სოსო შატბერაშვილი: „ნაცებმა“ ვერ გაიგეს, რომ ხალხს რევოლუციები მობეზრდა და მშვიდობა უნდა
გვესაუბრება პარტია „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი:
_ ბატონო სოსო, რა მიზეზით მიიღეთ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება?
_ ფაქტობრივად, „მემარცხენე ალიანსი“ პოლიტიკიდან არც წასულა, უბრალოდ, არ ვაქტიურობდით. დაბრუნების მიზეზი შემდეგია _ დღეს ხელისუფლებას რეალური ოპოზიცია არ ჰყავს. სინამდვილეში, ეს ე. წ. ოპოზიცია უცხოეთის აგენტურაა. ანუ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქვეყნის ოპოზიციაა და არა, ხელისუფლების.
_ რა ნიშას დაიკავებს თქვენი პარტია?
_ ჩვენ, პარტიის სახელწოდებიდან გამომდინარე, მემარცხენე ცენტრისტული პარტია ვიქნებით, რომელიც ყოველთვის ჩრდილოევროპულ სოციალიზმს ქადაგებდა და იქადაგებს. ანუ, ქვეყანა ისე უნდა მოეწყოს, როგორც ჩრდილოევროპული სოციალიზმი _ აქ არც ძალიან მდიდრები უნდა იყვნენ და არც ძალიან ღარიბები. უნდა შეიქმნას საშუალო ფენა, რისთვისაც დიდი ხანია, ვიბრძვით, მაგრამ ჯერ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ხელისუფლებამ საქართველოში საშუალო ფენის შექმნას ხელი უნდა შეუწყოს. კერძოდ, საგადასახადო სისტემა ისე მოეწყოს, რომ ერთ ადამიანს ცათამბჯენები არ ჰქონდეს და მეორე კი ნაგვის ყუთში არ იქექებოდეს. სწორედ ამისთვის ვიბრძოლებთ, რომ ქვეყანა, ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული იყოს.
_ სამომავლოდ, პარლამენტში თუ მოხვდებით, რა კუთხით გაუწევთ ხელისუფლებას ოპონირებას?
_ როგორც აღვნიშნე, ამჟამინდელი პარტიები ოპოზიციაში ქვეყანას უდგანან. ამის მაგალითად ჰელსინკის კომისიაზე მომხსენებლად მიწვეული თინა ხიდაშელის გამოსვლაც კმარა, რომელიც ტაივანის აგენტია და ამ დროს, ჩინეთთან საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს თავს ესხმის. ასევე ზურაბიშვილი, რომელიც დასავლეთის აგენტია. ყველამ დავინახეთ, როგორი ოპონირება გაუწიეს ქვეყანას, როგორ უნდათ მისი ჩამოქცევა და იმ ეკონომიკური პროექტების ჩაშლა, რასაც ჩინეთი საქართველოში ახორციელებს _ ანაკლიის პორტის მშენებლობა, ავტობანის დასრულება...
ჩინეთი დღეს მსოფლიოში ნომერ პირველი ეკონომიკაა და არ უნდათ, მასთან კავშირი რომ გვქონდეს. მართალია, ჩინეთს კომუნისტური პარტია მართავს, მაგრამ ცოტა ხნის წინ შანხაიდან დავბრუნდი და იქ კაპიტალიზმი ყვავის. რატომაც არა, ჩვენ გვინდა ასეთ ქვეყანასთან ურთიერთობა, რომელიც არ გვაიძულებს, ქრისტიანობა უარვყოთ და ბუდისტურ სარწმუნოებაზე გადავიდეთ, ასევე, არ მოგვთხოვს, დანა-ჩანგლის ნაცვლად საკვებად ჩხირები გამოვიყენოთ. ანუ, ჩინეთი საკუთარი ცხოვრების წესს თავს არ გვახვევს, განსხვავებით დღევანდელი ევროკავშირის ხელმძღვანელობისგან, რომელიც გვეუბნება: თუ ჩვენთან ურთიერთობა გინდათ, ისე უნდა იცხოვროთ, ჩვენ რომ გიკარნახებთო.
