საქართველოს ადგილი იქ არის, სადაც ბუნებრივად „დაიბადა“
„საერთო გაზეთის“ სტუმარი ქველმოქმედი, ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი დავით ინჯიაა. იგი თავისი ბიოგრაფიის განსაკუთრებულ შტრიხად, როგორც საველე ნაწილის მეთაური, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად წარმოებულ ომებში _ აფხაზეთში და სამაჩაბლოში მონაწილეობას მიიჩნევს. მისი მარტვილში პოლიციის უფროსობის პერიოდს სამოქალაქო ომი დაემთხვა. დავით ინჯია ხალხის გამთლიანებას სახალხო დიპლომატიის გამოყენებით შეეცადა. სწორედ ამიტომ მარტვილის მადლიერმა მოსახლეობამ, პარლამენტში ორი მოწვევის დეპუტატად აირჩია. ახმეტაში პოლიციის უფროსობის დროს სამაჩაბლოში გამოჩენილი მამაცობისთვის შესასყიდად გადაცემული მსუბუქი ავტომობილი კი, პოლიციის სისხლის სამართლის განყოფილებას გადასცა.
ქველმოქმედებასთან ერთად, დავით ინჯიას კეთილშობილებისა და უსაზღვრო დიდსულოვნების შესახებ მკითხველი მის თავს გადახდენილი ამბებიდან შეიტყობს. ბავშვობაზე, აფხაზეთის ომზე, ქორწინების რეგისტრაციის დღეს მომხდარ კურიოზსა და სხვა საინტერესო ამბებზე ბატონი დავითი თავად გვიამბობს:
იესოს ნასახლარი
ჩემი ცხოვრება სოფელ ნაიესუდან იწყება _ აქ დავიბადე და ავიდგი ფეხი. ამ სოფელს კომუნისტებმა სახელი გადაარქვეს და ნალეფსაო დაარქვეს. თუმცა, მოგვიანებით თავისი ძველი ისტორიული სახელი ნაიესუ დაუბრუნდა, რაც იესოს ნასახლარს ნიშნავს.
ნაიესუში პატარა ღელე ჩამოდის. მას მაცხოვრის ღელეს ეძახიან. სოფელში დიდი, უძველესი ეკლესიაც გვაქვს, რომელიც ბოლშევიკებმა დაანგრიეს _ ზოგი იქამდეც კი მივიდა, რომ ეკლესიის გუმბათზე ჯვარს იარაღი ესროლა, ერთმა კი, ხატს ხანჯალი თვალში გაუყარა. ამ სისასტიკის ჩამდენ ოჯახებს, ცოდვისთვის მწარედ მიეზღოთ.
იესოს სახელობის ამ ეკლესიის აღდგენაში მთელი სოფელი ჩაერთო. მეტიც, დასახმარებლად, ხალხი გარე სოფლებიდანაც მოდიოდა. მის აღმშენებლობაში მონაწილეობა მამა გოჩა ცაავამ მიიღო. ეკლესიის აღდგენაში უდიდესი წვლილი მე და ჩემმა შვილმაც შევიტანეთ. იესოს სახელობის ეკლესია დღეს უკვე ფუნქციონირებს.
მე და ჩემი ძმა ფრიდონი ქართულ ტრადიციულ ოჯახში აღვიზარდეთ. მშობლები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები იყვნენ. მამას ორმოცი წელი სკოლის დირექტორის თანამდებობა ეკავა. დარიგებას, რომელიც მამამ წერილის სახით დამიტოვა, დღემდე პირნათლად ვასრულებ: მოთმინება და მოსმენა, ოჯახის სიყვარული, ზრუნვა, შრომა, გარჯა მომავალი მერმისისთვის და, რაც მთავარია, დამიბარა, პატიოსანი ცხოვრებით იცხოვრეო.
