ელენეს გასაჭირი

ელენეს გასაჭირი

წინა კვირას ელენე ხოშტარიას სასამართლოომ განაჩენი გამოუტანა, წელიწად-ნახევარი პატიმრობა მიუსაჯა. ვინაიდან 6 თვე უკვე იჯდა, 1 წელიწადში გამოვა, რა თქმა უნდა, თუ ციხეში კიდევ რამე არ დააშავა და არ დაიმატა. რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს ჩამომდგარმა მეპროტესტეებმა ეგრევე სოლიდარობა გამოუცხადეს და პირდაპირ კახა კალაძე დაანამუთეს, 4 შვილის დედა და მოხუცი მშობლების მარჩენალი შვილი დააპატიმრესო. ქართველი დედაო, კაცო, სამართლიანობისთვის მებრძოლი ქალბატონიო, კალაძემ დააპატიმრებინაო. ნანულა ჟორჟოლიანმა პირდაპირ მიმართა, მთელი ცხოვრება ეს ამბავი დამღად გაგყვებაო. რატომ უნდა გაჰყვეს დამღად კალაძეს ხოშტარიას დაპატიმრება, როცა თავად ხოშტარია იყო ატეხილი რუსული გოჭივით? იცით, ეს როდის იყო ჯერ კიდევ დასაჭერი? მთავრობის სახლის პირველი სართული რომ მოსვარა წითელი საღებავით და პოლიციელებს წიხლები ურტყა. კიდევ მაშინ იყო დასაჭერი, პოლიციელებს პიროტექნიკას რომ ესროდა. კიდევ მაშინ იყო დასაჭერი, პოლიციელებს „კაპოტზე“ რომ შეუხტა და იქიდან ნაგვის მანქანას შეახტა. რომელი ერთი ჩამოვთვალო? ეს ე. წ. 4 შვილის დედა ისე დაიბრიქებოდა ყველგან და ისე უტრიალებდა კოტიტა თითებს ყველას, გეგონება, ამ ქვეყნის არსთგამრიგე იყო. ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობა რაღაც საკითხებში მოიკოჭლებდა, ხმას არავინ სცემდა და თვითონაც ეგონა, მე ვარ და მამაჩემ გოგიას ნაბადიო. 
რა გააკეთეს, რა იკადრეს რუსთაველზე მობოდიალე არსებებმა? კახა კალაძის ბანერი მიწაზე დააგდეს, წიხლებით გადაუარეს და ზედ ათასნაირი სიბინძურე დააწერეს. განა ამათგან თოხის ტარი მაინც გამოითლება, რომ კაცმა ბოსტანში გამოიყენოს? არა, თოხის ტარი კარგი მასალისგან უნდა გაითალოს, კარგი ხისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასველდება თუ არა, დაიგრიხება და დასკდება. ამათგან არც კინჭოტი გამოვა, ხაბაზმა თონიდან პური რომ ამოყაროს.
თქვენ კიდევ ამბობთ, პატრიარქის გარდაცვალებამ ერი გააერთიანაო. პატრიარქის გარდაცვალებამ ის ხალხი გააერთიანა, ვინც ისედაც გაერთიანებული იყო. ამას 17 მაისს კიდევ ერთხელ ვნახავთ.
ამათ რომ ჰკითხოთ, ვერ გეტყვიან, ვინ არის კალაძე. შეიძლება, ბუნდოვნად გაიხსენონ, რომ თბილისის მერიაში მუშაობს. მხოლოდ იმას ჩამოგირაკრაკებენ, რომ დიდი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია დააჭერინა და ციხეში წელიწად-ნახევრით ჩაასმევინა. დიახ, ელენე, სინდისის პატიმარი, პოლიტპატიმარი, ერის სიამაყე. ამათ არ იციან, ვისი შვილია ელენე, საიდან ფინანსდება, რას წარმოადგენს, რა გაუკეთებია და ასე შემდეგ. რომც უთხრათ, მაინც არ გაიგებენ, რადგან „ზემოდან“ ასეთი დავალება აქვთ - თემის განხილვაში არ უნდა შევიდნენ. კახა კალაძეს რომ მთელი მსოფლიო ტაშს უკრავდა, არც ეს იციან... უფრო სწორად, არ უნდა იცოდნენ, საჭირო არ არის. და რა იქნება შემდეგ? არაფერი! ამ ნაგავს დრო თვითონ ჩარეცხავს, ნაგავსაყრელზე გაიტანს... ფაქტობრივად, უკვე გატანილია. უბრალოდ, მაინც არასასიამოვნო საყურებელია, როგორ გააქვს დროს შენი ქვეყნიდან ნაგავი, რომელიც შეიძლებოდა სხვანაირად გამოყენებულიყო და რომლისგანაც შეიძლებოდა, ერთი ცალი თოხის ტარი მაინც გამოთლილიყო. 
