პეტრე მამრაძე: დებატებს ანტიეროვნული ძალების ლუსტრაცია მოჰყვება
გვესაუბრება პოლიტიკოსი
პეტრე მამრაძე:
_ ბატონო პეტრე, ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოზე სპეციალური საგამოძიებო _ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. ფაქტების დამდგენმა საერთაშორისო მისიამ აქ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები უნდა გამოიძიოს.
_ მიუხედავად იმისა, რა განზრახვა, ან მოტივაცია შეიძლება ამოძრავებდეს ეუთო-ს, ამ მოვლენას დადებითად ვაფასებ. საქმე ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დარღვევასა თუ სხვა ბრალდებებზე, სათანადო მტკიცებულებები გააჩნია, ხოლო ანტიეროვნულ ძალებს, რომელთაც ევრობიუროკრატები ოპოზიციას უწოდებენ, ხელთ სიყალბის და ცილისწამების გარდა, არაფერი აქვთ. ამიტომ პირიქით, ეს შესაძლებლობაა, რათა ხელისუფლებამ თავისი სიმართლე დაამტკიცოს. მოსამართლეებს მტკიცებულებები სჭირდებათ და არა პოლიტიკური განცხადებები.
აქვე ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხები, რასაც ბევრმა ყურადღება არ მიაქცია. რამდენიმე თვის წინათ, ეუთო-ს სამიტზე, სადაც კონგრესმენმა უილსონმა საქართველოს ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის აიათოლების მიერ მართული უწოდა (საინტერესოა, რომ პუტინის, კრემლის ამ კონტექსტში ხსენებას ვერ ბედავს, რადგან იცის, ტრამპს რუსეთის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა აქვს), შვეიცარიის წარმომადგენელმა უცებ ასეთი რამ განაცხადა _ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ვაკვირდებოდი, სადაც დამკვირვებლები ერთმანეთში სიხარულით აღვნიშნავდით, რომ საარჩევნო პროცესი ყოველგვარი ექსცესებისა თუ გაყალბების ნიშნების გარეშე მიმდინარეობდა. არჩევნები შესანიშნავად ჩატარდაო.
გაისმა შეკითხვა, მაშინ რატომ საუბრობენ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდაო. შვეიცარიის წარმომადგენელმა მიუგო, ზოგი დასავლეთელი ლიდერი ფსონს სხვა პარტიის გამარჯვებაზე დებდა. ეს არ გამოუვიდათ და ამიტომ არჩევნების გაყალბებაზე საუბარი დაიწყესო.
წარმოიდგინეთ, სამიტზე ყველა გაისუსა. შვეიცარიის წარმომადგენლისთვის არავის უთქვამს, ეს თქვენი პოზიციაა, ჩვენ კი სხვა მონაცემები გვაქვსო. დიახ, ამის თქმა ვერავინ გაბედა, რადგან იციან, როცა დამკვირვებელი დარღვევებზე საუბრობს, ვალდებულია, მტკიცებულებები წარმოადგინოს, სხვაგვარად საკუთარ ნათქვამზე პასუხისგება მოუწევს.
გაუგებარია, რისთვის აგზავნიან ფაქტების დამდგენ საერთაშორისო მისიას, როცა ყველა მტკიცებულება, ადამიანის უფლებები იქნება ეს თუ სხვა, სახეზეა. ზოგი ხელისუფალიც შეიძლება არ უყურებდეს დადებითად საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, მაგრამ ვიმეორებ, ეს ხომ საშუალებაა, ხელისუფლებამ სიმართლე დოკუმენტური მტკიცებულებებით დაადასტუროს. აბა, მერე გაბედონ და კიდევ ისაუბრონ ადამიანის უფლებების დარღვევასა და გაყალბებულ არჩევნებზე. ამ შემთხვევაში, ქართულ მხარეს შეეძლება, ცილისწამებაზე პასუხი შესაბამის ინსტანციებში მოითხოვოს.
_ ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ საკითხის მოსმენა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში „ადამიანის უფლებების გაუარესებულ მდგომარეობას“ უნდა მიძღვნოდა, „უამინდობის“ გამო გადაიდო.
