დიმიტრი ლორთქიფანიძე: ირანში სტაბილურობა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია
გვესაუბრება დამოუკიდებელი
უფლებადამცველი,
მე-7 მოწვევის პარლამენტარი
დიმიტრი ლორთქიფანიძე:
_ ბატონო დიმიტრი, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ირანში განვითარებული მოვლენები და რას გეგმავს ტრამპი _ აიათოლების მმართველობა დასრულდება?
_ ირანი უძველესი სპარსული ცივილიზაციის საფუძველზე დაარსებული თანამედროვე სახელმწიფოა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, თავად სპარსები, ეთნიკურ უმცირესობაში არიან. მათ თურქმენული წარმოშობის ირანელები რამდენიმე ათეულჯერ სჭარბობენ. ირანში 1979 წლიდან თეოკრატიული იდეები ვითარდება. თუმცა, ქვეყანა 43 წელიწადია, სანქციების ქვეშ არის. მომავალმა თაობებმა ამ იზოლაციას ვეღარ გაუძლეს და უკმაყოფილებამ იფეთქა. მსგავსი სისხლიანი აქციები ბოლო ათწლეულია, აღარ ყოფილა. ზოგადად, აიათოლების თეოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ მღელვარება ყოველთვის იგრძნობოდა, რაც ესკალაციას აღწევდა.
რაც დღეს ხდება, ეს ახალი თაობის აჯანყება და იმ რეჟიმისადმი შეურიგებლობაა, რამაც ირანს პროგრესის, განვითარების კუთხით კარგი ვერაფერი მოუტანა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ირანი მსოფლიოში ზუსტი, ტექნიკური, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარების კუთხით ერთ-ერთი მოწინავე იყო. ქვეყნის გარეთ ბევრი ირანელი მეცნიერი მოღვაწეობს. მათ შორის, დიდი დიასპორა აშშ-შიც აქვთ. ყოველივე უკვალოდ როდი ქრება, რაც ქვეყნის შემდგომი ტრანსფორმაციისთვის ბუნებრივ ფონს ქმნის. საქართველოსთვის, როგორც რეგიონში მიმზიდველი ქვეყნისთვის, სულერთი ნამდვილად არ არის, როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს მეზობლად. ჩვენთვის ირანში სტაბილური ვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, გარკვეული ცვლილებები გარდაუვალია. საზოგადოებაში ისეთი ტიპის დაპირისპირება მოხდა, თუნდაც ათასობით ახალგაზრდა რომ დაიჭირონ, ეს მარტივად არ ჩაივლის.
საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ირანში სტაბილურობა შენარჩუნდეს. ერთია სტაბილურობა, მეორე კი _ ცვლილებები, რაც ირანის პოლიტიკური დღის წესრიგში გარდაუვალია. აქედან გამომდინარე, შემდგომი გეოეკონომიკური, გეოსტრატეგიული პროექტების განხორციელებაში, ბუნებრივია, საქართველოს როლი უფრო მკაფიოდ იკვეთება.
