სოსო მანჯავიძე: ეს გეოპოლიტიკურ ურჩხულთა ბრძოლაა
გვესაუბრება ისტორიკოსი,
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე:
_ ბატონო სოსო, ჰამენეიმ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ მოუწოდა, ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით იმოქმედონ. აქეთ ტრამპი იმუქრება: სროლა არ გაბედოთ, თორემ ჩვენც ვისვრითო.
_ ირანი დიდი ხანია, სანქციების ქვეშ არის მოქცეული და ეს იმ პირობებში, როცა ქვეყანა დიდწილად ნავთობის გაყიდვაზეა დამოკიდებული. მის დღის წესრიგს, რახანია, დასავლეთის ლიდერი _ აშშ განსაზღვრავს. ამიტომ, ბუნებრივია, ირანი სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიდა და განიცდის, რასაც ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული შეცდომები კიდევ უფრო აძლიერებს. ვითარება იმანაც გაამწვავა, რომ ირანის ხელისუფლება შეიარაღებაზე დიდ ფულს ხარჯავს. მას მთელი რიგი საგარეო პოლიტიკური პრობლემები აქვს, უპირველესად კი, მუდმივი საფრთხე ისრაელისა და აშშ-ისგან.
აღსანიშნავია ისიც, რომ ირანში მთელი რიგი დაშვებული შეცდომების გამო, წყლის კრიზისია. ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ საუბარია ისეთი მეგაპოლისის ევაკუაციაზე, როგორიც თეირანია, რომელიც, ფაქტობრივად, წყლის გარეშეა დარჩენილი. პრობლემა ჯერ კიდევ შაჰის დროიდან მოდის, როცა დამბების მშენებლობა დაიწყეს, რათა სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი სარწყავი რესურსები მიეღოთ. ისლამური რევოლუციის შემდეგ პრობლემა უფრო გამწვავდა, რამაც შორსმიმავალი ეკოლოგიური პრობლემები გამოიწვია _ ბევრი მდინარე დაშრა, ეკოლოგიური ბალანსი დაირღვა და გაუდაბნოებულმა სივრცეებმა წყლის კრიზისი წარმოშვა. ეს დიდ ქალაქებში დაძაბულობის სერიოზული ფაქტორია.
ასევე, ფაქტორია ისიც, რომ ირანული რიალი განუწყვეტლივ უფასურდება. ირანში ბოლო გამოსვლები სწორედ ეკონომიკური მიზეზებით დაიწყო. თუმცა შემდგომ საქმეში იქ მოქმედი საერთაშორისო აგენტურული _ მოსადის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების ანტიირანული ქსელი ჩაერთო და ქურთების, ბელუჯების შეიარაღება მოხდა, რამაც ორგანიზებული ხასიათი და შეიარაღებული აჯანყების ფორმა მიიღო. ირანის პრინცი რეზა ფეჰლევი, აშშ-დან მოსახლეობას პირდაპირ ირანის ხელისუფლების ჩამოგდებისკენ მოუწოდებს.
ცხადია, ირანის რეჟიმი ასე იოლი ჩამოსაგდები არ არის. თუ რეჟიმი დაემხობა, მისი აქტივი არა ქონების ან პრივილეგიების, არამედ სიცოცხლის მოსპობის საფრთხის წინაშე დადგება. ფსონი ძალიან მაღალია. შესაბამისად, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, რაც ირანში სამოქალაქო ომის დაწყებას ნიშნავს. ამავე დროს, სამოქალაქო ომი სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორისაც იქნება. ირანში რთული მდგომარეობა იმ მხრივაც არის, რომ იქ სახელმწიფოს წარმომქმნელი ეთნოსი – სპარსელები 60% არიან. მაგალითად, რუსეთში, სადაც ეთნიკური შემადგენლობა გაცილებით მრავალეროვნულია, სახელმწიფოს წარმომქმნელი ერების რაოდენობა 80%-ზე მეტია. თითქმის იგივეა საქართველოშიც _ 85%. ირანში ასე არ არის, იქ ვითარება ბევრად ჭრელია. შედეგად, ირანის დაყოფის საფრთხე არსებობს. მას ბევრი ძლიერი მტერი ჰყავს _ ისრაელის გარდა, არც არაბულ მონარქიებთან აქვთ კარგი ურთიერთობა. შესაბამისად, საფრთხეები დიდია. გარდა ამისა, ირანს ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან. ალიევმა განაცხადა: ყველა აზერბაიჯანელმა უნდა იგრძნოს, რომ მათ უკან ძლიერი აზერბაიჯანული სახელმწიფო დგასო. ცხადია, ეს ირანის და არამარტო მის გასაგონად ითქვა. აქედან გამომდინარე, ირანის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების პერსპექტივა, პესიმისტურად გამოიყურება. მეტიც, ხელისუფლების მხრიდან პროტესტანტების მიმართ მოსალოდნელია სერიოზული შეტაკებები და ანგარიშსწორება.
