უცხოელ ელჩებს ხელისუფლება საკუთარი ბოსტანი ჰგონიათ

უცხოელ ელჩებს ხელისუფლება საკუთარი ბოსტანი ჰგონიათ

გვესაუბრება საინფორმაციო სააგენტო „იქსნიუსის“ დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი:

_ ბატონო მირიან, საქართველოში ამერიკელი სენატორი სტივ დენსი იმყოფებოდა. რამდენად გახდება ეს ვიზიტი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის საწინდარი?
_ უპირველესად, ტრადიციულად ძალიან დიდ პატივისცემას გიდასტურებთ პირადად თქვენ და „საერთო გაზეთის“ რედაქციას. ამიტომაც თქვენთან საუბარს ყოველთვის სიამოვნებით ვთანხმდები. საერთოდ აქვე მინდა, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მივულოცო, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ დღეს დაიბადა და ამით ბედნიერია. უდავოდ, აღნიშვნის ღირსია მერაბ კოსტავას ღვაწლი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში. 
ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას რაც შეეხება, ამ საკითხს ისეთი დრამატიზმით არ ვუყურებ, როგორიც თუნდაც, რადიკალი მავნებლების გამოსვლებში გამოსჭვივის. ტრამპის გაპრეზიდენტებიდან ჯერ მხოლოდ ოთხი თვე გავიდა. იგი სკრუპულოზურად მიჰყვება იმ ძირითად მიმართულებებზე მუშაობას, რაც საარჩევნო პროგრამით განსაზღვრული ჰქონდა. რა თქმა უნდა, საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვანია მუშაობა დიპლომატიის კუთხით, რაც, სამწუხაროდ, ისეთი აქტიური არ არის, როგორიც წესით, უნდა იყოს. ვგულისხმობ ურთიერთობებს არა მთავრობის, არამედ საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოს დონეზე. აშშ-ში ელჩი არ გვყავს. ვინც იყო, ისიც ლაჩრულად გაიქცა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დიდი შეცდომა სწორედ ზალკანიანის ამ თანამდებობაზე დანიშვნა იყო, მით უმეტეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი წარუმატებელი მინისტრობის შემდეგ. 
ამერიკის და ევროკავშირის მიმართულებითაც გახურებული ლობისტური, დიპლომატიური მუშაობა უნდა წარმოებდეს. როგორც უნდა გვეწყინოს რიგი ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ როყიოდ წამოსროლილი სიტყვები, ფაქტია, ჩვენ ვერც რუსეთს გადავდგამთ სხვა მხარეს, ვერც იმას ვიტყვით, ევროკავშირი არ არსებობსო და ვერც აშშ-ს უარვყოფთ. ყველანი ამ პლანეტაზე ვართ და როგორმე თანაცხოვრება უნდა მოვახერხოთ. ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა. 
რაც შეეხება სენატორ დენსის საქართველოში ვიზიტს, ეს აშშ-ის მხრიდან დადებითი მოვლენა, წინგადადგმული ნაბიჯია. მით უმეტეს, რომ დენსი თავისი პოლიტიკური ბეგრაუნდით, მკაცრად მემარჯვენე კონსერვატორული შეხედულებების მქონე პიროვნებაა. არ გამოვრიცხავ, რომ იგი საქართველოში პირადად ტრამპის ადმინისტრაციის დავალებით ჩამოვიდა. პრემიერ-მინისტრთან საკმაოდ ნაყოფიერი, იმედისმომცემი შეხვედრა შედგა. მან საკუთარ ტვიტერზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ერთობლივი ეკონომიკური და სტრატეგიული თანამშრომლობა გაძლიერდება. ქართული საინფორმაციო სააგენტოები ხშირად, შეგნებულად თუ შეუგნებლად, თარგმნისას შეცდომებს უშვებენ. რიგმა სააგენტოებმა დენსის განცხადებები გაამწვავეს, თითქოს მან მკაცრი მოწოდებები გააჟღერა, რაც რეალობას არ შეესაბამება.
_ კობახიძემ აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ დიფ სთეითის დამარცხება განაპირობებს, როგორი ურთიერთობები ჩამოყალიბდება ამერიკასა და საქართველოს შორის. აქვე მან დანიგანის მიერ 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის თქმა სწორედ დიფ სთეითს დაუკავშირა.
