ვასილ პაპავა: ვინ მოაწერს ხელს ირანის კაპიტულაციას - სასულიერო პირები?!

ვასილ პაპავა: ვინ მოაწერს ხელს ირანის კაპიტულაციას - სასულიერო პირები?!

გვესაუბრება ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვასილ პაპავა:

_ ბატონო ვასილ, ტრამპის ულტიმატუმს ვადა გუშინ ამოეწურა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი იმუქრება, ჰორმუზის სრუტის არგახსნის შემთხვევაში, ირანს ჯოჯოხეთს მოუწყობს. ირანი კი, თავის მხრივ აცხადებს, რომ სრუტე ყველასთვის ღიაა, გარდა მტრებისა. როგორ გესახებათ მოვლენების განვითარება? 
_ საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, დიდი სახელმწიფოების მხრიდან წაყენებული ულტიმატუმები მხოლოდ მცირე სახელმწიფოებთან ჭრის. ირანი არ არის პატარა სახელმწიფო. კი ბატონო, სამხედრო და ეკონომიკური კუთხით ამერიკასთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ ის ნაციონალური სახელმწიფოა, რომელსაც დიდი იმპერიული წარსული გააჩნია და ისტორიულად ყოველთვის, ტერიტორიების გაფართოებისკენ მიისწრაფოდა. მან ახლო სამეზობლოში მრავალი ომი აწარმოა და თავი რეგიონის ერთ-ერთ დომინანტ ძალად მიაჩნია. იმ პირობებში, როცა აშშ რეგიონს საერთოდ არ ესაზღვრება, მეტიც, მასთან რამდენიმე ათასი კილომეტრი აშორებს, ირანთან ულტიმატუმებით საუბარი არასერიოზულია. მსგავსი რიტორიკის ფონზე ირანელები შეთანხმებაზე არ დათანხმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია თვეზე მეტია გრძელდება _ ლიკვიდირებული არიან უმაღლესი სასულიერო და სამხედრო რანგის პოლიტიკური ლიდერები, განადგურებულია რამდენიმე ათასი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტი და სხვა. 
ტრამპი ულტიმატუმის ათდღიანი ვადის გასვლის მერე, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ირანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურებით იმუქრება. ვფიქრობ, ირანი მაინც არ წავა იმ დათმობებზე, რაც ამერიკას სურს. აღსანიშნავია, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, ჟენევის მოლაპარაკებებზე ირანს ისეთი პირობები წაუყენეს, რასაც არცერთი თავმოყვარე სახელმწიფო არ დათანხმდებოდა _ ეს, პირდაპირ კაპიტულაციას ნიშნავდა და ამჟამინდელი ხელისუფლების დამხობის ტოლფასი იქნებოდა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოლაპარაკებების წინაპირობა არ ჩანს. მოლაპარაკებების პროცესში სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს და ლიდერები გაანადგურეს. იგივე მოხდა შარშან 12-დღიანი ომის დროსაც, როცა შეტევა ისრაელმა დაიწყო და ბოლო ფაზაში ამერიკაც ჩაერთო. ირანმა ამერიკასთან შეთანხმება რომც დადოს და ამ უკანასკნელმაც რაღაც დათმოს, ირანს ხომ უნდა ჰქონდეს სათქმელი, რაღაცას მივაღწიე და მსხვერპლი ამად ღირდაო. მაგრამ როცა მოლაპარაკებების პროცესში სამხედრო ოპერაციას იწყებ, ნდობის ფაქტორი აღარ არსებობს. ვინ იქნება გარანტორი, რომ ირანი, რომელიც ისედაც დასუსტებულია, ამერიკის ულტიმატუმის შესრულების შემდგომ უფრო სუსტ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება როგორც საკუთარი მოსახლეობის, ისე საერთაშორისო არენის თვალში?!  
_ ტრამპის მიმართვის მერე ირანის სამხედრო ძალებმა განაცხადეს: ჩვენი სტრატეგიული სამხედრო წარმოება ისეთ ადგილებშია განლაგებული, რომელთა შესახებ არაფერი იცითო. რა რესურსი აქვს ირანს და სადამდე შეიძლება ომი გაგრძელდეს?