ინჟინრობიდან
პოლიციელობამდე
საკმაოდ ლაღი ბავშვობა მქონდა. ცელქიც ვიყავი, ფეხბურთიც მიყვარდა და სკოლიდან მდინარეზე სათევზაოდაც ვიპარებოდი, თუმცა თანატოლებს არც სწავლაში ჩამოვრჩებოდი. „შატალოზეც ბევრჯერ წავსულვარ.“ სხვათა შორის, მასწავლებლები არასდროს გამიბრაზებია. ვფიქრობ, წესიერი ბავშვი ვიყავი. სკოლა რომ დავამთავრე, ჩემი ძმა _ ფრიდონი სასწავლებლად ლენინგრადში იყო წასული და ინსტიტუტს ამთავრებდა. მე ყოველ ზაფხულს არდადეგებს მწვანე კონცხზე სანატორიუმ „აჭარაში“ ვატარებდი, რომლის მთავარი ექიმი დეიდაჩემი ლუბა იყო. იგი არ გათხოვილა და შვილივით ვყავდი, ჩემთვის მეორე დედასავით იყო. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ფრიდონს რუსეთში გზა გახსნოდა, იქ ბინაც კი უყიდა. მე კი, ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, სანატორიუმი „აჭარა“ მიატოვა და ბინა თბილისში იყიდა, სადაც ერთად ვცხოვრობდით.
ნაიესუში 8-წლიანი სკოლა დავამთავრე და სწავლა მარტვილის სპორტულ სკოლა-ინტერნატში განვაგრძე. მერე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე. სწავლის დასრულების შემდეგ კი „რაიკოლმეურნეცხოველმრეწვის გაერთიანებაში“ უფროს ინჟინრად დავიწყე მუშაობა. ამასობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურმა მომიწია და ყაზახეთში, სემიპალატინსკის ატომურ პოლიგონზე ამოვყავი თავი. იქიდან თბილისში დავბრუნდი და ხე-ტყის დამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საწარმოში ინჟინერ-მომმარაგებლად დავიწყე მუშაობა. ამის მერე კი იწყება ჩემი საპოლიციო მოღვაწეობა _ ვიყავი ახმეტისა და მარტვილის შინაგან საქმეთა განყოფილებების უფროსი, რის შემდეგაც მარტვილში ორჯერ მაჟორიტარ დეპუტატად ამირჩიეს. ჩემი დეპუტატობის დროს ჩემი ძმა კავშირგამბულობის მინისტრი იყო, რომელიც ჩემს შემდეგ ორჯერ აირჩიეს დეპუტატად.
სკოლაში დაწყებული
სიყვარული
ოჯახში მამის სიტყვა კანონობდა. მამა მკაცრი იყო, მაგრამ სამართლიანი. მამა ჯარში რომ გაიწვიეს, ლენინაკანში გენერალ ისიდორე სილაგაძის დივიზიაში მსახურობდა. მაშინ დივიზიას განსაკუთრებული მზადყოფნა ჰქონდა დაკისრებული. როცა გენერალს აცნობეს, ბატალიონის ოფიცერმა ცოლად სილაგაძე მოიყვანაო, საცხოვრისი მისცეს. დედ-მამას სიყვარულით შექმნილი ოჯახი ჰქონდათ. დედა იმ სკოლაში ასწავლიდა, სადაც მამა დირექტორად გააგზავნეს. სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი. მამას მაშინვე მოსწონებია. ასე შექმნეს ოჯახი.
დედას ბაბუა _ დიმიტრი წულაია სოფელ სკურდში შეძლებული კაცი იყო. როცა ქალიშვილი (ჩემი ბებია) გაათხოვა, დიდი ქორწილი გადაუხდია. ბაბუამ ლხინის დასასრულს სტუმრებს ჩაი „მადონას“ სერვიზით მიართვა. ბაბუა დიმიტრი ოქრომჭედელი იყო, პარალელურად, საქონლის ფარა ჰყავდა. იმხანად სოფელში დრაგუნთა პოლკი დაბანაკდა. ღამე, თურმე ღობეზე სამხედროები ძვრებოდნენ და სოფელ-სოფელ მამაძაღლობდნენ. ბაბუა პოლკის მეთაურს ხლებია და შეუთავაზებია: საკვებით მოგამარაგებთ, ოღონდ, ღობე ამამაღლებინეო. ამ საქმეს ბევრი ხარ-კამეჩი სჭირდებოდა თავისი ურმებით, რათა ქვები მოეზიდათ. ღობე საჭირო დონეზე აუმაღლებიათ და „სალდათების“ ძრომიალიც შეწყვეტილა.
