ირაკლი კობახიძის ვიზიტი თურქმენეთში და აკაცუკების ისტერიკა

ირაკლი კობახიძის ვიზიტი თურქმენეთში და აკაცუკების ისტერიკა

11 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში ჩაფრინდა, სადაც მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ფორუმი თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავს მიეძღვნა. სტუმართა შორის იყვნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიფ ერდოღანი და მეზობელი ქვეყნების ლიდერები. კერძოდ, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ირანისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები.
რაზე უნდა ყოფილიყო იქ საუბარი და რაზე იყო საუბარი? რა თქმა უნდა, მშვიდობასა და სტაბილურობაზე, ნეიტრალიტეტსა და ნამდვილ დამოუკიდებლობაზე. სწორედ ამაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ და პუტინის თანდასწრებით აღნიშნა, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. არ უთქვამს, სასწრაფოდ დააბრუნე, ბიჭო-ვო, მაგრამ ეს თავისთავად იგულისხმებოდა. 
როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ფაქტმა, ანუ აშხაბადში კობახიძის ჩასვლამ და პუტინთან საერთო სურათის გადაღებამ აკაცუკთა („ნაცთა“) მოდგმა შოკში ჩააგდო. არა, ასე მოგვაჩვენეს, თითქოს ისინი შოკში ჩაცვივდნენ, სცენარი და როლებია ასეთი, თორემ მსგავსი არაფერი ხდება, მაგათ სცენარს იქით არაფერი აინტერესებთ. სამწუხაროდ, ასეთია აგენტების ბედი. ჰოდა, დაიწყეს ბოდიალი - ეს როგორო? პუტინთან სურათი რანაირად გადაიღოო? საერთოდ, იქ რა უნდოდა, სადაც პუტინი იყოო? ესე იგი, ბიძინა ივანიშვილი კობახიძის ხელით რუსეთში მიგვათრევსო? რა გამოდის, აშხაბადში კობახიძე პუტინს ფარულად არ შეხვდება და გარიგებებს ადგილი არ ექნებაო? განა ხვალ დილით ჩელიაბინსკში არ გავიღვიძებთო? გეფიცებით, არაფერს ვაჭარბებ, ეგ კი არა, ერთი ე. წ. ჟურნალისტის დონე იქამდეც კი „ამაღლდა“, პრემიერ კობახიძეს პუტინთან გადაღებულ სურათზე ჰკითხა. კობახიძის პასუხი ასეთი იყო: „ამაზე სიღრმისეული კომენტარის გაკეთება არ ღირს, ეს სპეკულაციები აბსოლუტურად არასერიოზულია და მეტყველებს საერთო არასერიოზულობაზე, რომელიც დღეს ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში სუფევს“.
მოდი, ახლა ვნახოთ, როგორ გამოეხმაურა ე. წ. ოპოზიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს თურქმენეთში: სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს პრორუსი მმართველი მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირელ და ამერიკელ პარტნიორებს და მეგობრობს ავტოკრატებთან. ხედავთ? ზურაბიშვილი ყველას ერთ ქვაბში ხარშავს, თვით ნატო-ს წევრი ქვეყნის ლიდერ ერდოღანსაც. ერთხელ მას ჰკითხეს, ყველაზე მეტად რომელი პოლიტიკოსი გხიბლავთო? მან დაუფიქრებლად უპასუხა - ლავროვიო. არ მოგესმათ, ზუსტად ასე უპასუხა - დიახ, ლავროვიო, ის მაგარი პროფესიონალია და მე მიყვარს პროფესიონალებიო. მაშ, კაცო, დილეტანტ ზურაბიშვილს უყვარს პროფესიონალები. არ იფიქროთ, როცა თქვა, ლავროვზე ვარ შეყვარებულიო, ნასვამი იყო. არა, იგი სრულიად ფხიზელი იყო. ესე იგი, მაშინ ლავროვი არ იყო ავტოკრატიული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს ახლა გახდა დიქტატორ პუტინის მარჯვენა ხელი და აბა, როგორ შეიძლება, ირაკლი კობახიძემ სურათი გადაიღოს იქ, იმ დარბაზში, სადაც პუტინია? 
თაზო დათუნაშვილი იცით, ხომ? ეგ რომელია და ერთხელ ხაზარაძის პარტიიდან გაიქცა, აქ საქმე არაფერი მაქვს, საერთოდ არაფერს მეკითხებიანო. ცოტა ხანში უკან მიბრუნდა, ეტყობა, ხაზარაძემ უთხრა, მოდი და საქმეს მოგცემ, რამეს გამოგინახავო. გამოუნახა კიდევაც, ახლა გამოვა ხოლმე და ყოველდღე სისულელეებს ლაპარაკობს. აი, როგორ შეაფასა კობახიძის ამბავი დათო თაზუნაშვილმა კი არა და... თაზო დათუნაშვილმა:
