სოსო სიგუა: პროფესიები, რომლებიც ქვეყნის მომავალს ქმნის

სოსო სიგუა: პროფესიები, რომლებიც ქვეყნის მომავალს ქმნის

„საერთო გაზეთის“ სტუმარია ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი სოსო სიგუა:

_ ბატონო სოსო, თქვენ წინა ინტერვიუში გულისტკივილი გამოთქვით, რომ ხელისუფლებამ ისევ სააკაშვილისდროინდელი განათლების სისტემა დატოვა. წლის მიწურულს განათლების მასშტაბური რეფორმის პრეზენტაცია მოეწყო. როგორ აფასებთ ამ ნაბიჯს?
_ განათლების სისტემაში რეფორმა ნამდვილად აუცილებელია, მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი. მაგალითად, ლომაიას მიდგომები განათლების სისტემის ნგრევა უფრო იყო, ვიდრე რეფორმა. შემდეგ იმედებს გია დვალზე ვამყარებდით, გვეგონა, ლომაიას დანგრეულ სისტემას „უმკურნალებდა“, მაგრამ ეს რეფორმაც ჩავარდა და ისევ ლომაიას წახდენილი, გაფუჭებული საქმის ამარა დავრჩით. ამიტომ, ამჟამად ხელისუფლების მიერ დაანონსებული განათლების მასშტაბური რეფორმა დიდ იმედებსაც იწვევეს და სკეპტიციზმსაც. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ის უარყოფითი ტენდენციები, რაც განათლების სისტემაში დამკვიდრდა როგორც სკოლაში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში, საბოლოოდ აღმოიფხვრება. 
აქვე ერთ ფაქტს აღვნიშნავ: ბოლო 7-8 წელია, სტუდენტები ლექციებზე აღარ დადიან, რაც კატასტროფაა. მაშ, რა საჭიროა პროფესურა, ამდენი ცდა, ექსპერიმენტი, სახელმძღვანელო, თუ სტუდენტი აუდიტორიაში არ შევა. შეიძლება ცალკეულ სპეციალობებს, დარგებს, ეს პრობლემა არ აქვს, მაგრამ სტუდენტები ლექციებზე მასობრივად არ დადიან. ეს იმის შედეგია, რომ ლომაიამ თავისუფალი დასწრება დააკანონა. ამან მოიტანა ის, რომ ლექტორი სიას აღარ კითხულობს, სტუდენტს უფლება აქვს სემინარი არ ჩაგაბაროს, გამოცდას, მეტწილად, კომპიუტერი იბარებს, პროფესორი სტუდენტისთვის ზედმეტი ხდება. ეს სამწუხარო რეალობაა. არადა, პროფესორს სტუდენტთან ცოცხალი კონტაქტი უნდა ჰქონდეს, სხვაგვარად წარმოუდგენელია. ბევრი საკითხია, რასაც სტუდენტი წიგნში ვერ ამოიკითხავს. როცა სტუდენტს პროფესორის ლექცია არ აინტერესებს და მხოლოდ გადასახადს იხდის, ამით განათლების სისტემა ზიანდება.
ზემოთ ვახსენე, 7-8 წელია, სტუდენტი ლექციაზე აღარ შედის-მეთქი. ამას დაემატა ისიც, რომ ბოლო ერთი წელია, ახალგაზრდები პროტესტის რეჟიმში გადავიდნენ და აუდიტორიის ნაცვლად, მთელ დროს რუსთაველის გამზირზე ატარებენ. კი ბატონო, სტუდენტს უფლება აქვს, ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას მხარი დაუჭიროს, მაგრამ ეს ბოროტად არ უნდა გამოიყენოს. მისთვის მთავარი ლექციაზე დასწრება უნდა იყოს, თორემ რომელ პარტიას მისცემს ხმას, ეს მეორეხარისხოვანია. თუ მან ცოდნა არ შეიძინა, მხოლოდ სწავლის საფასური გადაიხადა და დიპლომი ისე აიღო, პროფესიონალები აღარ გვეყოლება. არადა, საქმის მცოდნენი დღევანდელობას უფრო სჭირდება, ვიდრე მე-19 საუკუნის საზოგადოებას სჭირდებოდა. თუ ქიმიკოსები, ფიზიკოსები, მშენებელები და ა. შ. არ გვეყოლება, ასე საქართველოს რა მომავალი ექნება?! მხოლოდ მიტინგზე დგომით ქვეყანა ვერ აშენდება. 