_ ირანის სარაკეტო პოტენციალზე დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება. აშშ ჯერ კიდევ შარშან აცხადებდა, რომ ირანის ბირთვული და სარაკეტო ნაწილი გაანადგურა. ომის დაწყებიდან პირველ კვირაში ითქვა, რომ 70% განადგურებულია, ორი კვირის თავზე თქვეს, ეს ციფრი 90%-ს აღწევსო. ახლახან გვაუწყეს, ირანს რამდენიმე ასეული რაკეტა დარჩა და ქარხნების ძირითადი ნაწილიც აღარ არსებობს, ამიტომ დახარჯული არსენალის აღდგენას ვერ შეძლებსო. ისრაელის მედიამ კი საპირისპირო რამ გაავრცელა, ირანს რამდენიმე ათასი რაკეტა შემორჩაო. ვერ გავიგეთ, რაკეტები ელევათ თუ უფრო მოემატათ. ვფიქრობ, არსენალის დიდი ნაწილი განადგურებულია. ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების გამოყენებამ მკვეთრად იკლო, თუმცა არა იმიტომ, რომ პოტენციალი ძალიან შეუსუსტდა და მარაგები არ აქვს, არამედ რაკეტების დოზირებული გამოყენება იმიტომ ხდება, რომ ისინი ერთბაშად არ გაისროლონ. ასე რომ მოიქცნენ და მთელი არსენალი ორ-სამ დღეში გამოიყენონ, მერე მარაგები მართლა ამოეწურებათ და აღდგენას დრო დასჭირდება. ეს ზეწოლის ფონზე მარტივი არ იქნება. რაკეტების დოზირებული გამოყენება კი ადრესატებს პერმანენტული დაძაბულობის ქვეშ ამყოფებს.
_ როგორ ფიქრობთ, თუ სახმელეთო ოპერაცია დაიწყება, ვის ექნება უპირატესობა?
_ სახმელეთო ოპერაციის აუცილებლობას ვერ ვხედავ. რა ამოცანები უნდა დაისახოს ამ შემთხვევაში ამერიკამ _ მთელი ირანის აღება?! ამას აშშ-ის ადმინისტრაციაში ხელს არავინ მოაწერს, რადგან ირანი 90-მილიონიანი სახელმწიფოა ურთულესი რელიეფით. ირანი არც ერაყია და არც ქუვეითი. რთული რეგიონია, თან იქ ყვავილებით არავინ დახვდება. ერაყში ამერიკას დასაყრდენი ქვეყნის შიგნით ჰქონდა, ირანში _ მსგავსი არაფერია. ჯერ ერთი, გაურკვეველია, რომელი ტერიტორიიდან უნდა შეუტიონ ირანს. მეორეც საბოლოო მიზანი რა არის? _ ირანელებისთვის ამჟამინდელი ხელისუფლება რაც უნდა მიუღებელი იყოს, ამერიკულ ტანკებზე ამხედრებულ ახალ ხელისუფლებას არ მიიღებენ. გავიხსენოთ ირანის შაჰი, რომელმაც არაერთი დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმის მიუხედავად, დასავლეთის მარიონეტის იარლიყი ვერ ჩამოიშორა. მიუხედავად იმისა, რომ 1973 წელს დასავლეთის მოკავშირე ირანის შაჰმა ნავთობის ფასების გაოთხმაგებაში ლომის წილი შეიტანა. დასავლეთისთვის ეს უდიდესი დარტყმა იყო. ბოლოს ყველაფერი ანტიდასავლური ლოზუნგებით დასრულდა, მოსახლეობა გამოვიდა და შაჰი დაამხო.
ახლაც, რაც უნდა კრიტიკულად იყოს ხალხი ხელისუფლების მიმართ განწყობილი, აშშ-ის სამხედრო აგრესიით მოსულ ახალ ხელისუფლებას არ მიიღებს. სახმელეთო ოპერაციას ქვეყნის მასშტაბით ან თეირანის აღების მიზნით, გამოვრიცხავ. შეიძლება, სტრატეგიული კუნძულების ასაღებად ლოკალური სახმელეთო ოპერაციები ჩაატარონ, მაგრამ გემებით ხომ უნდა მიუახლოვდნენ, ან დესანტი კუნძულებზე როგორ უნდა გადასხან?! თანაც, აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რა სარაკეტო პოტენციალი შემორჩა ირანს, ან თუ დარჩა ბალისტიკური რაკეტები, რა მანძილზე მოქმედებს ისინი?! აშშ-ის ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ ჰორმუზის სრუტესთან ახლოს იყო, ახლა კი ათასი კილომეტრის მოშორებითაა, რადგან ბალისტიკური რაკეტები დაუშინეს და ირანის მხრიდან ცეცხლის არეალში მოექცა. ასე რომ, ამ კუნძულების დაკავება ურთულესი ამოცანაა. ასეც რომ მოხდეს, აღნიშნული ტერიტორიები ირანის მხრიდან უკვე ლეგიტიმური სამიზნე გახდება. 
ამიტომ, სანამ ირანის სარაკეტო პოტენციალი სრულად არ იქნება განადგურებული, რაც ამერიკისთვის, უფრო სწორად, რეგიონისთვის საფრთხის შემცველია, კუნძულების დაკავების აზრს ვერ ვხედავ. 
_ ომმა რეგიონული მასშტაბი თუ შეიძინა, რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ? 