რაც შეგვეხება „მემარცხენე ალიანსს“, ხელისუფლებას და არა ქვეყანას, რამდენიმე საკითხში ჯანსაღ ოპონირებას გავუწევთ. ვფიქრობ, ხელისუფლებამ თავის დროზე დიდი შეცდომა დაუშვა, როცა კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ ჩანაწერი გააკეთა. კი ბატონო, შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანება გინდოდეს, მაგრამ ეს კონსტიტუციაში არ იწერება. მით უმეტეს, რომ დღეს ევროკავშირში მძიმე ეკონომიკურ-პოლიტიკური სტაგნაციაა. ურსულა ფონ დერ ლაიენს იმპიჩმენტს უპირებენ. საფრანგეთში 3,5 მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციებს მართავს, 46 ათასი პოლიციელი გამომსვლელებს არბევს და ამ დროს, საფრანგეთის პრეზიდენტი დემოკრატიას ჩვენ გვასწავლის და გვეუბნება, უკუსვლა გაქვთო. „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, სამართლებრივი პროცედურა დაიწყოს და კონსტიტუციიდან ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მუხლები ამოიღოს. ხვალ ან ზეგ, შეიძლება ნატო ან ევროკავშირი აღარ იყოს და კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ?!
მეორე საკითხს რაც შეეხება, ზემოთ უკვე მოგახსენეთ _ ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული უნდა იყოს. თავის დროზე მე და ჩემი მეგობრები საკრებულოში ინიციატივით გამოვედით, რომ სასწრაფო დახმარება უფასო ყოფილიყო, რასაც კიდეც მივაღწიეთ. აქვე,მეორე პროექტიც გვქონდა _ თითო რეგიონში თითო უფასო, ანუ საბიუჯეტო საავადმყოფო გახსნილიყო, სადაც შეჭირვებულ ადამიანებს მოემსახურებოდნენ. ხელისუფლებას ერთსაც მოვთხოვთ: კანონი ყველას თანაბრად შეეხოს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ბანერების დაზიანებისა და ქალზე ძალადობისთვის ორი ადამიანი დააკავეს, მაგრამ დღემდე დაკავებული არ არის გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც ტელეკამერების წინ პოლიციელს თავში ჩაარტყა. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს _ პოლიტიკოსობა ან თუნდაც ჟურნალისტობა, ინდულგენცია არ უნდა იყოს.
ახლა ერთი ამბავი რომ ატეხეს, 23 წლის გოგონა როგორ დაიჭირესო, სხვათა შორის, არასრულწლოვანის დაკავებაც შეიძლება. დააკვირდით, რა ხდება: დამნაშავეები არასრულწლოვნებს მაღაზიების გასაძარცვად გზავნიან და მერე ნაძარცვს ართმევენ, რადგან მათ არავინ იჭერს. 12 წლიდან პირმა დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს, თუნდაც მსუბუქი ფორმით. 23 წლის ადამიანი არათუ სრულწლოვანია, არამედ წესით, უნივერსიტეტიც დამთავრებული აქვს, სპეციალისტია. პირი დანაშაულს რომ სჩადის, ამას შეგნებულად აკეთებს. 23 წლის ადამიანმა, როცა ქუჩაში გამოდის და პარტიის პოზიციას აპროტესტებს, კანონმდებლობაც უნდა იცოდეს.
_ ოპოზიცია შფოთავს, ფიშერზე თავდასხმით ხელისუფლება გერმანიის სახელმწიფოს დაესხაო.
_ ელჩის საქართველოზე თავდასხმა არაფერს ნიშნავს?! გერმანიის ელჩი ვენის კონვენციას არღვევს, ის პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს. საგარეო საქმეთა მინისტრს, ელჩს არ შეიძლება პოლიტიკური პოზიცია ჰქონდეს, ისინი დიპლომატები არიან.
_ სხვათა შორის, ეს ელჩები „სინდისის პატიმრების“ გათავისუფლებასაც ითხოვენ.
_ ჩვენ სინდისის პატიმრები არ გვყავს. მზია ამაღლობელსაც ნათლავენ სინდისის პატიმრად, რაც აბსურდია. მან დანაშაული ჩაიდინა. გახსოვთ, ვინმე უჩა აბაშიძე, რომელიც ცოლს აქირავებდა და მერე ფარულად კადრებს უღებდა, ისიც სინდისის პატიმრად არის შერაცხილი. ცოლის გამქირავებელი როგორ შეიძლება სინდისის პატიმარი იყოს?! სინდისის პატიმარი მე ვიცი ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ნანა კაკაბაძე და სხვები. დღეს ვისაც სინდისის პატიმრებს უწოდებენ, ყველას სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. თუნდაც ახლახან დაპატიმრებული ხაბეიშვილი, როგორ არის სინდისის პატიმარი, როცა საზოგადოებას ხელისუფლების დამხობისკენ, სახელმწიფოს გადატრიალებისკენ მოუწოდებდა?! ეს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.