„სიყვარულო
ძალსა შენსა...“
აქვე ბებია ფოტინეზე (დედის მხრიდან) მოგიყვებით, რომელიც გამორჩეული სილამაზით იყო განთქმული. პირველი ქორწინება 1910-იან წლებში შედგა. ბაბუას, დათიკო სილაგაძეს ნაიესოში პატარა მაღაზია ჰქონდა. იგი თბილისშიც მუშაობდა სასტუმრო „ევროპაში“. მას „მალაკნებზე“ სამოთახიანი ბინა ჰქონდა. ბაბუას მკვლელობის შემდეგ კი, უპატრონოდ მიგდებული ბინა, დაიკარგა. ბებიას გადმოცემით, ბინა სრულად ძვირადღირებული ავეჯით ყოფილა გაწყობილი. ბებია ხშირად ჩამოდიოდა მარტვილში, ბაბუა თბილისში მუშაობდა. მოგვიანებით მარტვილში დაბრუნდა და დიდი მაღაზია გახსნა, სადაც პირველადი მოხმარების საგნებით დაწყებული, ყველა საჭირო ნივთი იყიდებოდა.
ბაბუა და ბებია ულამაზესი წყვილი იყვნენ. ერთხელაც, როცა ბაბუა მაღაზიაში იყო, თავს ყაჩაღები დაესხნენ და მოკლეს. ამ პერიოდში ბებია ორ შვილთან ერთად ბაბუას მეგობარმა ეფრემ სურმავამ თავის სახლში წაიყვანა, რათა ორ მცირეწლოვან გოგონას არაფერი დაშავებოდა. ისე მოხდა, რომ ბოლოს ობოლ დედას და დეიდას ბებია და ბაბუა ზრდიდნენ.
გარკვეული პერიოდის მერე, ბებია ფოტინე ეფრემ სურმავას ოჯახიდან მეორედ გათხოვდა იქვე მცხოვრებ სამხედრო პირზე იულო ნაჭყებიაზე, რომელიც კაპიტანი იყო. მათაც ორი შვილი შეეძინათ. მოგვიანებით, იულო ბაბუას ტიფი დაემართა და გარდაიცვალა. ბებია ოთხ შვილს ზრდიდა. დიდი ბაბუა ეგნატე მზარეული იყო, მატრონა ბებია კი ბებიაქალი. თუკი ვინმეს უნდა ემშობიარა, ბებია ფაეტონით მასთან მიჰყავდათ. ფოტინე ბებია მკერავი იყო, რითაც თავს ირჩენდა, შეგირდებიც ჰყავდა.
გალიფე შარვალი და
დაგვიანებული მაყარი
სკოლა-ინტერნატში, სადაც მე-8 კლასიდან გადავედი, ირა ალანია (ჩემი მომავალი მეუღლის დედა) ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მისი ქალიშვილი _ ნაირა კვესელავა, იმ დროს მეოთხე კლასში იყო. შემდგომ ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა. როცა გამაცნეს, ძალიან მომეწონა. თბილისიდან მის სანახავად ხშირად ჩავდიოდი. ოჯახშიც შემიჩნდნენ, ცოლი მოიყვანეო.
მოკლედ, გადაწყდა, ცოლი მომყავს. მე და ჩემი ბიძაშვილი „მოსკვიჩით“ თბილისიდან ბათუმისკენ დავიძარით, სადაც ხელი უნდა მოგვეწერა. რიკოთის უღელტეხილზე მანქანა გაგვიფუჭდა, იძულებული გავხდი, მის ქვეშ შევმძვრალიყავი და ამის გამო ტალახში გვარიანად ამოვითხუპნე. ასე მივდივარ ცოლის მოსაყვანად. შარვალი წყლით კი გავწმინდე, მაგრამ ლაქები მაინც ეტყობა. როგორც იქნა, ბათუმში დაგვიანებით ჩავედით, მმაჩის ბიურო დაკეტილი დაგვხვდა. ეს პრობლემა კი მოვაგვარეთ, მაგრამ შარვალი არ მაქვს. უცებ დედა მეუბნება: ნუ გეშინია, დედა, მე გიყიდე შარვალ-კოსტიუმიო. გამიხარდა და გამოსაცვლელად გავეშურე. ჩავიცვი და რას ვხედავ, სულ მცირე, ხუთი ზომით დიდია, შიგ გაშლილი მკლავი მეტევა. შაუმიანზე, ებრაელ გამყიდველს უთქვამს: შენს ბიჭს ზუსტად მოერგებაო. მერე ბევრი ვიცინეთ, დედამ შარვალი, თურმე, ნაჭრის ხარისხის მიხედვით მიყიდა და ზომას არც დახედა. მოკლედ ასეთ ვითარებაში მოვაწერეთ ხელი.