რაც შეეხება ტრამპის მუქარას, წინა არეულობის დროსაც გათვლა შემდეგზე იყო: სამხედრო მარცხს რეჟიმის მოწინააღმდეგეების გააქტიურება უნდა მოჰყოლოდა, რაც რეჟიმის დამხობას გამოიწვევდა. ახლა სხვა ვითარებაა _ გამოსვლები აქტიურად მიმდინარეობს. შედეგად, ვაშინგტონშიც და თელავივშიც ვარაუდობენ, რომ საკმარისია, ირანმა სამხედრო მარცხი განიცადოს, რასაც რეჟიმი ვეღარ გაუძლებს და ჩამოიქცევა.
_ კონკრეტულად რას გამოიწვევს ირანში რეჟიმის დამხობა?
_ ეს ქაოსს გამოიწვევს, გარდამავალი პერიოდი უმძიმესი იქნება. მოსალოდნელია ლტოლვილთა ნაკადების დაძვრა, მათ შორის, სამხრეთ კავკასიისკენაც. ასევე, ტერორისტული დაჯგუფებების გააქტიურება. ბუნებრივია, „ისლამური რევოლუციის გუშაგები“ ვერ აორთქლდებიან, ისინი დაჯგუფდებიან და შეეცდებიან, შური იძიონ, გარკვეულ რეგიონებში საყრდენები მოიპოვონ. მოვლენები ისე განვითარდება, როგორც სომალიში, სუდანში, ლიბანში, სირიაში... ანუ, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების არაკონსტიტუციური ცვლა მოხდა. ამიტომ ირანის კრიზისი შეიძლება ჩვენთვისაც სერიოზული პრობლემების შემქმნელი აღმოჩნდეს.
_ სამხრეთ კავკასიის ახალი ფუნქციონირების კუთხით რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ირანში განვითარებული მოვლენები? ალიევმა განაცხადა, რომ ტრამპის მთავარი პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანია.
_ ალიევი ასე ამბობს, მაგრამ რეალობა ცოტა სხვაგვარია. ჯერ ერთი, გაუგებარია, პარტნიორობა რისგან შედგება და რა შედეგებს მოიტანს. როგორც ვახსენე, აზერბაიჯანი ირანთან დაპირისპირებულია. ბრიტანელებისა და თურქების, „დიდი თურანის“ გეგმაში არის დიდი აზერბაიჯანის შექმნა. ირანის დეზინტეგრაცია ბევრ ძალას აწყობს, მათ შორის, ბრიტანელებს და ამერიკელებსაც. ამიტომ ირანის გაყოფა და დიდი აზერბაიჯანის შექმნის პერსპექტივა ალიევს შეიძლება ხიბლავდეს, ვინაიდან აზერბაიჯანლები ირანშიც არიან. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ირანში მცხოვრებ აზერბაიჯანლებსა და აზერბაიჯანის მოსახლეობას შორის როგორც კულტურული, ისე რელიგიური კუთხით, დიდი მენტალური სხვაობაა. ნომინალურად მართალია, შიიტები არიან, მაგრამ ცხოვრების წესით ძალიან განსხვავდებიან, სხვადასხვა ისტორიული ნარატივი აქვთ. აქვე ის ძალებიც გასათვალისწინებელია, რომელიც ირანში რეჟიმის ცვლილების შედეგად გამოთავისუფლდება. პროცესი შეიძლება მართვადი გახდეს. აქედან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ რეჟიმის ჩამოქცევის შემთხვევაში, ირანში მშვიდობა დამყარდეს. პირიქით, ეს ხანგრძლივ დესტაბილიზაციას გამოიწვევს არამარტო ირანში, არამედ მთელ რეგიონში. ვისაც ეს უხარია, შორსმჭვრეტელობა აკლია. მით უმეტეს, როგორ შეიძლება ეს ჩვენთვის იყოს სასიხარულო. ერთი წუთით შედეგები წარმოვიდგინოთ. ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს გამოყოლილი აქვს უსაფრთხოების განცდა, როცა ძლიერი საბჭოთა სახელმწიფოს ქოლგა გვიცავდა. შედეგად, ვერ ვხვდებოდით, როგორ რეგიონში ვცხოვრობდით, რადგან საფრთხეს ვერ ვგრძნობდით. ახლა ასეთი უსაფრთხოების ქოლგა არ გვიცავს. ცუდია, როცა ადამიანებს არ ესმით, მძიმე ისტორიული წარსულის მქონე ირანის დესტაბილიზაციამ, რომელიც ჩვენს მახლობლადაა, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს. მით უმეტეს, მაშინ, როცა საერთაშორისო სამართალი დეგრადაციას განიცდის, უფრო სწორად, აღარ არსებობს! რაზე ვლაპარაკობთ, როცა აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმი სუვერენული ქვეყნიდან პრეზიდენტს, მის მეუღლეს იტაცებს და მთელ ნავთობს ითვისებს. გარდა ამისა, აცხადებს, რომ რამდენიმე კვირაში დანიას გრენლანდიას წაართმევს. ასევე, კანადას მიიერთებს. ამ ვითარებაში როგორ შეიძლება ადამიანს უხაროდეს პროცესი, რომელიც უშუალოდ ჩვენ გვემუქრება.