_ ეს ხომ იმ აღვირახსნილი ცილისწამების კამპანიის გამოვლინებაა, რაც აქამდე არსებობდა. ლორა თორნტონი წლების განმავლობაში თბილისში ენ-დი-აის ხელმძღვანელი იყო. იმ პერიოდში ის და ნაცები ისე დამეგობრდნენ, რომ ერთიან სხეულად იქცნენ. რა დაგვავიწყებს, მაკკეინის ინსტიტუტის ეგიდით მის მიერ გამოქვეყნებულ რჩევებს: თუ „ქართული ოცნება“ სამართლიანად გაიმარჯვებს, არჩევნები მაინც გაყალბებულად უნდა გამოვაცხადოთო. არჩევნების შემდგომ კი განაცხადა, ასე არაფერი გამოვა, თბილისში დასუფთავების სამსახური უნდა გაიფიცოს, ბანკებმა ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება შეწყვიტონ, საბანკო სისტემა პარალიზდეს, სხვაგვარად ხელისუფლება პოზიციას არ დათმობსო. მაკკეინის ინსტიტუტის შეფასებაც გავიხსენოთ _ სასწაულია, რომ არავინ დაღუპულაო. სანამ პატარა ბავშვებს ქვების სროლაში დაატრენინგებდნენ, ყველას მანამდე ვაფრთხილებდი, რომ ნაცების „გეგმა“ ორი-სამი გვამის დადება იყო.
ამ ყველაფრის მერე, ლორა თორნტონს საქართველოში „ადამიანის უფლებების გაუარესებაზე“ როგორ უნდა ესაუბრა. ეს იგივეა, კონგრესმა კაპიტანი გიგაური _ მერაბიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი წარმომადგენელი რომ იხმო. იგი ამერიკაში როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ ხელმძღვანელი, ისე მიიწვიეს, არადა, მისი ორგანიზაცია მხოლოდ იმისთვის არსებობდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ელიტური კორუფცია დაეფარა. ბარემ, მიშა გამოეყვანათ ციხიდან და მისთვის მოესმინათ! ამის მერე რაღა უნდა გაგვიკვირდეს.
ფაქტია, საქართველოს ჯანსაღი ძალები ამ დარტყმებს მედგრად უძლებენ. შეიძლება მეგობარი აქტიც მიიღონ, მაგრამ მაინც ვერაფერს დაგვაკლებენ. თავად აშშ-შიც ქაოსია _ კონგრესსა თუ თეთრ სახლში ხშირად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.
_ მაია სანდუს განცხადებას როგორ შეაფასებთ, რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნაო.
_ მოგეხსენებათ, სანდუ პრეზიდენტი, ძირითადად, რუმინეთში მცხოვრები მოლდოვის მოქალაქეების ხმებით გახდა, რომელთა რიცხვი საკმაოდ დიდია. რუმინეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა, რომელთანაც მოლდოვა დიდი ხანია, პოლიტიკურად ინტეგრირებულია, მინისტრთა კაბინეტის სხდომებიც ერთობლივად ტარდება. თუმცა, ამან მოლდოვაში სიღატაკისა და კორუფციის მაღალ დონეს ვერ უშველა. სანდუსგან მსგავსი განცხადება გასაკვირი არ არის, რადგან სააკაშვილივით გაიძახის, პროდასავლელი ვარო. აქვე საინტერესოა, მისი შემდეგი განცხადებაც _ რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, ხმას მოლდოვას რუმინეთთან შეერთებას მივცემო.
პირადად მე მოვლენებს ცოტა სხვაგვარად ვაფასებ, რადგან რუმინელ კოლეგებთან კონტაქტები მაქვს და გარკვეულ ინფორმაციებსაც ვფლობ. მოლდოვის ისტორია ვინც იცის _ იქ ადრე სათავადოები იყო, სახელმწიფო, როგორც ასეთი, სტალინის დავალებით შეიქმნა. მოლდოველებს რუმინელებთან ენაც საერთო აქვთ.
