სახელგატეხილი BBC და დაბადებიდან მოწამლული ე. წ. ქართველები

სახელგატეხილი BBC და დაბადებიდან მოწამლული ე. წ. ქართველები

არიქა, მოგვწამლესო, შემოსძახეს ერთდროულად აკაცუკებმა, ანუ „ნაციონალებმა“ და მათთან გათანაბრებულებმა. რით მოწამლეს, რანაირად მოწამლეს, არც ერთმა არ იცოდა, ვერც ერთი ვერ გრძნობდა, ყველამ ახლა იგრძნო, როცა მსოფლიოში სახელგავარდნილმა BBC-მ, დიდი ბრიტანეთის „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ამ თემაზე გადაცემა მოამზადა - სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლებამ შარშან მომიტინგეები აკრძალული ნივთიერებით მოწამლაო, ამ ნივთიერებას „კამიტი“ ეწოდება და ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აკრძალესო. 
როცა ამის თაობაზე ინფორმაცია ვნახე, ხუმრობა მეგონა, უფრო სწორად, „ტვ პირველის“ (სინამდვილეში „ტვ უკანასკნელის“) მორიგი მავნებლობა მეგონა და კაი ხანს ვიცინე. აბა, რანაირად უნდა წარმომედგინა, რომ საქართველოს ხელისუფლება პირველი მსოფლიო ომის დროინდელ რაღაც ნივთიერებას იშოვიდა, ფულს გადაიხდიდა და შსს-ს საცავებში შეინახავდა. დაუკვირდით, BBC-მ საკუთარი თავი ბოლომდე მაინც არ ამოიჭამა, უკან დასახევი გზა მაინც დაიტოვა და ახსენა სიტყვა „სავარაუდოდ“. თუმცა ჩვენი აწყვეტილი აგენტურისთვის ეს სიტყვა აღარ არსებობს, ეგრევე დაიწყეს მტკიცება მოწამლვის თაობაზე და ტელესტუდიებში წამოსვეს ვითომ მოწამლულ-დაზარალებულები. ესე იგი, ზოგი ერთი წლის მერე ჩივის, რომ შარშან თავი სტკიოდა, მას მერე შაკიკი დაემართა, ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, წნევამ აუწია, მერე დაუწია, ერთხანობას გრიპიც შეეყარა. ზოგი ამბობს, ერთი წლის წინათ აქციებიდან სახლში ჭყაპაჭყიპით რომ მივედი, „ბუშლატის“ გახდაში ცოლი მომეხმარა და ხელები ზედ მიეწვაო. დიახ, იმას ხელები მიეწვა და ამას რომ ეცვა, არაფერი. მეტიც, იგივე ჯეელი ყვება, რომ მის თუთიყუშს ბუმბული დასცვივდა და ძაღლი საერთოდ აღარ მეგობრობდა, ახლოს აღარ ეკარებოდა. ხედავთ, როგორი ტრაგედია დატრიალებულა ერთ ჩვეულებრივ, თავისუფლებისმოყვარე ოჯახში? ვისაც კი რამე ტრავმა ჰქონია ცხოვრებაში და ვისაც კი რამე დაავადება აწუხებდა, ყველამ გაიხსენა. ეგ კი არა, ამ ჯოგის ერთმა ნაწილმა ისიც კი განაცხადა, ახლა მთავრობას ვუჩივლებთ და კომპენსაციას დავაკისრებთო. 
ეს იყო პირველი განყოფილება და რაკი ფსიქიკურად შეშლილებმა იგრძნეს კმაყოფილება, გადავიდნენ მეორე განყოფილებაზე, მაგრამ აქ უკვე ჟანგიანი კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. როგორც კი საქართველოს ხელისუფლების წევრებმა გამოაცხადეს, BBC-ს საერთაშორისო დონეზე მოუწევს პასუხისგება და ბოდიშის მოხდაო, გადაცემაში მონაწილე პედიატრმა გიორგი ჩახუნაშვილმა და მისმა ორმა ვაჟმა, ასევე პედიატრებმა ეგრევე „დაზადნეს“, ჩვენ ამ ტელევიზიისთვის „კამიტის“ შესახებ არაფერი გვითქვამსო, არც მოწამლვა გვიხსენებიაო, ჩვენ უფრალოდ კვლევა გამოკითხვის დონეზე ჩავატარეთო. არადა, სახელგანთქმული და ამჟამად უკვე სახელგატეხილი BBC ამათ ბოდვას დაეყრდნო. პრინციპში, ჩახუნაშვილების ბოდვას BBC არ დაეყრდნობოდა, ამ საქმეში დიდი ფული რომ არ იყოს გადახდილი (ვინ გადაიხადა და რამდენი, ესეც მალე გამოაშკარავდება), მაგრამ ფაქტია, ე. წ. ექიმებმა მამლის ყივილამდეც არ დაიცადეს, მანამდე უარყვეს ოდესღაც სახელგანთქმული BBC და ამავე დროს უარყვეს თავიანთი პატრონების ნება. სხვათა შორის, იგივე გააკეთა ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში, ეგ ტელევიზია დამოუკიდებელია და ჩვენ ვემიჯნებითო. ესენიც ცრუობენ, რანაირი დამოუკიდებელია, როცა ბრიტანეთის მთავრობა აფინანსებს? რაღა დაგიმალოთ და მძიმე დღეები უდგას ამ ოდესღაც სახელგანთქმულ მაუწყებლობას, იქით დონალდ ტრამპი უჩივის და 1-დან 5 მილიარდამდე დოლარს ითხოვს, აქეთ საქართველოს ხელისუფლება შეაწუხებს უახლოეს ხანში და რამდენს მოითხოვს, ჯერ არ ვიცით. დონალდ ტრამპის გამოსვლა ისე დაამონტაჟეს, თითქოს ის თავის მომხრეებს კაპიტოლიუმში შეჭრისკენ მოუწოდებდა. ამის გამო დატოვა სამსახური საინფორმაციოს დირექტორმა, მაგრამ როგორც ჩანს, ქრთამი მხოლოდ ჯოჯოხეთს კი არა, BBC-საც კარგად ანათებს. 
