ავთანდილ არაბული: ენა მენტალობას აყალიბებს

ავთანდილ არაბული: ენა მენტალობას აყალიბებს

გვესაუბრება ენათმეცნიერი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული:

_ ბატონო ავთანდილ, ხელისუფლებამ განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის ამოქმედება დაიწყო. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას? 
_ ვფიქრობ, საზოგადოება, ზოგადად, ერი, ამ პროცესს უფრო სერიოზულად უნდა მიუდგეს. ჩვენ, მეტწილად, ერთჯერად აღშფოთებას გამოვხატავთ _ ემოცია უცებ აალდება და მალევე ქრება. 2004 წლიდან დაწყებულმა საგანმანათლებლო რეფორმამ კატასტროფული შედეგები მოგვიტანა. ამჟამად ხელისუფლება განათლების რეფორმის კუთხით, მნიშვნელოვან პოლიტიკას ატარებს, რათა არსებული კრიზისი დაიძლიოს. ოღონდ ამ საქმეში სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობაა აუცილებელი. ყველას ჰგონია, რომ განათლების რეფორმას საფუძველი „ნაცმოძრაობამ“ ჩაუყარა. სინამდვილეში, ეს პროცესი 1999 წელს ალექსანდრე კარტოზიამ დაიწყო, როდესაც პირველი ტრანში გამოიყო და ეროვნული სკოლის პროგრამები განახლდა, სახელმძღვანელოების შექმნაზე კონკურსები გამოცხადდა და სხვა. კარტოზია ამ საკითხს სერიოზულად მოეკიდა და პროცესში მეცნიერებიც ჩაგვრთო. ჩვენ ვაჩქარებდით, ის კი ამბობდა, სანამ ეროვნული გამოცდების გამოცდა არ ჩატარდება, მანამდე ამ პრაქტიკას ვერ დავნერგავო. კიდევ ორი წელი იყო საჭირო, რათა ეროვნული გამოცდები საგანმანათლებლო სისტემაში თავის ადგილას ჩასმულიყო. ლომაიამ ორი წელი აღარ მოიცადა, საკუთარი პიარისთვის ეროვნული გამოცდები შემოიღო, რის შედეგსაც ახლა ვიმკით. 
ამიტომ, ამჟამად დაწყებულ რეფორმას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ძველი თაობის წარმომადგენლებს ახლანდელი ბავშვებიც თავისნაირები ჰგონიათ. სინამდვილეში, ახალი თაობის ბავშვი სრულიად განსხვავებულია. ადრე ბავშვი „დაუწერელი დაფა“ იყო, ახლა ის სკოლაში გვარიანად „დაფხაჭნილი დაფით“ მოდის, ფსიქიკის ჩათვლით. 
_ „დაუწერელ“ და „დაფხაჭნილ დაფებში“ რას გულისხმობთ? 
_ დედაქალაქში და რიგ დიდ ქალაქებში არსებობს სკოლამდელი განათლების პროგრამა ე. წ. „ფრესქული“. როგორც გვეუბნებიან, მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვის გონებრივ, სოციალურ-ემოციურ, შემოქმედებით და ფიზიკურ განვითარებას. აღნიშნული პროგრამა სკოლამდელი განათლების ფინურ მოდელს ეყრდნობა. რაც მთავარია „ფრესქულს“ ორი _ ინგლისური და ქართული სექტორი აქვს. ქართულ სექტორზე მიღება მარტივად ხდება, ინგლისურზე – არა. „ფრესქულ“ გავლილი ბავშვი სკოლაში რომ მოდის, პირველივე კლასში ინგლისურის სწავლა უწევს, რაც სერიოზული დარღვევა, საერთაშორისო გამოცდილების უგულებელყოფაა. ანუ, პირველ კლასში მოსწავლე რომ მოდის, მას მშობლიური ენის სასწავლად ადგილი აღარ რჩება. 
ენა მენტალობას აყალიბებს! 
_ დღეს რა მენტალობის ბავშვებს ვზრდით? 
_ ჩვენ, უპირველესად, ქართველი ბავშვი უნდა გავზარდოთ. კი ბატონო, მას უნდა ჰქონდეს ფართო განათლება _ უცხო ენების ცოდნა, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის უნარები, მაგრამ ის ქართველი უნდა იყოს. მაგრამ, როგორ გაიზრდება ბავშვი ქართველად მშობლიური ენის არცოდნის გარეშე?! სამწუხაროდ, დღეს მასწავლებლებიდან დაწყებული, მშობლებით, საზოგადოებით დამთავრებული, ყველას ჰგონია, რომ ქართული მხოლოდ ქართული ენის გრამატიკისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოთი ისწავლება. არა, ბატონო, ქართული ენა არის ნებისმიერი საგნის სახელმძღვანელო. ქართული ენის საგნის პედაგოგებზე არანაკლებ იცავდნენ ენას, მათემატიკის, ისტორიის, ქიმიისა და სხვა საგნების პედაგოგები, რომლებიც ბარბარიზმებს ყოველთვის გვისწორებდნენ. ისინი იმ უნივერსიტეტებში იყვნენ აღზრდილნი, სადაც ქართული სახელმწიფო ენა მოვლილი და დაფასებული იყო.
