ზაზა შათირიშვილი: რა მეთოდებს იყენებს „დიპ სტეიტი“, იგივე უდიდესი გავლენის მქონე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა იმისთვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სათავეში საკუთარი ინტერესების მორჩილი, აგენტურისგან დაკომპლექტებული ხელისუფლებები მოიყვანოს და შეინარჩუნოს?
ბუნებრივია ამ პროცესში ერთ-ერთი როლი ლიბერალიზმის დამახინჯებულ ვერსიას, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას გააჩნია, რომელიც, საკუთარ თავში, გარდა კულტურული და ღირებულებითი საკითხებისა, სახელმწიფოს მართვის პრინციპებს გულისხმობს. პლურალიზმის, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმზიდველი იდეების მიღმა კი, სინამდვილეში ამ ღირებულებების დამახინჯებული, საკუთარ შინაარსს აცდენილი, თუმცა, კარგად შეფუთული პრაქტიკული მეთოდები იმალება, რომლის დანერგვის შემთხვევაშიც, ძალიან დიდი გავლენის, ფინანსური შესაძლებლობებისა და ზეწოლის ბერკეტების წინაშე აღმოჩენილი მოწყვლადი ინსტიტუტების არაფორმალურ გავლენებს დაქვემდებარებული ადამიანებით დაკომპლექტება მარტივი ხდება.
ბუნებრივია, იმისთვის, რომ სახელმწიფო სწორად ფუნქციონირებდეს, მთავარი როლი ხელისუფლების სამივე - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს დამოუკიდებლობას, ურთიერთბალანსს, უფლება-მოვალეობების მკაფიოდ გამოკვეთასა თუ გამიჯვნას და იმგვარი ურთიერთკონტროლის მექანიზმის არსებობას გააჩნია, რომელიც ერთის მიერ მეორის დაქვემდებარებას გამორიცხავს. ამ პროცესში, უმნიშვნელოვანესია, რომ ხელისუფლების თითოეული ეს შტო იმ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით მოქმედებდეს, რომლის იურისდიქციაშიც ფუნქციონირებს და რომლის ხალხიც ლეგიტიმაციას ანიჭებს. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს მედია, რომელსაც საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებზე მისი მაღალი ხარისხის გავლენის გამო „მეოთხე ხელისუფლებას“ სრულიად სამართლიანად უწოდებენ. სწორედ ამიტომ, თუკი გსურს, კონკრეტული სახელმწიფო საკუთარ ინტერესებს დაუქვემდებარო, უნდა ეცადო, რომ ხელისუფლების სამივე შტო და მასმედია საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციო, პარალელურად კი საზოგადოება დაარწმუნო, რომ მექანიზმები, რომელსაც საბოლოო მიზნამდე მიყავხარ, სინამდვილეში, ხალხის ინტერესებით, თავისუფლების ხარისხის ზრდით და მეტი კეთილდღეობის უზრუნველყოფით არის ნაკარნახევი. საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები იმის საუკეთესო მაგალითია, „დიპ სტეიტი“, როგორ ცდილობდა ხელისუფლებაში მოყვანილი საკუთარი აგენტურის ქვეყნის სათავეში შენარჩუნებას, როგორ ხუჭავდა თვალს მათ ნებისმიერ ანტიჰუმანურ და არადემოკრატიულ ქმედებაზე, პარალელურად კი, მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა, როგორ ცდილობს, ძირითადად, უსაფუძვლო კრიტიკისა და „მეტი დემოკრატიულობის“ სახელით ხელისუფლებას საკუთარი ხელით, იმგვარი პრინციპები დაანერგვინოს, რომელიც როგორც მინიმუმ, უცხო ინტერესების მნიშვნელოვან გავლენებს, მაქსიმუმ კი ძალაუფლების კვლავ აგენტურისთვის დაბრუნებას უზრუნველყოფს.