_ გამოდის, ახალგაზრდები პარტიების ტყვეობაში აღმოჩნდნენ?
_ პოლიტიკურ ტყვეობაზე მეტად, ეს მათთვის გართობის ფორმაა. ლექციაზე დასწრებას, სტუდენტს აქციაზე ყოფნა ურჩევნია. ამ დროს მთავარი სპეციალობის დაუფლებაა. მაგალითად, თუ გეოლოგი ხარ და შენი სპეციალობა სათანადოდ არ იცი, მხოლოდ დროშების ფრიალი ვერ გიშველის. 
_ თქვენ გართობა ახსენეთ. თუმცა, ეროვნული მოძრაობის დროს სტუდენტები უანგაროდ იბრძოდნენ, ახლა ამ „გართობაში“ ფულს იღებენ.
_ გეთანხმებით, ნამდვილად ასეა. ეროვნული მოძრაობის დროს სტუდენტები სხვა ენთუზიაზმით, თავისუფლების, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების ჟინით იყვნენ შეპყრობილნი. მაშინ ახალგაზრდობა გადამწყვეტი ფაქტორი იყო. დღეს სხვა სიტუაციაა. არ ვიცი, როგორ მოხერხდება სტუდენტის ისევ აუდიტორიაში შებრუნება. გახსოვთ, ლომაიამ რა განაცხადა? _ წიგნი საჭირო არ არისო. განათლების მინისტრი რომ ამას იტყვის: წიგნის დრო წავიდაო, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ. ამ ნარატივს ხუბუაც აჰყვა და მანაც განაცხადა: უნივერსიტეტში წიგნის და გაზეთის ადგილი არ არისო. იმ პერიოდში ლიტერატურის ინსტიტუტში ვმუშაობდი, რომლის ხელმძღვანელმაც ასევე დაგმო წიგნი _ ინსტიტუტში წიგნი რა საჭიროა, წიგნი მე ბიბლიოთეკაში ვიციო. იმ პერიოდში დაიხურა გაზეთების ჯიხურები, წიგნის მაღაზიები, რამაც საერთო ჯამში, წიგნისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გააჩინა. წიგნი კომპიუტერმა, ფეისბუქმა ჩაანაცვლა. შუალედური თუ წერითი გამოცდებისას, სტუდენტი ფეისბუქზე განთავსებული ტექსტებიდან კონკრეტულ საკითხებს _ ორ-სამ გვერდს ამოიწერს, დანარჩენი წიგნი არ აინტერესებს. დიახ, ორ საკითხს გადაწერს და მეორე დღეს არც ის ახსოვს, რა გადმოწერა. ერთი ხელის მოსმით ამ პრობლემას ვერ გადავჭრით. ახლა სულ სხვა ხასიათის თაობები ყალიბდება. 
შესაძლოა, სახელმწიფო უნივერსიტეტების პრობლემას, ნაწილობრივ, დაფინანსების წესის შეცვლამ უშველოს. ეს კარგი გადაწყვეტილებაა. სახელმწიფო უნივერსიტეტი კერძო შენატანით არ უნდა ფინანსდებოდეს. კერძო უნივერსიტეტები საკმაოდ მრავლად გვაქვს. ზოგადად, სამოცდაათი უნივერსიტეტი ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. როგორ შეიძლება პატარა საქართველოს ამდენი უმაღლესი სასწავლებელი ჰქონდეს. ადრე მხოლოდ ერთი _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი არსებობდა. მერე შევარდნაძემ აფხაზებისთვის სოხუმის უნივერსიტეტი დაამატა. დანარჩენი, ძირითადად, ინსტიტუტები, პროფტექნიკუმები იყო, რომლებიც მოგვიანებით საერთოდ გაუქმდა და ყველას უნივერსიტეტი დაერქვა. მერე ესეც ეპატარავათ და ზოგს აკადემია დაარქვეს. ტერმინების გაუფასურებით განათლების სისტემაც გაუფასურდა. ადრე სახელმწიფო უნივერსიტეტში მისვლა ყველას გვიხაროდა. ის ჩვენი კულტურის, განათლების ბარომეტრი იყო. 
_ ბატონო სოსო, პრემიერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება. 
