ცნობილი ფეხბურთელები, რომლებიც მერები გახდნენ
კახა კალაძე (დაიბადა 1978 წელს. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა _ 1992-2012 წლები. თბილისის მერი 2017 წლიდან).
კახა ზედიზედ რვა წლის განმავლობაში იყო ჯერ საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის ჩემპიონი. მერე კი თავის საპრიზო კოლექციას დაუმატა იტალიის ჩემპიონის, ჩემპიონთა ლიგის ორი ტრიუმფი, უეფას სუპერთასზე ორჯერ გამარჯვება და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ტრიუმფი.
კახას, როგორც ფეხბურთელს, ბევრი თვისება ჰქონდა, რომელთა წყალობითაც მიაღწია წარმატებას. მას თამაშის „წაკითხვისა“ და, აქედან გამომდინარე, საკუთარი კარის წინ წინაღობის აღმართვის უნარი ახასიათებდა, გამძლეობა და ბრძოლაში უკანდაუხევლობა, „მეორე სართულზე“ თამაში და თითქმის მთელ მოედანზე გრძელი პასების გადაწოდება მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისება იყო.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კახამ რამდენიმე წარმატებული ბიზნესპროექტი განახორციელა და შემდეგ უკვე პოლიტიკაში სცადა ბედი. „ქართული ოცნების“ სიით პარლამენტის წევრი გახდა, მოგვიანებით კი ვიცე-პრემიერის თანამდებობა დაიკავა. 2017 წელს თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. 2021 წელს კახა კალაძე მეორედ აირჩიეს მერად. თბილისის მოსახლეობა მილიონ ადამიანზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქალაქის მართვა ყოველმხრივ რთულია, იგი წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
წლეულს კახა კალაძე კვლავ მერობის კანდიდატია.
***
კარლო ნერვო (დაიბადა 1971 წელს. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა _ 1988-2009 წლები. სოლანიის მერი _ 2009-2014 წლებში).
მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების მიჯნის „ბოლონიის“ კლუბის ლეგენდარული მარჯვენა ვინგერი, რომელმაც კლუბის შემადგენლობაში დაახლოებით სამას ორმოცდაათი მატჩი ითამაშა, ჭკვიანი მოთამაშის ბევრ თვისებას ფლობდა: ორიგინალური დრიბლინგი, სისწრაფე, კოლოსალური შრომისუნარიანობა, საფლანგო კროსების სიზუსტე. მაგრამ მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული თვისება უნივერსალიზმი იყო. თუ საჭირო იყო, მას მარჯვენა მცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზეც კი შეეძლო ეთამაშა. 2002-2004 წლებში „სკუადრა აზურას“ მაშინდელმა მწვრთნელმა ჟოვანი ტრაპანტონიმ არაერთხელ მიიწვია გუნდში სათამაშოდ.
უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მემარჯვენე ვანგერი, ნერვო პოლიტიკაშიც მემარჯვენე შეხედულებებს იზიარებდა. ის პადუას სეპარატისტული პარტიის წევრია და მხარს უჭერს ანტიგლობალიზმს, რეგიონალიზმს და მემარჯვენე პოპულიზმს.
2009 წლის 7 ივნისს ნერვო პროვინცია ვიჩენცაში ქალაქ სოლანიის მერად აირჩიეს.
***
კუატემოკ ბლანკო (დაიბადა 1973 წელს. პროფესიული საფეხბურთო კარიერა _ 1992-2016 წლები, კუერნავაკის მერი _ 2015-2016 წლებში).
მექსიკური ფეხბურთის ლეგენდა კლუბ „ამერიკის“ ღირსებას თხუთმეტი წლის განმავლობაში იცავდა, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კი 122 მატჩი ჩაატარა. თამაშობდა, როგორც თავდამსმელი და თავდამსხმელი ნახევარმცველი. კონფედერაციის თასის შედეგების მიხედვით, ბლანკო 1999 წელს ვერცხლის ბურთისა და ვერცხლის ბუცის მფლობელი გახდა. ბლანკო იყო მექსიკის ნაკრების შემადგენლობაში კონფედერაციის თასის გამარჯვებული და უამრავი სხვა ტიტულის მფლობელია. ფეხბურთის ისტორიაში ბლანკოს ღვაწლი მარტო ტიტულებით არ განისაზღვრება. ის თავისი სახელობის ფინტის „კუატემინიას“ ავტორია, როცა ფეხბურთელი ბურთს ორივე ქუსლით იჭერს და მოწინააღმდეგე გუნდის ორ ფეხბურთელს შორის აგდებს.