ჩვენს რეგიონში ქაოსის შექმნა ყველაფერს ხუხულასავით ჩამოაქცევს. ბუნებრივია, დიდი მოთამაშეები სიფრთხილეს იჩენენ. სწორედ ამიტომ იკავებს აშშ თავს ასეთი ღია სამხედრო ექსპანსიისგან. აქვე გავიხსენოთ, რომ არსებობს თურქულ-აზერბაიჯანული ინტერესი, რაშიც სომხეთიც ჩართულია. სომხეთმა აშშ-ს „ტრამპის დერეფნის“ აქციათა 74% შესთავაზა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამერიკის რეგიონში ყოფნა გარანტირებული მშვიდობის ფონზე უნდა შედგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ეკონომიკური ეფექტი არ ექნება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია გეოსტრატეგია, რომელსაც ბრიტანეთი თურქეთის ხელით მისდევს. ამ შემთხვევაში, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს გარიგება. კერძოდ, მათ „ზანგეზურის დერეფნით“ აბრეშუმის გზის ახალი მონაკვეთი უნდა გახსნან, რითაც საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს უზრუნველყოფენ. სხვათა შორის, გარკვეულწილად, საქართველოს ინტერესების ხარჯზეც, რადგან ეს აღნიშნული გზის მეორე ალტერნატივა იქნება. ანუ, ტრადიციული გამავალი ტოტი ჩვენგან სამხრეთით, რომელშიც უკვე სომხეთსაც თავისი მნიშვნელობა ექნება, რაც მის საგარეო პოლიტიკურ წონას გაზრდის. ყველანი ვხედავთ, რა ტიპის ტურბულენციაში ვართ მოყოლილი: აშშ, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი ერთიან გეგმას ახორციელებენ. ირანი პროვოკაციის ქვეშ აღმოჩნდა და ცდილობს, სახელმწიფოში შიდა პოლიტიკური ვითარება დაამშვიდოს. საქართველო კი ამ ყველაფერს აკვირდება.
_ რა კურსს ირჩევს დღეს საქართველო?
_ ხშირად ისმის: საქართველო ევროპულ კურსს ასცდა, რუსეთისკენ მიდისო... თუმცა, ვხედავთ, რომ ევროკავშირი ლამის ჩამოიქცეს. საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი 78-ე მუხლი მკვდრადშობილია. პარალელურად, რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვა გეომეტრიული პროგრესით იზრდება. რუსეთი ნომერ პირველი პარტნიორია საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ექსპორტის და იმპორტის კუთხითაც. ასეთი ტიპის სტრატეგიული დამოკიდებულება პოლიტიკურ, დიპლომატიურ ურთიერთობებს არ ჩამოუვარდება, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. მეორე მხრივ, დეკლარირებულად კვლავ დასავლეთისკენ მივისწრაფვით, რომელთანაც არც ღირებულებითი, არც პოლიტიკური თანხვედრის კუთხით საერთო არაფერი გაგვაჩნია. ამ დროს რუსეთთან გაცხოველებული ვაჭრობა გვაქვს, თუმცა პოლიტიკური, დიპლომატიური ურთიერთობების რეანიმაციაზე უარს ვაცხადებთ. ასევე უარს ვამბობთ, რეგიონალ ფორმატ 3+3-ში მონაწილეობაზე, რაც მოქალაქეების გულისწყრომას იწვევს. თუ მაგიდასთან როგორც სტუმარი და მოლაპარაკების სუბიექტი არ ზიხარ, მაშინ შეიძლება მენიუდ განგიხილონ.
ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებს თუ დავაკვირდებით, საქართველო, საგარეო ურთიერთობის კუთხით, უალტერნატივოდ, საკუთარი ინტერესის გამომხატველ მნიშვნელოვან სტრატეგიული მოქმედების გეგმას მიჰყვება. ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნოს და ამ ფონზე ახალ პოლიტიკურ რეალობას მოერგოს. სამწუხაროდ, საზოგადოებაში უკმაყოფილება იზრდება. მათ შორის, მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით. მართლაც ღობე-ყორემონგრეულ სახლს დავემსგავსეთ, სადაც ღორები გადარბიან და გადმორბიან. ეს იმიტომ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამ და შემდგომ კანდიდატის სტატუსის მონიჭებამ დაგვავალდებულა მთელი რიგი მიმართულებით, ევროკავშირთან ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზება მოგვეხდინა. ამან წარმოშვა შავი ხვრელები, რაც ღიად ტოვებს საზღვრებს მიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაკადების შემოდინებისთვის. კი ბატონო, მიგრანტები მეტწილად ევროპისკენ მიისწრაფვიან, თუმცა ბევრმა კბილი საქართველოსაც მოუსინჯა, რაც ჩვენთვის ტრაგედიაა.
