ანზორ სიფრაშვილი: საქართველოს რეგიონებში პრესის დეფიციტია

ანზორ სიფრაშვილი: საქართველოს რეგიონებში პრესის დეფიციტია

უნდა გაგაცნოთ ანზორ სიფრაშვილი - კაცი, რომელიც ქიზიყის შემოქმედებით „მოტორად“ მიიჩნევა. მე ჯერ კიდევ სკოლის მოწაფე ვიყავი, როცა 
სიღნაღში ლიტერატურული წრე გახსნა და ერთ-ერთ წევრად ჩამწერა. 
აი, სწორედ მას მერე აღარ გამიგდია კალამი ხელიდან. ბატონმა ანზორმა 
ახლახან დაასრულა ისტორიული რომანი `ვახტანგ გორგასალი~, 
7 ტომი გამოსცა და ახლა სხვა კუთხით აპირებს მუშაობას. იგი წნორის 
სამედიცინო კოლეჯის ხელმძღვანელი და ჟურნალ `ლიტერატურული 
სიღნაღის~ რედაქტორია. საუბარი კახელი კაცის დღევანდელ საფიქრალ-
საზრუნავით დავიწყეთ და მის სულიერ მდგომარეობასაც მივადექით.

- კახელი კაცი, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული. მართალია, არის ვაჭრობა, ტურიზმი, მაგრამ ძირითადი მაინც მეურნეობაა - ვენახი, ხეხილი, მარცვლეული, საქონელი და ასე შემდეგ. ჩვენი გლეხი პრაგმატულია, დღენიადაგ თავის ნაშრომს შეჰყურებს.
- კი, შეჰყურებს თავის ნაშრომს და თან ცას, ემანდ, სეტყვამ არ წამოუშინოსო...
- აი, ეგ არის დიდი პრობლემა და არის კიდევ უფრო დიდი პრობლემა, რომელზეც ახლა მინდა საუბარი - ეს არის კახელი კაცის და არა მხოლოდ კახელი კაცის სულიერი მდგომარეობა. ვხედავთ, რა ხდება დღეს მსოფლიოში, იქით უკრაინაში იღვრება სისხლი, აქეთ - ისრაელსა და ირანში. ეს ძალიან საშიშია, არავის უნდა, აქაურობაც ცეცხლში გაეხვიოს, ჩვენ შვილები ნორმალურ პირობებში უნდა გავზარდოთ. კი, გასაგებია, დღეს ყველას არ ულხინს, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ქვეყნის საქმე ნელ-ნელა უკეთესობისკენ მიდის. 
- თქვენ ახსენეთ კახელი კაცის სულიერი მდგომარეობა, რას გულისხმობთ?
- ამხელა რაიონში რომ გაზეთი არ მოდის, ეს არ არის სულიერი სიღატაკე? აგერ, ახლა გამოვიდა ჩვენი ალმანახი `ლიტერატურული სიღნაღი~, მადლობა მერიას, რომ დაგვაფინანსა, მაგრამ ეს ცოტაა, კვარტალში ერთი ნომერი გამოდის. პერიოდული პრესა ამ რაიონში არც ადგილობრივია, არც თბილისიდან მოდის. ჩვენს რაიონს არ აქვს თავისი ტელევიზია, არ აქვს რადიო.
- ესე იგი, სიღნაღის რაიონში გაზეთი არც გამოდის და არც ჩამოდის, ხომ?
- დიახ, არც გამოდის, არც ჩამოდის. მინდა ამას ხაზი გავუსვა. სხვა თუ არაფერი, სიღნაღი კულტურული ქალაქია, სიყვარულის ქალაქს ვეძახით და ერთი ჯიხურიც კი არ არის, სადაც გაიყიდება არა მხოლოდ ჟურნალი და გაზეთი, წიგნებიც. მახსოვს, საქართველოში რა ხდებოდა, ყველანი მკითხველები ვიყავით, წიგნები იყიდებოდა ძალიან სწრაფად. ახლა აღარც წიგნი იყიდება, აღარც გაზეთი, ფაქტობრივად, რაიონში წიგნის მაღაზიაც არ გვაქვს. ამ კუთხით აქ რაღაცა უნდა გაკეთდეს, თორემ ადამიანი არა მხოლოდ პურითა ცხონდების. კი, შრომობს კაცი, წვალობს, შემოსავალიც აქვს, მაგრამ მას და მის შვილებს ხომ სჭირდებათ ეს სულიერება? ხომ სჭირდებათ გაზეთი, ჟურნალი და წიგნი? ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, აგერ, ალმანახში არაერთი გამოვავლინეთ, რომლებსაც არ ჰქონდათ გასაქანი. ძალიან ბევრი გვყავს ნიჭიერი `ძველგაზრდაც~, სწორედ ახლა ვათვალიერებდი, სოფელ ანაგაში ცხოვრობს იოსებ ვარამაშვილი, მრავალჭირგამოვლილი კაცი, ისე საინტერესოდ წერს, გაგიკვირდებათ. ასეთები ბევრნი არიან და მინდა, ყურადღება მივაქციოთ. კი, ბატონო, ჩვენს რაიონში ბევრი კარგი საქმე კეთდება, მაგრამ უნდა გაკეთდეს ამ კუთხითაც - ეს არის პერიოდული პრესის გამოცემა ადგილზე, ცენტრიდან ჩამოტანა, რეალიზაცია და ასე შემდეგ. 
