ვახტანგ ჭარაია: ფასებს კონკურენცია განსაზღვრავს
გვესაუბრება ეკონომისტი
ვახტანგ ჭარაია:
_ ბატონო ვახტანგ, ფასებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის შექმნა რა პერსპექტივას აჩენს სურსათზე ფასების დაწევის კუთხით?
_ ფასების შემცირება, როგორც წესი, კონკურენციისა და საბაზრო პრინციპების ხარჯზე ხდება. თუმცა საპარლამენტო და სამთავრობო კომისიების შექმნამ გამოავლინა, რომ თურმე არსებობს სხვადასხვა ხრიკები, რასაც შუამავალი კომპანიები მიმართავენ და რითაც მომხმარებელს, ფაქტობრივად, აზარალებენ _ აიძულებენ, საქონელი გაცილებით ძვირად იყიდოს, ვიდრე რეალურად ღირს. ამიტომ კომისიების შექმნა მთლიან პროცესში თავის როლს ითამაშებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ფასების გრძელვადიანი რეგულირებისთვის მნიშვნელოვანია, კონკურენცია მაღალ დონეზე იყოს.
_ რა საფრთხეა მონოპოლიზებული ბაზარი და კონკურენციის სააგენტოს რა რესურსი აქვს ამ პროცესის რეგულირებისთვის?
_ რა ფაქტებიც გამოვლინდება, გამოსაკვლევად კონკურენციის სააგენტო გადაიბარებს და შესაბამისი პროცედურები განხორციელდება, იქნება ეს დაჯარიმება, გაფრთხილება თუ სხვა კონკრეტული ნაბიჯები. შესაძლოა, ძალაში საკანონმდებლო ცვლილებაც შევიდეს. კანონით ფასების დარეგულირების მომხრე არ ვარ. თუმცა, შესაძლოა, ფასები რაღაც ნაწილში კანონმა დაარეგულიროს, რაღაც ნაწილში _ კონკურენციამ, რაღაც ნაწილში კი ის გარიგებები აღმოიფხვრას, რაც ბაზარზე ხდება და ფასები ასე დარეგულირდეს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფასების შემცირების მეთოდები სამუდამო ვერ იქნება. ადრე თუ გვიან, პროდუქტი ისევ გაძვირდება. ეს პროცესი კაპიტალურად გრძელვადიანი ვერ იქნება. მოლოდინი, რომ ყველაფერი რადიკალურად იაფი გახდება, არ უნდა გვქონდეს.
_ რამდენად გამოადგება საქართველოს ევროპული რეგულაციების გადმოღება, ვთქვათ, ერთი უბანი _ ერთი მარკეტი?
_ არ მგონია, ეს ჩვენთან შესაძლებელი იყოს, თუ კანონმა მკაცრად არ განსაზღვრა. ასეც რომ მოხდეს, სწორი არ იქნება. ბაზარზე იმდენი მოთამაშე უნდა შემოვიდეს, რამდენსაც სურს. რაც მეტი მოთამაშე იქნება, ფასი მით უფრო დაბლა დაიწევს, ხოლო ნაკლები მოთამაშის შემთხვევაში, ანუ, თუ ერთ მოთამაშეს უბანზე მეტი ზეგავლენა ექნება, ფასი არათუ დაიწევს, არამედ მოიმატებს მოკლევადიან თუ არა, გრძელვადიან პერიოდში მაინც. არ მგონია, ერთმა მოთამაშემ, რომელიც კონკრეტულ უბანში შემოვა, მომხმარებელზე ზრუნვის, კეთილსინდისიერების გამო, ფასები შეამციროს, პირიქით, მიდრეკილება ექნება, უფრო გააძვიროს.
_ პრემიერმა აღნიშნა, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დაბალი გადასახადები გვაქვსო. მაშინ, როგორ ვიღებთ ამხელა ფასნამატს?
_ საქონლის ფასის განსაზღვრის ერთადერთი ფაქტორი გადასახადები არ არის. ინდიკატორი სხვა ბევრი რამ შეიძლება იყოს: ტრანსპორტირება, სერვისი, ხელფასები, საშუამავლო ფასნამატი და ა. შ. ეს ფაქტორია, თუ რატომ არის პროდუქტი ზოგან უფრო ძვირი, ზოგან _ იაფი, ვიდრე რომელიღაც ევროპულ ქვეყანაში.
_ და მაინც, რა განსაზღვრავს ჩვენთან მაღალ ფასს _ კარტელური გარიგებები თუ ობიექტური რეალობა?
