ჩემპიონები ციხეში?

ჩემპიონები  ციხეში?

დაკავებების სერია გრძელდება. წინა კვირას ისეთი ხალხი დააპატიმრეს, ასი წელი რომ ვერ ვიფიქრებდით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით 7 პირი გაუშვეს იზოლატორში, ხოლო შემდეგ სასამართლომ დროებითი პატიმრობა მიუსაჯა. ესენი არიან: ყოფილი მოკრივე, ბიზნესმენი, ტელეკომპანია „სეზონის“ მეპატრონე, გორში, ვარიანში, ქარელსა და ბორჯომში რამდენიმე რესტორნისა და ვარიანში მდებარე სასტუმრო „რანჩოს“ მფლობელი გიორგი კანდელაკი; გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი, ქართლოს ჯალაბაძე - გორის აგრარული ბაზრის მფლობელის გიორგი (გივი) ჯალაბაძის ძმა, ასევე გორში მცხოვრები ალექსანდრე კურტანიძე და ვახტანგ ბიბილაშვილი. როგორც ამბობენ, ერთი ქარხნის მუშაა, ხოლო მეორის ვინაობა უცნობია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი:
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური, ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი საწყობიდან ასევე ამოღებულია უაქციზო სიგარეტი „კარელია“. ასევე, ამოღებულია სიგარეტის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები. ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ შესაძლოა ათეულობით მილიონი ლარი შეადგინოს, რასაც საბოლოოდ საქმეზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს“.
თუ დაკავებულებს დანაშაული დაუმტკიცდებათ, მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ვითვალისწინებ უდანაშაულობის პრეზუმფციას, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე შეფასებებისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ ზოგადად მაინც ვიტყვი: დაკავებულთაგან ყველა აცხადებს, რომ უდანაშაულოა, ამ საქმის შესახებ არაფერი იცის და დაკავებულებიდან არავის იცნობს. კი, მაგრამ ამხელა ქარხანა, საწყობი, ამდენი დაზგა-დანადგარები ვისია? დავუშვათ, რა ჰქონდა გიორგი კანდელაკს საიმისო, რომ თაღლითობა დაეწყო? რასაკვირველია, ახლა ისეთი დროა, ვერავის დავუფიცებ, მაგრამ ვერ ვიჯერებ ამ ადამიანის ავკაცობას. უფრო სწორად, არ მინდა, რომ დავიჯერო. თუ ყველაფერი სიმართლეა და დანაშაული დადასტურდა, მაშინ რა გამოდის, სად იყო საგადასახადო სამსახური? სად იყვნენ შესაბამისი ორგანოები? სად იყო პოლიცია? როგორ, შუა ქალაქში წლების განმავლობაში ამხელა ე.წ. ქარხანა მუშაობდა, ამდენი მასალა შეჰქონდათ, გამოჰქონდათ და ვერავინ ხედავდა? თუ ყველა ხედავდა, მაშინ იქ, ზემოთ ვიღაცა „კრიშავდა“. აბა, როგორ? 75 ათასი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი მცირე მოცულობისაა? „პრავიზონკებით“ გადაჰქონდათ? ან სად გადაჰქონდათ და შეჰქონდათ? რესტორნების ქსელში? მაღაზიებში? მე მაინც მგონია, რომ ეს არალეგალური პროდუქცია გაჰქონდათ რუსეთში, აქ მთავარია, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას გასცდე, მერე რაც უნდა გქონდეს, რიხინით წავა „ჩერეზ“ ცხინვალი და ვლადიკავკაზი. ვნახოთ, ღმერთმა ქნას, ყველა უდანაშაულო აღმოჩნდეს, მაგრამ ვიღაცა ხომ არის ნამდვილად დამნაშავე? რა თქმა უნდა, არის და პასუხსაც აგებს. ერთი ნამდვილად ვიცი, რომ მე არაფერ შუაში ვარ.