დღესდღეობით, როგორც წესი, მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებისა თუ დემოკრატიის შესახებ შექმნილი თეორიების თანახმად, რაც მეტი პარტიაა წარმოდგენილი კონკრეტული სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოში, მით უფრო დემოკრატიულად ითვლება ქვეყანა. ძალიან ბევრ ევროპულ სახელმწიფოში ვხვდებით არაერთ პარტიას, რომელიც არჩევნებზე საერთო ხმების მხოლოდ 3, 5 ან 7 პროცენტს იღებს, ყველაზე დიდი მხარდაჭერის მქონე პარტიები კი 20, მაქსიმუმ 25 პროცენტიანი მაჩვენებლის დაფიქსირებას ახერხებენ. სწორედ პლურალიზმის, წარმომადგენლობის მაქსიმალურად გაზრდის სახელით, მივიღეთ მოცემულობა, როდესაც თითქმის შეუძლებელია იპოვო პოლიტიკური ძალა, რომელსაც შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება, საზოგადოებისთვის მკაფიო პასუხების გაცემა შეუძლია, თუმცა, გამართლების პოვნა მარტივია - ამა თუ იმ პარტიას ხომ არ გააჩნია საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელებისთვის საკმარისი მხარდაჭერა, რის ფონზეც სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსენსუსი და კომპრომისი უწევს. ამ ფონზე, ხშირია განსხვავებულ პოზიციებზე მდგარ პარტიებს შორის კოალიციების შექმნა და ამ მყიფე ერთობების დაშლა, რასაც ვადამდელი არჩევნები მოჰყვება. მსგავსი ქაოსი შეინიშნება ევროპარლამენტშიც, რომლის რეზოლუციები, გადაწყვეტილებები თუ მოსაზრებები არა სავალდებულო, არამედ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ინსტიტუცია უდიდეს ავტორიტეტს ატარებდა, შესაბამისად, მის რეკომენდაციებსაც აქტიურად ითვალისწინებდნენ კონკრეტული სახელმწიფოებისა თუ თავად ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლები. ამის საპირისპიროდ, დღეს მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ევროპარლამენტმა საკუთარი ავტორიტეტი თითქმის სრულად დაკარგა, რაც, ძირითადად იმ დეპუტატების დამსახურებაა, რომლებიც არაობიექტურ და ტენდენციურ ინფორმაციას ავრცელებენ. ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენი ქვეყანაა, რომელთან დაკავშირებითაც ევროპარლამენტმა სიყალბეზე დაფუძნებული 6 დადგენილება მიიღო, თითეული მათგანის პუნქტებში კი მარტივად იკითხება ის სიცრუე, რომელიც საქართველოსთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებასა და ზეწოლაზეა ორიენტირებული. ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ დროთა განმავლობაში, ევროპარლამენტი იქცა ორგანოდ, რომლის წარმომადგენლებიც არა ევროპის მოსახლეობის ინტერესებსა და ჭეშმარიტებას იცავენ, არამედ, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედებენ. ისეთ განუკითხაობაში კი, როგორშიც დღეს ევროპის რიგი სახელმწიფოებისა და ევროპის პარლამენტია აღმოჩენილი „დიპ სტეიტისთვის“ კიდევ უფრო მარტივი ხდება, კონკრეტული პარტიები და შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოები საკუთარი აგენტურით დააკომპლექტოს.