ამჯერად ტელევიზიებზე ვიტყვი, ყველა არხი ჩაკეტილია თბილისში და მთელი დღე იმაზე ლაპარაკობენ, როგორ ეჭირა თავი დაპატიმრებისას ნიკანორ მელიას, როგორ მივიდა ნიკუტა გვარამია თავისი ფეხით ციხემდე, აპირებს თუ არა სალომე სამადაშვილი არჩევნებში მონაწილეობას და ასე შემდეგ. სიტყვამ მოიტანა და უნდა ვთქვა: `საზოგადოებრივ მაუწყებელზე~ იყო გადაცემა `ფერმა~, სადაც ასე თუ ისე, შუქდებოდა რეგიონებში ფერმერების ცხოვრება... ამას წინებზე წავიკითხე, ეს გადაცემა დახურულა. ამ გადაცემას სიამოვნებით ვუყურებდი, ეს ერთადერთი იყო, სადაც ნაწილობრივ მაინც ასახული იყო რეგიონების ცხოვრება. თუ არ ვცდები, 3700-მდე სოფელია საქართველოში, სანამ ტერიტორიებს ჩამოგვაჭრიდნენ, 4500 იყო, ხომ შეიძლება, შემოიარო, ასახო, დაინტერესდე, რა უნდათ ქვემო მაჩხაანში, რას ლაპარაკობენ არბოშიკში, რა ხდება ანაგაში...
მაჩხაანი როგორი კარგი სოფელია, მაგათ ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდათ თეატრი, როცა სიღნაღში არ იყო, დიმიტრი მაჩხანელმა ჩამოაყალიბა, თეატრალური მოღვაწეები თბილისიდან ჩამოდიოდნენ. 
- ამას წინებზე შემხვდა მაგ სოფლის კოლმეურნეობის ყოფილი თავმჯდომარე, გახარებული იყო, თეატრის აბრა ვიპოვე, მივიტანე და შენობაზე მივაკარიო. თეატრი აღარ აქვთ, მაგრამ აბრა მაინც შერჩათ. 
- თეატრის მხრივ სიღნაღში სამდურავი არ გვეთქმის, ახლა იყო თეატრალური ფესტივალი, მთელი კვირა მიდიოდა. მანამდე ჩვენ გავმართეთ `ლიტერატურული სიღნაღის~ პრეზენტაცია. მოდი, ვთქვათ სიმართლე, დღეს ჩვენთან ისეთი რაღაცები კეთდება, ცოტა ხნის წინ არც კი დაგვესიზმრებოდა.
- კი, კაცო, მე ნამდვილად არ დამესიზმრებოდა, სოფელში მუდმივი წყალი თუ მექნებოდა, ახლა ისეთი გზები დააგეს, ჯუგაანი შვეიცარია გეგონებათ.
- აგერ, ახლა გაიხსნა წნორში სპორტული დარბაზი, იმ ადგილზე იყო ნაგავსაყრელი, ქვეწარმავლების ბუდე. მითხრეს, აქ საცურაო აუზიც უნდა გაკეთდესო. გუშინ აქ ამბობდა ვიღაცა, ჩვენ გიორგი ბრწყინვალე რომ გვყავდა, ეტყობა, მაშინ ბრწყინვალე ცხოვრება გვქონდაო, ახლა ბრწყინვალე ცხოვრება არ არისო. მე ვუთხარი, ბრწყინვალე ცხოვრება კი გვაქვს, მაგრამ თქვენ ამას ვერ ხვდებით-მეთქი. ვაღიაროთ, დღეს საქართველოს უდგას ყველაზე უკეთესი დრო, რაც კი აქამდე ყოფილა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო უკეთესი გვინდა. სამწუხაროდ, ჩვენში ისტორიიდან დასკვნების გამოტანა ყველას არ შეუძლია.
- ალბათ, არც უნდა შეეძლოს.
