ოთარ შაორშაძე: პრესა და ტელევიზია ის იარაღია, რომელსაც ქვეყნის ფეხზე დაყენებაც და დაქცევაც შეუძლია!

ოთარ შაორშაძე: პრესა და ტელევიზია ის იარაღია, რომელსაც ქვეყნის ფეხზე დაყენებაც და დაქცევაც შეუძლია!

ვფიქრობ, ვინაიდან ჟურნალისტი არა, მაგრამ კარგი მკითხველი, მსმენელი და მაყურებელი ვარ, უფრო მიადვილდება ჟურნალისტიკასთან და ჟურნალისტებთან დაკავშირებით პრეტენზიების გამოთქმა და შენიშვნების მიცემა.
ამ ბოლო დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა, რომ ჟურნალისტიკა რა არის და რას უნდა ემსახურებოდეს, არა მხოლოდ ჟურნალისტებმა დაივიწყეს ან არც არასდროს იცოდნენ, არამედ, როგორც პირუთვნელი შემფასებელი, მკითხველ-მსმენელ-მაყურებელიც გაცამტვერებულა და, შესაბამისად, უგემოვნობის ჭაობში ჩაფლულა. მთავარი უბედურება ის არის, რომ ყველა მედიასაშუალების თვით რედაქტორ-გამომცემლებიც ისე არიან ჟურნალისტიკის ჩარჩოდან ამოვარდნილი, რომ მათზე არანაირი შეგონება აღარ ჭრის.
სწორედ თანამოაზრის ძებნაზე ფიქრმა მიმიყვანა ბატონ ოთარ შაორშაძესთან, როგორც პროფესიონალ ჟურნალისტთან და კიდევ ერთხელ მივიღე გაკვეთილი იმისა, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ჟურნალისტი _ უშუალო, გულღია, თბილი, ენაწყლიანი, მართლისმთქმელი და უპირობოდ კოლეგიალური.
ბატონი ოთარი მიზეზთა გამო ჩამოშორდა ჟურნალისტიკას, მაგრამ „ყოფილი ჟურნალისტი“ არარსებული ცნებაა, ჟურნალისტი ან ხარ, ან _ არ ხარ, ხოლო თუ ჟურნალისტი ხარ, ჟურნალისტად დარჩები.
ჩემთვის იმდენად სასიამოვნო იყო გამართული ენით, მეტყველების შესაბამისი ინტონაციითა და ჟესტიკულაციით მოსაუბრე უფროსი თაობის ჟურნალისტის მოსმენა, რომ ჩემი შეკითხვებით ამ ჰარმონიას არც თქვენ დაგირღვევთ. მე რა შეკითხვებიც მქონდა, ისინი არ არის ფასეული, ფასეული პასუხებია...
_ ბატონო ოთარ, ვისაუბროთ ტელე-რადიოჟურნალისტიკაზე და ცოტა გადავუხ-გადმოვუხვიოთ კიდეც, ოღონდ, მცირედი თხოვნა მაქვს, დავიწყოთ თქვენით და თქვენი დროის ჟურნალისტიკით _ იქნებ, ნავსი გატყდეს, რომელიმე დამწყებმა ჟურნალისტმა წაიკითხოს თქვენი ნასაუბრევი, უფროსი კოლეგის რჩევად მიიღოს და გაითვალისწინოს, ზოგადად კი, ვინც დღეს ამ სფეროშია და საკუთარ თავს ჟურნალისტს უწოდებს, იქნებ, მათაც გაიგონონ... ფაქტობრივად, ტელევიზორს ვერ ვუყურებ თითზე ჩამოსათვლელი გადაცემების გარდა... მოკლედ, ვისაუბროთ, არ მინდა ინტერვიუ...
_ კი, ბატონო, ვისაუბროთ! _ გაჭრა ახლო მეზობლობამ და საუბარზე დამთანხმდა ბატონი ოთარი. ვინაიდან ყველაფრის ღიად გამოტანა ჩვენს მორალს ეწინააღმდეგება, ჩვენი საუბრიდან მხოლოდ ამონარიდებს გთავაზობთ.