ვიმეორებ, გიორგი კანდელაკი და სხვები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მეტიც, კანდელაკის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაკავების მიზეზი მხოლოდ ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენება გახდა. ადვოკატის თქმით, გორის საკრებულოს მოქმედ დეპუტატს აქვს უმძიმესი დაავადება და დიაგნოზი, მისი კოგნიტური ფუნქციები მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. რას ამბობს ამ დროს პროკურორი? პროკურორი ამბობს, რომ გამოძიებას აქვს მიმოწერა, საიდანაც დასტურდება, საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ბორის გოგიჩაიშვილი და გიორგი კანდელაკი ერთობლივად აწარმოებდნენ ყალბ და უკანონო ალკოჰოლურ სასმელს. საოცარია, თუ გოგიჩაიშვილს ისეთი დაავადება სჭირს, რომ შეიძლება ვინმეს ტყუილად დაადოს ხელი და თავი ციხეში ამოაყოფინოს, მაშინ რა უნდოდა მას გორის საკრებულოში? ხომ შეიძლებოდა, იქ ისეთი გადაწყვეტილება მიეღო, ან ისეთი ჩვენება მიეცა, მთელი საკრებულო დაეპატიმრებინათ? როგორც ჩანს, კანდელაკს უსმენდნენ და პროკურატურამ მტკიცებულებებიც მოიპოვა.
მეორე დაკავებაც არანაკლებ სკანდალურია - ეს არის ზურაბ ზვიადაური, რომელსაც სამართალდამცავები ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაზე ედავებიან. არ ვიცი, ეს ბიჭი, რომელიც ძალიან მორიდებული და კეთილშობილი იყო, როგორც ჩანს, გააბოროტეს. მახსოვს, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა „ქართული ოცნების“ ოფისში და წარმოგვიდგინა როგორც დეპუტატობის კანდიდატი. ჯერ ისე ღელავდა, სიტყვის თქმაც გაუჭირდა, მერე ისე მოხდა, მომცრო სცენიდან ჩამოვიდა და ჩემ გვერდით დაჯდა. ისევ ღელავდა, ლამის თითები მოიჭამა. მეც მეტი რა მინდოდა, დავაყარე შეკითხვები, პრესსამსახურის გოგოებმა დაინახეს, „შავ“ დღეში იყო და სასწრაფოდ გაიყვანეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ოდესღაც მორიდებული ადამიანი არასახარბიელო ფაქტების წინაშე აღმოჩნდა - ჯერ თვალწინ ძმა მოუკლეს, მერე ამან მოკლა მკვლელი, 2021 წელს გირაოთი გაათავისუფლეს, ახლა კი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებაზე დააპატიმრეს. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, მას ორი იარაღი ჰქონდა, ერთი გაფორმებული იყო, მეორე - არა. პარლამენტის ყოფილ წევრს აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, ზვიადაური იყო დეპუტატი. მაშ, რაღაში სჭირდებოდა გაუფორმებელი იარაღით სირბილი? როგორც ამიხსნეს, იმ ინციდენტის შემდეგ, რაც ძმასთან დაკავშირებით შეექმნა, ტარების უფლება ჩამოართვეს. რაღაში სჭირდებოდა ზვიადაურს იმ ინციდენტის შემდეგ კიდევ ირაღით სიარული? ეგებ საფრთხეში იყო? ჯერ ძმა მოუკლეს, ახლა თვითონ ესროლა მკვლელს და ცხადია, დიდ შარში გაყო თავი. 
„ნაცებსა“ და მათ მიმდევრებს სხვანაირი ლოგიკა აქვთ, თურმე „ქართული ოცნება“ თავისივე მომხრე ჩემპიონებს იჭერს - ჯერ იყო ლუკა კურტანიძე, მერე გიორგი კანდელაკი, ახლა ზურაბ ზვიადაური. ხედავთ? „ოცნებამ“ სამი ჩემპიონი დააპატიმრა არჩევნების წინ. კი, მაგრამ რატომ, ისინი ხომ მ ხელისუფლების მომხრეები არიან? თავის მომხრე ჩემპიონებს რატომ უნდა „გაუჩალიჩოს“ ასეთი რაღაცა მმართველმა პარტიამ, თუ ნამდვილად დანაშაული არ არის ჩადენილი? ვერაფერს გეტყვით, ეს „ნაცური“ ლოგიკაა და განხილვას არ ექვემდებარება.
