენ. შემდეგ იპოვეს სამი ჯამბაზი - ზელენსკი, არესტოვიჩი, არახამია და გააკეთებინეს ის, რასაც დღემდე ვხედავთ. მე ვფიქრობ, ომი ახლო აღმოსავლეთში მალე არ დამთავრდება. მოდი, განვიხილოთ ორი ვერსია: თუ ტრამპი ახლა თამაშობს პუტინის თამაშს, მაშინ მან იდეალურად შეასრულა ეს როლი. ჩვენ არ ვიცით, რაზე მოილაპარაკეს ალასკაზე. მე რატომღაც მგონია, რომ ეს არის ტრამპისა და პუტინის თამაში, რათა დარჩეს მხოლოდ ორი პოლუსი, რომელიც ნავთობით მოამარაგებს მთელ მსოფლიოს. მე არ ვუშვებ, რომ ტრამპი და პუტინი ერთად არ არიან.
- ლალი, ეს ცოტა უცნაური ვერსიაა, მაშინ რუსეთი არ უნდა ეხმარებოდეს ირანს იარაღით.
- ასე ამბობენ, რომ ეხმარება, მაგრამ სინამდვილეში, არ ვიცით, ეხმარება? სხვათა შორის, რუსი ექსპერტები უკვე სვამენ შეკითხვებს ამის თაობაზე, რატომ არ ვეხმარებითო? საეჭვოა, სერიოზულად რამით ეხმარებოდეს. დაუკვირდი, ფიცო და ორბანი ორივეს მოკავშირეა, პუტინისაც და ტრამპისაც. ეს არაფერს გვეუბნება? ამ ომით ჩინეთიც ზარალდება, მისი ეკონომიკური განვითარება ფერხდება. ეს უზარმაზარი ქვეყანა რუსეთისთვისაც საშიშია და ამერიკისთვისაც. ტრამპის ლოცვები, წმინდა ომზე ლაპარაკი, არმაგედონის მოყვანა და მსგავსი რაღაცები არის მხოლოდ თეატრალიზებული წარმოდგენა. ამერიკელებს სჩვევიათ ასეთი სპექტაკლების დადგმა. როგორ გგონია, ეპშტეინის ფაილები კაგებეს არ ჰქონდა? არ დაგავიწყდეს, იქ მომსახურე პერსონალის უმეტესობა რუსი გოგონები იყვნენ, რამდენი იქნებოდა აგენტი? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალიან მძიმე, მაგრამ უნდა გავუძლოთ!..
გელა ზედელაშვილი