_ ირანის დესტაბილიზაცია, სირიიზაცია თუ მოხდა, ეს მთლიანად რეგიონისთვის დიდი გამოწვევა იქნება და თავისთავად, სამხრეთ კავკასიაზე უარყოფითად აისახება: გაიზრდება ტერორიზმის საფრთხე, ჩრდილოეთ-სამხრეთით სავაჭრო გზები ჩაიშლება, ეკონომიკური კუთხითაც დიდი დარტყმა იქნება. ქაოსში მოქცეული ირანი ცალკე საფრთხის შემცველია. ეს რეგიონსაც დიდი საშიშროების წინაშე აყენებს, მაგრამ ირანს ქვეყნის შიგნიდან ვერ ტეხენ, ამის ნიშნები არ ჩანს. ირანის დესტაბილიზაცია საკმაოდ რთულია. მოლოდინები, თითქოს ლიდერების ლიკვიდაციის შემდეგ, იქ მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდოდა, არ გამართლდა. ირანში ძალაუფლება სრულად „გუშაგთა კორპუსის“ ხელშია გადასული. მიუხედავად განსხვავებული ხედვებისა, ყველა არსებული ისლამური რესპუბლიკის სისტემას ემსახურება და იმ იდეებს, რაზეც სახელმწიფო დგას. ასეთ პირობებში ირანის დესტაბილიზაცია ძალიან რთულია. 
_ რა შემთხვევაში აღმოჩნდება ირანი ბირთვული საფრთხის წინაშე?
_ რაც შეეხება ირანის წინააღმდეგ ბირთვული ბომბის გამოყენებას, გაურკვეველია, სად ან ვის უნდა დაარტყან. სამიზნე რომელიმე ქალაქი თუ გახდება, ამას უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეეწირება. ან რომელ სამხედრო ინფრასტრუქტურას უნდა დაარტყან?! ირანი მილიონ ექვსასი ათას კვ.კმ-ზეა გადაჭიმული. სად უნდა დაარტყან, რომ მისი სამხედრო მანქანა გააჩერონ?! ეს ამერიკისთვის კატასტროფულად უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება, ჯერ რეპუტაციის მხრივ და მეორეც, ეს პროცესები შემდგომ რა შედეგების მომტანი იქნება, ამას ვერცერთი მსოფლიო კვლევითი ცენტრი ვერ გათვლის. ირანი კაპიტულაციაზე მაინც არ წავა, რადგან ირანის სახელმწიფო ორგანიზმში რელიგიური ინსტიტუცია მთლიანად შერწყმულია შიიტური სახელმწიფოს სტრუქტურისთან. შედეგი ხომ უნდა იყოს გათვლლი. იაპონიას დაარტყეს და მან კაპიტულაციას მოაწერა ხელი. აქ ვინ მოაწერს ხელს კაპიტულაციას _ სასულიერო პირები? ამის აზრს ვერ ვხედავ. რატომ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ისეთი რამ, რაც მის პოზიციებს შეასუსტებს.
_ ტრამპი ევროპაზე განრისხებულია. მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის თხოვნას, სპარსეთის ყურეში დაგვეხმარეო, უპასუხა, ამას ომის შემდეგ შევძლებო. ამერიკას ირანთან ომში დახმარებაზე, ასევე, უარი უთხრა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ბრიტანეთმა...
_ ერთი პრეცედენტი მახსენდება, როდესაც ეგვიპტემ სუეცის არხის ნაციონალიზაცია მოახდინა და ის დასავლეთის გავლენებისთვის ჩაკეტა. სამი ქვეყნის ინტერვენცია განხორციელდა: ისრაელის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის. მაშინ საფრანგეთიც ჩაერთო და დიდი ბრიტანეთიც, რომელთაც კოლონიები ჰქონდათ შემორჩენილი და ბოლო იმედს ებღაუჭებოდნენ. დღეისთვის საფრანგეთს ირანის წინააღმდეგ საბრძოლო კამპანიაში ჩაბმისთვის არანაირი ინტერესი არ აქვს, თანაც, როცა ომი მას არ წამოუწყია და არც მასთან შეუთანხმებიათ. ასე რომ, მაკრონის და სტარმერის განცხადებები, უპირველესად, თავიანთი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ეს როდი ნიშნავს, თითქოს, არ ეთანხმებიან ამერიკის პოზიციას, რომ ირანს ბირთვული ბომბი არ უნდა ჰქონდეს. უბრალოდ, ამ ომში მონაწილეობისთვის თავიანთი კონტიგენტების გაგზავნის პერსპექტივას ვერ ხედავენ. ამიტომ მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ. ჩემი შეფასებით, ირანს ბირთვული ბომბი არ უნდა ჰქონდეს. ის პროგნოზირებადი სახელმწიფო არ არის. ასევე, არაპროგნოზირებადია ჩრდილოეთ კორეა, მას ირანიც რომ დაემატოს, ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. ამ მხრივ ევროპელების მიდგომა დიპლომატიაზე ხაზგასმაა. 

თამარ შველიძე