ამის საპირისპიროდ კი, თუკი რომელიმე ქვეყანაში, არჩევნებზე, ესა თუ ის პარტია 50 პროცენტიან ან მეტ მხარდაჭერას იღებს და ახერხებს, საკანონმდებლო ორგანოს ნახევარზე მეტი საკუთარი წარმომადგენლებით დააკომპლექტოს, მაშინვე იწყება კრიტიკა დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით, ჩნდება შეკითხვები მრავალფეროვნებასა თუ წარმომადგენლობისა და მოსახლეობის განწყობებს შორის შესაბამისობაზე. იმ შემთხვევაში კი, თუკი რომელიმე ძალა ხელისუფლებაში დარჩენას 2 ვადაზე მეტი ხნით ახერხებს, ცდილობენ ქვეყანა, ფაქტობრივად, ავტორიტარიზმის საფრთხის წინაშე მდგარ სახელმწიფოდ წარმოაჩინონ და ამის საუკეთესო მაგალითი ისევ საქართველოა. ეს იმ ფონზე, როდესაც დემოკრატიულობის მთავარი საზომი საარჩევნო პროცესში პარტიების ჩართულობის უზრუნველყოფა და მოქალაქეებისთვის შესაძლებლობის მიცემაა, საკუთარი ხმა იმ ძალას მისცენ, რომელიც მათ შეხედულებებს ყველაზე უკეთ ასახავს. ამ თვალსაზრისით, ვერავინ იტყვის, რომ საქართველოში პრობლემები არსებობს - ჩვენს ქვეყანაში ათეულობით პარტიაა დარეგისტრირებული, რომლებსაც არჩევნებში მონაწილების მიღება მარტივად შეუძლიათ. ხოლო იმის რეალური მიზეზები, თუ რატომ ვერ იღებენ საკმარის მხარდაჭერას, მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ეძიონ. ნათელია, რომ საქართველოში დემოკრატიულობის პრობლემა არ არსებობს, პრობლემა მხოლოდ ოპოზიციურ სპექტრშია რომლის დიდი ნაწილიც არა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის, არამედ უცხოური ინტერესებით მოქმედებს, შესაბამისად, ის შედეგებიც ლოგიკურია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს „დიპ სტეიტისთვის“ დემოკრატიულობის ხარისხი სხვანაირად იზომება - მთავარია პარლამენტში რაც შეიძლება მეტი პარტია, რაც შეიძლება მცირე მხარდაჭერით მოხვდეს, იმისთვის, რომ თითოეულ მათგანზე კონტროლის მოპოვება გამარტივდეს.
შემდეგი მიზანი, რომელიც „დიპ სტეიტს“ აქვს, კონკრეტული სახელმწიფოების აღმასრულებელი ხელისუფლებების - მთავრობების საკუთარი გავლენისთვის დაქვემდებარებაა. ამისთვის ორი გზა შეიძლება არსებობდეს, რაც ისევ და ისევ საქართველოს მაგალითზე ჩანს. თუკი შეძლებენ, ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურა მოიყვანონ - მთავრობის მთელი ვერტიკალი: პრეზიდენტი, მინისტრები, კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელები, მათთვის მისაღები ინდივიდებით კომპლექტდება, რისი დასტურიც სააკაშვილის ხელისუფლება და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაა. თუმცა, იმ შეთხვევაში თუკი, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ძალები მარცხდებიან - განსხვავებულ ტაქტიკას ირჩევენ. ბუნებრივია, იწყება მითითება ძალაუფლების დეკონცენტრაციისა და მართვაში სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლების ჩართვის აუცილებლობაზე, გადაწყვეტილების პროცესში უცხოეთიდან დაფინანსებული „არასამთავრობო ორგანიზაციების“ ჩართულობის საჭიროებაზე, რეკომენდაციებს გასცემენ გაურკვეველი, „დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების“ ჩამოყალიბებაზე, რომლის ხელმძღვანელიც ე.წ. ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა შეირჩეს, მოითხოვენ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით იქნეს მიღებული, რისთვისაც პარლამენტის, ან რომელიმე საბჭოს შემადგენლობის ნახევარი კი არა, ორი მესამედი ან სამი მეოთხედია საჭირო. ხშირად გვესმის რეკომენდაცია, რომ ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტროსგან დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს, რაც, სიღრმისეულად თუ დავფიქრდებით, ნონსენსია - ვისაც ეკონომიკური პრინციპები მინიმალურ დონეზე მაინც ესმის, აუცილებლად გაუჩნდება შეკითხვა, როგორ შეიძლება ეროვნულმა ბანკმა ფინანსთა სამინისტროს მიღმა, მასთან კოორდინაციის გარეშე აწარმოოს მონეტარული პოლიტიკა? თუმცა, „დიპ სტეიტისთვის“ ეს სწორი მიდგომაა, რასაც ბევრჯერ ნახსენები მათი მიზანი განაპირობებს - თუკი ვერ მოახერხებს სუვერენული ქვეყნის მთავრობის მთლიანად დაქვემდებარებას, კონკრეტული, სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორგანოები მაინც დაიქვემდებაროს და მის ხელმძღვანელად საკუთარი აგენტის დანიშვნა უზრუნველყოს! ოლიგარქების მოქმედების ლოგიკა ამ შემთხვევაშიც ისეთივეა, როგორც საკანონმდებლო ორგანოს დამორჩილების მცდელობის პროცესში - არ შეიძლება მთავრობა ერთ პოზიციაზე მდგარი, მწყობრი ლოგიკისა და შეხედულებების მქონე ერთიანი გუნდით იყოს დაკომპლექტებული. რაც შეიძლება მეტი განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი, სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ინდივიდები თუ არიან აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობაში ჩართული, მართვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება, ეს კი „დიპ სტეიტს“ ყველაზე ნოყიერ ნიადაგს უქმნის იმისთვის, რომ შექმნილ ქაოსში საკუთარი აგენტურა წამყვან პოზიციებზე შემოიყვანოს.
ოლიგარქიული კლანების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს რომ სასამართლო წარმოადგენს, ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების მაგალითზეც ნათლად ჩანს. ბუნებრივია, თუკი არაფორმალური გავლენების მქონე რომელიმე ძალა ხელისუფლების აღნიშნულ შტოს დაიქვემდებარებს, მართლმსაჯულების სისტემაზე, ფაქტობრივად, სრულ კონტროლს მოიპოვებს, შესაბამისად, არა მხოლოდ კონკრეტული საყოფაცხოვრებო, კომერციულ თუ სისხლის სამართლებრივ დავებზე ექნება გავლენა, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ, მისი პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევ საქმეებზეც და, მაგალითად, არჩევნების შედეგების გაუქმების ბერკეტადაც კი შეიძლება გამოიყენოს, რაც ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს შემთხვევაში, სულ ცოტა ხნის წინ, მთელმა მსოფლიომ თავად იხილა.
საქართველოს შემთხვევაში, კარგად გვახსოვს, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლისთანავე, ერთ-ერთი პირველი რეფორმა სწორედ სასამართლო სისტემის რეორგანიზაცია იყო, რომლის ფარგლებშიც მოსამართლეთა სრული კორპუსი, მათ შორის, საკუთარი საქმის უბადლო პროფესიონალებიც ჩამოაშორეს საქმიანობას, მათ ადგილზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგული, მათდამი ლოიალურად განწყობილი კადრები მოიყვანეს. ყველაზე ირონიულია, რომ სასამართლო, ძირითადად პროკურორებით დააკომპლექტეს, რაც დაუშვებელია. მაშინ, როდესაც დემოკრატიულ სახელმწიფოში სასამართლო სისტემა, პროკურატურის, როგორც მთავარი საბრალდებო მხარისგან აბსოლუტურად განსხვავებული ლოგიკით მოქმედებს, მივიღეთ მოცემულობა, როდესაც, ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს, ფაქტობრივად, გენპროკურორი კურირებდა! მიუხედავად ამისა, საერთაშორისო არენაზე, მთელი რიგი უცხოელი პოლიტიკოსებისგან გვესმოდა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა სანიმუშო, ხელისუფლება კი დემოკრატიის შუქურა იყო.
ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა, რომელიც უცხოეთიდან წამოვიდა, სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების ხელშეუხებლობა იყო. ნიშანდობლივია, რომ 2012-13 წლებში, ასეთივე მოთხოვნას ახმოვანებდნენ ადგილობრივი „არასამთავრობო ორგანიზაციები“ და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც წლების შემდეგ, უკვე დიდი ხანია, იმავე მოსამართლეების სისტემიდან ჩამოშორებას ითხოვენ. საზოგაოდებას კარგად ახსოვს, რომ ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სასამართლო სისტემისთვის თვითგამორკვევისა და გაჯანსაღების შესაძლებლობა, ყოველვარი ზეწოლის გარეშე მიეცა, შედეგად კი მივიღეთ, რომ დღეს ქართული სასამართლო, ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული და სანიმუშოა. მიუხედავად არაერთი სპეკულაციისა და ბრალდებისა, ფაქტებზე დაყრდნობით ვერავინ, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც საზღვარგარეთ, ვერც ერთ საქმეს ვერ ასახელებს, რომელშიც მმართველი გუნდის გავლენა, სამართლებრივი არგუმენტების მიღმა, სხვა ტიპის გარემოებებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება შეიძლება იკითხებოდეს. ამის საუკეთესო დასტური კი „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ გადაწყვეტილებებია, რომელიც, როგორც წესი, ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოდან სარჩელი იგზავნება, ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემა უმაღლეს დონეზე, ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებს! ამ ფონზე, ხშირად გვესმის ბრალდებები, რომ სასამართლო მიტაცებულია, თუმცა ფაქტები სხვა რამეს ამტკიცებს - სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „დიპ სტეიტს“ გამოსტაცა სასამართლო სისტემა, დამოუკიდებლად მოქმედების, შესაბამისად, ქვეყნისა და ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობის შესაძლებლობა მისცა! მიუხედავად ამისა, კარგად ჩანს, როგორია გავლენიანი ოლიგარქებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალების ლოგიკა, თუ სისტემა მათ ემორჩილება, როგორც სააკაშვილისა და ადეიშვილის ხელმძღვანელობის პირობებში ხდებოდა, რა გადაწყვეტილებებიც უნდა მიიღოს, სასამართლო დამოუკიდებელია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მათ არ ემორჩილება - მიტაცებული და არ აქვს მნიშვნელობა ამის არგუმენტები არსებობს თუ არა.
რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით მედიასა და მასობრივი კომუნიკაციების სხვა საშუალებებს, რომელთა კონტროლი, არაფორმალური ოლიგარქიული ძალებისთვის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. სწორედ მედიაა ის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებითაც იქმნება კონკრეტული ნარატივები, შემდეგ კი საზოგადოებას თავს ახვევენ და მათ ჭეშმარიტებაში არწმუნებენ. „დიპ სტეიტის“ მოქმედების „სამარკო ნიშანი“, უპირველესი ამოცანა კომუნიკაციების არხების სრული კონტროლია! არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობისთვის დაუშვებელია, თუნდაც ერთი მედიასაშუალება სხვის ხელში, მათი გავლენის მიღმა არსებობდეს და თუ ეს მაინც მოხდება, მაშინ კონკრეტული სატელევიზიო არხი, გაზეთი თუ გამოცემა იარლიყების, თავდასხმებისა და ზეწოლისთვის არის განწირული! ამგვარი მიდგომაა გაბატონებული