1979 წელს მივედი რადიოში. „პიკის საათი“ გემახსოვრებათ, „ამერიკის ხმის“ საპირწონე გადაცემა, რაც ნუგზარ ფოფხაძის დამსახურებაა. მოთხოვნა იყო, რომ რადიოში „გაადამიანურებული“ გადაცემა გაკეთებულიყო. ჩვენ ეს მომენტი გამოვიყენეთ _ ყალბი თემები, პათეტიკა მოისპო და შედარებით თავისუფალი სიტყვა გაისმა, გადაცემა ახლობელი გავხადეთ ადამიანებისთვის. რაც მთავარია, იდეოლოგიისგან დავცალეთ რეპორტაჟები, მხოლოდ ფაქტებს აღვნიშნავდით და ვურთავდით გემოვნებიან მუსიკას, არ ვიყავით შეზღუდული. 
ის დრო წარმოიდგინეთ, როგორი სიტუაცია იყო _ ფურცელი რომ გაშრიალებულიყო, ხარვეზი იყო; სიმღერა ასე საკუთარი სურვილისამებრ არ გადიოდოდა, მთავლიტი არსებობდა, სამხატვრო საბჭო იყო და მას უნდა მიეცა ნებისმიერი სიმღერისთვის რადიოეთერში გასვლის ვიზა. 
ნუგზარ ფოფხაძე პატრონობდა ყველაფერს, მაგრამ იმ პერიოდში მთავარი გენო ლეჟავა და ვახტანგ ნანიტაშვილი იყვნენ, რომლებმაც ეს დაიწყეს. ჩვენ: დოდო შონავა, ნანა ჯაფარიძე, ზაზა ქინქლაძე და სხვები მივედით. ასე დავიწყეთ ეს საქმე. 
იმ პერიოდში „პიკის საათი“ მართლაც ბრწყინავდა. შემდეგ „ნაშუადღევს“ დავიწყეთ, რასაც „დილის პიკის საათი“ მოჰყვა. თავდაპირველად აშშ-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ერთსაათიანი ეთერი გვქონდა, მაგრამ დრომაც შეუწყო ხელი და უამრავი მსმენელი გაიჩინა.
1985 წელს დაშტამპულ „მოამბეში“ გადამიყვანეს. საინფორმაციო გამოშვება სხვანაირი ვერც იქნებოდა, მაგრამ მაინც აღმშენებლობაზე იყო ორიენტირებული. 
მე სადაც მივდიოდი, ყოველთვის ვცდილობდი, რომ ის ტრაფარეტი მომეხსნა, რაც არ მომწონდა _ მაგალითად, ქუჩაში რომ დაიწყებდი ეთერში ინფორმაციის გაჟღერებას, ქუჩაშივე განაგრძობდი.
უსიტყვო რეპორტაჟები შემოვიღე, მაგალითად, „ღიპები“ _ რა თქმა უნდა, სახეებს არ ვაჩვენებდით _ ქუჩაში ვიღებდით ღიპებს, ქალი და კაცი როგორ მოთანთალებენ და დავადე ბეთჰოვენის მე-5 სიმფონია ბედისწერის თემით; კატერით მტკვარს ავუყევ-ჩავუყევი და ვაჩვენე, რამდენი საკანალიზაციო მილი ჩადიოდა მტკვარში; როგორ გადადიან ქუჩაზე, ვისაც სად მოესურვება _ ეს იყო უსიტყვო კადრები, რამაც დიდი ეფექტი მოგვცა. სხვათა შორის, როდესაც ნუგზარ ფოფხაძე დისერტაციას იცავდა რუსეთში, ჩემი „უსიტყვო კადრები“ გამოიყენა, როგორც „კადრებით აზროვნება“. ენუქიძის დროს დაიწყო, ფოფხაძის დროს გაგრძელდა ეს ტენდენცია და იმ პერიოდისთვის ტელევიზია უკვე სულ სხვა იყო _ დიდი აზროვნებისა და ეროვნული მუხტის მატარებელი! ნუგზარის დროს, აჩიკოს (გეგელია) დროს... _ არმაზ სანებლიძე, ზაზა დარასელი, გოჩა ხუნდაძე, ედნა გიორგობიანი, ელდარ იბერი, რამინ ჭელიძე და კიდევ ბევრი სხვა. ეს იყო მოაზროვნეთა ნაკრები საქართველოს რადიოსა და ტელევიზიაში, რომელთაც გონება სხვანაირად ჰქონდათ მოწყობილი _ ქართული ეროვნული ცნობიერების მატარებლები იყვნენ და ამ ხაზს ანვითარებდნენ.