_ როგორც უნდა ეცადოს ე. წ. სალახანა ოპოზიცია, დიფ სთეითის როლი ანეკდოტის ჟანრამდე დაიყვანოს, ეს რეალურია და არამხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიო პოლიტიკის სერიოზული პრობლემაა. ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა ახალი ფაქტები, თუ ვინ მართავდა სინამდვილეში აშშ-ის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას. ანუ აღმოჩნდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის აპარატის უფროსის მოადგილე მართავდა. გადაწყვეტილებებსაც სწორედ ის იღებდა. ეს ადამიანი სახეზეც კი არავის უნახავს. სამაგიეროდ, იგი ელექტრონული ხელმოწერით ბაიდენის ნაცვლად ყველა ბრძანებულებას ხელს თავად აწერდა. მთელი ოთხი წელი მსოფლიოს ჯილი და მისი აპარატის უფროსის მოადგილე მართავდნენ. დიფ სთეითი სხვა კი არაფერია. ამის მერე დანიგანის საქციელი რა გასაკვირია. ყველა სვლა გაშიფრულია.
_ პაპუაშვილმა როგორც თქვა: ელჩების ნაწილი აქ თავს იშტერებს და დიფ სთეითს მაგიდის ქვეშ ეძებს. გამოდის, ტრამპი ქარის წისქვილებს ებრძვის?
_ უნდა აღვნიშნო, რომ შალვა პაპუაშვილი ძალიან საინტერესო, განათლებული, მჭევრმეტყველი ადამიანია. მისი შინაარსობრივი გამოსვლები ძალიან მომწონს. პიროვნული შექება არ მჩვევია, მაგრამ ვამაყობ, რომ პარლამენტს ასეთი თავმჯდომარე ჰყავს.
_ დამოუკიდებლობის დღეს ვაიმარის სამკუთხედის ლიდერებმა მოლოცვის ნაცვლად დაგვტუქსეს, ხელისუფლება დემოკრატიის უკუსვლას უწყობს ხელს, რაშიც გარკვეული ფასის გადახდა მოუწევსო... 
_ წლებია, მათგან ერთი და იგივე მუქარა გვესმის. ვაიმარის ქვეყნებს ჩვენზე რა აქვთ სალაპარაკო, როცა თავად ადგილობრივი პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი. პოლონეთში არჩევნების მეორე ტური ახლახან ჩატარდა. გერმანიას რაც შეეხება, კონსერვატიულმა ფრთამ ბოლო არჩევნებში დიდი გამარჯვება მოიპოვა. დღევანდელ კანცლერს მერცს ისტორიაში პირველად ორი ტურის ჩატარება დასჭირდა, რათა ბუნდესტაგს აერჩია. ეს დიდი სირცხვილია, წესით, მეორედ საკუთარი კანდიდატურა აღარც უნდა დაეყენებინა. მაგრამ მასაც დავალება დიფ სთეთისგან აქვს მიღებული. მერციც, მაკრონიც, რუმინეთის ახალარჩეული პრეზიდენტიც და სხვა მრავალი, სწორედ დიფ სთეითის მიერ დანიშნული პირები არიან, რომელთაც დავალებების შესრულება უწევთ. ჩვენ წლებია, ამ მუქარებს ღირსეულად ვუძლებთ. იმედია, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ღირსეულად გაიყვანს სამშვიდობოს.
_ ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ ვაიმარის სამკუთხედის ლიდერებს წერილი მისწერა: სანქციები დაგვიწესეთ, დროზე დაგვსაჯეთო... 
_ სხვათა შორის, რადგან ეს საკითხი ვახსენეთ, მინდა, „პატრიოტთა ალიანსიდან“ ჩემს ძველ მეგობრებს ვუსაყვედურო. საქმე ის არის, რომ 2010 წელს სოსო მანჯავიძე „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერად ავირჩიეთ. ეს მოძრაობა „ობიექტივის“ ბაზაზე დაარსდა და ახლა ესენი ამ სახელს იყენებენ, რისი უფლებაც არ აქვთ, არც მორალურად და არც იურიდიულად. ზურაბიშვილს და მის „კამანდას“ ამ სახელის გამოყენება უნდა აეკრძალოს. მათ ქცევას რაც შეეხება, ეს ხომ ახალი არ არის, ჯერ იხვეწებოდნენ, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოაწეროთო, მერე კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეთო. ახლა დასავლეთის კაბინეტებშიც აღარ იღებენ, ან იქ წასასვლელი ფულიც აღარ აქვთ, რადგან გამჭვირვალობის კანონის შიშით თავიანთი პატრონები ვეღარ აფინანსებენ და აქედან ხმამაღლა იხვეწებიან, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებაში დაგვეხმარეთო. ისინი საკუთარი ხალხის, ქვეყნის მტრები არიან.