_ ამ გადაწყვეტილებას მივესალმები. გარდა ამისა, ითქვა, რომ იურიდიული ფაკულტეტი მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება, რაც აბსოლუტურად სწორი მიდგომაა. მათემატიკის, ფიზიკის, გეოლოგიის, თუ სხვა სამშენებლო დარგებზე სწავლის მისწრაფება სტუდენტს არ აქვს. არადა, ხომ არ შეიძლება ყველა იურისტი იყოს?! წარმოგიდგენიათ, ამჟამად იურიდიული ფაკულტეტი ყველა უმაღლეს სასწავლებელს აქვს. შედეგად, იურისტების რიცხვმა ძალიან იმრავლა. ჩემი სტუდენტობის პერიოდში იურიდიული ფაკულტეტი მხოლოდ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში იყო. ზემოთაც აღვნიშნე და ისევ გავიმეორებ: მშენებელი, გეოლოგი, ფიზიკოსიც ხომ გვჭირდება _ ხალხი, რომელიც ქვეყნის მომავალს ქმნის. ეს დარგები არ უნდა განადგურდეს, თორემ საქართველოს მომავალი აღარ ექნება.
_ ცხადია, უფასო სწავლება კონკურენციას გაზრდის, სამაგიეროდ, სტუდენტების ჩარიცხვის რაოდენობა შემცირდება.
_ დიახ, შესაძლოა სახელმწიფო სექტორში სტუდენტების რაოდენობა შემცირდეს, სამაგიეროდ, მეტ პროფესიონალს გამოვზრდით. მაგალითად, სტუდენტი, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში გეოლოგიის ან ქიმიის ფაკულტეტს დაამთავრებს, გარანტირებულად დასაქმდება. ჩემი სტუდენტობის პერიოდში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე აურაცხელი სტუდენტი აბარებდა. მერე ამდენ ფილოლოგს სამუშაო არ ჰქონდა, სახელმწიფო კი, ფულს ტყუილად ხარჯავდა. დიახ, ახლა შეიძლება კონტინგენტი მართლა შემცირდეს, მაგრამ მათ, უმაღლესს რომ დაამთავრებენ, გარანტირებული სამსახური ექნებათ. ბუნებრივია, რეფორმა აუცილებელია. ასე რომ, ის პროცესი, რაც ახლა განათლების სისტემაში დაიწყო, მისასალმებელია. იმედია, წარმატებას მივაღწევთ. ახალი მინისტრი საქმეს ენერგიულად მოეკიდა. მჯერა, ამ სფეროში, პროგრესი გვექნება.
_ თუ ბარიერს იმაზე მეტი სტუდენტი გადალახავს, ვიდრე ადგილებია გამოყოფილი, სახელმწიფოს ეს გათვლილი აქვს?
_ საბჭოთა პერიოდშიც ასე იყო, იურიდიულ ფაკულტეტზე ერთ ადგილზე ოცი აბიტურიენტი მოდიოდა. აუცილებელი არ არის, ყველა სტუდენტი გახდეს. ამიტომ უნდა არსებობდეს ტექნიკური სასწავლებლები, რომლებიც მეცნიერებას არ ემსახურება, მაგრამ სტუდენტს ისეთ ტექნიკურ დარგებს შეასწავლის, რაც მას ცხოვრებაში გამოადგება. შეიძლება კაცი თავისი დარგის შესანიშნავი სპეციალისტი იყოს, მაგრამ მავთულის გამოცვლა არ შეეძლოს. ჩვენ, იურისტებთან ერთად, სანტექნიკოსი, მლესავი, მღებავი... გვჭირდება. ამას ისე, სასწავლებლის გარეშე სწავლობენ. მაგრამ, როცა შესწავლა პროფესიონალურ დონეზე მოხდება, ცხოვრებისეულ ყოველდღიურობასაც თავს უკეთ გაართმევენ. ამ ყველაფერს ფიზიკის ურთულესი კანონების ცოდნა არ სჭირდება. განათლების სისტემამ ამაზეც უნდა იზრუნოს. 
ტექნიკურ საგნებში უზარმაზარი ჩამორჩენა გვაქვს. მაგალითად, ბიზნესს კვალიფიციური კადრების მოძიება უჭირს. ეს ვერ მიიღწევა, თუ სტუდენტმა ნორმალური განათლება არ მიიღო. ყველა ბიზნესმენს უნდა, ბიზნესის წარმატებისთვის კვალიფიციური კადრები ჰყავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიერ შესრულებული სამუშაო, იქნება ეს ხიდის თუ სახლის მშენებლობა, სარისკო გახდება.
