ზაურ ნაჭყებია: ბრიუსელმა იცის, რომ მისი რჩეულები არჩევნებს ვერასოდეს მოიგებენ

ზაურ ნაჭყებია: ბრიუსელმა იცის, რომ მისი რჩეულები არჩევნებს ვერასოდეს მოიგებენ

გვესაუბრება ჟურნალისტი, პუბლიცისტი ზაურ ნაჭყებია:

_ ბატონო ზაურ, 28 ნოემბერს ერთი წელი ხდება, რაც რადიკალები რუსთაველის გამზირს კეტავენ. რუსთაველზე არსებული სიტუაციის შენარჩუნების გარდა, სხვა რესურსი აღარ დარჩათ?
_ ამ ვითარებას სხვა პრიზმიდან უნდა შევხედოთ. ქუჩაში გამოსული რადიკალური ჯგუფიდან ზოგი ფეხის ხმას არის აყოლილი, რომელსაც აჯერებენ, რომ ევროპულ მომავალს ართმევენ, ზოგიც უცხო ძალების მიერ იმართება, ან ფულზეა დაგეშილი. მათი ქცევა იმ გარემო პირობებიდან მომდინარეობს, რაშიც ბოლო პერიოდია, ცხოვრება გვიწევს. დიახ, წელიწადი ხდება, რაც რუსთაველის გამზირი სისტემატურად იკეტება. მათ განეიტრალებას, ხალხის თხოვნის მიუხედავად, საშველი არა და არ დაადგა. ხელისუფლებამ გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით კანონი გაამკაცრა, თუმცა აკაცუკები უკან არ იხევენ: მაინც გადავკეტავთ, მაინც ამოვთხრითო. ეს ძალა უკვე გამარგინალდა, არაფერს აღარ წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ საზოგადოებას ნერვებს უშლის. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბერს მასშტაბური აქციის მოწყობას გეგმავენ. არ ვიცი, ამას რამდენად მოახერხებენ, მაგრამ ფაქტია, საშველი არ ჩანს _ ისევ იმ წრეზე ვტრიალებთ, იგივე გზით მივდივართ, ისევ პოლიტშოუები, ისევ ხმაური... რაც საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს. თუმცა აქვე გეტყვით, რომ არც საზოგადოების ხმაა ერთიანი _ მან ხელისუფლებას მკაცრად უნდა მოსთხოვოს, რომ ეს ცირკი ალაგმოს. 
წელიწადია, ქუჩაში დაეხეტებიან და ის მაინც თუ იციან, რას ითხოვენ?! გაიძახიან: ხელისუფლება გადადგესო. მერე, ვინ უნდა მოვიდეს, ამაზე პასუხი აქვთ?! ჩვენ ხომ ვიცით, ყოველივე რას ემსახურება და საიდან ფინანსდება. ხალხი ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს შეკითხვაზე _ როგორ ახერხებს დღემდე ეს მცირე ჯგუფი გზის გადაკეტვას და მოსახლეობისთვის დისკომფორტის შექმნას. ექსპერტების მოსაზრებით, ამით ოპოზიცია საბოლოოდ გამარგინალდა. 
_ ეს მცირე ჯგუფი, როგორც თავად აცხადებს, თავგანწირვისთვის მზად არის. გამოსავალს რაში ხედავთ?
_ ეს ადამიანები ზომბირებულები არიან. მათ ჰგონიათ, რომ თუ რუსთაველის გამზირზე იდგებიან და სამართალდამცავებს დაღლიან, მერე პარლამენტის კარებსაც შეამტვრევენ, 2003 წლის „ვარდების რევოლუციას“ გაიმეორებენ და ხელისუფლებას დაამხობენ, რაც არარეალურია. როცა საზოგადოებაში მზაობა, რევოლუციური მუხტი არ არის, მცირე ჯგუფი ვერც ქვეყნის მშვიდობიან დამხობას შეძლებს და ვერც არამშვიდობიანს. ხალხს ახსოვს წარსული ფაშისტური „ნაცმოძრაობის“ სახით, რომელმაც ქვეყანას ზიანის, მკვლელობების, წამების, ადამიანის უფლებების დარღვევის მეტი არაფერი მოუტანა. ამიტომ ხალხი რადიკალებს არ ენდობა. მათ მე მავნე, კრიმინალურ ოპოზიციას ვუწოდებ, რომელთაც წინა პლანზე ფარად ზომბირებული ახალგაზრდები აიფარეს.