რადიოში ერთ-ერთი სიუჟეტი მონადირეებზე გავაკეთეთ, რომელიც ძაღლების ყეფით იწყებოდა. ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ რომ ყეფდნენ, რომელი იყო მათგან ზაზა ქინქლაძე, რომელი _ ოთარ შაორშაძე და რომელი _ ვახტანგი, ეს ვერ გავიგეთო, _ ხუმრობდნენ. 
„უძრაობის პერიოდია“. მოსახლეობა ტელევიზიაში გვირეკავდა, ქუჩაში თავმოხდილი ჭაა, უბედური შემთხვევა მოხდებაო. გავაკეთე ასეთი რეპორტაჟი, _ დავდექი იმ თავმოხდილ ჭასთან და გამვლელებს ვეკითხებოდი, ვის უნდა დაეხურა მასზე თავსახური. ხალხი ფილოსოფოსობს, იძლევიან რჩევებს, ამბობენ ვერსიებს _ დავდე მიკროფონი და მივმართე მაყურებელს, თუ თქვენ ანალოგიურ შემთხვევას შესწრებით, ასე მარტივად შეგიძლიათ დაახუროთ-მეთქი და დავახურე. იმ დროს, როგორც დღეს იტყვიან, ეს იყო „ნოუ ჰაუ“.
1992 წელს „მოამბეში“ უკვე აქტიურად ვმუშაობდი. ამ დროისთვის შემოვიდა პროფესიონალური კამერები. მანამდე ფირებით ვმუშაობდით, ერთმანეთზე რომ უნდა გადაგვეწებებინა და სამი კაცი მოგვყვებოდა გადაღებაზე... 
შემდეგ დავიწყეთ „ალიონი“. შევკრიბე თანამოაზრეები: დათო ნაკაიძე, სულხან მელაძე, თამარ ცაგარეიშვილი, დოდო შონავა, მარიკა დარჩია, მიშა მიმინოშვილი, მანანა სულაბერიძე, მაკა ბოცვაძე, მაია დათუნაშვილი და კიდევ ბევრი ნიჭიერი ადამიანი. თავდაპირველად „ალიონიც“ რადიოში იყო, რადგან კამერები არ გვქონდა.
„დილა“ 1992 წლის 14 სექტემბერს დავიწყეთ. ეს ის პერიოდია, როდესაც არაფერი აღარ მუშაობს და მთელ საქართველოს ეზიზღება ერთმანეთი _ სამოქალაქო დაპირისპირებაა. აქცენტებს მხოლოდ ხელოვნებაზე, კულტურაზე ვაკეთებდით. სიძულვილი, ნარკოტიკი, ავტომატი _ მძიმე პერიოდად მახსენდება...
კათარზისი იყო 9 აპრილი. მაშინ ვთქვით, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. მიამიტები ვიყავით, სად შეგვიყვანეს 9 აპრილით, ვერ ვხვდებოდით. თითქოს წიგნებს ვკითხულობდით, ნაკითხები ვიყავით, თითქოს განათლებულებიც ვიყავით, მაგრამ ეს თითქოს სადღაც მიმდებარედ იყო _ რომ წავიკითხეთ, იქვე თაროზე შემოვდეთ... ეს ჩვენ არ გვეხება, სადღაც სხვაგან მოხდა და მოხდება... კლდიაშვილის გმირებივით ვიყავით _ სადღაც ვიღაც ჩვენთვის იზრუნებს! რატომ იზრუნებს, რატომ?!
მთავარი რა არის, იცი, ვერ გავიაზრეთ, სად ჩაგვითრიეს და ვერც იმას მივხვდით, რომ თურმე ეს ყველაფერი არის ფარსი...