- მე მარტივ რაღაცას ვამბობ... მაგალითად, დავით აღმაშენებელი საქართველოს ვერ გააერთიანებდა, ასეთი სიმკაცრე რომ არ გამოეჩინა. გავიხსენოთ, მან სამღვდელოებაც კი გაწმინდა და მაშინ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პირველი საეკლესიო კრება ჩაატარა ვახტანგ გორგასალმა, მე ამ თემაზე ჩემი რომანის მე-3 ტომში მაქვს საუბარი, აირჩიეს კათალიკოსი და მაშინაც მოხდა გაწმენდა. მეორე კრება იყო დავით აღმაშენებლის დროს. ჩვენი ეკლესია დღეს მშვენივრად გამოიყურება, სულიერება კარგად არის გადმოსული ხალხში. ეს კარგია და ნამდვილად პატრიარქის დამსახურებაა. თუმცა მე ხაზგასმით ვამბობ, ცოტა მეტი სიმკაცრის გამოჩენაა საჭირო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის არევას. 
- გეთანხმებით.
- აუცილებელია ქვეყნის გამყიდველების დასჯა, რასაც საგამოძიებო კომისია აკეთებს, მომწონს, დასასჯელი არ არის გვარამია? ხან პროკურორის მოადგილე იყო, ხან განათლების მინისტრი და კი ვნახეთ, რას აკეთებდა, რა ჩაიდინა. თუნდაც ამ ქალზე ვთქვათ, შენ რომ ბაბოს ეძახი, გვარამიამ რაღა არ უწოდა და ეს მაინც იქით იხრება.
- ეჰ, ეგ ჩემი ცხოვრების მტკივნეული ფურცელია, მეც ამ მხრივ დიდ ცოდვაში მაქვს ფეხი ჩადგმული, მეორე ტურზე სიღნაღში ჩამოვედი და მეგობრებთან ერთად ვიმუშავე, ხან მაჩხაანის ორღობეებში დავდიოდი, ხან ბოდბისხევის ორღობეებში და `ვქადაგებდი~, სალომე ბაბოს მიეცით ხმა, არიქა, მაგარი პრეზიდენტი იქნება-მეთქი.
- სალომე ზურაბიშვილი მე თავიდანვე არ მომწონდა, მაგასაც ვიცნობდი და მაგის ქმარსაც - ჯანრი კაშიას. ორივე ებრძოდა ზვიად გამსახურდიას, ამიტომ მქონდა უარყოფითი განწყობა მათ მიმართ. თუმცა სხვა რა გზა მქონდა? ხმას გრიგოლ ვაშაძეს, ანუ `ნაცებს~ ხომ არ მივცემდი? ვფიქრობ, ხელისუფლების მხრიდან ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, მაშინ ესენი მომძლავრებულები ვერ იყვნენ.
- სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვა, მე დრო შევარჩიეო, ეს ევროპელი ჩინოვნიკები ჩვენი უფროსები ვეღარ იქნებიანო. ეს კაცი დროის შერჩევის დიდოსტატია.
- მე ვფიქრობ, ივანიშვილი მაგარია... აგერ, ჩვენ გარშემო ლამის ყველა ქვეყანა ცეცხლის ალშია გახვეული და საქართველო მაინც მშვიდობის კუნძულია. ჯერ ის დედაკაცი მივიდა, ამერიკის ელჩი, უთხრა, ომი დაიწყეო, ამან უარით გაისტუმრა. ეს პატარა საქმე არ იყო. ახლა შემდეგი ელჩი მიადგა, უნდა შემხვდეო, ესეც უარით გაუშვა. თქვენ ამდენ ზეწოლას ეხუმრებით? ივანიშვილმა მაგარი ამბები გადაიტანა. კაცს ამდენი ფული დაუყადაღეს და მაინც ვერ გადაათქმევინეს. ძალიან ჭკვიანია. 
- კარგი, დავუბრუნდეთ სოფლის თემას... როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია, როცა რაიონში არც ადგილობრივი პრესა არსებობს და არც თბილისიდან ჩამოდის? განა ეს ნორმალურია? მე მგონი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნაა საჭირო. 
- რაიონს უნდა ჰქონდეს თავისი გაზეთი, შეიძლება მცირეტირაჟიანი იყოს, მაგრამ მაინც უნდა ჰქონდეს. სიღნაღში მოაზროვნე ადამიანები არსებობენ, რაც მეტი იქნება დიალოგი, დისკუსია, კამათი, მით უკეთესი. შევიტანოთ სოფლებში, დავაინტერესოთ ახალგაზრდობა, ავამოძრაოთ საზოგადოება. კახეთი არ არის სუსტი კუთხე, ძლიერია, მაგრამ რაღაც არის კიდევ საჭირო. ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მთავარი მონდომებაა.

გელა ზედელაშვილი