მოგეხსენებათ, რუსეთს მოლდოვასთან საზღვარი არ აქვს. ეს გადამწყვეტია. ამიტომ კარგად მესმის, სანდუმ მსგავსი განცხადება რატომ გააკეთა. მოლდოვას ისტორია საუკუნეებს არ ითვლის. საქართველო ერთადერთი იყო თხუთმეტი რესპუბლიკიდან, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია ჰქონდა და აქვს. ამიტომაც სუვერენიტეტის ის შეგრძნება, რაც ქართველს აქვს, გასაკვირი არ არის. ქართულის მსგავსი ენა სხვაგან არსად არის. თავად სანდუ, სწორედ რუმინეთის სახელმწიფოს წყალობით არის პრეზიდენტი. ეს ორჯერ განმეორდა _ წუთები აკლდა არჩევნების დასრულებას, როცა უცებ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.
_ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობაშია დადანაშაულებული. რა რკალი იკვრება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ? სად არის საქართველო ახალ მსოფლიო გადანაწილებაში?
_ საქართველო სავსებით სწორ ადგილას არის. ხელისუფლება სწორ პოლიტიკას ატარებს. ჩვენ წინააღმდეგ დასავლეთიდან აღვირახსნილი, ცილისწამებით სავსე კამპანია მიმდინარეობს. გადავხედოთ, რა ხდება ჩვენ გარშემო. დავიწყოთ უკრაინით. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთმა კონსტიტუცია შეცვალა, სადაც ეს ტერიტორია თავისად მოიხსენია. იქ ახლა რუსული ადმინისტრაციაა. ამის მერე, უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა? _ არა. უვიზო რეჟიმი შეეზღუდა? _ არა. 2022 წელს ომი ისე დაიწყო, უვიზო რეჟიმი მოქმედებდა. ამ ფონზე, ჯერ კიდევ ომამდე, უკრაინის ელჩი აცხადებდა: როგორ მიიღო საქართველომ ოკუპანტების დელეგაცია თავის ტერიტორიაზეო, იგულისხმება გავრილოვის ვიზიტი. ეს თვალთმაქცობაა.
რუსეთის მიერ არც აფხაზეთი და არც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქი ანექსირებული არ არის. აი, უკრაინის ტერიტორია კი ანექსირებულია და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა მაინც არ გაუწყვეტია. ჩვენკენ ხელს რა ნამუსით იშვერენ. იგივეა, ბალტიის ქვეყნების შემთხვევაშიც. მერე ირკვევა, რომ თურმე, რუსეთში ლატვიიდან მეტი ალკოჰოლი შედის, ვიდრე საქართველოდან. გარდა ამისა, რუსული ტანკერები ბალტიის ზღვაში დაცურავს და რუსულ ნავთობს ეზიდება. მაგრამ, აქეთ გვიქნევენ თითს. რას ნიშნავს, საქართველო რუსულ ორბიტაზე დაბრუნდაო?! 30 კილომეტრში რუსული ტანკები დგას, რომელ ორბიტაზეა საუბარი?! რამეს გააკეთებ ისეთს, რაც კრემლში არ მოეწონებათ და თბილისისგან აღარაფერი დარჩება. ეს არ აინტერესებთ.
_ პრემიერმა დებატების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რათა საზოგადოება ჯანსაღი დისკუსიის მონაწილე გახდეს. როგორ ფიქრობთ, რა ტიპის დისკუსია შეიძლება შედგეს ოპონენტებთან?
_ პრემიერის ნაბიჯი ამ მიმართულებით სწორი და დროულია. სხვა საქმეა, რომ ამას შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ანტიეროვნული ძალების ლუსტრაცია მოჰყვეს, რომელთაც ჯანსაღი დისკუსია, უბრალოდ, არ შეუძლიათ. პრემიერს დისკუსიის მნიშვნელობა ნამდვილად არ ეშლება. დისკუსია კამათის ის ფორმაა, სადაც მხარეებს არა მეორე მხარის დამარცხება, არამედ ჭეშმარიტების დადგენა სურთ. პოლემიკაში კი, არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ მეორე მხარის დამარცხება აინტერესებთ. პრემიერმა აღნიშნა, რომ დისკუსია ყველა საჭირბოროტო პრობლემაზე უნდა გაიმართოს _ იქნება ეს ეკოლოგია, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, დემოგრაფია თუ სხვა.
პრემიერის ნაბიჯი სწორია, რაც მხოლოდ იმას გამოავლენს, რომ მეორე მხარეს ჯანსაღი დისკუსიის წარმართვა არ შეუძლია.
თამარ შველიძე