ელენეს დედამ, ირინა გუნცაძემ „ქართულ ოცნებას“ სულ თითები უტრიალა ცხვირწინ - მე ადრეც გითხარით, რომ ცუდად დაამთავრებდით და ეგრეც იქნებაო, ვისაა, რომ უბედავთ და რასაა, რომ უბედავთო?! თვით ელენე ისევ ძველებურ გონორზეა:
„როდესაც რუსულ რეჟიმს ებრძვი, არ აღიარებ და გესმის - რა ბრძოლაში ხარ, გასაოცარი, უპასუხისმგებლოც კი იქნებოდა, არ იყო მზად მთელი რიგი დისკომფორტისთვის. სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა. მეგობრებო! ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, შემშინებოდა და შევგუებოდი რუსებს, არ მოვმზადებულიყავი მათთან ბრძოლისთვის“.
საკმაოდ დიდხანს ემზადებოდა ელენე (ლიაკა) რუსებთან ბრძოლისთვის - როცა მამამისი გოგია საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა ზვიად გამსახურდიამ, ელენე მოსკოვში წაიყვანა და საერთაშორისო ურთირთობათა ინსტიტუტში (მგიმოში) მოაწყო. აქ კაგებეს მომავალ თანამშრომლებს ზრდიდნენ და, სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ამ ინსტიტუტდამთავრებულებს სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობა აუკრძალეს. ჰოდა, იმას ვამბობდი... დიდხანს და საფუძვლიანად ამზადებდა ელენს მამა „რუსებთან ბრძოლისთვის“, ბოლოს იმასაც კი მიაღწია, რომ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის „წველა“ დააწყებინა, რათა ეს ქვეყანა ფინანსურად დასუსტებულიყო და მეზობელი ქვეყნები არ დაეპყრო. ხედავთ, რამხელა მისია დააკისრა განგებამ ელენე ხოშტარიას მამამისის ხათრით? ეგ კი არა, თვით გოგია ხოშტარიაც ათამაშებდა რუსებს თავის ჭკუაზე და საქართველოსთვის სასიკეთო საქმეებს აკეთებინებდა. აბა, რანაირად გაათავისუფლა მან თავისი ქვეყანა პროვინციული ფაშიზმისგან? ვინ განდევნა პროვინციელი ზვიად გამსახურდია რუსების დახმარებით? მხოლოდ ერთი მისია ვერ შეასრულა გოგიამ მაშინ, გული დასწყდა ძალიან, როცა გამსახურდია ცოცხალი გაუშვეს თბილისიდან. პრინციპში, ეს შეცდომა მოგვიანებით გამოასწორეს და ახლა კმაყოფილია. 
სააკაცუკეთში იმაზეც დაიწყეს აპელირება, ელენეს ოთხი შვილი ჰყავს, მისი დაპატიმრება როგორ შეიძლებაო? ამაზე ელენს თავისი პასუხი აქვს:
„ჩემს ოთხ შვილზე მე და ჩემი ოჯახი ვართ პასუხისმგებელნი და „ქოცების” იმედად, ღმერთმა დამიფაროს, როდესმე დამეტოვებინოს. ჩემს ოთხ შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება. მათ კარგად იციან, რისთვის იღებენ ამ განსაცდელს. მე აქ არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია. გავაგრძელოთ ბრძოლა, მე აქედან, თქვენ - მაქედან. ბოლომდე!“
მართალია ელენე, რა უნდა უჭირდეს თანამედროვე ციხეში? არც არაფერი, გაჭირვება და ვაება მაშინ იყო, როცა სააკაშვილის ხროვა ეჯდა ამ ქვეყანას თავზე და თვითონაც იმ სიკვდილის მანქანის წევრი იყო. არც შვილებს გაუჭირდებათ რამე, რუსეთის ბიუჯეტიდან ფული არ მოაკლდებათ, ღმერთმა კარგად ამყოფოთ. არც გოგია და მისი ცოლი არიან ჩამოკიდებული პენსიაზე. 