2015 წლის ივნისში კუატემოკ ბლანკო სოციალ-დემოკრატიული პარტიის დროშით კუერნავაკის მერი გახდა. ეს პატარა ქალაქი მეხიკოს გარეუბნად ითვლება, სადაც მაღალი კრიმინალური მაჩვენებელია. მოგვიანებით ბლანკო სხვა პარტიაში _ სოციალური დიალოგის პარტიაში გადავიდა და 2018 წლის 1-ელ ივლისს მორელოსის შტატის გუბერნატორი გახდა.
***
ბონავენტურა კალუ (დაიბადა 1978 წელს. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა _ 1995-2010 წლები. ვავუას მერი 2018 წლიდან).
როგორც ფეხბურთელმა, ბონავენტურამ ბევრ წარმატებას მიაღწია. კერძოდ, მან უზარმაზარი ღვაწლი შეიტანა „ფეინოორდის“ გამარჯვებაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. კლუბი ნიდერლანდების ჩემპიონიც იყო, 2002 წლის უეფას თასის გამარჯვებულიც. თამაშობდა საფრანგეთის „ოსერისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ გუნდებში, თუმცა მხოლოდ ქვეყნის ორი თასის მოპოვება შეძლო. ნაციონალური ნაკრების შემადგენლობაში კალუმ 2006 წელს აფრიკის ნაციათა თასი მოიგო. მისი დამახასიათებელი თვისებებია შესანიშნავი დრიბლინგი, არასტანდარტული თამაში, უძლიერესი დარტყმა და თავით გამორჩეული თამაში.
კოტ-დ’ივუარის ცენტრალურ-დასავლურ ნაწილში მდებარე ქალაქ ვავუაში კალუმ მერობის არჩევნებში გაიმარჯვა და ქალაქის თავი გახდა. კალუმ თავისი შემოსავლების წყალობით ევროპაში უზრუნველი ადამიანის კომფორტული ცხოვრებით იცხოვრა, მით უფრო კეთილსობილურად გამოიყურება ბონავენტურას მისია _ ამ პატარა ქალაქის ცხოვრება საკუთარ სამშობლოში უფრო უკეთესი და ღირსეული გახადოს.
***
დამაიანო ტომაზი (დაიბადა 1974 წელს. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა _ 1993-2019 წლები. ვერონას მერი 2022 წლიდან).
ეს ხუჭუჭა ფეხბურთელი დაუჭრეტელი ენერგიით გამოირჩეოდა. სწრაფი, შრომისმოყვარე, მრავალმხრივი, გამძლე, სწრაფად იღებდა გადაწყვეტილებებს, არაჩვეულებრივად კითხულობდა თამაშს. ყველა პოზიციაზე ერთნაირად ორგანულად გამოიყურებოდა. „რომას“ შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონი გახდა 2000-2001 წლების სეზონში. იტალიის 21 წლმდე ნაკრების შემადგენლობაში კი ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა 1996 წელს. თამაშობდა ესპანეთში, შოტლანდიაში, ჩინეთში, სან-მარინოში. ათ წელზე მეტ ხანს ერთგულად ითამაშა „რომას“ შემადგენლობაში. დამიანომ ორმოცდაათი მატჩი ჩაატარა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატშიც მონაწილეობდა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ დამიანომ მრავალმხრივი ცხოვრება განაგრძო. მას პადუას უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ფლობს რამდენიმე ენას, დაკავებულია ქველმოქმედებით.
2022 წელს ხმათა 53,4%-ით დამიანო ტომაზი ვერონას მერი გახდა. მართვის გამოცდილება მას აქვს, რადგან თავის დროზე _ 2011-2020 წლებში იგი იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი იყო.
ვერონას მოსახლეობა 260 ათასია, ქალაქში კი უამრავი პრობლემაა. ალბათ, ტომაზი მათ თავს ადვილად ართმევს.
ყოფილი ფეხბურთელები უფრო მაღალ პოლიტიკურ საფეხურებსაც იკავებენ, ისინი პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრებიც ხდებიან. მათ სხვა დროს გიამბობთ.
ბელა გველესიანი