_ ოპოზიცია 4 ოქტომბერს მშვიდობიან დამხობას აანონსებს.
_ არ მგონია, დღევანდელ ოპოზიციას ხელისუფლების დამხობის რესურსი ჰქონდეს. ჩვენ გვახსოვს ხელისუფლების დამხობა 1991-92 წლებში. მაშინდელ ოპოზციას: თენგიზ კიტოვანს, თენგიზ სიგუას, ჯაბა იოსელიანს დიდი ადამიანური და სამხედრო (კიტოვანმა მთელი გვარდია მიიმხრო) რესურსი ჰქონდათ. მესამე რესურსი იყო ედუარდ შევარდნაძე _ საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც აჯანყებულებს მოსკოვიდან ეხმარებოდა და ბეპაევი, რომელიც ოპოზიციას აფინანსებდა. ანუ დამხობის დიდი რესურსი იყო. 2003 წელს ასევე, დიდი რესურსი ჰქონდა მაშინდელ ოპოზიციას. ჯერ ერთი, „რუსთავი-2“ (საინფორმაციო რესურსი) პირდაპირ მასზე მუშაობდა და მეორეც, აშშ და რუსეთი ვარდების რევოლუციას მხარს უჭერდნენ. რევოლუციის პიკის დროს თბილისში რუსეთის საგარეო საქმთა მინისტრი ივანოვი ჩამობრძანდა და შევარდნაძე გადადგომაზე დაითანხმა. სხვათა შორის, ამ გადატრიალებაში ეს უკანასკნელიც იყო ჩართული _ მას უნდოდა, ხელისუფლება თავისი აღზრდილებისთვის: ჟვანიას, სააკაშვილისა და ბურჯანაძისთვის დაეტოვებინა და ასეც მოიქცა.
დღეს ასეთ რესურსს ვერ ვხედავ. მართალია, დღეს ოპოზიციას ევროკავშირი, დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა უჭერს მხარს, მაგრამ ეს მხარდაჭერა ძალიან სუსტია. რაც მთავარია, ხელისუფლების პოზიციები მყარია, რადგან ის მშვიდობის მომხრეა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ „ქართული ოცნება“ მშვიდობის პარტიაა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ კი _ ომის. ხალხმა ბევრი სამოქალაქო ომი გადაიტანა და აღარ უნდა არც ომის პარტია და არც რევოლუციები. ხალხს მშვიდობიანი ცხოვრება, განვითარება უნდა. მშვიდობიანი დამხობა სასაცილოდ ჟღერს. თუ დამხობაა, ის მშვიდობიანი კი არა, ძალადობრივი იქნება. მე ერთადერთი მშვიდობიანი დამხობა ვიცი _ ეს 2012 წელს საარჩევნო ყუთთან საზოგადოების მიერ გაკეთებული არჩევანია, რა დროსაც არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება _ ნაცების „ქართული ოცნებით“ ჩანაცვლება მოხდა. ეს იყო „მშვიდობიანი დამხობა“. სხვა დანარჩენი აბსურდია.
_ არჩევნების შემდეგ რა პროცესებს ელით?
_ საქართველოში საქმე ცუდად მაშინ წავიდა, როცა ბურჭულაძისნაირმა თაღლითებმა პოლიტიკოსობა დაიბრალეს. ბურჭულაძის დამხობილი არსად გაიშვას. შევარდნაძემ გამსახურდიას ხელისუფლება კი დაამხო, მაგრამ იგი უდიდესი ავტორტეტი, პოლიტბიუროს წევრი იყო. პაატა ვინაა, აღარც ხმა აქვს, რომ იმღეროს. ვარდების რევოლუციის პერიოდში მსოფლიოს ფერადი რევოლუციების კასკადმა გადაუარა, რასაც ტრამპი ემიჯნება და აცხადებს: ფერადი რევოლუციების ეპოქა, რომელიც ამერიკის ფულით ფინანსდებოდა, დასრულებულიაო. ამერიკის ოფიციალური პოლიტიკაა, სხვა ქვეყნების საქმეებში არ ჩაერიოს და მათ დამხობაში მონაწილეობა აღარ მიიღოს. თუმცა ევროკავშირი იმავე პოზიციაზე რჩება, რაზეც ბაიდენის მთავრობა იყო.
თამარ შველიძე