_ ობიექტური რეალობა რომ ფაქტორი არ არის, ეს ფაქტია. კარტელური გარიგება რამდენად არის, ეს შესაბამისმა ინსტიტუტებმა, უნდა დაადგინონ. ფაქტია, თითქმის ყველა სუპერმარკეტში ფასები საკმაოდ მაღალია და მათ შორის, ვერც დიდ კონკურენციას ვხედავთ. დიახ, შეიძლება კონკრეტულ სუპერმარკეტში ერთი კვირა პირობითად, შოკოლადზე იყოს აქცია, სხვებთან კი საწყისი ფასი ედოს. მაგრამ, როგორც კი მითითებულ სუპერმარკეტში აქცია დასრულდება, ზუსტად იგივე პროდუქტზე იმავე ფასდაკლებას მეორე მაღაზია აკეთებს. ეს, ფაქტობრივად, რეალური კონკურენცია კი არა, თვალში ნაცრის შეყრაა. უბრალოდ, ერთი მეორეს მიყოლებით აქციებს იმეორებენ. კონკურენცია ცოტა სხვა რამეს გულისხმობს. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ სუპერმარკტები შეიძლება ყოველდღიურად რაღაც მაღალ მარჟებზე არ თანხმდებიან, მაგრამ არც ერთმანეთს ეკონკურენტებიან. შედეგად, სახეზეა პროდუქტზე მაღალი ფასები.
_ როგორ ფიქრობთ, თავად კომპანიებს ფასის დაწევის რესურსი აქვთ?
_ კომპანიებს ფასის განახევრების რესურსი არ აქვთ, თორემ ამ პროცესს აქამდე დაარეგულირებდნენ. ეს, ფაქტობრივად, მარკეტებზეა დამოკიდებული, რადგან კომპანიები მათ გარეშე თავიანთ საქონელს ვერ ყიდიან. ზოგს აქვს საკუთარი მაღაზიებიც, მაგრამ ეს იშვიათი შემთხვევაა. ძირითადად, ყველა კომპანია იძულებულია, სუპერმარკეტებს მიმართოს. ეს უკანასკნელები კი მოგებულ მდგომარეობაში არიან და ფასებს თავად აწესებენ. მარკეტები პროდუქციას საკმაოდ მაღალ ფასნამატს ადებენ.
_ პრემიერმა აღნიშნა, ბიზნესში ჩარევა გვიწევს, მაგრამ ეს კეთილი მიზნებით ხდებაო. ადმინისტრაციულმა ჩარევამ რამდენად შეიძლება ბიზნესი დააზარალოს?
_ ზოგადად, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა შემდეგს გულისხმობს: თუ პირობითად, ერთლარიანი ნივთი ათ ლარად იყიდება, ის ამ ფასში უნდა გაიყიდოს, რადგან მომხმარებელი მზადაა, მასში ათი ლარი გადაიხადოს. რატომ უნდა იზარალოს გამყიდველმა, თუ მას მეტი მოგების ნახვა შეუძლია?! მაგალითად, პირადობის მოწმობის აღებაში, რომლის რეალური ფასი არაუმეტეს 5 ლარია, იუსტიცის სახლი მინიმუმ 60 ლარს გვახდევინებს, ხოლო თუ გეჩქარება, 80-120 ლარის გადახდაც მოგიწევს. რატომ ყიდის 5-ლარიან ბარათს 60-ად, მომხმარებელი ხომ ზარალდება?! ანუ, მაგალითი სახელმწიფოსგანაც უნდა ავიღოთ. თუ სუპერმარკეტს არ აქვს უფლება, პროდუქტი უფრო ძვირად გაყიდოს, სახელმწიფოც ხომ იგივე პრინციპით მოქმედებს?! ამიტომ, მომხრე ვიქნებოდი, სუპერმარკეტების ფასებთან ერთად, ტარიფებს სახელმწიფომაც გადახედოს. საბუთების გაცემას, კომპანიის დაფუძნებას, რეგისტრაციას თუ სხვა მომსახურებებს, ათეულობით ლარის ნაცვლად, ასეულობით ლარის ტარიფი ადევს. თუ სახელმწიფო მაღალ ტარიფებს აწესებს, ამ ლოგიკით, იგივე ბიზნესს რატომ არ შეუძლია?! ვამბობთ, პროდუქტზე ფასების დარეგულირებაა საჭიროო, მაგრამ სახელმწიფო სექტორი წლიდან წლამდე ჯარიმებს, მოსაკრებელს რომ აძვირებს, ესეც ხომ მისახედია?!
_ მაშინ რა არის სახელმწიფოს როლი თავისუფალ ბაზარზე და ბიზნესის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე?
