ია მეტრეველი: დაისაჯონ ზურაბ ადეიშვილი და გურგენ დონაძე!
შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე 7 წლით პატიმრობა მიესაჯა (შემდეგ რამდენიმე მუხლით ამნისტია შეეხო და დარჩა 5 წელი), ხოლო ამავე საქმეზე სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი გაამართლა. უცნაურია, რატომ უნდა გაემართლებინა ადეიშვილი სასამართლოს და რატომ უნდა დაესაჯა ოქრუაშვილი? ამაზე ქვემოთ ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი გვიპასუხებს, მანამდე კი იმას მოგახსენებთ, კონკრეტულად რა ბრალდება წაუყენეს ირაკლი ოქრუაშვილს: „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს ავტომანქანა მძღოლით და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გრიგოლ ბაშელეიშვილს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი, ამირან (ბუტა) რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, შემთხვევის ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ რობაქიძეს და ავტომანქანაში მასთან ერთად მსხდომ პირებს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. იმჟამინდელი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებებით“.
ქალბატონი ია კი ამბობს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, მაგრამ ამავე დროს, ის უკმაყოფილოა იმის გამო, რომ უფრო დიდი დამნაშავე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ გაამართლა. მას მიაჩნია, რომ ეს უკვე სამართლებრივი ნონსენსია.
- ქალბატონო ია, რას ელოდებოდით, ოქრუაშვილთან ერთად ადეიშვილიც უნდა დასჯილიყო?
- ჩემი შვილი მოკლეს გიორგობის ღამეს, დიდუბის ეკლესიასთან, სააკაშვილის ჯალათებმა დამიხვრიტეს ერთადერთი შვილი, 19 წლის, ჩემი ბუტა. სწორედ სააკაშვილის ჯალათი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის წლისთავზე, ზვარაკად შეიწირეს იგი. გიორგობას 21 წელი შესრულდა ჩემი ამ უბედურების დღიდან და მაინც, ამდენი ხნის შემდეგ, ადეიშვილი სასამართლომ გაამართლა. ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და გაუგებარია. მივმართავ პროკურატურას, საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსი ზურაბ მიქაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ვაჟბატონი გურგენ დონაძე გათავისუფლდნენ პატიმრობიდან იმის გამო, რომ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ამხილეს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ასევე მაშინდელი მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. ოქრუაშვილს მიესაჯა 5 წელი, ხოლო ადეიშვილი გამართლდა. ამიტომ ვითხოვ, დაიბარონ გურგენ დონაძე, რომელიც ისევ განაგრძობს მავნებლობას - დაბძანდებოდა აკაცუკების აქციებზე. ის არის ცოცხალი მოწმე და მთავარი რეჟისორი იმ საშინელებისა, რაც იმ ღამეს მოაწყვეს.
- ესე იგი, თქვენ უკმაყოფილო ხართ ადეიშვილის გამართლების გამო?
- დიახ, ოქრუაშვილზე თავიდან 7 წელი მეგონა, მაგრამ მერე შეუმცირდა. კარგი, ჯანდაბას, რაკი მაინც დაისაჯა, არა უშავს, მე პრეტენზიას ვაცხადებ ადეიშვილთან დაკავშირებით, ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი.
- მე წავიკითხე, საქმეში დაფიქსირებულია, რომ ყველაფერი ადეიშვილის დავალებით გაყალბდა. რანაირად მოხდა, რომ ის მაინც „გამოძვრა“?
- სწორედ მაგას ვჩივი, ის იყო მთავარი პროკურორი, მის გარეშე არაფერი ხდებოდა. საქმეც იყო აღძრული, ყველაფერს ადასტურებდნენ დონაძე და მიქაძე. მიქაძე ყველაზე აგრესიული იყო, ჩანაწერებში ჩანს, როგორ ექცეოდა ბავშვებს. ეს დონაძე კიდევ ხომ საერთოდ, რეჟისორი გახლდათ გაყალბებისა. მან იცის ყველაფერი, რაც მოხდა და როგორც მოხდა, როგორ მიიტანეს იარაღი. როდესაც სააკაშვილამდე მივიდა ინფორმაცია, მან გასცა ბრძანება, პატრულის იმიჯი არ შეილახოს, რაც გინდათ, ის გააკეთეთო. ამის შემდეგ ადეიშვილი დაუკავშირდა ოქრუაშვილს და ერთობლივად მიიღეს იარაღის ჩადების გადაწყვეტილება. ოქრუაშვილის დანაშაული ის არის, რომ დამნაშავე პოლიციელი არც კი დააპატიმრა და კიდევ ორი წელიწადი ამუშავა. კი იმართლებდა თავს მერე, მე თავდაცვის მინისტრად გადავედი, მაგ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ ვიყავიო, მაგრამ ტყუის, მაშინ ჯერ არ იყო გადასული.
- როგორც მახსოვს, მიქაძე და დონაძე რაღაც პერიოდის განმავლობაში იყვნენ ციხეში.
