„ახლო გულების“ კონსოლიდაცია

„ახლო გულების“ კონსოლიდაცია

ჭიჭე (გიორგი) ვაშაძის „პადელნიკმა“ პაატა მანჯგალაძემ ე. წ. ოპოზიციას მაშველი თოკი გადაუგდო, ანუ აუხსნა, რა არის საჭირო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად:
„რეჟიმს ძალაუფლებას უხანგრძლივებს ის, რომ ვართ დაქსაქსული უმრავლესობა, გვჭირდება ძალების, რესურსების, გულების და ენერგიების კონსოლიდირება“.
გაიგონეთ? გულების კონსოლიდირებაც გვჭირდება პლურალისტურ გარემოშიო. გულების კონსოლიდირების გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ენერგიების კონსოლიდირება, აღარაფერს ვამბობ ძალებისა და რესურსების კონსოლიდირებაზე.
თქვენი არ ვიცი და... მე ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც გულების კონსოლიდირება მიმაჩნია. აბა, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი მამუკას გული, ბადრის გული, ჭიჭეს გული, ლაკას გული, გირჩ ზურაბას გული, მელიას გული, ნიკუტას გული, მეხრიბეკიანის გული, გეგელიას გული და სხვათა გულები კონსოლიდირდება პლურალისტურ გარემოში? რა მოხდება და... რავი, საქართველოში იქნება მშვიდობიანი ცუნამი. 
თქვენ გინახავთ მშვიდობიანი ცუნამი დემოკრატიული ელემენტებით? 
არა? ჰოდა, თუ ამათი გულები კონსოლიდირდა, მერე ნახავთ, რაც მოგივათ ბითუმად!
მაიცადეთ და... თუ ამათ ჯერ არც ძალების კონსოლიდირება მოუხდენიათ, არც ენერგიებისა, არც გულებისა, არც რესურსებისა, 4 ოქტომბრამდე რაღა უნდა მაასწრონ? კაი, შეიძლება ძალების, ენერგიებისა და რესურსების კონსოლიდირება მოასწრონ, ზემოდან დაავალებენ და შეეცდებიან, მაგრამ გულთა კონსოლიდაციას რას უშვრებიან? გულებს ხომ ზემოდან ვერავინ უბრძანებს? 
ან კი სად აქვთ გულები ამ ჩვენის თვრამეტიანებს, რანაირად უნდა დააკონსოლიდირონ?!
გელა ზედელაშვილი