საქართველოში უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც საჯაროდ ამტკიცებენ, რომ ეს ამბავი უკვალოდ არ ჩაივლის. მათ მოჰყავთ სადამ ჰუსეინის, მუამარ კადაფისა და ბაშარ ალ ასადის მაგალითები. სანამ ამ დიქტატორებს ჩამოახრჩობდნენ, ან ქვეყნიდან გააქცევდნენ, ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულესო, აქაც იგივე მოხდებაო. თან ირიბად ბიძინა ივანიშვილზე მიანიშნებენ და თან დასძენენ, მერე რა, თუ საქართველოს ხელისუფლებას ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია, მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა, ბრალდება უკვე წაყენებულიაო. არც სადამ ჰუსეინს გამოუყენებია ქიმიური იარაღი, მაგრამ მაინც ჩამოახრჩვესო, არც მუამარ კადაფს გამოუყენებია, მაგრამ ქუჩაში მოკლესო, არც ბაშარ ალ ასადს გამოუყენებია, მაგრამ ახლა რუსეთში იმალებაო. წარმოგიდგენიათ? ამას ისე ლაპარაკობენ, ისე აღტყინებულები ჰყვებიან, აშკარად ეტყობათ, თუ საქართველოშიც იგივე მოხდება, დიდად ნასიამოვნებნი დარჩებიან. ე. წ. ექსპერტები თუ ანალიტიკოსები საერთოდ ვერ ტვინავენ, ან არ უნდათ „მოტვინონ“, რომ სადაც ეს მოხდა, ის ქვეყნები, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ დავუშვათ, აქაც იგივე მოვლენები განვითარდა და დღევანდელი ხელისუფლება არარსებულ ქიმიურ ნივთიერებას გადააყოლეს - მერე? მერე მოიყვანენ სულწაწყმედილ მარიონეტებს და საქართველო გადაიქცევა რუსეთის საწინააღმდეგო პოლიგონად, ჩვენ, ვინც მოვასწრებთ, გავიხიზნებით ტყეებში, გავაჩაღებთ პარტიზანულ ომს და... მერე? მერე აღარაფერი, საქართველოსგან დარჩება მხოლოდ ფერფლი. კი, ბატონო, რაც ამერიკელებმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გააკეთეს, ეს არის უპატიებელი დანაშაული და მით უფრო დანაშაულია, თუ საქართველოშიც იგივეს გაკეთებას ცდილობენ, მაგრამ აქ არ გამოვა, აქ მოსახლეობას სხვანაირი მენტალიტეტი და მიდგომები აქვს, აქ სხვა დონეა. ჩვენი დაუძინებელი „მეგობრები“ დაახლოებით მერვედ თუ მეცხრედ ცდილობენ ხელისუფლების ამოყირავებას, მაგრამ არ გამოსდით, ვერ ახერხებენ. ვფიქრობ, ეს მცდელობაც განწირულია და ამას BBC ემსხვერპლება, როგორც ემსხვერპლა შვეიცარიული ბანკი „კრედიტ სუისი“. ალბათ, ამავე ამბავს საბოლოოდ ემსხვერპლება ჩვენი ე. წ. ოპოზიცია, სინამდვილეში კი უცხოეთიდან ჩანერგილი აგენტურა. ნახეთ, რას ამბობს გიგა ბოკერიას კნეინა თამარ ჩერგოლეიშვილი, BBC-ის ფილმი ჯერ გამოსული არ იყო, როცა რვა ოპოზიციურ პარტიას ბრიფინგი გვქონდა ჩატარებულიო. რა ბრიფინგი ჰქონდა რვა ე. წ. ოპოზიციურ პარტიას ჩატარებული BBC-ის ფილმამდე? როგორც ჩანს, აქციის მონაწილეების ტყუილ მოწამლვასთან დაკავშირებით აგენტურას დავალება მანამდე ჰქონდა მიცემული, ვიდრე გადაცემა ეთერში გავიდოდა. შეიძლება ეს მოსინჯვაც იყო, ალბათ, ფიქრობდნენ, ხალხს ასე ააზვირთებდნენ, მაგრამ რაკი ყურადღება არავინ მიაქცია, საქმეში მძიმეწონიანი ტელევიზია ჩართეს. ვერც ასე ააზვირთეს საქართველოს მოსახლეობა, ამ ქვეყანაში თითქმის ყველამ მოიცვალა ამათი მოსატყუებელი კბილები. BBC რომ ამერიკული მაუწყებელი იყოს, დონალდ ტრამპი ან მის დახურვას მოითხოვდა, ან კიდევ გაყიდვას, მაგრამ ახლა ცდილობს, 5 მილიარდი დოლარი აწაპნოს და ასე გააკოტროს. პრინციპში, ბრიტანეთის ბიუჯეტზე ჩამოკიდებული ტელევიზია ვერც ამ გზით გაკოტრდება ბოლომდე, უბრალოდ, ცოტა ხანს გაუჭირდება და შეიძლება ახალმა ხელმძღვანელობამ დიდი სისულელეები აღარ ჩაიდინოს. 
სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტს აღარც CNN მოსწონს, იგი ფიქრობს, რომ უნდა გაიყიდოს. მეტიც, მისი აზრით, ადამიანები, რომლებიც ამჟამად CNN-ს მართავენ და რომლებიც არაკეთილსინდისიერ ადამიანთა ჯგუფს წარმოადგენენ, აღარ უნდა მიეცეთ კომპანიის მართვის გაგრძელების უფლება: 
„ვფიქრობ, ადამიანებს, რომლებმაც CNN-ი გაანადგურეს (სხვათა შორის, არავინ უყურებს, ძალიან ცოტა ადამიანი უყურებს), ტელეარხის მართვის უფლება აღარ უნდა მიეცეთ. ამიტომ, ვფიქრობ, ნებისმიერი შეთანხმება გარანტირებული უნდა იყოს. არ მგონია, თაღლითი ადამიანების ჯგუფმა, რომელიც ამჟამად კომპანიას მართავს, მოღვაწეობა უნდა გააგრძელოს“. 
როგორც ხედავთ, ფაქტობრივად, ეს უკვე განაჩენია. თუმცა რა გამოუვა პრეზიდენტს, ჯერ არავინ იცის. რაც შეეხება ჩვენთან დაკავშირებულ ამბავს, დღეს საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ პროვოკაციების სერია ამით არ დამთავრდება. კი, ბატონო, ეს იყო არაფერზე დაფუძნებული დარტყმა, მაგრამ ამ ეტაპზე შედეგი კვლავ ვერ დადეს. ამიტომ ეცდებიან, რამე კიდევ უფრო ამაზრზენი მოიფიქრონ. 
ეს პუბლიკაცია აქ უნდა დამემთავრებინა, მაგრამ კიდევ ერთი პროვოკაციული ფილმი გავრცელდა, რომელიც პოლონელ ვოიცეხოვსკაიას გადაუღია. ე. წ. ფილში მოთხრობილია, როგორ იტაცებდნენ 1970-იან წლებში და დღესაც როგორ იტაცებენ ბავშვებს ჩვენთან უცხოეთში გასაშვილებლად, შემდეგ როგორ პოულობენ ერთმანეთს დედმამიშვილები სოცქსელების საშუალებით, როგორ ტირიან დედები, როგორ მდიდრდებიან მაფიოზები და ასე შემდეგ. ვინმე ჟურნალისტ თამუნა მუსერიძეს თურმე რცხვენია, რომ საქართველოში ასეთი რაღაცები ხდება. დიახ, კი არ ხდებოდა, ახლაც ხდება და მუსერიძე აღფრთოვანებულია ამ ფილმის პრემიერით პოლონეთში. ამ თემას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა „ევრონიუსმა“. როგორც ხედავთ, საქმეში მხოლოდ BBC არ გახლავთ ჩართული, არ გაგიკვირდეთ, ხვალ რომ CNN-მა გამოაცხადოს, საქართველოში ბავშვებს ჭამენო. მერე გამოვლენ ჩვენი „ჭკვიანი“ ექსპერტები და დაიწყებენ მტკიცებას, რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა ივანიშვილი ბავშვებს ჭამს თუ არაო? თეორიულად ხომ შეიძლება, მასთან ბავშვები ირაკლი კობახიძეს მიჰყავსო? აბა, ვინ მიუყვანსო? კი, ივანიშვილი არ ჭამს, არც კობახიძეს მიჰყავს, მაგრამ ბრალდება ხომ არსებობსო? ხომ შეიძლება, ადრე ირაკლი ღარიბაშვილს მიჰყავდაო? რა, უარს ეტყოდაო? მაგას გაუბედავდაო? მოკლედ, ჩვენ დღეს აბსურდულ სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება და როგორმე უნდა გავუძლოთ, სხვა გზა, უბრალოდ, არ გვაქვს, თუ გავუძლებთ - გადავრჩებით. 

გელა ზედელაშვილი