_ აბიტურიენტები, რომლებიც კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდებიან, სახელმწიფო გრანტს ვეღარ მიიღებენ.
_ კერძო უნივერსიტეტს, წესით, სახელმწიფო გრანტი არც უნდა ჰქონდეს. ჯერ ერთი, კონკურენციის შედეგად უნივერსიტეტების რიცხვი თავისთავად შემცირდება. გაუგებარია, სახელმწიფომ კერძო უნივერსიტეტზე გრანტი რატომ უნდა გასცეს?! სახელმწიფომ სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა დააფინანსოს, კერძო კი, იმ სტუდენტებმა, ვინც იქ სწავლობს. ეს მკვეთრად გამიჯნული უნდა იყოს, თორემ სახელმწიფო უნივერსიტეტი თუ ნაწილობრივ აბიტურიენტების ოჯახებმა დააფინანსეს, ის სახელმწიფო აღარ იქნება. ან კერძო უნივერსიტეტი რატომ უნდა იყოს სახელმწიფოსგან გრანტების მოლოდინში?! სულ მიკვირდა, რატომ ერქვა უნივერსიტეტს სახელმწიფო, რომელიც კერძო პირების დაფინანსების იმედად იყო. ეს გამიჯვნა დროული და საჭიროა.
_ კერძო უნივერსიტეტების ხელმძღვანელობა ღელავს, ასე დაფინანსებასაც დავკარგავთ და სტუდენტებსაცო.
_ კი ბატონო, ასე იქნება, რადგან ქვეყანაში სახელმწიფოც და კერძო უნივერსიტეტებიც საჭიროზე ბევრია. ჯანსაღი კონკურენციის შედეგად, არაერთი უმაღლესი სასწავლებელი დაიხურება. აქვე ერთ პრობლემაზეც მოგახსენებთ: საქართველოში 25 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. კარჩაკეტილობა არ ივარგებს, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ კარი ყველას გავუღოთ. საბჭოთა პერიოდში საქართველოში, მთლიანობაში, 25 ათას სტუდენტზე მეტი, ალბათ, არც იქნებოდა. მაგისტრატურაზე სწავლისთვის უცხოელი სტუდენტი ოთხი ათას დოლარს იხდის, ბაკალავრიატზე _ 2 250 დოლარს. ეს დიდი შემოსავალია, რაც ქვეყნისთვის არცთუ მცირე დანაკლისი იქნება, მაგრამ ბალანსირებაა საჭირო, რაც სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს.
_ განათლების მასშტაბური რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ხაზი სისტემის დეკონცენტრაციაა.
_ დეკონცენტრაცია აუცილებელია. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ამბობდნენ, რომ ყველა სტუდენტის თბილისში თავმოყრა სწორი არ იყო, თუმცა პრობლემის მოგვარებას თავი ვერ გაართვეს. ახლა ეს საკითხი უფრო მწვავედ დგას, ვიდრე კომუნისტების დროს, რათა სოფლები არ დაცარიელდეს და სასწავლებლად ყველა თბილისში არ გამოიქცეს. სტუდენტების ნაწილი რეგიონებში უნდა გადანაწილდეს. ეს ცოტა მტკივნეული პრობლემაა, რადგან სტუდენტებთან ერთად, ყოველივე პროფესორებსაც ეხებათ. პროფესორს, რომელიც მთელი ცხოვრება თბილისში ასწავლის, ძნელია, უცებ, სამუშაოდ ახალციხეში წასვლა მოსთხოვო. ეს საკითხი ყოფით პრობლემებს უკავშირდება, ამიტომ ასე ერთბაშად ვერ მოგვარდება, მაგრამ პროცესი დასაწყებია თუნდაც იმიტომ, რომ სოფლების მოსახლეობისგან დაცლა შეწყდეს. სტუდენტების რეგიონებში გადანაწილება ამ პროცესს, გარკვეულწილად, შეაჩერებს.
_ რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, პრემიერმა განაცხადა, რომ პროფესორმა სრული დატვირთვით უნდა იმუშაოს. ამის რესურსი არსებობს?
