ევროპელი აფერისტები
ამ დღეებში, ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს გატაცება-დატყვევების შემდეგ, პარიზში შეიკრიბნენ ევროპელი აფერისტები - მაკრონი, სტარმერი, მერცი, სხვები და განიხილეს უკრაინაში ჯარის განლაგების საკითხი. აშშ-დან უიტკოფიც და კუშნერიც ჩაფრინდნენ, რითაც ძალიან გაახარეს მონაწილეები. მაკრონმა თქვა, მშვიდობის დამყარების შემდეგ უკრაინაში ჯარს განვალაგებთო, რამდენიმე ათას ჯარისკაცსო, ჩვენ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მივიღებთო.
სტარმერმა თქვა - საფრანგეთი და ბრიტანეთი ბაზებს მთელ უკრაინაში განათავსებენო.
ახლა უყურეთ ამათ! თუ ჯარს მხოლოდ მშვიდობის დამყარების შემდეგ განათავსებენ უკრაინაში, რა აზრი აქვს, რა საჭიროა, რა შეღავათი უკრაინელებს? მეორე - თუ საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში ეს ჯარი არაფერს გააკეთებს და იქიდან „დაითესება“, რა აზრი აქვს? მესამე - უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ბაზებს რანაირად განალაგებენ, როცა ნახევარი უკრაინა რუსეთს აქვს დაპყრობილი და 8 იანვრის ღამეს მგონი, ქვა ქვაზე აღარ დატოვა? მეოთხე - რამდენიმე ათასი ჯარისკაცით მთელი უკრაინა რანაირად უნდა დაიკავონ? გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მაინც ამოღერღა - ამ საკითხების მოგვარებას, ანუ უკრაინაში ჯარების განლაგებას საბოლოოდ მაინც რუსეთის თანხმობა სჭირდებაო. გერმანელები მაინც არ აპირებენ უკრაინაში ჯარის გაგზავნას და ამიტომაც მერცმა სიმართლე თქვა, თუ კრემლი ამის უფლებას არ მოგვცემს, ვერაფერსაც ვერ ვიზამთო. რა გამოდის? ეს არიფი აფერისტები დადიან, იკრიბებიან, ბოდავენ, დამარცხებას და თავიანთ უსუსურობას არ აღიარებენ, ბოლოს კი მაინც იმ აზრამდე მიდიან, რომ საბოლოო სიტყვა რუსეთს ეკუთვნის? რომელია აქედან რუსეთთან ომის დამწყები? არც ერთი, ფრანგებმა კარგად იწვნიეს რუსული სუსხი ნაპოლეონის დროს, როცა მათი „დიიიდი“ იმპერატორი „ტრუსიკ-მაიკიანა“ და ტლაპოში ამოგანგლული ჯაგლაგი ცხენით დაბრუნდა პარიზში. ასევე იწვნიეს რუსული სუსხი გერმანელებმა 1941-1945 წლებში. ბრიტანელებმა რა იწვნიეს? მაგათაც მოხვდათ პანჩური, როცა კავკასიაში შემოეთრნენ, ძარცვა დაიწყეს და ბოლშევიკების დანახვაზე უხმაუროდ გაიძურწნენ. მე რუსეთს კი არ ვემხრობი და რუსების საქციელს კი არ ვამართლებ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან დამოკიდებულებაში, მე მხოლოდ ფაქტებს აღვნუსხავ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკრაინაში ჯარების განთავსების წინააღმდეგნი არიან უნგრეთი და პოლონეთი. როცა საქმე საქმეზე მიდგება, არავინ იქნება მომხრე ბალტიისპირეთის პუჭურა „სახელმწიფოების“ გარდა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოაცხადა, იტალიელი ჯარისკაცები უკრაინაში არ წავლენო.