რაც შეეხება შვილებს, ქალიშვილი ლიკა, კარდიოლოგია, ვაჟი ჯაბა _ ინჟინერი, რომელიც ბიძის კვალს გაჰყვა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობს. გვყავს ოთხი შვილიშვილი. ისინი ჩემი სულის და გულის ნაწილნი არიან.
ქართული ფულით შეძენილი სახლები _ უცხოტომელების თავშესაფარი
ეროვნული მოძრაობის დროს შსს-ს მეექვსე სამმართველოში განსაკუთრებულ საქმეთა სამსახურში ვმუშაობდი. მაშინ სამმართველოდან ოთხი კაცი ბოგდანოვკაში გაგვგზავნეს, სადაც დუხაბორები ბინებს ჰყიდდნენ და საცხოვრებლად კრასნოდარის მხარეში გადადიოდნენ. პოლიციელები ტერიტორიას ვიცავდით. „მერაბ კოსტავას საზოგადოების განსახლების ფონდი“ (ხელმძღვანელი ვაჟა ადამია) დუხაბორების სახლ-კარს ყიდულობდა. აი, ამ დუხაბორების მიერ გაყიდულ კარმიდამოში დამეწყრილი რეგიონებიდან აყრილ ქართველებს _ აჭარლებს, სვანებს ვასახლებდით. ჯამში, სოფელ გარელოვკაში, ეფრემოვკაში და კალინინოში, რომელიც საქართველო-სომხეთის საზღვარზე იყო, 650 ოჯახი ჩავასახლეთ, რომლებიც ზამთრისთვის მარილით, ფქვილით, შაქრით, წინდებით უზრუნველყოფას ითხოვდნენ. ხელისუფლებამ მათი ელემენტარული საჭიროებებიც ვერ დააკმაყოფილა და ამის გამო ისინი ნელ-ნელა აიყარნენ და დღეს იქ ერთი ქართველიც კი აღარ არის დარჩენილი. არადა, სახლები ქართული ფულით იყო და არის შეძენილი. ამჟამად იქ სხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ. ამ ამბების მერე, ვაჟა ადამიამ გამსახურდიასთან მიმიყვანა და პოლიციის ახმეტის რაიონული განყოფილების უფროსად წარმადგინა (მახსოვს მირონცხებულ დიდ ზვიადისთან გასაუბრებაც) და დავინიშნე კიდეც.
იარაღის „ჩაბარებისთვის“ დასაჩუქრებულნი
იმ პერიოდში, როცა მარტვილში პოლიციის უფროსი ვიყავი, არაერთი საინტერესო თავგადასავალი გადამხდა. ორი აფხაზის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია მივიღე. მეორე პოლიციის უფროსი სამხედრო კომენდანტი იყო და არ მინდოდა, რომ აფხაზები დაეჭირა. მათთან ოჯახში მივედი. კომენდანტის საათი იყო და გარეთ ვერ გადიოდნენ. ისინი მანქანაში ჩავიჯინე, რუხში მივედით და აქიდან საზღვარზე გადავიყვანე. კომენდანტის საათის დროს მარტვილში მხოლოდ სამხედრო კომენდანტისა და ჩემი მანქანა მოძრაობდა. ჩრდილოეთ მხარეს, მარტვილის ზედა ზონაში კი მხოლოდ მე გადავაადგილდებოდი. იმ პერიოდში, ზვადისტები თბილისიდან რომ წამოვიდნენ, აბაშას, ჩხოროწყუს, წალენჯიხას