კიდევ ერთი დაკავება, რომელმაც ძალიან გააკვირვა მთელი საქართველო - პროკურატურამ 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. პრინციპში, ეს პუბლიკაცია ამ ინფორმაციით უნდა დამეწყო, მაგრამ რაკი საქმე ჩემპიონებს ეხება, ეს ბოლოში გადმოვიტანე. პროკურატურამ ამხელა ფულის ქეშად შემოტანის საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად გახსნა და მადლობა მათ, მაგრამ ჩნდება შეკითხვები და ამ შეკითხვებს უნდა ვუპასუხოთ. წარმოგიდგენიათ, რამდენია, ანუ რა ფართს იკავებს 624 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო? ეს არის დაახლოებით 8-10 კუბური მეტრი ტვირთი. ზოგს ჰგონია, ეს ფული ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი „კლეჩატი სუმკებით“ შემოჰქონდათ და საზღვარზე ჩაავლეს. არა, ამდენ ტვირთის გადატანას, სულ მცირე, სჭირდება ერთი ტრაილერი. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მსგავსი „შემოზიდვები“ მუდმივად ხორციელდებოდა 2022-2024 წლებში. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ტრაილერი ფულია შემოზიდული საქართველოში. იცით, როგორ უნდა დავადგინოთ ტრაილერების რაოდენობა? უნდა დავითვალოთ, რამდენჯერ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - ჩემი გამოთვლით, ეს იყო შვიდჯერ. გამოდის, საქართველოში აქამდე შემოტანილი იყო 7 ტრაილერი ფული. ეს გახლდათ მერვე და სჭირდებოდათ 4 ოქტომბრისთვის. მართალია, „ნაცებს“ აქაც თავიანთი ლოგიკა აქვთ და კოტიტა თითებს ხელისუფლებისკენ იშვერენ, მაგრამ მართლა ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლებას არჩევნების წინ რაში აწყობდა ამ დანაშაულის გამომზეურება? თუ ხელისუფლებას შემოჰქონდა გასათეთრებლად, საერთოდ დამალავდა, ან კიდევ არჩევნების შემდეგ გაასაჯაროვებდა. იცით, რატომღაც ყველას დაავიწყდა, არავინ ახსენებს, ვის შემოჰქონდა საქართველოში 1 მილიონი დოლარი ქეშად აზერბაიჯანიდან. შეგახსენოთ? ესენი იყვნენ ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე. ისინი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გამოიჭირეს და ფული ჩამოართვეს. სხვა შემთხვევებიც იყო, ზოგიერთი არც გახმაურებულა. ვინ არიან ფულის ქეშად შემოტანაში გაწაფულები? რა თქმა უნდა, „ნაცები“ და მათთან გათანაბრებული პირები. 
კიდევ ერთი შეკითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით: უკვე ითქვა, რომ დაკავებულია ერთი პირი, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მეპატრონე თუ დირექტორი კახა კოტორაშვილი. ახლა ვნახოთ, რას ამბობს პროკურატურა: 
„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, სისტემატურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას – ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას. ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა მათი წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები. ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონების შეძენის გზით მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში“.
რა თქმა უნდა, ერთი ადამიანი, ანუ ჯიხურის მეპატრონე ამდენს ვერ შეძლებდა. ამას წინებზე წნორში 300 დოლარი გადავახურდავე და იმხელა დეკლარაცია შემავსებინეს, კინაღამ დავხიე და გადავყარე ის 300 დოლარი. რა გამოდის, ეს კაცი ყოველდღიურად, სულ მცირე, მილიონ დოლარს ახურდავებდა ბანკებში და ამით არავინ დაინტერესდა? ეროვნულმა ბანკმა ვერაფერი შეამჩნია? ეს გამორიცხულია, აქ ბევრი ვიღაცაა გარეული და აუცილებელია ბოლომდე გამოძიება. ე.წ. ოპოზიციონრებმა დრო იხელთეს და ეს ყველაფერი რატომღაც ირაკლი ღარიბაშვილს დაუკავშირეს. თან გაავრცელეს ჭორი, თითქოს მას იჭერენ, აგერ, რამდენიმე დღეში დააპატიმრებენ და ასე შემდეგ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს არის მავანთა მიერ გამოგონილი ბინძური ჭორი, ამას არაფერი აქვს საერთო ყოფილ პრემიერ-მინისტრთან. კაცი წავიდა, პოლიტიკას საერთოდ გაეცალა და თახსირები მაინც არ ისვენებენ, მას ვერ პატიობენ, რომ იყო წარმატებული მეთაური. იცით, რას ცდილობენ? თადარიგს იჭერენ, თავს არ ანებებენ, რომ რამე მნიშვნელოვან თანამდებობაზე აღარ დაბრუნდეს. თავიანთი ჭკუით, სახელსა და ავტორიტეტს უბღალავენ, ტალახს ესვრიან. მისი მობრუნება ხომ მათი საბოლოო დასამარება იქნება? რა თქმა უნდა, იქნება და ესენი აუცილებლად დასამარდებიან. 

გელა ზედელაშვილი