ჩვენ უპირველეს ამოცანად ქართული ენის გადარჩენა უნდა დავისახოთ. ქართველი ყოველთვის ცდილობდა, თავის ენას ჩაბღაუჭებოდა. სწორედ ამის მერე დაიწყეს, ჩვენი ენის განადგურებისთვის ბრძოლა. ისეთი წიგნები გამოსცეს, რაც ქართულ ენას სპობდა...
_ ბატონო, ავთანდილ, ხელისუფლება ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნაზე მუშაობს. როგორც ვიცი, ამ პროცესში თქვენც აქტიურად ხართ ჩართული... 
_ კარგი ქართული სახელმძღვანელო საფუძველშივე მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მიერ უნდა შეიქმნას. ამ პროცესს სათავეში უმაღლესი რანგის მეცნიერი უნდა ჩაუდგეს. 
დღეს სახელმძღვანელოების კუთხით მძიმე მდგომარეობაა. მისი შექმნის, ადაპტირების წესები ახლა ყალიბდება. 90-იან წლებში, როცა ქართული ენის სახელმძღვანელოები იქმნებოდა, ამის სათავეებთან ორი უდიდესი ენათმეცნიერების სკოლა იდგა _ აკაკი შანიძისა და არნოლდ ჩიქობავასი, რომელთა ხედვები განსხვავებული იყო. მაშინ სახელმძღვანელოებზე მუშაობისას კონკურენცია არსებობდა. 
დიდი გულისტკივილით მინდა გითხრათ, რომ აღარ გვყავს მაღალკვალიფიციური სამეცნიერო ლინგვისტური ჯგუფი, სადაც აზრთა გაზიარებით რაღაც შედეგს მიაღწევ. 
როცა ქართული ენის ახალი სახელმძღვანელოს შედგენა დავიწყე, მთავარ ამოცანად დავისახე, მშობლიური ენის სახელმძღვანელო, უცხო ენის ასლი არ ყოფილიყო. 
ჩემი მთავარი დებულება კონცეფციის შედგენისას იყო ის, რომ მშობლიური და უცხო ენის სწავლების ამოცანა სხვადასხვა ყოფილიყო. ანუ, სახელმძღვანელოები სხვადასხვა პრინციპით უნდა შეიქმნას. კონცეფციაში ბევრი ისეთი ცვლილება შევიტანე, რაც ენობრივად მნიშვნელოვანია. 
90-იან წლებში ჩვენმა ფსიქოლოგებმა რამდენიმე თემა დაამუშავეს. მაგალითად, როგორ აღიქვამენ ასაკობრივად ბავშვები ცნებებს: ზმნა, არსებითი, ზედსართავი და სხვა. აღმოჩნდა, რომ ტერმინს _ ზმნა, 50-ჯერ უფრო წარმატებით ითვისებენ, ვიდრე შემასმენელს. იმიტომ, რომ ზმნა პირდაპირ საწყისის ფორმაა _ ქმნასთან არის დაკავშირებული, შემასმენელი კი ძალიან გაუგებარი ფორმაა და ვერ პასუხობენ, მასში რა აზრი დევს. ბავშვი ვერ იგებდა, რასთან ჰქონდა საქმე _ შარშან ზმნა და მისთვის პირების შეწყობა ისწავლა, წელს კი მასწავლებელი ეუბნება: ეგ ზმნა კი არა, შემასმენელიაო. ამჟამად დაწყებული განათლების რეფორმის ერთ-ერთი წარმატება ისიც არის, რომ ბავშვებს „შემასმენელი“ და „ქვემდებარე“ _ ამ ტერმინების შესწავლა აღარ მოუწევთ. 
_ ბატონო ავთანდილ, რა მოდელს დაეფუძნება ახალი სახელმძღვანელოები?
_ გაჩნდა იდეა, რომ ახალი სახელმძღვანელო ენის სწავლების ბრიტანულ მოდელს დაეფუძნოს, რაც გულისხმობს არამხოლოდ ლიტერატურულ ტექსტს, არამედ მის სრულყოფილ ანალიზს გრამატიკითურთ. სახელმძღვანელოების დასახელებაა: წერა _ გრამატიკა, მეტყველება _ გრამატიკა. 