- თითო წელი იჯდნენ, მერე ითანამშრომლეს გამოძიებასთან და გათავისუფლდნენ. ეს მოხდა ამ ხელისუფლების დროს. თანამშრომლობამდე ამტკიცებდნენ, რომ ბუტას არა, მაგრამ დანარჩენებს ჰქონდათ იარაღიო. აქეთ შეტევაზე იყვნენ გადმოსულები, საშინელ დღეში გვაგდებდნენ პროცესებზე. პირდაპირ ოჯახებით გვებრძოდნენ. ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, ბაქრაძე, რომელიც გაქცეული იყო საზღვარგარეთ, ერთხელაც დაგვიკავშირდა და გვითხრა, მე ყველაფერს ავხდი ფარდას, სიმართლეს ვიტყვი, მე თვითონაც მაქვს მონაწილეობა ამ საქმეში მიღებული, მე თვითონ ჩავუდე „ლიმონკა“ ერთ-ერთ ბიჭს, იარაღის ჩადებაშიც მივიღე მონაწილეობაო. ამ კაცმა მართლაც ახადა ფარდა ყველაფერს. კიდევ იყო ერთი, გია სარიშვილი ვაკის პოლიციაში, მან მაშინვე თქვა, მიქაძე მოვიდა და ვაკის პოლიციიდან წაიღეს იარაღიო. რისთვის მიჰქონდათ, არ ვიცოდი, მაგრამ ფაქტს ვადასტურებ, ამის მოწმე ნამდვილად ვარო. ამას დავანებოთ თავი, ოქრუაშვილის ადვოკატი ამბობს, გარდაცვლილი მიქაძე ოქრუაშვილს პირადად ხელს არ ადებდაო. როგორ არ ადებდა? მას აქვს ნათქვამი, რომ ოქრუაშვილმა დამავალა, მეთქვა, რომ იყო ორმხრივი სროლაო. ადვოკატი თავისას იძახის, ეგ მტკიცებულება მაინც არ არისო. ვერ გავიგე, მითითება რომ მისცა, ეს არაფერია? გარდა ამისა, არსებობს ცოცხალი მოწმე, რომლის ჩვენების საფუძველზეც დააპატიმრეს ოქრუაშვილი, ეს არის გურამ, იგივე გურგენ დონაძე. დაიბარონ ხელახლა პროკურატურაში, დაკითხონ და ის ადეიშვილიც ჩამოაბრძანონ თბილისში.
- ესე იგი, რა გამოდის, დონაძემ ითანამშრომლა და შერჩა?
- დიახ, ასე გამოდის. რომ გვეგონა, ამ თანამშრომლობით მოინანია, არაფერიც, აქციებზე დაბრძანდებოდა. ოთხ ოქტომბერს უნდა მობრუნებულიყო, ასე აპირებდა. ეგ დონაძე მისახედია, მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ფორმით აქციებსაც ხელმძღვანელობდა. ამ გარეწარს საამისო უნარი და გამოცდილება ნამდვილად აქვს, ჩემი შვილის მკვლელობაში თავიდან ბოლომდე იყო ჩართული.
- რაკი ირაკლი ოქრუაშვილმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამიტომ მიუსაჯეს შვიდი წელი? თუ ეგეც დაადებდა ხელს ვინმეს, მაგასაც გამოუშვებდნენ?
- ოქრუაშვილი ამტკიცებდა, მე უდანაშაულო ვარო.
- პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს ადეიშვილის საქმეს. გამოვა რამე?
- მე იმედს ვიტოვებ, რომ სააპელაციოში მაინც მოხდება მისი გამტყუნება. ძალიან ვარ აღელვებული, რას ჰქვია, გაამართლეს?
- თუ საპელაციომ არ გაამტყუნა, შემდეგ რა იქნება?
- არაფერი, მაშინ შერჩეს ყველას ყველაფერი და ეგ იქნება. თუმცა ღვთის სამსჯავრო არავის ასცდება.
- თქვენ სასამართლო პროცესზე იყავით?
- არა, მე ტელევიზიით გავიგე ეს ამბავი.
- თქვენი ადვოკატი იყო?
- არა, ჩვენ არაფერი ვიცოდით.
- ესე იგი, პროკურატურა „მიაწვა“ ამ საქმეს ბოლომდე. თვითონ ირაკლი ოქრუაშვილი ესწრებოდა პროცესს?
- როგორც გავიგე, არ მისულა.
- მისი რეაქცია მაინტერესებდა. ალბათ, ასეთ განაჩენს არ ელოდებოდა.
- ალბათ, არ ელოდებოდა... იცოდეთ, ეგ არანაკლები ფაშისტია, ვიდრე სააკაშვილი და მერაბიშვილი არიან. სააკაშვილი და ეგ ერთმანეთში ვერ მორიგდნენ და ამიტომ გადაუდგა, თორემ ეგტეც ბოროტების განსახიერებაა.
- და ბოლოს, რას აპირებთ?
- მე რაღა უნდა დავაპირო? 21 წელიწადი ბრძოლაში ვარ და სამართალი ბოლომდე მაინც ვერ ვიპოვე. მე მარტო ჩემს უბედურებას არ ვტირი, სამწუხაროდ, ბევრი საქმე არ არის ბოლომდე მიყვანილი, 162 ბიჭია ქუჩაში დახვრეტილი.
- ხომ არ გიჩნდებათ ეჭვი, რომ ადეიშვილს ვიღაც მფარველობს? ამჯერად სასამართლოს ვგულისხმობ.
- რა თქმა უნდა, მიჩნდება, ის ევროკავშირის ქვეყნებშიც კარგად დაბრძანდება, ღონისძიებებზეც უზით საპატიო ადგილზე და უკრაინაშიც ჭკუას ეკითხებიან. რაც შეეხება ჩვენს სასამართლოს, რა გითხრათ, ვერ გავიგე ვერაფერი.
ესაუბრა
გელა ზედელაშვილი