გაიხსენეთ, როგორ დავიწყეთ ეს ყველაფერი _ გინებით! რუსეთის გინებით გვინდოდა ჩვენი ქვეყნის აშენება...
საქართველო უპირველეს ყოვლისა! _ ვინც ამ იდეოლოგიის ერთგული დავრჩით, ყველა გამოგვყარეს ჟურნალისტიკიდან.
2004-2005 წლებში კარგად შეგვისწავლეს, დაადგინეს, რომ ახლა ვინც არიან ტელევიზიაში, ამათი ინტელექტუალური დონე მაღალია, ვერ ვმართავთო და მიიყვანეს ისინი, ვინც ადვილი სამართავები იქნებოდნენ და არც ინტელექტი ჰქონდათ. შესაბამისად, შექმნეს ისეთი ტელევიზია და რადიო, როგორიც დღეს არის. კათარზისი, რომელიც ჩვენში მოხდა, შეუქცევადი იყო, საკუთარ თავს ვეღარ ვუღალატეთ...
არ ვამბობ, რომ უცოდველები ვიყავით და არაფერი შეგვშლია, მაგრამ თოთხმეტი წლის განმავლობაში, სანამ „ალიონის“ მთავარი რედაქტორი ვიყავი, ჩემი ამოსავალი იყო ეროვნულობა _ ვხვდებოდით, რომ რაღაც სხვა ხდებოდა, მაგრამ ვერ წარმოგვედგინა, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო...
მიშა სააკაშვილისთვის ერთხანს გმირი ვიყავი _ შევარდნაძის მმართველობის დროს რომ მიშას ეთერში დასვამდი, სულხან მოლაშვილს, ჭკუასელს და სხვებს, ეს იყო გმირობის ტოლფასი, რადგან მაშინ მათი იდეოლოგია იდევნებოდა, _ ყოველთვის, ყველა ხელისუფლებას უნდოდა, რომ გაზეთი და ტელევიზია ჯიბეში სდებოდა. მე კი მიმაჩნდა, რომ ახალგაზრდები იყვნენ, მათთვისაც უნდა მოგვესმინა და ვაძლევდი ეთერს.
მიშა მოვიდა ხელისუფლებაში და ის სისულელე რომ გაითამაშეს, რეალურად ასე იყო: ჩამოვიდა ბეიკერი, უთხრა შევარდნაძეს, შენ უნდა წახვიდეო და მერე დაიწყეს იმის გაფორმება, როგორ უნდა წასულიყო. ედუარდმა 6-8 თვით ადრე მიუტოვა ხელისუფლება და იმიტომ ვნახეთ ისე დაბნეულები, გონზე რომ არ იყვნენ. 
ასე რომ, ჟურნალისტიკაზე, მის ობიექტურობაზე, ჟურნალისტიკის სახეზე და საერთოდ, ყველაფერზე, რაც ჟურნალისტიკაა, საუბარი შეუძლებელია, საქართველოში დღეს ჟურნალისტიკა აღარ არსებობს! არის ერთი-ორი გაზეთი და რამდენიმე გადაცემა, რომელიც ობიექტურობის ნიშნით მუშაობს, დანარჩენი არის _ ტყვილი, ტყვილი და პაპიროზი პირში! 
ქვეყანაში, რომელსაც იდეოლოგია არ გააჩნია, რა უნდა ააშენონ?
დღევანდელი ხელისუფლება თითქოს გამოფხიზლდა, უნდა, რომ რაღაც გააკეთოს, მაგრამ რადგან ძალიან არიან დამოკიდებულები, არ ვიცი, რამდენად შეძლებენ...
ჩვენი დიდი უბედურება ზნეობის დაკარგვაა. მუშაა თუ პროფესორი, თუ ზნეობა არ აქვს, იქ დამთავრებულია ყველაფერი! მოვიდა ტელევიზორის ხელოსანი თუ მაცივრის _ გატყუებს; ის მოდის _ გატყუებს; ჩართავ იმ მატყუარა ხელოსნის გაკეთებულ ტელევიზორს და იქიდანაც გატყუებენ. ჩვენ შევქმენით ატმოსფერო, სადაც ტყუილი არის წამყვანი. იტყუება თანამდებობის პირი და იტყუება ყველა...