_ ამ პროცესს საელჩოებიც ახალისებენ. აგერ ახალჩამოსული გერმანიის ელჩი ისევ რადიკალების მიტინგზე მივიდა.
_ დიახ, ყველანი ვხედავთ, ევრობიუროკრატია რასაც ცდილობს, მაგრამ ფეხი არ ჩასდის. ზეწოლა კვლავ გაგრძელდება. ხომ გვახსოვს, რას მოჰყვა საპროტესტო აქციები _ საქართველომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. ევროკავშირმა საქართველოსთან პოლიტიკური კონტაქტები, თანამშრომლობა საკუთარი ინიციატივით შეაჩერა და მერე ეს ისე მონათლა, თითქოს ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს ვამბობთ და ახალგაზრდებს ევროპულ მომავალს ვუკარგავთ. აქეთ მეინსტრიმული ოპოზიცია გავეშებული ცდილობს, ხელისუფლება დააზიანოს და არც კი იაზრებს, რომ ამით ქვეყანას აზიანებს. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ქვეყანა უნდა დარჩეს. ყველაფერს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შევხედოთ. 
_ გავრცელდა წერილი, რომელიც ბრიუსელმა ოპოზიციას გამოუგზავნა შემდეგი დირექტივით: წერილი უცვლელად გამოექვეყნებინათ. ოპოზიცია საგარეო დირექტივებზეა დამოკიდებული.
_ ბრიუსელს სურს, ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეცვალოს, რადგან ამას არჩევნების გზით ვერ ახერხებს. მიზეზი ის არის, რომ ოპოზიცია არ არსებობს. ბრიუსელმაც იცის, რომ მისი რჩეულები არჩევნებს ვერასდროს მოიგებენ. ხელისუფლების დასამხობად დიდი შრომა გასწიეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. დიახ, დამხობას ვერ ახერხებენ, რადგან ოპოზიციას ხალხისგან ნულოვანი მხარდაჭერა აქვს.
_ როგორ ფიქრობთ, უვიზო მიმოსვლის შეჩერებით შანტაჟი რეალობად იქცევა?
_ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ევრობიუროკრატიის ერთ-ერთი ბოლო ინსტრუმენტია. საქმე ის არის, რომ თუ ადრე ევროკავშირში გაწევრიანება ქართველებისთვის პანაცეა იყო, ახლა ბევრი მიხვდა, რასაც წარმოადგენს თანამედროვე ევროპა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის, ე. წ. ევროპული ფასეულობების მიმართ დამოკიდებულება იცვლება. ამიტომ, არ მგონია, უვიზო მიმოსვლის გაუქმებამ ის მუხტი გამოიწვიოს, რაც ხელისუფლებას საფრთხეს შეუქმნის. 
ჯერ ერთი, მოდი, დავსვათ შეკითხვა: რატომ ებრძვიან ხელისუფლებას? _ იმიტომ, რომ ხელისუფლება სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა. მიღებული კანონებიც ხომ სწორედ ქვეყნის სუვერენიზაციას, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას, ოჯახური ღირებულებების დაცვას ემსახურება. ამიტომაც ითხოვენ ამ, ასევე გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას. მათი ძირითადი დასაყრდენი სწორედ ეს თემებია. ამას არ დასჯერდებიან და სხვა ბევრ რამესაც მოგვთხოვენ. მადლობა ღმერთს, ხელისუფლება მტკიცედ დგას და მშვიდობას ინარჩუნებს.
_ ახლახან ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნაში ჩაიწერა, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით დაწინაურდნენ, ჩვენ კი, ამ მიმართულებით, თურმე, რეგრესი გვაქვს.
_ როცა მსგავს შეფასებას ვისმენთ, ჩნდება შეკითხვა: შეფასების კრიტერიუმი რა არის, რა მხრივ დაწინაურდა მოლდოვა, უკრაინა და ჩვენ რაში ჩამოვრჩებით?! ევრობიუროკრატები ყველანაირად ცდილობენ, საქართველოს მიმართ მსოფლიოს ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდეს. 
