ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიციის გამოხდომების გამო ხალხი ისედაც წკიპზეა!!!

ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიციის გამოხდომების გამო ხალხი ისედაც წკიპზეა!!!

გვესაუბრება ანალიტიკოსი 
ზაალ ანჯაფარიძე:

_ ბატონო ზაალ, ევროკომისარი მარტა კოსი ტურნეთი სამხრეთ კავკასიაში იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა ბაქოსა და ერევანში, თუმცა საქართველო არც კი გახსენებია.
_ ეს იმ დამოკიდებულების გაგრძელებაა, რაც ევრობიუროკრატიას ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს. ვიზიტების გაუქმებით, ჩვენი არშემჩნევით, გვსჯიან, ევროპისგან იზოლაციაში გვაქცევენ. მეორე მხრივ, მარტა კოსის მიერ საქართველოს იგნორირება ევროკავშირის პოლიტიკის შედეგია. კერძოდ, შარშან ივნისში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან მაღალი დონის კონტაქტებს აღარ განახორციელებდნენ. მე, ამ საკითხს ასე ვუყურებ: ევროკავშირი ცდილობს, საქართველო კეთროვანის როლში ამყოფოს და მაღალი დონის ვიზიტებზე დემონსტრაციულად უარის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიციები შეასუსტოს.
_ თუმცა, რამდენიმე თვის წინ ევროკომისარმა ხელისუფლებასთან დიალოგის გამართვაზე ისაუბრა. მეტიც, მან ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობისკენაც კი მოუწოდა.
_ ეს, ალბათ, სიტყვის მასალა იყო. დიახ, მან მზაობა გამოთქვა დიალოგის გამართვაზე, მაგრამ ვხედავთ, რომ მისი მოქმედება ამის საპირისპიროა. რადგან დაანონსებული დიალოგი არ შედგა, ეს ნიშნავს, რომ მას მიანიშნეს _ ევროკავშირს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დიალოგის გამართვა არ სურს და ამ ეტაპზე დისტანციას ინარჩუნებს.  
_ საქართველოს რეგიონიდან განცალკევებულად განხილვა რა საფრთხეა?
_ საფრთხე ის არის, რომ პოლიტიკური თუ საერთაშორისო კონიუნქტურის გათვალისწინებით, როდესაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის რადარის მიღმაა დარჩენილი, არასასიამოვნო ფაქტია. თუ ევროკავშირი დარწმუნდება, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების კონსოლიდაციას შეძლებს და, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ფეხზე მყარად დადგება, რაც 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ უნდა გამოიკვეთოს, მაშინ ევროკავშირს სხვა გზა აღარ დარჩება, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებასთან გარკვეული ურთიერთობები მაინც იქონიოს. შესაძლოა, მაღალი დონის ვიზიტები ვერ აღდგეს, მაგრამ ასეთი გამოხატული, ხაზგასმული ბოიკოტი, იზოლირება, რაც ახლა არის, აღარ იქნება. 
_ ანუ, ერთგვარად არჩევნების შედეგებიც განაპირობებს, რას შეცვლის ევრობიუროკრატია ჩვენთან დამოკიდებულებაში?
_ რა თქმა უნდა, რადგან ევრობიუროკრატები თვალს ადევნებენ, როგორ წარიმართება აქ პროცესები. თუ დაინახავენ, რომ ოპოზიციას საზოგადოებაში საყრდენი აღარ აქვს და ხელისუფლებაში ლეგიტიმური მეთოდებით ვერ მოვლენ, მაშინ თავიანთ დამოკიდებულებას აუცილებლად გადახედავენ. დღეს არსებული დამოკიდებულება იმით არის განპირობებული, რომ თვლიან, დასავლეთში ჯერ კიდევ პროდასავლურად მიჩნეული ოპოზიცია, აქ სიტუაციის გარდატეხას მოახერხებს. მაგრამ თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლების კონსოლიდაცია და შენარჩუნება შეძლო, მაშინ ევროპას ორი გზა რჩება: ერთი _ ან საერთოდ გარიყონ საქართველო, რაც, რიგი გარემოებების გამო, მათ ინტერესებში არ შედის, რადგან ეს ავტომატურად აქ რუსეთის და ჩინეთის გავლენების გაძლიერებას გამოიწვევს და მეორე _ ამ ხელისუფლებასთან მოზომილი ურთიერთობები დაამყარონ და შემდგომ არჩევნებს დაელოდონ.
_ ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს საკითხის განხილვისას, ჩვენი ხელისუფლება ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებასა და საქართველოს ეკონომიკის ჩინურ ეკონომიკურ ინტერესებთან დაახლოებაში დაადანაშაულეს.
_ ეს გადაჭარბებული შიში მიკერძოებული შეფასებაა, რადგან ჩინეთთან ურთიერთობას ავითარებს ევროკავშირიც და აშშ-ც, ასევე, რუსეთთან ურთიერთობებსაც. აგერ, პუტინს ტრამპთან ალიასკაზე შეხვდრის დროს წითელი ხალიჩა დაუგეს. ამ დროს საქართველოს, რატომღაც, მსგავსი ურთიერთობები ეკრძალება. არადა, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს არავითარ საფრთხეს არ უქმნის. თუ ამერიკული კომპანიები აქ ფეხის მოკიდებას ვერ ახერხებენ, ეს მათი ბრალია. მათ აქ ბიზნესის კეთებაში ხელს არავინ უშლის, პირიქით, მათ აქ ინვესტიციების ჩასადებად ვეპატიჟებით. ჩემი აზრით, აქ უფრო პოლიტიკური მდგენელია ჩადებული. ევრობიუროკრატიასაც და აშშ-ის ცალკეულ წრეებისაც, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციიდან არიან გადმოყოლილი და ინერციით მოქმედებენ, უნდათ, „ქართული ოცნების“ პოზიცია რაც შეიძლება მეტად შეასუსტონ და ხელისუფლებას ჩამოაშორონ. ეს არის ერთადერთი მიზანი. 
_ ახლახან, ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა ჩეხეთმაც გაუუქმა. რას ემსახურება ეს ნაბიჯი?
_ ეს ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც მტრული, არამეგობრული ნაბიჯი. მით უმეტეს, მათ მიერ მოყვანილი მიზეზები, არგუმენტები, აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილია. ავიღოთ თუნდაც მათი უსაფუძვლო კრიტიკა მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის კუთხით. ამ კადრებით ინტერნეტსივრცე გადავსებულია და, ალბათ, ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებს ექნებოდათ საშუალება, ენახათ, რომ ეს მიტინგები მშვიდობიანი არ იყო. საინტერესოა, ჩეხეთში რომ მსგავსი რამ მომხდარიყო, პოლიცია გულხელდაკრეფილი დახვდებოდა?! ეს ევრობიუროკრატიის ზეგავლენით გადადგმული ნაბიჯია. ასევე, გადაწყვეტილება ცალმხრივად, აქაური ოპოზიციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზეა მიღებული. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც ჩანს, ჩვენი საელჩოები ვერ ახერხებენ შესაბამის სტრუქტურებამდე ინფორმაციის სრულად, ბოლომდე მიტანას, იქნება ეს ჩეხეთი, თუ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები. თუმცა მეორე მხრივ, რა ინფორმაციაც უნდა მიაწოდო, არიან კი მზად, სწორი ინფორმაციის მიმღეობისთვის?! როგორც ჩანს, მათთვის უფრო მისაღები, სანდო და კომფორტულია ის ინფორმაცია, რასაც აქედან ოპოზიციონერები აწვდიან.
_ როგორ ფიქრობთ, ტემპერატურის ასაწევად, ხალხში მღელვარების გამოსაწვევად, შეიძლება ოპოზიციას „მაშველ რგოლად“ უვიზო მიმოსვლის შეჩერება გადაუგდონ?
_ უვიზო რეჟიმის შეჩერების ალბათობა 50/50%-ზეა. 
რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებაში პროტესტის მუხტს აწევს, რადგან მოქალაქეები უვიზო რეჟიმის სიკეთეებით სარგებლობენ, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მომხრეებიც. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს საკითხი გაზვიადებულია. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი სტატისტიკა, საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი სარგებლობს უვიზო რეჟიმით. მე რაც დავითვალე, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ამ რეჟიმით არ სარგებლობს ელემენტარული მიზეზის გამო _ ფინანსური საშუალება არ აქვთ. ასე რომ, მათთვის უვიზო რეჟიმის დატოვება თუ გაუქმება, ბევრს არაფერს ნიშნავს. 
_ ბატონო ზაალ, უილსონმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტს დაერთვება შესწორება „ქართული კოშმარის“ არაღიარების შესახებ.
_ ჯო უილსონი იმასაც იქადნებოდა, რომ „მეგობარი აქტი“ სენატში აუცილებლად გავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ჯო უილსონს ლობისტობაში დიდი ფული აქვს აღებული. როგორ ფიქრობთ, რისთვის ჩააკითხეს მას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა?! _ საქმე გაურჩიეს, ანგარიში მოსთხოვეს _ ჩვენ ფულს გიხდით და შენ შედეგი ვერ დადეო. შესაბამისად, უილსონი ცდილობს, ჩავარდნილი „მეგობარი აქტის“ მერე ამ ნაბიჯით ვითარება გამოასწოროს. დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო დეპარტამენტი. „ქართულ ოცნებასაც“ გააჩნია აშშ-ში ლობისტური მექანიზმები და როგორც „მეგობარი აქტის“ მიღება შეაჩერებინა, ასევე შეუძლია, თუ მოინდომებს, ავტორიზაციის აქტთან „ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტის მიბმაც შეაჩერებინოს.
_ საქართველო ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინშია. როგორ ფიქრობთ, ეს აქტები ამ პროცესს ხელს შეუშლის?
_ ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა ვერ შედგება. ამერკელებიც აკვირდებიან აქ მიმდინარე მოვლენებს და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, შეინარჩუნებს თუ არა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას და შეძლებს თუ არა კონსოლიდაციას.  
_  „მეგობარ აქტს“ რაც შეეხება, ბოკუჩავამ განაცხადა, ტყუილად გგონიათ, რომ არ მიიღებენ, თავდაცვის აქტს მიებმება, რაც სანქციების დაწესებას განაპირობებსო.
_ ბოკუჩავას პოზიცია გასაგებია. ნაცებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ _ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე დიდძალი ფული და ძალისხმევა დახარჯეს და, ფაქტობრივად, ნულოვანი შედეგი მიიღეს. ამიტომ ჩავიდნენ უილსონთან პასუხის მოსათხოვად.
_ ბოლოს გვითხარით, რა პროცესების განვითარებას ელით არჩევნების შემდგომ?
_ ოთხ ოქტომბერს ოპოზიცია მორიგი რევოლუციის მოხდენას შეეცდება. იმედია, სახელმწიფო ამ ყველაფერს მომზადებული ხვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების მომხრეებიც გარეთ გამოვიდნენ და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ. თუ სახელმწიფოს ვითარების დასარეგულირებლად რესურსი აღარ ეყო და „ქართული ოცნების“ მომხრეებიც ქუჩაში გამოვიდნენ, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირების სერიოზული საფრთხის წინაშე დავდგეთ, რადგან ოპოზიციის გამოხდომების გამო, ხალხი უკვე ისედაც წკიპზეა. თუ სოციალურ პლატფორმებს თვალს გადაავლებთ, დიდი ნაწილის განწყობა ასეთია: ჩვენც უნდა გამოვიდეთ გარეთ და რაც ქვეყანაში ხდება, იმას წერტილი დავუსვათო. ვისურვებდი, ეს პრობლემა თავად ხელისუფლებამ მოაგვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგეთ, რაც ქვეყნის განვითარებას რამდენიმე წლით უკან გახევს. 

თამარ შველიძე