_ მელიას დაკავებას უცხოეთიდან აღშფოთება მოჰყვა. თუმცა მოსამართლისთვის წყლის შესხმა მათგან ჯერ არავის დაუგმია...
_ დიახ, მელიას მხარდამჭერებს ეს საქციელი უნდა დაეგმოთ, მაგრამ თავის „შვილს“ ხომ არ დასჯიან. მელია თავხედია, არ მინდა ცუდი სიტყვებით მოვიხსენიო, თუმცა, რაც მას თანამდებობებზე ყოფნისას აქვს ჩადენილი, მხოლოდ მის უარყოფით როლზე მეტყველებს. იგი ახალგაზრდებს ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს.
_ თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, ოპოზიციის გეგმა _ ბოიკოტია. რა მოლოდინი გაქვთ?
_ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წარმატებით ჩატარდება. „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ მოიპოვებს დიდ გამარჯვებას, ოპოზიცია კი _ გამარგინალდება. თუ ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ისევ საკუთარ თავს დააკლებენ. არჩევნებში მონაწილეობა რომც მიიღონ, მათი შემდგომი სცენარი წინასწარ ვიცით _ კვლავ ქუჩაში დადგომა და ყვირილი: არჩევნები გაყალბდაო. დარწმუნებული ვარ, მიზანს ვერც ამჯერად მიაღწევენ.
_ 31 მაისს „ფარას“ ანალოგი კანონი ამოქმედდა, რასაც ნჯო-ები, მედია „რუსულს“ ვეღარ ეძახიან, თუმცა რეპრესიულ კანონს უწოდებენ... 
_ მე თუ მკითხავთ, ეს კანონი ბევრად ადრე უნდა ამოქმედებულიყო. ეს ამერიკული „ფარას“ გადმოქართულებული ვარიანტია, თუმცა ჩვენი კანონმდებლობით სასჯელები ცოტა შერბილებულია. ამერიკული „ფარა“ ძალიან მკაცრ სისხლის სამართლის სასჯელებს ითვალისწინებს. კანონი მთელი სიმკაცრით უნდა ამოქმედდეს.
_ ბატონო მირიან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ნოტა მოვიდა, სადაც ფიშერის შეურაცხყოფა სისხლის სამართლებრივ დანაშაულად არის შეფასებული...
_ უპირველესად, ფიშერმა და სხვა ელჩებმაც ვენის კონვენციით უნდა იხელმძღვანელონ, სადაც მკაცრად არის გაწერილი, რისი უფლება და რა მოვალეობები აქვს დიპლომატს ადგილსამყოფელ ქვეყანაში. ვენის კონვენცია სასტიკად ეწინააღმდეგება ელჩის, დესპანისა თუ კონსულის მიერ ადგილსამყოფელი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევას. ელჩების ასეთი გათამამება, იქნება ეს დენიგანი, ჰერჩინსკი, ფიშერი თუ სხვა, ჩვენი ბრალიც არის, რადგან ამას ჩვენ თვითონ მივაჩვიეთ. ხელისუფლებებიდან ყოველთვის გვესმოდა: დავუჯეროთ ელჩებს, ისინი ჩვენი მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები არიანო. შედეგად, მათ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ბოსტანი ეგონათ. 
საქართველოს ხელისუფლების პოზიციას მივესალმები _ ყველა ელჩს ვენის კონვენციის ტექსტი, ის პუნქტები, რომლებითაც მათ ხელისუფლების მიმართ დივერსიული საქმიანობა ეკრძალებათ, თვალებზე უნდა ავაფაროთ. ერთი ამბავი ატეხეს, ფიშერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენესო, ამ დროს საფრანგეთის პრეზიდენტს მაკრონს ცოლმა მსოფლიო საზოგადოების წინაშე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც, პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახური ძალადობის ფაქტი. ამის შესახებ წერილი ევროსტრუქტურების შესაბამის უწყებებს გავუგზავნე, ველოდები პასუხს, რეაგირებას ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისიდან, ევროპარლამენტიდან, ევროკომისიიდან და ა. შ. ეს ოჯახური ძალადობის კლასიკური ნიმუში იყო.

თამარ შველიძე