2000 წელს, კარტოზიას მინისტრობისას, ამერიკელი ინდოელი პილაი იყო ჩამოსული, რომელმაც საგნების სწავლების მოდელები გაგვაცნო და ბრიტანული მოდელი შემოგვთავაზა. მაგრამ ამ სწავლების მიხედვით, ინგლისელი ბავშვების 80%-ზე მეტს შექსპირი ფეხბურთელი ეგონა. ამაზე მაშინვე უარი განვაცხადეთ. დასაბუთება პირადად მე დავწერე: სკოლა, საზოგადოება ამ ცვლილებას არ მიიღებს, რადგან საქართველოში ლიტერატურა და ისტორია ჩვენი იდენტობის ნაწილი, გამოხატულებაა-მეთქი. 
ამჟამინდელ ვითარებას რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, აღარ მინდოდა სახელმძღვანელოს ავტორად ყოფნა. განვაცხადე, რომ ბრიტანული მოდელით სახელმძღვანელოს შედგენა არ გამოვა, რადგან მასწავლებლები მზად არ არიან, ენა და ლიტერატურა ერთად, ბრიტანული მოდელით ასწავლონ. ახლა სტანდარტული სახელმძღვანელო იქმნება. სიახლე ის არის, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის საგნები ცალ-ცალკე იქნება, ნიშანიც ცალკე დაიწერება, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. მთავარია, როგორ დავძლევთ იმას, რომ „ფრესქულის“ ბავშვს შესაფერისი სახელმძღვანელოთი ვასწავლოთ.
_ საკანონმდებლო ორგანოსა და ჟურნალისტურ წრეებში ქართული სიტყვა იშვიათად ისმის. 
_ ეს გლობალური პროცესია. ეროვნულმა სკოლამ ეს პრობლემა უნდა დაძლიოს. ბარბარიზმები საგნებიდანაც შემოდის, იგივე, საგანმანათლებლო ლექსიკონით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული ლექსიკონია. ასე რომ, საგნებისთვის კარგი ქართული სახელმძღვანელოების შექმნა უნდა შევძლოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესებიდან ბავშვებს სრულად ვერ გამოვთიშავთ, მაგრამ სანამ ისინი სრულწლოვანი გახდებიან, მათში ქართული უნდა ჩავნერგოთ. ტელეგადაცემებსაც ქართული სახელწოდებები უნდა ჰქონდეს და სხვა ყველაფერსაც. „პრაიმ შოუ“, „ფრესქული“ და მსგავსნი, უნდა აიკრძალოს და ყველაფერს ქართული სახელი დავარქვათ. 
_ რადგან უცხოური ტერმინების შემოდინება ვახსენეთ, არ შემიძლია არ გკითხოთ იმ წუხილზე, რაც ჩემს რედაქტორს, კოლხ კაცს, ვახტანგ ხარჩილავას აწუხებდა. როგორც ვახსენეთ, ჩვენთან არაერთი უცხოენური დიალექტი მკვიდრდება, ამ დროს გაცილებით მძიმე მდგომარეობა მეგრულ და სვანურ ენებს აქვთ. ძირძველი ენები ფუნქციას კარგავენ. სხვაგან, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოებრივი ინსტრუმენტი ერთვება. ანუ, კანონმდებლობა საკუთარ ენას იცავს. ჩვენ რა გამოსავალი გვაქვს?
_ ქართველური ენების და დიალექტების, ასევე, ენის სიმდიდრე, ცოცხალი ქვესისტემებია. ქართველური ენები ნამდილად ჩვენი ეროვნული საგანძურია. სვანური ენა არის როგორც ოქროს ზოდი ენობრივ სამყაროში. ეს ენები არქაული მოვლენების საბადოა უმდიდრესი ლექსიკითა და გრამატიკული აგებულებით. ის ჩვენი ეროვნული ენობრივი საგანძურის ნაწილია. მეგრული და სვანური ენების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება არ შეგვფერის. მით უმეტეს, რომ ამას იცავს საერთაშორისო ორგანიზაციები გაერო და სხვა. მათი შეძახილი არ გვჭირდება, ეს ჩვენი საგანძურია. დიდი გულისტკივილით გეტყვით, რომ ჩემი მშობლიური კუთხე ხევსურეთი დაიცალა, ზამთრის პერიოდში მთელ ხევსურეთში 500 ადამიანიც აღარ რჩება. ხევსურული დიალექტი აღარ არსებობს, რაც ეროვნული ენისთვის ძალიან დიდი დანაკლისია. 
ქართულ სალიტერატურო ენაში ბევრი მნიშვნელოვანი სიტყვაა შემოსული მეგრულიდან, სვანურიდან, სხვადასხვა დიალექტებიდან. სახელმწიფო ენა ერთად შენდებოდა, ეს საერთო პროდუქტია. ამ ენების დაკარგვა სერიოზული პრობლემაა. სახელმწიფომ რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას. სახელმწიფო ენის კანონში შესულია პუნქტი, რომელიც ჩემი ჩამოყალიბებულია. იქ წერია, რომ ქართველური ენები და კილოები სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანი პირობაა. ენაზე სახელმწიფო მუდმივად უნდა ზრუნავდეს.

თამარ შველიძე