_ სამართლიანი თამაშის წესების ჩამოყალიბება. მაგალითად, გაზეთს რატომ ყიდით ორ ლარად? _ იყიდება და იმიტომ, ხომ. ხუთი ლარი რომ დაადოთ და არ გაიყიდოს, ფასს იქამდე დაუწევთ, სანამ არ გაიყიდება. ასეა სუპერმარკეტის შემთხვევაშიც. მე იმას როდი ვამბობ, თითქოს ხელოვნურად გაბერილი ფასები კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, როცა მომხმარებელი მზადაა, ძვირი ფასი გადაიხადოს, თავისუფალი ეკონომიკა სხვა არც არაფერია. სხვა საკითხია, თუ გარიგებას აქვს ადგილი, რაც უკვე კანონდარღვევაა. ანუ, სახელმწიფოს პრობლემა მაღალი ფასები კი არ არის, არამედ ის, რომ ბაზარზე გარიგებები ხდება, რაც მომხმარებლის ინტერესებს აზიანებს. თუ რამდენიმე მოთამაშე გაერთიანებულია რაღაც კარტელში, ან ოლიგოპოლიაში და ამით მომხმარებელს აზარალებს, მაშინ სახელმწიფომ რეაგირება უნდა მოახდინოს. მაგრამ თუ ფასები, უბრალოდ, მაღალია, მაგრამ მომხმარებელი მზადაა, ეს პროდუქტი იყიდოს, მაშინ გამყიდველი კანონს არ არღვევს. მას უფლება აქვს, თავისი საქონელი ნებისმიერ ფასად გაყიდოს, რა ფასადაც მომხმარებელი ყიდულობს.
_ მარკეტებში ადგილობრივი წარმოების პროდუქცია ნაკლებად გვხვდება. როგორ შევუწყოთ ხელი ქართული პროდუქციის წარმოებას?
_ მისასალმებელი იქნება, რომ მარკეტებში მეტი ქართული ნაწარმი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ადგილობრივი წარმოება არაფერ შუაშია. რადგან სწორედ ადგილობრივი მწარმოებლების მიერ შეტანილ პროდუქტზე ამბობენ ბიზნესმენები, რომ მათ პროდუქტს მარკეტები 150-200%-ით აძვირებენ. ხაზგასმით ვიმეორებ, კარგი იქნება, ქართული ნაწარმი მეტი იყოს, ვიდრე იმპორტირებული. თუმცა პროდუქტი იმპორტირებულია თუ ადგილობრივი, მას თავად შუამავალი აძვირებს, იქნება ეს დისტრიბუცია თუ საბოლოო გაყიდვა. პროდუქტის გაძვირება მათი უფლებაა, მაგრამ თუ ეს შეთანხმებული მოქმედებაა, კანონდარღვევაა და ამას ხელისუფლება უნდა ებრძოლოს.
_ კობახიძემ აღნიშნა, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, სახელმწიფო მაღაზიებს, აფთიაქებს გავხსნით და ფასებს ასე მაინც დავწევთო. ეს რამდენად რეალურად გესახებათ?
_ არ მგონია, ეს რეალისტური, შესაძლებელი იყოს, რადგან, დღეს სახელმწიფო კერძო ბიზნესს რომ შეებრძოლოს, ამისთვის იმდენად დიდი მოცულობის ინვესტიციები იქნება საჭირო, რისი უნარი და შესაძლებლობა სახელმწიფოს არ გააჩნია. კი ბატონო, სახელმწიფოს ტექნიკურად ამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ეს ფინანსურად უზარმაზარი თანხა დაჯდება. იგივე, ქსელების შექმნა, ასევე, საჭირო იქნება შენობების, ხალხის დაქირავება, მათი მენეჯმენტში დასაქმება, საქონლის შემოტანა და სხვა. პირველ ეტაპზე, შეიძლება ბაზარზე ამ ყველაფრის ამოქოქვამ, ფასები სახელმწიფო მაღაზიებში უფრო მაღალიც კი გახადოს, ვიდრე არსებულ სუპერმარკეტებში. სახელმწიფო ინვესტიცია შემდგომ თანხის ამოღებას საჭიროებს. ამიტომ, არ მგონია, სახელმწიფო ზარალზე წავიდეს და სახელმწიფო სუპერმარკეტები გააკეთოს. ეს არ არის გამოსავალი. თუ ის ბიზნესს, ახალ მოთამაშეებს უბიძგებს, რომ ბაზარზე შემოვიდნენ და კონკურენციის შედეგად ფასები დაწიონ, იდეალური იქნება. მაგრამ შეუძლებელია, ჩვენმა სახელმწიფომ სახელმწიფო აფთიაქის, სუპერმარკეტის, ან ბენზინგასამართის მუშაობა ფინანსურადაც იტვირთოს. მეორეც, ეს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს შეეწინააღმდეგება და ჩაფიქრებული შედეგი ან დადგება, ან _ არა.
ესაუბრა
თამარ შველიძე