„ირანელი დიქტატორის ტირილში სიარულის მერე, კობახიძემ დიპლომატიაში ახალ „წარმატებას“ მიაღწია, ახლა უკვე ერთ დარბაზში ზის ვლადიმერ პუტინთან ერთად და მას აწონებს თავს - ეს არის საქართველოს ღალატის გზა“.
აბა, უყურეთ, ამისი დავთრების თანახმად, ერდოღანიც თავისი ქვეყნის მოღალატეა, ალიევიც, ფაშინიანიც და სხვებიც, ვინც კი პუტინს საერთოდ ელაპარაკება. აგერ, დონალდ ტრამპი კიდევ ხომ არის მოღალატე და არის, მაგას წვეთი არ გაუვა. იცით, მე რა არ მესმის? რატომ დაებედა საქართველოს, რომ ე. წ. პოლიტიკურ ელიტაში ასეთი იდიოტები გვისხედან? რატო, კაცო, რა დავაშავეთ? ვიცი, ამაზე ვერ მიპასუხებთ, ამიტომ თავს ნუ შეიწუხებთ. ახლა ვნახოთ, როგორ „გენიოსურად“ აფასებს ხატია დეკანოიძე თურქმენულ მოვლენას: 
„თურქმენეთის ფორუმზე პუტინის განაცხადი იყო ნეიტრალიტეტზე. ვფიქრობ, რომ ამ თემას „ქართულ ოცნებაშიც“ ამუშავებენ. არ გამოვრიცხავ, კობახიძე-პუტინს შორის რაიმე სახის ფარული მოლაპარაკება იყოს“.
ამ ქალზე უკვე მეცინება. არა, ადრეც მეცინებოდა და უფრო მეტად მაშინ ვიცინე, როცა უკრაინაში პოლიციის შეფად დანიშნეს, მაგრამ რა ვქნა, ის კვლავაც განაგრძობს თავისებური, იატაკქვეშური ანეკდოტების მოყოლას. ჯერ იყო, 2022 წლის შემდეგ, როცა უკრაინის დაბომბვა დაიწყო, შავი ხვრელები „აღმოაჩინა“, თურმე საქართველოდან სარეცხი მანქანები გადიოდა და მისგან რუსები დრონებს ამზადებდნენ, მერე კიდევ რაღაც საიდუმლო გვირაბები აღმოაჩინა, რითაც ქართველები რუსებს ეხმარებოდნენ და ახლა კიდევ ესა, კობახიძესა და პუტინს შორის რაღაც ფარული მოლაპარაკებაა, დეკანოიძე ამას არ გამორიცხავს. პრინციპში, გამორიცხავს კი არა, დარწმუნებულია. 
გრიგოლ გეგელია: „კობახიძემ აშხაბადში საკუთარი ადგილი იპოვა, მაგრამ ქართველი ხალხი არ ირჩევს აშხაბადს“.
აქ წესით, ტაში უნდა დავუკრათ. ადრე ქართველი ხალხი არ ირჩევდა ჩელიაბინსკს, მერე არ ირჩევდა მოსკოვს, შემდეგ თეირანს, ახლა კიდევ აშხაბადს. გეგელიას ჭკუით, ყველა ეს ქალაქი მოსკოვშია და პუტინი მართავს. არა, მეგობრებო, ქართველი ხალხი მხოლოდ ბრიუსელზე ოცნებობს, დღეგამოშვებით კიდევ ვაშინგტონზე ოცნებობს. იცით, თქვენი არ ვიცი და... მე ყველაზე ძალიან მარიზიანებს კი არა და... ყველაზე ძალიან მაცოფებს, როცა იდიოტები ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობენ. რა იცის ახლა ჭკუანაკლულმა გეგელიამ, ქართველი ხალხი რას ირჩევს? აქ შეიძლება ერთი რამ ითქვას, ქართველი ხალხი ირჩევს მშვიდობას და თბილისს, მორჩა, ამას აღარ უნდა ლაი-ლაი.
ჰო, კიდევ ის მაღიზიანებს, უცებ ყავლგასულ მოექსპერტო-მოპოლიტიკოსო ელემენტებს რომ გამოაგორებენ ხოლმე ტელევიზორში და სისულელეებს ალაპარაკებენ. არა, ამჯერად ირინა სარიშვილზე არ გეუბნებით, ახლა უცებ ირაკლი მელაშვილი გამოაგორეს და ეს ათქმევინეს: 
„პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად - თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა“.
მართალია, მელაშვილი ძველებურად ვეღარ ალაგებს წინადადებებს, მაგრამ მაინც ჩანს, რაზე მიანიშნებს - ესე იგიო, ირაკლი კობახიძეს ფსიქიკური პრობლემა აქვსო. ჰა, ჰა, ჰა... ფსიქიკურად აშლილები კობახიძის ფსიქიკაზე ალაპარაკდნენ. არ გამორიცხოთ, საქართველოში უახლოეს ხანში ახალი კამპანია დაიწყოს და „ქართული ოცნების“ ყველა წევრი თუ მომხრე გიჟებად გამოაცხადონ. ისე, მიკვირს, აქამდე ეს რატომ არ გააკეთეს, იოზეფ გებელსი ხომ ამათი სულიერი მამაა? მან არ დაუტოვა ამათ ანდერძად, დააბრალე სხვას ის, რასაც შენ წარმოადგენო? არა, კი გვაბრალებენ ათასნაირ სიბინძურეს, მაგრამ ფაქტობრივ გიჟებად ჯერ არ გამოვუცხადებივართ. 
მოკლედ, ახლა აკაცუკები პანიკაში არიან, დავალება აქვთ ასეთი, კობახიძეზე უნდა აიწყვიტონ, უნდა ლანძღონ, ერთი-ორი კვირა ასეთი „მასოვკა“ ექნებათ, მერე სხვა რაღაცა მოხდება და ეგ არი. ამ დროს სულ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი მახსენდება ხოლმე - კაცო, ესენი საცოდავები არიან, მისდგომიან ყრუ კედელს და ურტყავენ თავს, მაზოხისტები არიან. 

გელა ზედელაშვილი