რაც რუსეთმა 8 იანვრის ღამეს უკრაინაში „ორეშნიკებით“ ჩაიდინა, ეს უნდა იყოს საყურადღებოდ აშშ-სთვისაც, ევროპისთვისაც და აზიისთვისაც. დაიბომბა კიევი, ლვოვი და სხვა ქალაქები, არ არის წყალი, არ არის გაზი, არ არის დენი.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი ისევ იმ ჭკუაზეა, როგორზეც აქამდე იყო: „რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ აშკარა ესკალაციაა, ეს ევროპისა და აშშ-სთვის გაფრთხილებას წარმოადგენს. პუტინს მშვიდობა არ სურს, რუსეთის პასუხი დიპლომატიაზე მეტი რაკეტა და განადგურებაა. ევროკავშირის ქვეყნებმა უფრო ღრმად უნდა ჩაიხედონ თავიანთი საჰაერო თავდაცვის მარაგებში და ახლავე იმოქმედონ. ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ამ ომის ფასი მოსკოვისთვის, მათ შორის, უფრო მკაცრი სანქციების გზით“.
ხედავთ? ეს აფერისტები სანქციების იქით ვერ მიდიან. რუსეთი ყოველდღე ბომბავს, ესენი სანქციებს უწესებენ, რაც, საერთო ჯამში, არ მუშაობს კი არა, ამ სანქციებს თვითონვე აღრვევენ და მილიარდობით დოლარს ნავთობსა და გაზში უხდიან, არ დაიჯერებთ, ღვინით და სხვა პროდუქტებითაც კი ვაჭრობენ, ფაქტობრივად, უკრაინელებს აბითურებენ.
ზელენსკი ზის ბუხართან მტირალი და ითვლის, რამდენი ბომბი ჩამოუგდეს რუსებმა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეს იყო დაკავებული ტანკერის გამო შურისძიება, რაც ცოტა დაუჯერებლად გამოიყურებოდა, დაკავებული რუსეთის 2 მოქალაქე, 9 იანვარსვე გაათავისუფლეს და ბოდიშიც მოუხადეს. ამის გამო რუსები ამხელა რამეზე არ წავიდოდნენ. ჩემი აზრით, ეს არის გადამწყვეტი იერიში ვენესუელის ამბების გამო და საერთოდაც, როგორც ჩანს, რუსებმა გადაწყვიტეს, ბოლოს და ბოლოს, სხვანაირად დაასრულონ ეს ისედაც გაჯანჯლებული ომი.
რუსეთის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ ეს იყო კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს დაარტყა, მათ შორის „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემით.
და აი, შედეგიც! კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ კიეველებს მოუწოდა, დატოვონ დედაქალაქი.
კიევის მერი ამბობს, რომ 8-9 იანვარს ღამით რუსული ძალების მიერ განხორციელებულმა შეტევამ ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ასეთი დამანგრეველი შეტევა აქამდე არ ყოფილა.
მთლად უარესს გეტყვით: დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ფიონა ჰილი აცხადებს, რომ 2019 წელს რუსეთმა აშშ-ს ვენესუელის უკრაინაში გაცვლა შესთავაზა. ქალბატონი ფიონა აღარ აკონკრეტებს, დათანხმდნენ თუ არა ამერიკელები რუსებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ტრამპი ალასკაზე შეხვედრისას პუტინს ამაზე დათანხმდა. ყოველ შემთხვევაში, ვენესუელის ამბების შემდეგ ასეთი გააქტიურება უკრაინის მიმართულებით, არ შეიძლება, უბრალო დამთხვევა იყოს.
ესენი, ეს აფერისტები კიდევ სხედან და ბჭობენ, როგორ განალაგონ ბაზები უკრაინის ტერიტორიაზე. ესენი მართლა ვერ არიან, რუსეთმა ომი ამ ბაზების გამო დაიწყო და ისევ ამაზე ლაპარაკობენ, ოღონდ, ერთი რამის დამატებით - რუსეთი უნდა დაგვთანხმდეს, რომ ცხვირწინ ბაზები ავუშენოთო. გერმანიის კანცლერმა ბოლოს მაინც ყველაზე მეტად გაუბერა - ისაო, უკრაინის უსაფრთხოებაზე მთლიანად გერმანია იზრუნებსო. ამაზე იტყვიან ხოლმე, ესენი ვიღას დაჰკარგვიანო?
ესენი სტალინს რომ ენახა, სიცილით ხელახლა მოკვდებოდა, ხოლო ჰიტლერს რომ ენახა, სირცხვილით დაიწვებოდა.
გელა ზედელაშვილი