ქართველმა ხალხმა ამ ანგარიშებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს. უკრაინას, მოლდოვას და რიგ სხვა სახელმწიფოებს თუ შევადარებთ, საქართველო ოაზისია. ევრობიუროკრატიამ ეს მშვენივრად იცის, მაგრამ მას უნდა, რომ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინოს და აიძულოს, რომ წავიდეს.
_ ევროკავშირის მწვავე კრიტიკის ფონზე აშშ რატომ დუმს? 
_ ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის პოლიტიკა ევრობიუროკრატიის გამარგინალებას ემსახურება. ევროპის მიმართ აშშ-ის დამოკიდებულება დღესაც ვასალურია _ ყველანაირად ცდილობენ მის დასუსტებას და ამას კიდეც აღწევენ. ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართვა სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ _ რატომ აყოვნებს ამერიკა საქართველოსთან დიალოგის დაწყებას და სტრატეგიული ურთიერთობის განახლებას. მე საკითხს ასე არ დავაყენებდი. ამერიკა იქცევა ისე, როგორც მას აწყობს _ ის საქართველოსთვის ვერ ან არ იცლის. ამის მიღმა რა იმალება, ძნელი შესაფასებელია. რადიკალები ჩინეთთან ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას აკრიტიკებენ. სინამდვილეში, მასთან ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება აუციელებელია. ჩვენ ვინმეზე სწორება უნდა გავაკეთოთ. საქართველო ისედაც პატარა ქვეყანაა და იზოლაციაში ვერ იარსებებს. ამიტომ ჩინეთთან ურთიერთობის გამყარება სავსებით სწორია. პირველი ნაბიჯები გადადგმულია, რასაც მივესალმები. 
_ როგორ შეაფასებთ იმას, რომ ხელისუფლებამ პრიორიტეტად კორუფციასთან ბრძოლა დაისახა?
_ კორუფცია ბიუროკრატიაში ყოველთვის იყო და იქნება. მის წინააღმდეგ ბრძოლა მისასალმებელია, თუმცა ეს პროცესი შეიძლება დაგვიანებულიც არის _ სანამ რიგი მაღალჩინოსნები კორუფციაში ღრმად არ ჩაეფვლნენ, სად იყვნენ შესაბამისი ორგანოები?! გამოდის, ჯერ „აბალახეს“ და კორუფციაში მერე ამხილეს?! კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას პრევენციული ზომები მიეღო. როცა ბრალდებულები სახელმწიფოს პირველი პირები არიან და საქმე მილიონებს ეხება, გამოდის, რომ ხელისფლება ეს ცამეტი წელი სწორად არ მოქმედებდა. შესაძლოა, ეს ერთგვარი პოლიტიკა იყო _ დამნაშავენი გაესვარათ, „საბალახოდ მიეშვათ“ და მერე ებრძოლათ კორუფციასთან. 
_ ბატონო ზაურ, ცხრა თვეში პარტიების აკრძალვის საკითხი გადაწყდება. როგორ ფიქრობთ, ამ ნიშას ვინ დაიკავებს?
_ ხალხი სამართლიანობის აღდგენას 2012 წლიდან ელოდება. რა თქმა უნდა, ეს პარტიები უნდა გაუქმდეს. დღეს ხელისუფლება ოპოზიციის გარეშეა დარჩენილი. „ხალხის ძალამ“ თავის დროზე მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა _ მაშინ გაჩნდა, როცა საჭირო იყო და ის თქვა, რასაც მმართველი პარტია ვერ იტყოდა. პირველი სწორედ „ხალხის ძალამ“ დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი ევროპა. მაგრამ რეალურ ოპოზიციად ვერც მას ვხედავ და ვერც „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“. ჩემი აზრით, ახალი კონსტრუქციული ოპოზიცია უნდა გაჩნდეს. ხელისუფლება ოპონირების, კონტროლის გარეშე ვერ დარჩება. ამიტომ, ვიმეორებ, აუცილებელია, ახალი კონსტრუქციული ოპოზიციის ჩამოყალიბება, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მსგავსი ოპოზიციის გარეშე სახელმწიფო წელგამართული ვერ იქნება. 

თამარ შველიძე