_ ტრამპი მშვიდობის დამყარების ლოზუნგით მოვიდა, მაგრამ რას მოუტანს მსოფლიოს მისი ძალის პოლიტიკა?
_ ტრამპი მთელ მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად მსოფლიო ომს აჩაღებს. ზოგადად, დიდი ომები მშვიდობისთვის წარმოებს. ყველა ამბობს, რომ მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ომობს. ტრამპი, ამის, თავისი თმასავით ყველაზე კაშკაშა მაგალითია.
_ რაც შეეხება კიევს, იქ ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვა გამოცხადდა. საით მიდის პროცესი?
_ კიევში, ზოგადად, უკრაინაში, საოცრებები ხდება. საკმაოდ უცნაური ომია. პუტინმა განაცხადა, რომ მასზე თავდასხმის გამო შური იძია და კიევს, ოდესას, ხარკოვს არაადამიანური პირობები შეუქმნა. ამ დროს, სამთავრობო კვარტლები, ორგანიზაციები, საიდანაც ეს ყველაფერი იგეგმება, იგულისხმება უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, არმიის ცენტრალური შენობა, რადა, მთავრობის სახლი და ა. შ., ხელშეუხებელი რჩება. პუტინმა, თურმე, პასუხი მასზე იერიშის მიტანის გამო გასცა. ის, რომ ასიათასობით ადამიანი იღუპება, ამ ორმა სუბიექტმა კი იქაურობა ააოხრა, არავის ანაღვლებს. ისეთი პირობები იქმნება, იქ ცხოვრება შეუძლებელი ხდება. კლიჩკომ მოსახლეობას მოუწოდა, კიევი დატოვეთო. სად უნდა წავიდეს 5 მილიონი მაცხოვრებელი?! არადა, ზამთარში გაზის, დენის, წყლის გარეშე ქალაქი ადამიანებისთვის ხაფანგი ხდება. ფაქტობრივად, მრავალსართულიანი სახლები საფლავებად იქცევა. და ეს არის პასუხი პუტინზე თავდასხმაზე?! დავსვათ შეკითხვა: ვინ ზიანდება უკრაინის ომში? _ ის ხალხი, ვის რელიგიაზე, იდენტობაზე პუტინი ვითომ ასე ზრუნავს. ანუ, რუსები. დიახ, ვისზეც თითქოს ზრუნავს, მათ ანადგურებს _ ხარკოვი, კიევი, ოდესაც, დონბასი, რომლებიც ყველაზე მეტად ზიანდებიან, სწორედ რუსულენოვანია. მათ რუსეთის წინააღმდეგ განაწყობენ. თან, ამ არიას ოთხ ხელში ასრულებენ „პატივცემული“ ზელენსკი და პუტინი. ნათელია, რომ მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიის მოსახლეობისგან დაცლა.
აქვე, ომის უცნაურობაა ისიც, რომ ლოჯისტიკის შესვლას უკრაინაში, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში დასავლეთიდან მოდიოდა, რუსეთის შეიარაღებული ძალები ხელს არ უშლიდნენ, რაც კომედიაა. ეს ომი კი არა, ცინიკური ფორმით ვაჭრობაა. არადა, ომის შეჩერება სირთულეს არ წარმოადგენდა. რა უშლიდა რუსეთს ხელს, ავიაცია გამოეყენებინა და დნეპრზე არსებული ხიდები _ უკრაინის მომარაგების ლოჯისტიკა მოესპო. „ორეშნიკიც“ გაუგებარი მიმართულებით ისროლეს, რომელიც ნებისმიერ ინფრასტრუქტურას გაანადგურებდა. პირდაპირ ოქტაგონი აქვთ მოწყობილი, ხოცვა-ჟლეტას, ადამიანებზე ნადირობას ღია ეთერში აჩვენებენ და თურმე, ნატო რომ არ გააღიზიანონ, ხიდებს არ აფეთქებენ. გასაოცარი კიდევ ის არის, რომ ბევრმა ქართველმა ვერ გაიგო _ ამ ომს არანაირი ზნეობრივი მდგენელი არ აქვს, ეს გეოპოლიტიკური ურჩხულების ბრძოლაა.
თამარ შველიძე