შეაფარეს თავი, თან მრავალი ავტომატი გადაიტანეს. იარაღი სხვადასხვა ადგილებში ჰქონდათ დაბინავებული. ეს იარაღები ოჯახებიდან ოპერატიული შეტყობინებების შემდეგ, ძალიან სწრაფად ამომქონდა. დედებმა იარაღის შესახებ არაფერი იცოდნენ. მათ ვეუბნებოდი: ხვალ განყოფილებაში გამოცხადდით და იარაღის ჩაბარებისთვის (სინამდვილეში, ამ იარაღს თავად ძალით ვიღებდი) მადლობით დაგაჯილდოვებთ-მეთქი. მართლაც მოდიოდნენ, მადლობას ვეუბნებოდი, რომ ტყვია არ გავარდა, სისხლი არ დაიღვარა და ფქვილით დასაჩუქრებულს ვუშვებდი. ერთ დღეს მივიღე ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ოჯახში, ეზოში, ღვინის ჭურებში იარაღი იყო გადამალული. ოპერატიული შემადგენლობა ნიჩბებით, ძალაყინებით მივადექით ოჯახს და ღვინის ჭურებიდან დიდძალი იარაღი და საჭურველი ამოვიღეთ. ოჯახის პატრონები გაოგნებულები გვიყურებდნენ. მადლობა გადავუხადე ინფორმაციის „მოწოდებისთვის“ და ფქვილით და შაქრით დავასაჩუქრე. ეს იარაღი კი სენაკის ბატალიონის უფროსს ვალერი ქვარაიას გავუგზავნე. კიდევ სხვა ბევრი ფაქტი დაგვრჩა მეხსიერებაში მე და ჩემს მარტვილელებს.
დაფასებული მადლი
მახსოვს, იმ დროს, როცა დეპუტატად კენჭს ვიყრიდი, მძღოლთან ერთად მთისკენ, მარტვილის ჩრდილოეთ ნაწილში მივდიოდით. სოფელ გაჭედილს გავცდით და უცებ, ვხედავ პატარა ბიჭს, რომელიც სანადირო თოფით შაშვს ეპარება. მანქანა გავაჩერე. ბიჭმა მიცნო, პოლიციის უფროსი რომ ვიყავი და გათეთრდა. მაშინ კომენდანტის საათი იყო და იარაღის ტარება არ შეიძლებოდა. ბიჭი გავუშვი და ვუთხარი: წაიღე იარაღი და აქეთ აღარ გამოხვიდე, თორემ კომენდანტი დაგიჭერს-მეთქი. გარკვეული დრიოს შემდეგ ჭყონდიდში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს ვმართავდი. კითხვა-პასუხის რეჟიმში ვართ გადასული და უცებ, ვიღაც მეუბნება: შენ მარტვილში პოლიციის უფროსად შევარდნაძემ დაგნიშნა, მისი გამოგზავნილი ხარო. კი ბატონო, ასეა, მაგრამ განა ცუდი რა გავაკეთე-მეთქი, _ ჩავეკითხე ამომრჩეველს. მოკლედ, ეს „კლიაოზნიკი“ პიროვნება არ მეშვება და მაყრის და მაყრის შეკითხვებს. ოთახის შუაგულში პარკეტი იყო ამოყრილი და უცებ, ვიღაცამ ამ კაცს პარკეტი ესროლა. ატყდა ერთი ალიაქოთი. მძღოლი მეუბნება: იცანი, ის ბიჭი, ვინც ამ „კლიაოზნიკს“ პარკეტი ესროლა, ის არის, შაშვს რომ ეპარებოდაო. აი, ასე დამიბრუნდა სიკეთე. მართალი გითხრათ, ძალიან გამიხარდა.