არ მინდა, ვინმეს დავუპირისპირდე, მაგრამ კაცები აღარ ჩანან ეკრანზე...
ამერიკული ჟურნალისტიკის მამა, პულიცერი იყო ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. ის ამბობს: არ გახდე არცერთი პარტიის წევრი; იყავი ობიექტური... დაივიწყეს ეს ყველაფერი, გადააგდეს და დღეს ყველა ტელევიზია არის პარტიული. პულიცერი ეყრდნობოდა ბუნებითობის კანონს _ ჟურნალისტიკა უნდა იდგეს თავისუფლების, შრომისა და ბედნიერების სადარაჯოზე. რის სადარაჯოზეა დღევანდელი ჟურნალისტიკა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„მე მტკივა ესპანეთი!“ _ მიგელ დე უნამუნოს ამ სიტყვებმა გადაარჩინა ესპანეთი მორალურად და ზნეობრივად. თუ არ გიყვარს შენი საქმე, ვერც იქნები ჟურნალისტი და ამიტომ აღარ არის ჟურნალისტიკა. დღევანდელი ჟურნალისტიკა არის პოზაზე და ამპარტავნებაზე დაყრდნობილი. რა თქმა უნდა, არის გადაცემები, რომლებზეც შემიძლია ვთქვა, რომ კარგია, ინფორმაციულია, პროფესიონალურად მომზადებულია, მაგრამ ძირითადად, მაინც არ გადის ტკივილზე. ჟურნალისტს უნდა სტკიოდეს ის, რასაც აკეთებს, ქვეყნის მაჯისცემას უნდა გრძნობდეს...
დღეს ჟურნალისტიკის საბრძოლველი ის კი არ არის, მიშამ გრიშაზე რა თქვა და გრიშამ რა უპასუხა, თან ერთნაირი სიტყვებით რომ ლანძღავენ აქედან იქით და იქიდან აქეთ, არამედ მთავარი თემებია: დემოგრაფია _ კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს; ნარკომანია; ლუდომანია; სოფლის მეურნეობა _ სტაფილო და პომიდორი რომ ვერ მოგყავს და გარედან შემოგაქვს; ყველაფრის უსაშველოდ გაძვირება, მიგრაცია-ემიგრაცია და ა. შ. რაც ქვეყნის სატკივარია.
მოკლედ რომ ვთქვა, ჟურნალისტიკის ირგვლივ ღმერთის იმედად ვარ. მე ვხედავ, რომ ქართული ჟურნალისტიკა ჯერ კიდევ ვერ დადგება სწორ გზაზე, რადგან იდეოლოგია არ არის გამოკვეთილი _ რას ვაშენებთ!
ერთი პარტიული ტელევიზია და ერთი რადიო იყო მაშინ, მაგრამ ის ცდილობდა, რომ ყოფილიყო ეროვნული და დღეს არავინ ცდილობს. ეროვნული, მხოლოდ პოზა უკავიათ და სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი, ეს სიყალბე, მიჭირს ამაზე ლაპარაკი...
საცეცები, როგორც ვხედავთ, თითქოს მოუცვდა „დასავლეთს“, მაგრამ ინტელიგენცია რომ ჩამოყალიბდეს, 5-6 ათეული წელი მაინც სჭირდება. ხომ ხედავთ, მწერლობა დაიკარგა, მუსიკა აღარ იქმნება, ნიჭიერი მსახიობები გვყავს, მაგრამ არ ჩანან, იმიტომ, რომ ღირებული პროდუქცია არ იქმნება...
გამოათაყვანეს თაობები...
ეს მობილური ტელეფონი, რომელიც მე ჯიბეში მიდევს, ჩემთვის შვებაა, მაგრამ მასში თავჩარგული ახალგაზრდისთვის ხომ დროის ფლანგვაა... არ ვიცი, არ ვიცი, მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რადგან გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან კარგად და სწორად აზროვნებენ.