_ პროფესორი მართლაც ერთ სასწავლებელში უნდა მუშაობდეს. მას სამ-ოთხ უნივერსიტეტში სირბილი არ უნდა უწევდეს. ეს ანაზღაურების სიმცირით არის გამოწვეული. ხელფასის უკმარობის გამო, ლექციებს ორ-სამ უნივერსიტეტში კითხულობენ. ადრე უმაღლესებში ასისტენტის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის წოდება არსებობდა. ლომაიამ ეს წოდებები გააუქმა და ყველას პროფესორი დაარქვა, ხელფასები კი ისევ მწირი დარჩა. პროფესორს დაბალი ხელფასი აქვს, რომლის გაზრდა სახელმწიფოს არ შეუძლია. ეს რთული პრობლემაა, რადგან სასწავლო რეფორმა ეკონომიკურ მდგომარეობასთანაა გადაჯაჭვული.
_ რაც შეეხება სკოლაში 12-წლიან სწავლებასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს, მინისტრის თქმით, არც 11-წლიანი და არც 12-წლიანი სწავლება, ბოლონიის პროცესის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული.
_ ბოლონიის პროცესმა, თავის დროზე, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია _ ზოგი წინააღმდეგი იყო, ზოგიც აუცილებელ საჭროებად მიიჩნევდა. მე-12 კლასი, ჩემი აზრით, დიდი გაუგებრობაა. მე 17 წლის ასაკში, ათი კლასი დავამთავრე და მშვენიერი განათლება მივიღე. 12-წლიანი სწავლებით, ერთ წელს მოსწავლე ტყუილად კარგავს. კონკრეტულად გეტყვით, რომ ჩემი შვილიშვილები მე-12 კლასში საერთოდ არ დადიოდნენ, სკოლაში მხოლოდ სასწავლო წლის დასასრულს, გამოცდის ჩასაბარებლად მივიდნენ. რა საჭიროა ასეთი მე-12 კლასი?!
წინა კვირას მინისტრმა სკოლის რეფორმის პრეზენტაცია გამართა. სასწავლო ფორმების აღდგენის იდეა ძალიან მომეწონა. როცა სკოლაში ვსწავლობდი, გოგონებს ლამაზი ფორმები ეცვათ. ფორმა ბიჭებმაც უნდა ჩაიცვან ისევე, როგორც მაგალითად, სამხედროები ატარებენ სამხედრო ფორმას. ახლა მოსწავლეები სკოლაში ისე დადიან, გული გაგისკდება: დახეული ჯინსებით, ცხვირში გაყრილი რგოლებით, სვირინგებით. ეს დაუშვებელია. განათლების სისტემა ტრადიციებს, კლასიკურ მიდგომებს უნდა ეყრდნობოდეს.
შეჯამების სახით გეტყვით, რომ ყველა სახის რეფორმა, მით უმეტეს, განათლების სფეროში, კონსერვატიული პროცესია. ერთი ხელის დაკვრით პრობლემების აღმოფხვრა რთული იქნება. მთავრობას სპეციალისტებმა შესაბამისი იდეები უნდა მიაწოდონ, იქნება ეს პატრიოტული სულისკვეთების აღდგენა, თუ სხვა. განათლების მიმართ ინტერესი უნდა გაჩნდეს. რაღაც ისეთი გარდამტეხი ძვრებია საჭირო, რომ ქვეყანა იმ ტკივილებს, ოცნებებს დაუბრუნდეს, რითაც ჩვენი წინაპრები, ჩემი თაობა ვცხოვრობდით. თუ მოსწავლეს, სტუდენტს ჩაუნერგავ, რომ სამშობლო არაფერს წარმოადგენს, აფხაზეთი არ გვაინტერესებს, მაშინ სტიმულიც იკარგება. ახალგაზრდებს ინტერესი პატრიოტული სულისკვეთების ჩანერგვით უნდა გავუჩინოთ და ისევ სამშობლოსკენ შემოვაბრუნოთ. დღეს ტელევიზიაში გლობალურად მხოლოდ პოლიტიკაზე საუბრობენ. ლიტერატურა, პოეზია, კლასიკური კულტურა, მწერლობა, ხელოვნება, მუსიკა აღარავის აინტერესებს. საზოგადოებას გაუთავებლად პოლიტიკური ინტრიგებისთვის უწევს თვალის დევნება. ამ კუთხით დამოკიდებულება ტელევიზიებშიც უნდა შეიცვალოს. ყველა პოლიტიკოსი ხომ ვერ ვიქნებით. ასე რომ, გარდამტეხი ძვრებია საჭირო, რათა ჩვენს ფესვებს, ტრადიციებს დავუბრუნდეთ.

თამარ შველიძე