იზოლატორში
გატარებული ოთხი თვე
ორივე ძმა აფხაზეთში ვომობდით, მე _ სოფელ იაშტუხაში, ფრიდონი კი კავშირგამბულობის საკითხებს აგვარებდა სოხუმში. როცა თბილისში დავბრუნდით, იმ პერიოდში ფრიდონს „მოქალაქეთა კავშირი“ უსამართლოდ გადაეკიდა. „მოქალაქეთა კავშირი“ მწარედ გადაეკიდა. ამ დროს მაჟორიტარ დეპუტატობაზე კენჭი მესამედ უნდა მეყარა, მაგრამ ფრიდონს იმუნიტეტი რომ ჰქონოდა, ვუთხარი, შენ იყარე კენჭი-მეთქი. ვიცოდი, რომ აირჩევდნენ. მან მართლაც გაიმარჯვა და ამ დროს, გამარჯვებულად არ აცხადებენ. ჩემს ძმას თბილისიდან „ბოსები“ ურეკავენ და ეუბნებიან: ფრიდონ, შეეგუე, გამარჯვების მიუხედავად, დამარცხებულად უნდა გამოგაცხადოთო. ჩემს ძმას ვუთხარი: ამის დამთმობი არ ვარ-მეთქი. ხალხს საოლქო კომისიას ალყაში აქვს მოქცეული და შედეგების გამოცხადებას ითხოვს. ვითარება უკიდურესად დაიძაბა და საოლქო კომისიის იმ ოთახს, სადაც ბიულეტენები ინახებოდა, ცეცხლი წაუკიდეს. ჩემი მომხრეები გადაირიენ და ეს ინციდენტი უმართავ პროცესში გადაიზარდა. მე კი, როგორც ამ წინააღმდეგობის ორგანიზატორი, დამიჭირეს. ოთხი თვე და თერთმეტი დღე უშიშროების იზოლატორში გავატარე. საკმაოდ ძნელია, როცა პოლიციის უფროსი იყავი და ცრუ ბრალდებით უშიშროების იზოლატორში იმყოფები. იზოლატორში ყოფნის დროს, ხშირად ადვოკატთან შხვედრა და გასაუბრება მიწევდა. ციხის ფოიეში ერთ-ერთი „გასეირნებისას“, მესმის, რომ ვიღაც მეძახის: ილიჩ, შენ აქ რა გინდაო. ვინც დამიძახა, ის ბიჭი გავიხსენე _ ახმეტაში მკვლელობისთვის გაასამართლეს, მერე ციხეში გარდაიცვალა. როცა ციხეში გადამყავდა, მთხოვა, ოჯახს, მეზობლებს დავემშვიდობებიო, მისი სახლი ახმეტის გასასვლელში, სოფელ აწყურში მდებარეობდა. გავრისკე და იმის საშუალება მივეცი, რომმეხობლებსა და ახლობლებს დამშვიდობებოდა. ჩემი სასამართლო გამოძიება ორწელიწად-ნახევარი მიმდინარეობდა და ყველაფერში გამამართლეს. ფრიდონს ეს არჩევნები ჩაუშალეს და არჩატარებულად გამოაცხადეს. არჩევნები ხელახლა ჩაინიშნა. ფრიდონი გერმანიაში იყო წასული. არჩევნებში სწორედ იქიდან ჩაერთო და ჩამოუსვლელად გაიმარჯვა. ფაქტია, მე რომ ცუდი პოლიციის უფროსი ვყოფილიყავი ორჯერ დეპუტატად არავინ ამირჩევდა და არც ჩემს ძმას მისცემდა ვინმე ხმას. საერთოდ, ცნობისთვის, მარტვილში ჩემს გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ზვიადისტებმა ითამაშეს, რისთვისაც მეც და ჩემი ძმაც მარტვილის მოსახლეობასთან ურთიერთობას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. მათ დღემდე გვერდში ვუდგავართ და გულით გვიყვარს და მადლიერნი ვართ.
გაყიდვას გადარჩენილი ჰესი ქვეყნის სამსახურში
პოლიციის უფროსად დამნიშნეს. ეს ის პერიოდია, როცა ქუთაისელი პოლიციელები დახვრიტეს, ანარქია სუფევს და შენობაც დამწვარია. პოლიციის ახალი შენობა მომცეს, მაგრამ თავად პოლიციელები არ იყვნენ. იქ ყოფნისას გავიკითხე, რატომ არ მუშაობდა აბაშის ჰიდროელექტროსადგური. გაურკვეველი პასუხი გამცეს, ხელს რაღაც უშლისო. აბაშის ჰესში პირადად ჩავედი. რას ვხედავ, ჰიდროელექტროსადგური თავისი გენერატორებითა და სპილენძით გამზადებულია თურქეთში გასაყიდად. მე ამის საშუალება არ მივეცი, დაცვა დავაყენე და სადგური გადავარჩინე, ავამუშავე. თხუთმეტი წელი ისე მუშაობდა, რომ ხუთ სოფელს და რაიონულ ცენტრს ელექტროენერგიას უფასოდ ვაწვდიდით. მარტვილში რაც კი ოპერაციები ჩატარებულა, ყველა ჩვენი ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებული ელექტროენერგიით ჩატარდა. ჩემი შეწევნით, ეს უძველესი ელექტროსადგური ახლაც მუშაობს.