აუცილებელია ახალი პრიორეტიტების დასახვა. ჩვენ კი ამ დროს ფორმალურად ძველ პარადიგმაში ვრჩებით, თუმცა ეკონომიკის გაძლიერებაზე ვმუშაობთ, რათა სახელმწიფო ახალ რელსებზე გადავიყვანოთ იმ პრიორიტეტების გათვალისწინებით, რაც გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის მყარი ხიდის ფუნქციის შესრულებას გულისხმობს და არა სამხედრო პოლიტიკური ალიანსისადმი ყურუმსაღულ მონამორჩილებას.
ახლა მთელი ყურადღების გადატანა საშინაო პოლიტიკისკენ გვმართებს. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა ქვეყნის ორგანული ინტერესებიდან გამომდინარე, ისეთი ტიპის უსაფრთხოების კონცეფცია შევიმუშაოთ, რაც უკანონო მიგრაციის ტალღებისგან დაგვაზღვევს. მაგალითად, გერმანული მოქმედი სამართალი არ ცნობს უძრავი ქონების შეძენის გზით ბინადრობის უფლების მოპოვებას, თუ მას 18-პუნქტად გაწერილი დათქმა არ ახლავს. საქართველო რთულ საგარეო ვითარებაში, მძიმე ტურბულენციაში იმყოფება, მაგრამ საგაზაფხულო სესიაზე ქვეყანაში მიგრანტთა უკანონო შემოსვლის, დასაქმების თუ ბინადრობის უფლების მინიჭების მექანიზმების აღმოსაფხვრელად, ჩამკეტი მექანიზმები უნდა შევიმუშაოთ. პრობლემა ლიბერალური კანონმდებლობაა, რაშიც ცვლილებები დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე თუ გაგრძელდა, საკუთარ ქვეყანაში მდგმურები აღმოვჩნდებით.
_ ალბათ, საფრთხე 90-მილიონიანი ირანიდან ლტოლვილების ნაკადიც იქნება?
_ საქმე ის არის, რომ სტაბილურობამ, რაც მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, უნდა დაგვაზღვიოს, რათა ახალი მიგრაციული ტალღის მსხვერპლი არ აღმოვჩნდეთ. ახლა, თუ რამე დაგვაზარალებს, ეს სწორედ მასობრივი მიგრაციის მაძიებელთა ტალღის აქ შემოდინება იქნება. კლიმატის ცვლილებებმა ისედაც სერიოზული ძვრები გამოიწვია _ ირანის მოსახლეობის დიდ ნაწილი ჩრდილოეთისკენ დაიძრა. ირანში გამოწვეული სამოქალაქო დაპირისპირებისა და პოლიტიკური სისტემის ცვლილების დრამატიზების ფონზე, ნამდვილად არსებობს რისკი, რომ მილიონობით ლტოლვილი ქვეყნიდან დაიძრას. ამიტომ ირანში სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. რადგან ჩვენ, როგორც ბალანს-პარტნიორი, აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური აქტორი და დიდი ახლო აღმოსავლეთის მონაწილე, რა თქმა უნდა, ურთიერთსასარგებლო, სამეზობლო პოლიტიკით უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რაც ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების გზით, ქვეყნებს შორის ურთიერთობას სარგებელს შესძენს. ასე რომ, დღეს საქართველოს უკვე შექმნილი აქვს პრეცედენტი, რათა სამხრეთ დერეფანში საჭირო რგოლი გახდეს და იგივე, სასარგებლო ფუნქცია მიენიჭოს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალ უწყვეტ მაგისტრალურ მოძრაობაში. ამის პოლიტიკური დივიდენდი ისევ და ისევ რეგიონული მოთამაშეების და ჩინეთის ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ფასის განსაზღვრაა. შორს არ არის ის დრო, როცა ამ სანუკვარ მიზანთან ახლოს ვიქნებით. ამისთვის კი მთელი ერის კონსოლიდაცია უნდა მოხდეს.
თამარ შველიძე