სალომე ზურაბიშვილი „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ სასამართლო განაჩენს საქართველოში დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე „შემზარავ თავდასხმას” უწოდებს. „დროას“ ერთ-ერთი ლიდერიო, ასე ამბობს სალომე ბაბო. ნეტავ სხვა რომელი ლიდერები ჰყავს 1-ქალიან ე. წ. პარტიას? როგორ, ბანერზე უბრალო წარწერისთვის ასეთი რეპრესიები სად გაგონილაო? - წუხს ზურაბიშვილი. ამაზეა ნათქვამი, გამიშვით, ერთი პენალტი მეც დამარტყმევინეთო, ქალი მომენტს არ უშვებს, კომენტარი არ გააკეთოს თავისი ჩიქორთული ქართულით. 
საკმაოდ „ორიგინალური“ კომენტარი გააკეთა ნიკოლოზ გვარამიამ. მისი თქმით, პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული:
„ელენეს მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ამას აღვიქვამთ, როგორც სიგნალს, რომ დავნებდეთ, მაგრამ თუ ვინმეს დანებება მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი“.
რა უნდა ვთქვა? ეს კიდევ არ დაიღალა ტრაბახით და ტაკიმასხრობით, დაბერდა თავის მიერვე გამოგონილ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლით, ნამდვილთან ხელი არ მიუწვდება, მასთან არავინ უშვებს და თვითონვე შექმნა ისეთი, რომელსაც როდისმე დაამარცხებს. რაც შეეხება ელენეს, სინამდვილეში, რისთვის მიესაჯა წელიწად-ნახევრით ციხეში (ფაქტობრივად, კურორტზე ყოფნა) ჯდომა, ამაზე განმარტებას მოსამართლე გიორგი არევაძე აკეთებს:
„ხოშტარიას დანაშაულს ადასტურებს ტელეკომპანიის მიერ გადაღებული კადრები. ასევე, დაცვის თანამშრომლის მიერ გადაღებული კადრები. არ არსებობდა სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები. მის მიმართ 16-ჯერ იყო ადმინისტრაციული საქმე წარმოებული და არც ერთი დაკისრებული ჯარიმა არ აქვს გადახდილი. ასევე, ჰქონდა შეფარდებული გირაო, რომელიც არ გადაიხადა. ზარალი არ აქვს ანაზღაურებული და დანაშაულს არ აღიარებს“.
ვიმეორებ: სად ურევია აქ კახა კალაძის ხელი? რომც მოენდომებინა, როგორ უნდა დაეხსნა მას ციხიდან ხოშტარია? მას განცხადება აქვს დაწერილი პოლიციაში და უკან გამოიტანდა? აღარ უჩივლებდა? ქალი 16-ჯერ დააჯარიმეს და 16-ჯერვე თქვა, მკიდიხართო. აი, რას ამბობს თავად კახა კალაძე: 
„არავის ციხეში წასვლა არ მიხარია, თუმცა ჩვენ ყველა ზრდასრული ადამიანები ვართ, პატარა ბავშვები არ ვართ და ყველა ჩვენს გადადგმულ ნაბიჯზე და გადაწყვეტილებაზე თავადვე ვიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოვიქცეთ, ოთხ შვილზე, ალბათ, ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ქალბატონ ელენეს, ეს არის ჩემი პოზიცია“.
კალაძის თქმით, ხოშტარიას მხრიდან ჩადენილი ქმედება არ იყო მხოლოდ ბანერის დაზიანება, ეს იყო საარჩევნო პერიოდში ხელის შეშლა. თავიდან მეც ამით დავიწყე, კალაძე კიდევ ცოტას ამბობს, ხოშტარიას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი არჩევნებამდეც. 
იგი წლების განმავლობაში მავნებლობდა და მიიღო ის, რაც უნდა მიეღო. ისე, რაღა დაგიმალოთ და... ჩვენი კანონები ყველაზე ჰუმანურია მსოფლიოში, სხვაგან ამდენ დანაშაულზე ხოშტარიას როზგებსაც გამოუწერდნენ.
მართალია, ელენე ამტკიცებს, მე არაფერი მიჭირსო, მაგრამ უჭირს, მას სხვა მხრივ უჭირს, ამას თვითონ მიხვდებით. 

გელა ზედელაშვილი