ევროპაში, სადაც, რეალურად დამოუკიდებელი მსხვილი მედიასაშუალება, ფაქტობრივად, არ არსებობს. თითქმის ყველა მათგანი აგენტურის ხელით იმართება, რამაც ევროპა ღირებულებათა დევალვაციამდე, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის აგრესიულად გავრცელებამდე და ამ ყველაფრის საზოგადოებისთვის თავს მოხვევამდე მიიყვანა! აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დამოუკიდებელი მედია, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ, ამერიკაშიც არ არსებობს და მას ოლიგარქიული ოჯახები სრულად აკონტროლებენ. მეტიც, სწორედ შეერთებული შტატები გახდა პირველი სახელმწიფო, სადაც მედია ამ ჯგუფის მიერ ტოტალურად იმართება, ისევე როგორც მთელი პოლიტიკური, ბიზნეს და „საზოგადოებრივი“ ისტებლიშმენტი. რაც შეეხება აშშ-ში „დიპ სტეიტის“ მიერ მედიის სრულ კონტროლს, ბოლო, ყველაზე ნათელ მაგალითს „ტიკტოკის“ ირგვლივ ჩინეთსა და აშშ-ს შორის განვითარებული ურთულესი მოვლენები წარმოადგენს, როდესაც აშშ-ის ხელისუფლება ქვეყანაში სოციალური პლატფორმის აკრძალვას აანონსებდა, თუ ქსელი ამერიკული კომპანიის მფლობელობაში არ გადავიდოდა - ყველას გვახსოვს, დონალდ ტრამპის მიერ კომპანიისთვის წაყენებული ულტიმატუმი და მიცემული ვადა. ეს პროცესები ჩვენს თვალწინ, ღიად და თავხედურად ხდებოდა - საზოგადოება უყურებდა ტარიფების ომს, სხვადასხვა საქონლის აკრძალვის მუქარას და ჩინეთზე ყველა შესაძლო ხერხით ზეწოლას, რომ როგორმე „ტიკტოკის“ მართვის სადავეები სწორედ ამერიკულ კომპანიას ჩაეგდო ხელში. რთული გამოსაცნობი არ არის, რომ „ტიკტოკს“ სწორედ „ბლექროკი“ დაეპატრონა - ჩემ მიერ ასევე არაერთხელ ნახსენები ამერიკული გიგანტი, რომელიც თავის მხრივ ოლიგარქების ერთ-ერთ მთავარ კორპორაციას წარმოადგენს. რთულია, უფრო ნათელი და უხეში მაგალითის მოყვანა იმისთვის, რომ ცხადად დავინახოთ, თუ როგორ იბრძვის ოლიგარქია მონოპოლიისთვის და უკვე რა დონეზეა მედია მონოპოლიზებული, რომ ამ ჯგუფმა ვერ აიტანა მისი გავლენისგან თავისუფალი ერთი მედია პლატფორმის არსებობაც კი.
იმის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ ხდება მედიის მონოპოლიზაცია, ყველა არხის ერთ ხმაში, ერთი და იმავე ტექსტებით ამეტყველება, კვლავ საქართველოში უნდა ვეძიოთ. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში, ფაქტობრივად, ყველა მსხვილი, სატელევიზიო არხი ერთი ხელით, მმართველი პარტიიდან იმართებოდა და მისი პიარ-სამსახურის გაგრძელებას წარმოადგენდა. არსებობდა მხოლოდ ორი ფსევდოოპოზიციური არხი - „კავკასია“ და „მაესტრო“, რომლებსაც საზოგადოების თვალში ზედმეტად არასერიოზული იმიჯი გააჩნდათ და იუმორისტულ კატეგორიებში განიხილებოდა. ამ პირობებშიც კი, ისინი მაინც ვერ ახერხებდნენ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლიდან გასვლას, უბრალოდ, საკუთარ როლს კარგად ასრულებდნენ, მაშინდელი ხელისუფლება კი, ამ არხების გამოყენებით ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობის შირმას ქმნიდა. საინტერესოა, რომ ასეთი გარემოს გათვალისწინებით, ევრობიუროკრატები, კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ე.წ. გავლენიანი ექსპერტები საქართველოზე, როგორც მედიაპლურალიზმის საუკეთესო მაგალითზე ხშირად საუბრობდნენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, ამ ყველაფრის უზრუნველყოფისთვის აქებდნენ და მადლობას უხდიდნენ.