საშველი არის პროფესიონალ ხალხში, საკუთარი თავიც მყავს მხედველობაში _ კონსულტანტებად და მრჩევლებად რომ საშურები არიან, ასეთი ხალხი ჯერ კიდევ გვყავს, მაგრამ ფორმალურად კი არ უნდა მიიწვიონ, არამედ, ვიღაცამ მართლა უნდა მოუსმინოს და ისწავლოს მათგან. უმთავრესი ის არის, რომ ჟურნალისტებს გაუჩნდეთ სახელმწიფოებრიობის განცდა. 
ჩვენ ამ ფილოსოფიის მიმდევრები ვართ ისევ _ ქალი ქმნის კაცს; ქალი თავისი მორჩილებით იმონებს კაცს _ ამას ვერ გადაუხვევთ!
დღეს ამპარტავნებაში არიან ადამიანები _ დიდი „ჯიპი“, დიდი სახლი, _ რად გინდა ეს „დიდი, დიდი“!
მაგალითს აქვს უდიდესი ძალა _ ერთმა პატარა ბიჭმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მთელ ბავშვებს ფეხბურთის თამაში დააწყებინა. ჟურნალისტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგალითის ძალას...
არ მინდა, პიროვნებები დავასახელო _ ერთხანს ერთი ქალი ჰყავდათ ამოჩემებული, რომელმაც არცერთი ენა არ იცოდა, არც ზნეობით იყო გამორჩეული, მაგრამ ტელევიზიის „პირველი ლედი“ იყო, არადა, ყოველმხრივ გამართული ჭკუისსაკითხავი წუნდაუდებელი ქალები გვყავს _ ისეთი ხალხი ჩანს ეკრანზე, რომლებიც არაფრით არ არიან მისაბაძი.
ამასაც მეორე უბედურება დაემატა _ ჟურნალისტები მთელი დღე ეთერში სხედან, ერთი და იგივე სახეები!
ამას ხომ უნდა მიხვდე, რომ მოძებნო ისეთი რესპონდენტები, რომელთაც იმის ანალიზის უნარი შესწევთ, ახსნან, რეალურად რა გვჭირს, რას გავდივართ, აქედან გამოსავალი რა არის _ ვინც სხვის დაუხმარებლად ვერ იგებს, ეს თუ არ დაანახე და თუ არ გააგებინე, არც იფიქრებს ამაზე. თუ ამაზე არ ფიქრობ, ესე იგი შენ არ გიყვარს შენი ქვეყანა...
ცდუნებას და ცთუნებას პროპაგანდა არ სჭირდება, ადამიანები ვართ და პროპაგანდის გარეშეც ვცდუნდებით და ვცთუნდებით, ამისთვის ყოველთვის მზად არის კაცობრიობა. ასე რომ, როდესაც ამას უწევ პროპაგანდას, მაშასადამე, გიჭირს მაგ საქმეში...
მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული გვიშველის! მაშინ დაიბადება მწერლობა, მაშინ დაიბადება მუსიკაც, ჟურნალისტიკაც... 
დღეს ვინც არიან მწერლები, ყველა „იმ“ თაობიდან არის, „იქდან“ მოდის. არანაირი გამართლება ამ ბოლო 35 წელს არ აქვს! თუ 35 წელი არ შექმნის დიდ ნაწარმოებს, დიდ მწერლობას, დიდ პოეზიას, დიდ მუსიკას, დიდ მხატვრობას და ა. შ. ფუჭად ჩავლილი, სულიერებადაკარგული წლებია...
ჟურნალისტური ეთიკის ნორმები არსებობს, მაგრამ ეს დამთავრებული საკითხია, მოშლილია ყველაფერი _ ამ ჟურნალისტიკას არსებობის უფლება არ აქვს!
როდესაც ამდენი ტელევიზიაა და ყველა პარტიულია, იქ რაღაზეა საუბარი, რომელ სტანდარტზე, _ ერთმანეთს ლანძღავენ ადამიანები! სამზარეულოდ აქციეს ტელევიზიები!
ღირსეული ადამიანი სამზარეულოშიც არ იმეტყველებს ისე, როგორც ჩვენს ტელევიზებში საუბრობენ, თუ ამას საუბარი ჰქვია. ხედავთ და უსმენთ როგორ იგინებიან, როგორი ბილწსიტყვაობაა, _ ადამიანი რასაც უყურებს, იმასვე იმეორებს. იარაღი-მაუწყებლობა იმათ ხელშია, ვის ხელშიც არ უნდა იყოს... დაცინვის საგანი გახადეს ეროვნულობა, ქართველობა...