სამშობლოს სადარაჯოზე
მოგეხსენებათ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ომის მონაწილე ვარ. ომში ერთი ჯარისკაციც კი არ დამიკარგავს, ყველა უკლებლივ პატრონს ჩავაბარე. მათ შორის, ქისტებიც მყავდა წაყვანილი. ჩვენი პოსტები სოფელ იაშტუხაში, გუმისთის მთაზე იყო განლაგებული. იქვე იყო საგარეჯოს, გურჯაანისა და სხვა რაიონების პოსტები. ამ ადგილს ვიცავდით, რათა გუმისთიდან მტერი არ შემოსულიყო. 15 დღე პოსტს კახეთის შსს რაიგანყოფილების პირადი შემადგენლობა ვიცავდით, მერე ვიცვლებოდით და ჩვენს ადგილს ისევ 15 დღით სხვა რეგიონები იკავებდნენ. ახმეტიდან ცხინვალში (იანვრის თვეში) სილას მიგზავნიდნენ, რომლითაც სათოფურებს ვაგებდით. მინუს ოც გრადუს სიცივეში სათვალთვალო კოშკურები მქონდა გაკეთებული. სხვათა შორის, სოხუმში სოფელ იაშტუხაში, სადაც ჩვენ ვიყავით, ქსოვილებით სავსე უზარმაზარი სამკერვალო აღმოვაჩინე, სადაც სამხედროების ფორმები იკერებოდა. სოხუმში შტაბს ინფორმაცია მივაწოდე. სამხედრო ფორმები კი წაიღეს, მაგრამ შტაბის მიერ რაიმე ოპერატიული ღონისძიება არ ჩატარებულა.
სამწუხაროდ, ამ უაზრო ომში რუსეთის ჩართულობამ დაგვამარცხა. აფხაზეთის ომი არ უნდა წაგვეგო. ჩვენ თავისუფლად შეგვეძლო, ჩეჩნებისა და ყაბარდოელების შემოსევისთვის წინააღმდეგობა გაგვეწია. მაგრამ ისეთი პერიოდი იყო, ყველა „კამანდრობდა“. შევარდნაძეს ძალა აღარ ჰქონდა _ ცალკე ოპოზიციის ეშინოდა, ცალკე _ რუსეთის, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვეღარ იღებდა. უფრო სწორად, ცდილობდა, არც ამერიკა გაებრაზებინა, არც რუსეთი და არც ოპოზიცია.
აფხაზებთან თუკი ვინმეს ურთიერთობის დარეგულირება შეეძლო, ეს სამეგრელო იყო. აფხაზი და მეგრელი ოჯახის შვილები ხომ ერთმანეთთან ურთიერთობდნენ. მორდუობა გაგონილი გექნებათ _ მეგრელი ოჯახი თავისი შვილით აფხაზს ეწვეოდა, ისიც სუფრას გაუშლიდა. მერე მეგრელი აფხაზს ეტყოდა: შენ ბიჭს მე წავიყვან, ჩემსას კი ერთი-ორი თვით აქ დაგიტოვებ, შენ აფხაზური ასწავლე, მე _ მეგრულს ვასწავლიო. აი, ასეთი სიყვარულით იზრდებოდნენ. ეს შესაძლებლობა დავკარგეთ. ზუგდიდისა და აფხაზეთის ძველი ურთიერთობების აღსადგენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ნდობა უნდა დაიბადოს, ისე არაფერი გამოვა. ახლა მოდაშია იმის ძახილი, რომ შინ, ევროპაში მივდივართ. ჩვენ არსად არ მივდივართ. საქართველოს ადგილი იქ არის, სადაც ბუნებრივად „დაიბადა“ _ ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე. სამშობლოს თავად უნდა მივხედოთ. ჩვენი ადგილი ნატო-ში არანაირად არ არის. სავაჭრო გაერთიანებას რაც შეეხება, კი ბატონო, ვაჭრობის კუთხით შეგვიძლია ევროკავშირთან ვითანამშრომლოთ, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ ნატო-ში უნდა შევიდეთ და ის გვიხსნის, დამღუპველია.
თამარ შველიძე