ამის საპასუხოდ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, მედია რეალურად გათავისუფლდა. დღეს, ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით, მედიასაშუალებების რეგისტრაციისა და ფუნქციონირებისთვის, ბარიერები ფაქტობრივად არ არსებობს. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ქვეყანაში მოქმედებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვისაც მაქსიმალურად ღიაა. გვხვდება არაერთი კერძო სატელევიზიო არხი, მათ შორის ტენდენციური, სუბიექტური თუ ობიექტური, ოპოზიციურად განწყობილი თუ ხელისუფლების მხარდამჭერი. გვხვდება არხები, რომლების სარედაქციო პოლიტიკაც რადიკალიზმზე, სიცრუესა და სკანდალების ხელოვნურად აგორებაზეა დაფუძნებული, თუმცა, მათ ფუნქციონირებას არავინ უშლის ხელს! ამ თვალსაზრისით, საქართველოში, მართლაც ეტალონური მოცემულობა გვაქვს, თუმცა, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისგან, ჩვენს ქვეყანას მედიაგარემოს გაუარესების გამო აკრიტიკებენ. ოლიგარქიული ძალების კონტროლის ქვეშ მყოფი ადგილობრივი თუ უცხოელი აქტორებისთვის, დამოუკიდებელი, ობიექტური და სიმართლის სამსახურში მდგარი მხოლოდ ის მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებია, რომელიც აგენტურის ხელით იმართება, სხვა ყველა დანარჩენი კი, მიტაცებულად მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, თუ რეალურად რომელი მათგანი ავრცელებს სიყალბესა და ე.წ. „ფეიკნიუსებს“.
ფაქტია, რომ ხელისუფლების ყველა შტო, მედია და საზოგადოებრივად აქტიური ნებისმიერი ინდივიდი, თუ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს არ ექვემდებარება, ზეწოლის, დაცინვისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი უნდა იყოს, ეს ყველაფერი კი „სიტყვის თავისუფლების“ იდეით უნდა შეიფუთოს! სიტყვის თავისუფლების ამგვარი გაგება „დიპ სტეიტს“ საშუალებას აძლევს, პროცესებისა და კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციით ხელოვნური პოლარიზაცია შექმნას და შეინარჩუნოს. ისინი ცდილობენ, ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფებისგან შემდგარ, დაქსაქსულ ხალხში ქაოსი და აგრესია დაამკვიდრონ, რათა სხვადასხვა პოლუსებად დაყოფილ, არაერთიან, გაურკვევლობაში მყოფ საზოგადოებაში საკუთარ მიზნებს მარტივად მიაღწიონ. სწორედ ამიტომ გვისახავენ სიტყვის თავისუფლების ეტალონად გია ნოდიას, რომლის აზრითაც, აღნიშნული ცნება შეზღუდულია, თუკი შეურაცხყოფის მიყენება და ლანძღვა დაშვებული არ არის!
მზია ამაღლობელი, სწორედ ამიტომ აქციეს სიტყვის თავისუფლების სიმბოლოდ, - არად აგდებენ იმას, რომ პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს, შემდეგ კი საპროცესო გარიგებაზე უარი განაცხადა და ცრუობენ, თითქოს, ჟურნალისტური საქმიანობის გამოა დაპატიმრებული. არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად, გადასცემენ არაერთ საერთაშორისო ჯილდოს, საუბრობენ მის გმირობასა და თავგანწირვაზე და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სამსახურშია! ეს ტენდენცია კარგად ჩანს, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, ე.წ. აქტივისტებისა და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების, არამედ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების - მსახიობების, მომღერლების თუ მხატვრების შემთხვევაშიც. უკვე წლებია, ფაქტობრივად, ვერც ერთი ის ხელოვანი, რომელიც ფსევდოლიბერალურ ღირებულებებს არ იზიარებს, ე.წ „მეინსტრიმულ“ იდეოლოგიას არ მიჰყვება და გავლენიანი ოლიგარქიული ძალების ნარატივს რაიმე ფორმით არ ავრცელებს, არათუ რაიმე პრიზსა და ჯილდოს ვერ იღებს, არამედ შემოქმედებითი პროცესიდან მაქსიმალურად არის ჩამოშორებული.
ფაქტია, „დიპ სტეიტი“ ყველა დონეზე შემდეგი ლოგიკით მოქმედებს - თუკი მათ სამსახურში ხარ და უპირობოდ ემორჩილები, მანამდე, სანამ სჭირდები, მაქსიმალურად ხელს გიწყობს და გახალისებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუ მათ გეგმებს მინიმალურად მაინც ეწინააღმდეგები, მუდმივი დევნის, შეურაცხყოფის, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის თავდასხმების მსხვერპლი ხარ!