ჩვენ „ალიონი“ რომ დავიწყეთ, ერთი კამერა და ერთი სამონტაჟო გვქონდა, ახლა ნახეთ, რამდენი ფული იხარჯება, რამდენი საშუალებებია და რას ჰგავს ტელევიზია _ პატარ-პატარა გამონათებები კი არის, მაგრამ მთლიან სურათს ვერ ცვლის. ალბათ, მოვა ის დროც, რომ ვიღაც ამაზეც დაიწყებს ფიქრს...
ორივე პარტიული ტელევიზია ისე ჩანს, ვითომ დემოკრატიის სახეა, ასე ფუთავენ, მაგრამ რეალურად, ერთმანეთს უხანგრძლივებენ სიცოცხლეს. აბა, წარმოიდგინეთ, რომ არავინ გამოაჩინო და მხოლოდ ფაქტები აღნიშნო, რა გაკეთდა, ან რა გაფუჭდა. 
საქართველოში ინფორმაცია არ არსებობს 2-3 ინფორმაციის გარდა. ის, რომ ვიღაცას ხელი დაარტყეს, ან ვიღაცამ ვიღაც გააუპატიურა, ეს ინფორმაცია არ არის, _ ეს არც უნდა იყოს! 
87 წლის ბაბუამ რომ 7 წლის შვილიშვილი გააუპატიურა და ამით იწყებს ინფორმაციას, ის ტელევიზია იმ წამსვე უნდა დახურო და ისე გაყარო ის ხალხი იმ ტელევიზიიდან, რომ დიდხანს და დიდხანს აუკრძალო ტელევიზიასთან მიახლოება! იცით, რატომ _ იმიტომ, რომ ის 87 წლის ბაბუა არის ანომალია, მასში პირუტყვია, ისევე როგორც ზოგადად, ადამიანში არის პირუტყვი. ადამიანში რომ პირუტყვია ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ შენ რომ ეს პირუტყვობა პირველ ინფორმაციად გამოგაქვს, შენ ხარ იმ პირუტყვზე უფრო პირუტყვი! შენ რომ ამას იმეორებ, შენ ეს ქვეცნობიერად მოგწონს...
ბიზნესის მისია დააკისრეს ტელევიზიებს, იყიდე _ გაყიდე! ამ დროს, პრესა და ტელევიზია არის ის უდიდესი იარაღი, რომელსაც შეუძლია, რომ ქვეყანა ფეხზეც დააყენოს და დააქციოს კიდეც!
არაფრისთვის არ არის ბრძოლა, გარდა გავლენებისა და ქონებისთვის. არც მაშინ აინტერესებდა ვინმეს რუსეთის კომუნისტური იდეოლოგია და არც დღეს აინტერესებთ, მხოლოდ ბუნებრივი სიმდიდრეების გამოა ყველა დაპირისპირება და ომი რუსეთთან და, ზოგადად, მსოფლიოში ერთმანეთთან. ამას როდის გააცნობიერებს ქართველების დიდი ნაწილი...
მიუხედავად იმისა, რომ 37-იანი წლები გამოვლილი ჰქონდათ, შემდეგ სამამულო ომი, ჩვენს უფროს თაობას სიტყვა არ გაექცეოდა „გენაცვალეს“ იქით, ახლა ხედავთ, რანაირი მეტყველებაა, რანაირი ქცევებია...
ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი ხომ გააბრიყვეს და გაწირეს _ ისტორიას რჩება შუათითაშვერილი გოგოების ცეკვა, რომლებიც ცხოვრებას ინგრევენ...
რაც კარგი იყო იმ დროს, ის აიღე, რაც არ ვარგოდა, ის _ დაივიწყე!
ახლანდელმა ქაოსმა თუ უარესი ქაოსი არ შვა, იქნებ, მართლა შვას წესრიგი და ჟურნალისტიკასაც ეშველება... 

ესაუბრა 
მაია ჭელიძე